იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეოთხე მეფეთა“
ბიბლიური წიგნი „მეოთხე მეფეთა“ იწყება ისრაელისა და იუდას ისტორიის იმ მომენტიდან, რომელიც „მესამე მეფეთაში“ დასრულდა. მასში მოთხრობილია 29 მეფის შესახებ. ამ მეფეთაგან 12 ჩრდილოეთ სამეფოზე, ისრაელზე, მმართველობდა, ხოლო 17 — სამხრეთ სამეფოზე, იუდაზე. ამ წიგნში აგრეთვე მოთხრობილია წინასწარმეტყველების — ელიას, ელისესა და ესაიას მოღვაწეობის შესახებ. „მეოთხე მეფეთაში“ ისტორია ზუსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოცემული, მაგრამ იგი მთავრდება სამარიისა და ისრაელის განადგურების აღწერით. სულ „მეოთხე მეფეთა“ მოიცავს 340-წლიან პერიოდს, რომელიც ძვ. წ. 920 წლიდან იწყება და ძვ. წ. 580 წლით მთავრდება. ეს წიგნი დაწერილია წინასწარმეტყველ იერემიას მიერ.
რით არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის „მეოთხე მეფეთა“? რას გვასწავლის ის იეჰოვასა და ხალხისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ? რის სწავლა შეგვიძლია ამ წიგნში მოხსენიებულ მეფეთა, წინასწარმეტყველთა და სხვათა ქმედებებიდან? მოდი ვნახოთ, რას მოგვითხრობს „მეოთხე მეფეთა“.
ელიას ელისე ცვლის
ისრაელის მეფე ახაზია თავისი სახლიდან ვარდება და ავად ხდება. ის წინასწარმეტყველ ელიასგან იგებს, რომ მოკვდება. ახაზია კვდება და მის ნაცვლად სამეფო ტახტზე მისი ძმა, იორამი, ადის. ამ პერიოდის განმავლობაში იუდაზე იოშაფატი მმართველობს. ელია ქარბორბალათი ცად იქნა აყვანილი და მის საქმეს ელისე განაგრძობს. შემდგომი დაახლოებით 60 წლის განმავლობაში ელისე მრავალ სასწაულს ახდენს (იხილეთ ჩარჩო „ელისეს სასწაულები“).
მოაბის მეფე იერუსალიმის წინააღმდეგ ილაშქრებს და იორამი, იოშაფატი და ედომის მეფე მასთან საბრძოლველად გადიან. იოშაფატის ერთგულების გამო ისინი იმარჯვებენ. მოგვიანებით სირიის მეფე წყვეტს, მოულოდნელად თავს დაესხას ისრაელს. მაგრამ მის გეგმებს ელისე ფუშავს. სირიის მეფე რისხდება და „ცხენებს, ეტლებსა და დიდძალ ჯარს გზავნის“ ელისეს შესაპყრობად (4 მეფეთა 6:14). ელისე ორ სასწაულს ახდენს და უკან აბრუნებს სირიელებს. გარკვეული დროის შემდეგ სირიის მეფე ბენ-ჰადადი სამარიას ალყაში აქცევს. ამის გამო ქალაქში საშინელი შიმშილობაა, მაგრამ ელისე წინასწარმეტყველებს, რომ შიმშილობა დასრულდება.
გადის დრო და ელისე დამასკოში მიდის. მეფე ბენ-ჰადადი, რომელიც ახლა უკვე ავად არის, ხაზაელს გზავნის, რათა გაიგოს, განიკურნება თუ არა ავადმყოფობისგან. ელისე წინასწარმეტყველებს, რომ მეფე მოკვდება და მის ნაცვლად ხაზაელი გამეფდება. მეორე დღესვე ხაზაელი წყალში დასველებული „საბნით“ ახრჩობს მეფეს და სამეფო ტახტზე ადის (4 მეფეთა 8:15). იუდაში იოშაფატის ძე, იორამი, ხდება მეფე, მას კი მისი ძე, ახაზია, ცვლის (იხილეთ ჩარჩო „იუდასა და ისრაელის მეფეები“).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:9. რატომ ითხოვა ელისემ ელიას „სულის ორმაგი წილი“? ისრაელის წინასწარმეტყველის პასუხისმგებლობის შესასრულებლად ელისეს იგივე სული, ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდებოდა, რაც ელიას ჰქონდა. ელისეს მშვენივრად ესმოდა ეს და ამიტომაც ითხოვა ელიას სულის ორმაგი წილი. ელისე, რომელიც ელიამ თავისი საქმის გამგრძელებლად დანიშნა და, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც მის დამხმარედ მსახურობდა, ელიას სულიერ მამად მიიჩნევდა; ელისე ელიასთვის სულიერი პირმშოსავით იყო (3 მეფეთა 19:19—21; 4 მეფეთა 2:12). ამიტომ სწორედ ისე, როგორც ისრაელში პირმშო იღებდა მამის მემკვიდრეობიდან ორმაგ წილს, ელისემაც ითხოვა და მიიღო კიდეც ელიასგან ორმაგი სულიერი მემკვიდრეობა.
