როგორ განსაზღვრავთ წარმატებას?
ერთი ლექსიკონის თანახმად, წარმატება განიმარტება როგორც „სიმდიდრის, კეთილგანწყობილებისა და პრესტიჟული მდგომარეობის მოპოვება“. სრულია ეს განსაზღვრება? მხოლოდ სიმდიდრის, კეთილგანწყობილებისა და პრესტიჟული მდგომარეობის მოპოვებით განისაზღვრება წარმატება? სანამ ვუპასუხებდეთ, დავუფიქრდეთ ერთ რამეს: თავისი ცხოვრების მანძილზე, იესო ქრისტე არ იძენდა მატერიალურ სიმდიდრეს; მას არ მოუპოვებია უმრავლესობის კეთილგანწყობილება; არც მის დროს მცხოვრები საზოგადოების ელიტარული ფენა აფასებდა მას დიდად. მიუხედავად ამისა, იესო წარმატებული პიროვნება იყო. რატომ?
დედამიწაზე ყოფნისას იესო ‘ღმერთში მდიდრდებოდა’ (ლუკა 12:21). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღმერთმა „დიდებით და პატივით“ დააგვირგვინა იგი. იეჰოვამ აღამაღლა თავისი ძე „და მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი“ (ებრაელთა 2:9; ფილიპელთა 2:9). იესოს ცხოვრებისეულმა გზამ გული გაუხარა იეჰოვას (იგავნი 27:11). დედამიწაზე ცხოვრებისას ის წარმატებული იყო, რადგან მიაღწია მიზანს. იესომ შეასრულა ღვთის ნება და მის სახელს პატივი მიაგო. სანაცვლოდ კი ღმერთმა იესო ისეთი სიმდიდრით, პატივითა და მაღალი მდგომარეობით დააჯილდოვა, რომელსაც ვერც ერთი აკადემიკოსი, პოლიტიკოსი ან სპორტსმენი ვერასოდეს მოიპოვებს. დედამიწაზე მცხოვრებთაგან იესო, ჭეშმარიტად, ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო.
ქრისტიანმა მშობლებმა იციან რომ, თუ მათი შვილები მიჰყვებიან იესოს ნაბიჯებს და მდიდრდებიან ღმერთში, ისინი მოიმკიან უხვ კურთხევებს ახლა და დიდებულ ჯილდოს მიიღებენ მოახლოებულ ახალ სისტემაში. იესოს გზაზე სიარული ახალგაზრდისთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმის გასაკეთებლად, რაც იესომ გააკეთა — თუ შესაძლებელია, მიზნად დაისახოს სრული დროით მსახურება.
მაგრამ ზოგიერთ კულტურაში გავრცელებული წეს-ჩვეულების გამო ახალგაზრდები უარს ამბობენ სრული დროით მსახურებაზე. როცა ახალგაზრდა ამთავრებს განათლების მიღებას, მისგან მოელიან, რომ დღის განმავლობაში მთელი დატვირთვით იმუშავებს, დაოჯახდება და ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრებს. ზოგჯერ ასეთი აზროვნების მქონე ახალგაზრდები ამაოდ იკავებენ თავს სრული დროით მსახურებისგან (იგავნი 3:27). რატომ? იმიტომ რომ მათზე ზეგავლენას ახდენს გაბატონებული კულტურის ნორმები. სწორედ ასე ფიქრობდა რობერტიცa.
როცა კულტურა და სინდისი ერთმანეთს ეწინააღმდეგება
რობერტი იეჰოვას მოწმედ აღიზარდა. ბავშვობაში მისი ქცევა და მეგობრების არჩევისადმი მიდგომა არ იყო მთლად სასურველი. დედამისი წუხდა მის გამო. ამიტომ მან სთხოვა პიონერს, იეჰოვას სრული დროით მსახურ მოწმეს, რომ გაემხნევებინა მისი შვილი. რობერტი გვიამბობს, თუ რა მოხდა შემდეგ.
