როდესაც განაწყენების მიზეზი გვაქვს
ბიბლიაში, ეკლესიასტეს 7:9-ში (აქ) ნათქვამია: „განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“. ეს მუხლი გვიჩვენებს, რომ როდესაც გვაწყენინებენ, არ უნდა გავღიზიანდეთ; პირიქით, უნდა მივუტევოთ.
მაგრამ, ამბობს ეკლესიასტეს 7:9 იმას, რომ არაფერი უნდა გვეწყინოს? უნდა ვაპატიოთ სხვას დანაშაული, როგორი მძიმეც უნდა იყოს და როგორ ხშირადაც უნდა აკეთებდეს? არაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ სხვას არ ვაწყენინოთ სიტყვით ან საქმით, რადგან ვიცით, რომ მაინც გვაპატიებს? რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი თვალსაზრისი.
იეჰოვა ღმერთი სრულყოფილად ავლენს სიყვარულს, გულმოწყალებას, პატიებასა და სულგრძელობას. თუმცა ბიბლიაში ბევრგან ვხვდებით ისეთ ადგილებს, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთს გულს სტკენდნენ. ხოლო სერიოზულ ცოდვებს როდესაც სჩადიოდნენ, ღმერთი მათ წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს მიმართავდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
იეჰოვას წინაშე ჩადენილი ცოდვები
მესამე მეფეთას 15:30-ში საუბარია იერობოამზე (იერობყამი), რომელმაც ‘ისრაელი აცდუნა და გულისწყრომით აავსო უფალი’. 2 ნეშტთას 28:25-ში მეფე ახაზის შესახებ ნათქვამია: „გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი“. მსაჯულთას 2:11—14-ში კი ვკითხულობთ: „მაშინ ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში, და ემსახურებოდნენ ბაალებს . . . და აჯავრებდნენ უფალს . . . აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩაყარა ისინი“.
ისეთი ცოდვებიც იყო, რისთვისაც იეჰოვას მკაცრი სასჯელი ჰქონდა დადგენილი. მაგალითად, გამოსვლის 22:18—20-ში ვკითხულობთ: „ჯადოქარს ნუ აცოცხლებ. ყველა, ვინც დაწვება პირუტყვთან, სიკვდილით მოკვდეს. ვინც ერთი უფლის გარდა სხვა ღმერთებს შესწიროს მსხვერპლი, უნდა განადგურდეს“.
როცა ისრაელები კვლავაც აგრძელებდნენ ცოდვის ჩადენას და გულით არ ინანიებდნენ, იეჰოვა აღარ პატიობდა. თუ ღვთისკენ შემობრუნებას საქმეებით არ აჩვენებდნენ, საბოლოოდ ის მათ მტრების ხელით ანადგურებდა. ასეთი რამ დაემართათ ისრაელებს, როდესაც იეჰოვამ ისინი ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების, ხოლო ახ. წ. 70 წელს რომაელების ხელში ჩაყარა.
დიახ, იეჰოვა რისხდება, როდესაც ხალხი ბოროტებას სჩადის სიტყვით თუ საქმით. ღმერთი სიკვდილითაც კი სჯის მათ, რომელთა ცოდვებიც სერიოზულია და არ ინანიებენ. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვასაც ეხება ეკლესიასტეს 7:9-ში ჩაწერილი სიტყვები? სრულებითაც არა. იეჰოვა სამართლიანად რისხდება მძიმე ცოდვებზე და უსამართლოდ არავის სჯის. იეჰოვას შესახებ ბიბლია ამბობს: „სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4).
ადამიანის წინაშე ჩადენილი სერიოზული ცოდვა
რჯულის თანახმად, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, ადამიანის წინაშე ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. მაგალითად, თუ ღამით სახლში შეპარულ ქურდს პატრონი მოკლავდა, იგი სისხლის დაღვრაში არ იყო დამნაშავე; მას ბრალი არ მიუძღოდა ამ სერიოზულ დანაშაულში. ამასთან დაკავშირებით ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ სახლის გამოთხრაზე წაასწრებენ ქურდს და სცემენ ისე, რომ მოკვდება, მაშინ ეს სისხლი არ მოეკითხება [სახლის პატრონს]“ (გამოსვლა 22:2).