2:11. რა იყო ‘ცა’, სადაც „ავიდა ელია ქარბორბალათი“? ეს არ ყოფილა ფიზიკური სამყაროს რომელიმე შორეული ნაწილი და არც სულიერი ადგილი, სადაც ღმერთი და მისი ძეები — ანგელოზები — მკვიდრობენ (მეორე რჯული 4:19; ფსალმუნები 10:4; მათე 6:9; 18:10). ელია ავიდა ‘ცად’ — ჩვენი დედამიწის ატმოსფეროში (ფსალმუნები 77:26; მათე 6:26). ცეცხლოვანმა ეტლმა, როგორც ჩანს, ელია ატმოსფეროში აიტაცა და დედამიწის სხვა ნაწილში გადაიყვანა, სადაც წინასწარმეტყველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ელიამ წერილი მისწერა იორამს, იუდას მეფეს (2 ნეშტთა 21:1, 12—15).
5:15, 16. რატომ არ აიღო ელისემ ნაყამანისგან საჩუქარი? ელისემ არ აიღო საჩუქარი, რადგან ესმოდა, რომ ნაყამანის განკურნების სასწაული მან იეჰოვას, და არა საკუთარი, ძალით მოახდინა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, ღვთის მიერ ბოძებული მდგომარეობის პირადი გამორჩენის მიზნით სარგებლობა. დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას მსახურებაში პირად გამორჩენას არ ეძებენ. ისინი ასრულებენ იესოს რჩევას: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).
5:18, 19. ნაყამანი ცრუ რელიგიურ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობისთვის ითხოვდა მიტევებას? როგორც ჩანს, სირიელი მეფე მოხუცი და სუსტი იყო და ნაყამანის დახმარებას საჭიროებდა. როდესაც ის მეფე რიმონის თაყვანსაცემად იხრებოდა, ნაყამანსაც უწევდა დახრა. მაგრამ ნაყამანისთვის ეს მხოლოდ მექანიკური მოქმედება იყო. ამის მიზანი მეფის სხეულის დაჭერა იყო და არა ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება. ნაყამანი იეჰოვას მიტევებას ამ ვალდებულების შესრულებისთვის სთხოვდა. ელისემ დაუჯერა ნაყამანს და უთხრა: „მშვიდობით იარე“.
რას ვსწავლობთ:
1:13, 14. მომხდარ მოვლენებზე დაკვირვებითა და თავმდაბლურად მოქმედებით ადამიანი შეიძლება სიკვდილს გადაურჩეს.
2:2, 4, 6. ელისე, როგორც ჩანს, ექვსი წლის განმავლობაში ელიას დამხმარედ ახლდა. მიუხედავად ამისა, ელისე დაჟინებით ეუბნებოდა მას, რომ არ მიატოვებდა. ერთგულებისა და მეგობრობის გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითია! (იგავები 18:24).
2:23, 24. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ელისეს დასცინოდნენ, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ელისე ელიას მოსასხამს ატარებდა. ბავშვებმა ელისეში იეჰოვას წარმომადგენელი ამოიცნეს და მათ, უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ იგი იმ არემარეში ყოფილიყო. ბავშვებმა წინასწარმეტყველს უთხრეს „წადი“, რაც იმაზე მიმანიშნებელია, რომ მათ უნდოდათ, ელისეს გზა განეგრძო და ბეთელში წასულიყო ან ელიასავით ცად ატაცებული ყოფილიყო. ბავშვებს, როგორც ჩანს, ისეთივე მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ წინასწარმეტყველის მიმართ, როგორიც მათ მშობლებს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა შვილებს ღვთის წარმომადგენლებისადმი პატივისცემა ასწავლონ.
3:14, 18, 24. იეჰოვას სიტყვები ყოველთვის სრულდება.
3:22. განთიადისას წყალში შუქის ანარეკლი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ იქ სისხლი იდგა და არა წყალი. ეს შეიძლება იმით იყო განპირობებული, რომ ახალ გათხრილ ორმოში ნიადაგი წითელ თიხას შეიცავდა. იეჰოვამ, შესაძლოა, ბუნებრივი ფაქტორები გამოიყენა თავისი მიზნის მისაღწევად.