პიონერი ძმის მიერ ჩემ მიმართ გამოვლენილი ინტერესისთვის ნამდვილად მადლიერი ვიყავი. მისმა კარგმა მაგალითმა ჩემში სურვილი აღძრა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე პიონერად დამეწყო მსახურება. ჩემმა გადაწყვეტილებამ დედაჩემს კვლავ საწუხარი გაუჩინა — მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზის გამო. ჩვენს კულტურაში გოგონასთვის მისაღებია პიონერად მსახურება სკოლის დამთავრებისთანავე, მაგრამ ბიჭისგან პირველ რიგში მოელიან, ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია იფიქროს პიონერობაზე
„დავეუფლე ხელობას და წამოვიწყე საკუთარი ბიზნესი. მალე იმდენად გამიტაცა ჩემმა საქმემ, რომ ქადაგება და კრების შეხვედრებზე დასწრება ჩემთვის რუტინად იქცა. სინდისი მაწუხებდა — ვიცოდი, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო იეჰოვასთვის მსახურებაში. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გამიჭირდა იმის შესრულებაზე უარის თქმა, რასაც სხვები მოითხოვდნენ ჩემგან, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამისგან თავის დაღწევა. ამჟამად დაქორწინებული ვარ და მე და ჩემი მეუღლე ორი წელია პიონერად ვმსახურობთ. ახლახან კრებაში სამსახურებრივ თანაშემწედ დავინიშნე. შემიძლია გულახდილად ვთქვა, რომ მთელი გულითა და სულით იეჰოვასთვის შემართებით მსახურებას ნამდვილი კმაყოფილების გრძნობა მოაქვს ჩემთვის“.
ამ ჟურნალს არაერთხელ წაუხალისებია ახალგაზრდები, რომ, თუ შესაძლებელია, სანამ სკოლაში სწავლობენ, შეიძინონ რაიმე პროფესია ან დაეუფლონ ხელობას. რა მიზნით? იმისათვის, რომ გამდიდრდნენ? არა. მთავარი მიზანი ის არის, რომ სათანადოდ უზრუნველყონ საკუთარი თავი, როგორც სრულწლოვანებმა, და იეჰოვასთვის მაქსიმუმი გააკეთონ, განსაკუთრებით სრული დროით მსახურებაში. მაგრამ ხშირად ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები იმდენად ეფლობიან ქვეყნიურ სამსახურში, რომ მსახურება მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ზოგი საერთოდ არ ფიქრობს სრული დროით მსახურების დაწყებაზე. რატომ?
რობერტის კომენტარმა უფრო ნათელი გახადა ეს საკითხი. მას შემდეგ, რაც ის ხელობას დაეუფლა, ბიზნესი წამოიწყო. მალე კი ყველაფერმა მომქანცველი და რუტინული ხასიათი მიიღო და გამოსავალიც აღარსად ჩანდა — თითქოს მორბენალ ბილიკზე (სპორტული ტრენაჟორი) მირბოდა დაუსრულებლად. მისი მიზანი იყო, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. მაგრამ, საერთოდ, აღწევს თუ არა ვინმე ქრისტიანულ კრებაში ან მის გარეთ ამ მიზანს? ქრისტიანები უნდა ცდილობდნენ ფინანსური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და მის გულმოდგინედ შესრულებას; მაგრამ, მათ ისიც უნდა ესმოდეთ, რომ ამ ცვალებად დროში, ცოტანი თუ აღწევენ იმას, რომ ნამდვილად უზრუნველყოფილი იყვნენ ფინანსურად. აი ამიტომ არის იესოს დანაპირები, რომელიც ჩაწერილია მათეს 6:33-ში, მანუგეშებელი ქრისტიანებისთვის.
რობერტი ბედნიერია, რომ თავისი გადაწყვეტილებისამებრ მოიქცა და არა ტრადიციისამებრ. დღეს ის უდიდეს სიამოვნებას იღებს სრული დროით მსახურებით. დიახ, სრული დროით მსახურება ღირსეული მსახურებაა. რობერტი მშვიდად არის, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნავს, მთელი ძალისხმევით ემსახურება იეჰოვას.
სრულად გამოიყენე შენი შესაძლებლობები
იეჰოვას მოწმეებს შორის ბევრია უნარიანი. ზოგი განსაკუთრებული ინტელექტუალური ნიჭის მფლობელია; სხვებს ფიზიკური საქმიანობა ეხერხებათ. ყველა ეს ძღვენი იეჰოვასგან არის, ვინც „ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს“ (საქმეები 17:25). სიცოცხლის გარეშე არც ერთ ამ ძღვენს აზრი არ ექნებოდა.
მაშ, მართლაც მართებულია, რომ იეჰოვასადმი მიძღვნილი ჩვენი სიცოცხლე მის სამსახურში გამოვიყენოთ. აი, რა გადაწყვიტა ერთმა ნიჭიერმა, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ახ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდა. ის წარჩინებული ოჯახიდან იყო, ახალგაზრდობა კილიკიაში, ცნობილ ქალაქ ტარსუსში, გაატარა. თუმცა წარმოშობით ებრაელი იყო, თავისი მამისგან მემკვიდრეობით რომის მოქალაქეობა მიიღო. ეს უამრავ უფლებასა და პრივილეგიას ანიჭებდა. როცა წამოიზარდა, რჯული იმ დროის ერთ-ერთ გამოჩენილ „პროფესორთან“, გამალიელთან, ისწავლა. როგორც ჩანდა, მალე სიმდიდრესა და ადამიანთა კეთილგანწყობილებას მოიპოვებდა და პრესტიჟულ მდგომარეობას მიაღწევდა (საქმეები 21:39; 22:3, 27, 28).