გაუპატიურების შემთხვევაში ქალს განრისხების მიზეზი ჰქონდა, რადგან ეს დიდ დანაშაულად ითვლება ღვთის თვალში. მოსეს რჯულის თანახმად, კაცი, რომელიც ქალს გააუპატიურებდა, უნდა მოეკლათ, „რადგან ეს ისეთი საქმეა, კაცი რომ აღდგეს თავისი მოყვასის წინააღმდეგ და მოკლას იგი“ (მეორე რჯული 22:25, 26). მართალია მოსეს რჯულის ქვეშ არ ვიმყოფებით, მაგრამ აქედან ვხედავთ, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს იეჰოვას სერიოზული დანაშაულის შესახებ.
გაუპატიურება დღესაც დიდი დანაშაულია, რისთვისაც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. დაზარალებულს სრული უფლება აქვს, პოლიციაში იჩივლოს. შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ დამნაშავის დასჯა. თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, ამ შემთხვევაში შეიძლება მშობლებმა იჩივლონ.
უმნიშვნელო შეცდომები
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვის საჭირო არ არის საქმეში უფლებამოსილი პირების ჩარევა. დიახ, ჩვენ არ უნდა გავაზვიადოთ სხვების მიერ ჩადენილი შედარებით უმნიშვნელო შეცდომები. ჩვენ მიმტევებლები უნდა ვიყოთ. რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ სხვებს? მოციქულმა პეტრემ იესოს ჰკითხა: «უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ? იესომ უთხრა: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“» (მათე 18:21, 22).
მეორე მხრივ, საჭიროა ყოველთვის ვიმუშაოთ საკუთარ პიროვნებაზე, რათა სხვები რაც შეიძლება ნაკლებად გავანაწყენოთ. უხეში, უტაქტო ან შეურაცხმყოფელი ლაპარაკი ხომ არ გახასიათებს? ამან შეიძლება სხვები გაანაწყენოს. ნაცვლად იმისა, რომ მწყენინებელმა დაადანაშაულოს განაწყენებული იმაში, თუ რატომ ეწყინა და იფიქროს, რომ მან უნდა აპატიოს, საჭიროა დაფიქრდეს, რომ თავად არის მისი განაწყენების მიზეზი. პირველ რიგში, მწყენინებელმა უნდა აკონტროლოს თავისი საქციელი და მეტყველება. ეს დაეხმარება, რომ სხვებს გული ისე ხშირად აღარ ატკინოს. ბიბლია შეგვახსენებს: „ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა“ (იგავები 12:18). როდესაც სხვებს დაუფიქრებლად გულს ვტკენთ, სიტუაციის გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალება ბოდიშის მოხდაა.
ღვთის სიტყვა გვირჩევს, „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელები 14:19). როდესაც ტაქტიანები და თავაზიანები ვართ, იგავებში ჩაწერილის თანახმად ვმოქმედებთ: „წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია“ (იგავები 25:11). რა შთამბეჭდავი შედარებაა! რბილ და ტაქტიან ლაპარაკს შეუძლია პრინციპულ ადამიანსაც კი შეაცვლევინოს თვალსაზრისი: „რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს“ (იგავები 25:15).
დიახ, ბიბლია გვირჩევს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:6). „მარილით შეზავებული“ ნიშნავს, რომ ჩვენი საუბარი სხვებისთვის სასიამოვნო იყოს და რამდენადაც შესაძლებელია, ნაკლებად გავანაწყენოთ ისინი. ქრისტიანები ცდილობენ, რომ სიტყვითა და საქმით „მშვიდობა ეძიონ და მისკენ ისწრაფონ“ (1 პეტრე 3:11).
როგორც ჩანს, ეკლესიასტეს 7:9 იმაზე მიანიშნებს, რომ უმნიშვნელო რამ არ უნდა გვეწყინოს. რადგან ის არასრულყოფილების შედეგია ან შეიძლება შეგნებულადაც კი არის გაკეთებული, მაგრამ არ არის სერიოზული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული სერიოზულია, ბუნებრივია, რომ დაზარალებული განრისხდეს და შესაბამის ზომებსაც მიმართოს (მათე 18:15—17).
[სურათი 14 გვერდზე]
იეჰოვამ მოუნანიებელი ისრაელები ახ. წ. 70 წელს რომაელების ხელით გაანადგურა.
[სურათი 15 გვერდზე]
„წესიერად ნათქვამი სიტყვა . . . ოქროს ვაშლებია“.