ვინ იყო ეს ახალგაზრდა მამაკაცი? მას სავლე ერქვა, მაგრამ სავლე ქრისტიანი და, საბოლოოდ, მოციქული პავლე გახდა. მან უარი თქვა თავდაპირველ მისწრაფებებზე და, როგორც ქრისტიანმა, მთელი თავისი სიცოცხლე იეჰოვას სამსახურს მიუძღვნა. პავლე ცნობილი გახდა არა როგორც კანონმცოდნე, არამედ როგორც კეთილი ცნობის თავგამოდებული მქადაგებელი. თითქმის 30 წლის განმავლობაში მისიონერად მსახურების შემდეგ პავლემ წერილი მისწერა თავის ფილიპელ მეგობრებს. ამ წერილში მან თავისი ქრისტიანობამდელი, ზოგიერთი ადრინდელი მიღწევათაგანი მოიხსენია და შემდეგ თქვა: ‘იესო ქრისტეს გულისთვის უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო’ (ფილიპელთა 3:8). არა, პავლე არ ნანობდა, ცხოვრების ასეთი გზა რომ აირჩია!
რა შეიძლება ითქვას იმაზე, რაც პავლემ გამალიელისგან ისწავლა? იყო ეს მისთვის სასარგებლო? დიახ! რამდენიმეჯერ მან წვლილი შეიტანა ‘სახარების დაცვასა და [„კანონიერად“, აქ] განმტკიცებაში’. მაგრამ პავლეს მთავარი საქმიანობა კეთილი ცნობის მქადაგებლად ყოფნა იყო, რაშიც წარსულში მიღებული განათლება ვერასდროს დააოსტატებდა (ფილიპელთა 1:7; საქმეები 26:24, 25).
მსგავსად ამისა, დღეს ზოგიერთს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად თავისი ნიჭის, უნარისა და განათლების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ეიმი, სამეცნიერო ხარისხს ფლობს ეკონომიკასა და იურისპრუდენციაში. მას სარფიანი სამუშაო ჰქონდა იურიდიულ ფირმაში, მაგრამ დღეს ის ანაზღაურების გარეშე მოხალისედ მსახურობს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ფილიალში. აი როგორ აღწერს ეიმი თავის ამჟამინდელ ცხოვრებას: „მჯერა, რომ ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. . . არც ერთი წუთით არ ვისურვებდი, რომ ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრების ადგილზე ვყოფილიყავი. ვამაყობ ჩემ მიერ არჩეული გზით. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება და მსურს — კმაყოფილება, ბედნიერი ცხოვრება და მსახურება, რომელიც მავსებს და სიამოვნებას მგვრის“.
ეიმიმ აირჩია გზა, რომელმაც მას სულის სიმშვიდე, კმაყოფილება და იეჰოვას კურთხევა მოუტანა. ყოველივე ამას, ქრისტიანი მშობლები ნამდვილად ისურვებდნენ თავიანთი შვილებისთვის!
წარმატება ქრისტიანულ მსახურებაში
რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია, სათანადო შეხედულება გვქონდეს წარმატებულ ქრისტიანულ მსახურებაზე. თავს მართლაც წარმატებულად ვგრძნობთ, როცა სამქადაგებლო მსახურებაში სასიამოვნოდ ვატარებთ დროს, ვავრცელებთ ბიბლიურ ლიტერატურას ან როცა მობინადრეებს ვესაუბრებით გამამხნევებელ ბიბლიურ საკითხებზე. მაგრამ, თუ იშვიათად გვისმენს ვინმე, შეიძლება მოთმინებიდან გამოვიდეთ და დავასკვნათ, რომ დროს ტყუილად ვფლანგავთ. გახსოვდეთ, რომ ერთ-ერთი განსაზღვრების თანახმად წარმატება ნიშნავს «კეთილგანწყობილების დამსახურებას», ვისი კეთილგანწყობილების დამსახურებას უფრო ვისურვებდით? რა თქმა უნდა, იეჰოვას. ჩვენ შეგვიძლია დავიმსახუროთ მისი კეთილგანწყობილება, მიუხედავად იმისა, ხალხი ისმენს თუ არა ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცნობას. ამ მხრივ, იესომ ბრწყინვალე მაგალითი მისცა თავის მოწაფეებს.
გაიხსენეთ, რომ იესომ დაგზავნა სამეფოს 70 მაუწყებელი „ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა“ (ლუკა 10:1). მათ იესოს გარეშე უნდა ექადაგათ ქალაქებსა და სოფლებში. ეს მათთვის სიახლე იყო. ამიტომ იესომ მათ დაწვრილებითი მითითებები მისცა მანამ, სანამ გაგზავნიდა. როცა ისინი „მშვიდობის ძეს“ შეხვდებოდნენ, გულდასმით უნდა დაემოწმებინათ სამეფოს შესახებ. მაგრამ, როცა ისინი წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, აუღელვებლად უნდა გაეგრძელებინათ თავიანთი გზა. იესომ აუხსნა, რომ ისინი, ვინც მათ არ მოუსმენდა, სინამდვილეში იეჰოვას უარყოფდნენ (ლუკა 10:4—7, 16).
როცა 70-მა დაასრულა თავისი სამქადაგებლო საქმიანობა, მათ შეატყობინეს იესოს «სიხარულით. . . და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან“» (ლუკა 10:17). არასრულყოფილი ადამიანებისთვის ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო ძლიერი სულიერი ქმნილებების განდევნა! მაგრამ იესომ გააფრთხილა ენთუზიაზმით აღსავსე თავისი მოწაფეები: „ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაში ჩაიწერება“ (ლუკა 10:20). მის 70 მოწაფეს, შესაძლოა, დემონების განსადევნად ყოველთვის არ ჰქონოდა ძალა და არც ყოველთვის ჰქონდა დადებითი შედეგები მსახურებაში, მაგრამ, თუ ისინი ერთგულები დარჩებოდნენ, ყოველთვის დაიმსახურებდნენ იეჰოვას მოწონებას.
აფასებ სრული დროით მსახურებს?
ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ ქრისტიან უხუცესს უთხრა: „საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე შევეცდები, ვიშოვო სამუშაო. თუ ვერ შევძლებ სამუშაოს შოვნას, მაშინ რომელიმე სახის სრული დროით მსახურებას დავიწყებ“. მაგრამ უმრავლესობას, ვინც პიონერობა დაიწყო, არ ჰქონდა ასეთი თვალსაზრისი. იმისათვის, რომ პიონერობა დაეწყოთ, ზოგმა უარი თქვა სარფიან სამსახურზე. სხვებმა უარი თქვეს სწავლის გაგრძელების შესანიშნავ შესაძლებლობებზე. პავლე მოციქულის მსგავსად, მათ მსხვერპლი გაიღეს; მაგრამ, პავლეს, რობერტისა და ეიმის მსგავსად, ისინიც არ ნანობენ თავიანთი არჩევნის გამო. ისინი აფასებენ იმ უპირატესობას, რომ თავიანთ ნიჭს იეჰოვას განსადიდებლად იყენებენ — იეჰოვასი, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს იქიდან, რის შეთავაზებაც მათ შეუძლიათ.
სხვადასხვა მიზეზის გამო, იეჰოვას ბევრ ერთგულ მოწმეს არ შეუძლია პიონერად მსახურება — შესაძლოა, ისინი იმ პასუხისმგებლობების შესრულებაზე ზრუნავენ, რომელსაც ბიბლია აკისრებს — მაგრამ, თუ ისინი ღმერთს ემსახურებიან მთელი თავისი ‘გულით, სულითა და გონებით’, იეჰოვა კმაყოფილი იქნება მათით (მათე 22:37). თუმცა, თავად მათ არ შეუძლიათ პიონერობა, ისინი ხვდებიან, რომ, ვინც პიონერობას ირჩევს, შესანიშნავ არჩევანს აკეთებს.
მოციქულმა პავლემ დაწერა: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს“ (რომაელთა 12:2). პავლეს რჩევის თანახმად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ წუთისოფელში გაბატონებულმა კულტურის ნორმებმა აზროვნება შეგვიცვალოს. მიუხედავად იმისა, შეძლებ თუ არა პიონერად მსახურებას, შენს ცხოვრებაში იეჰოვასთვის მსახურება პირველ ადგილზე დააყენე. შენ წარმატებული იქნები მანამ, სანამ იეჰოვას თვალში მოწონებას იმსახურებ.
[სქოლიო]
a სახელები შეცვლილია.
[სურათი 19 გვერდზე]
ნუ დაიწყებთ ფიგურალურ მორბენალ ბილიკზე დაუსრულებელ სირბილს.