4:8—11. შუნემელმა ქალმა ელისეში ‘წმინდა ღვთისკაცი’ ამოიცნო და მისადმი სტუმართმოყვარეობა გამოავლინა. განა ჩვენც ასევე არ უნდა მოვექცეთ იეჰოვას ერთგულ მსახურებს?
5:3. პატარა ისრაელ გოგონას სწამდა, რომ ღმერთს სასწაულის მოხდენა შეეძლო. მას აგრეთვე გამბედაობაც ჰქონდა, რათა საკუთარ რწმენაზე ელაპარაკა. ახალგაზრდებო, ცდილობთ განიმტკიცოთ რწმენა ღვთის დაპირებების მიმართ და იკრებთ გამბედაობას, რათა ჭეშმარიტება გაუზიაროთ თქვენს მასწავლებლებს თუ თანაკლასელებს?
5:9—19. განა ნაყამანის შემთხვევა არ გვიჩვენებს, რომ ამაყმა ადამიანმა შეიძლება თავმდაბლობა ისწავლოს? (1 პეტრე 5:5).
5:20—27. სიცრუისთვის გადახდილი მართლაც რომ დიდი საფასურია! იმაზე დაფიქრება, თუ რა დიდი ტკივილი და უბედურება შეიძლება მოჰყვეს გაორებულ ცხოვრებას, ასეთ გზაზე დადგომისგან დაგვიცავს.
ისრაელისა და იუდას გადასახლება
იეჰუ ისრაელის ცხებული მეფე ხდება. ის დროს არ კარგავს და მაშინვე იწყებს ახაბის სახლის განადგურებას. იეჰუ ‘ისრაელის სახლიდან ბაყალის (ბაალის) თაყვანისცემას’ აღმოფხვრის (4 მეფეთა 10:28). ახაზიას დედა, ღოთოლია, როგორც კი იგებს, რომ მისი ძე იეჰუმ მოკლა, ‘დგება და ამოწყვეტს სამეფო მოდგმას’ და ხელში იგდებს სამეფო ძალაუფლებას (4 მეფეთა 11:1). ცოცხალი რჩება მხოლოდ ახაზიას პატარა ვაჟი, იოაში, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში იმალება, შემდეგ კი იუდას მეფე ხდება. იეჰოიადაყ მღვდლის დარიგებით, იოაში განაგრძობს იმის კეთებას, რაც იეჰოვას თვალში სწორია.
იეჰუს შემდეგ ისრაელის ყველა მეფე იმას აკეთებს, რაც ბოროტებაა იეჰოვას თვალში. ელისე ბუნებრივი სიკვდილით კვდება იეჰუს შვილიშვილის მეფობის დროს. იოაშის შემდეგ მეოთხე მეფე იუდაში არის ახაზი. ის ‘არ აკეთებს სწორს უფლის, თავისი ღვთის, თვალში’ (4 მეფეთა 16:1, 2). მაგრამ მისი ძე, ხიზკია ‘მიეწება უფალს’ (4 მეფეთა 17:20; 18:6). ძვ. წ. 740 წელს, როდესაც იუდაზე ხიზკია მეფობს, ხოლო ისრაელზე ჰოშეაყი, აშურის მეფე შალმანესერი ‘იღებს სამარიას და ისრაელს აშურში გადაასახლებს’ (4 მეფეთა 17:6). შედეგად, ისრაელის ტერიტორიაზე უცხოელები სახლდებიან და იქ სამარიელთა რელიგია იწყებს ფეხის მოკიდებას.
ხიზკიას შემდეგ იუდას შვიდ მეფეთა შორის მხოლოდ იოშია მიმართავს ზომებს ქვეყნის ცრუ თაყვანისმცემლობისგან განსაწმენდად. ბოლოს კი, ძვ. წ. 607 წელს, ბაბილონელები იღებენ იერუსალიმს და ‘იუდა თავისი ქვეყნიდან იყრება’ (4 მეფეთა 25:21).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
13:20, 21. არის თუ არა ეს სასწაული იმის მაჩვენებელი, რომ თაყვანი უნდა ვცეთ რელიგიურ რელიკვიებს? არა. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ ელისეს ძვლებს ოდესმე თაყვანს სცემდნენ. ეს სასწაული ღვთის ძალით მოხდა სწორედ ისევე, როგორც ის სასწაულები, რომლებიც ელისემ თავის სიცოცხლეში მოახდინა.
15:1—6. რატომ დაისაჯა მეფე ყაზარია კეთრით? „როცა გაძლიერდა [ყაზარია], გადიდგულდა და . . . შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე“. როდესაც მას მღვდლები „წინ გადაუდგნენ“ და უთხრეს, რომ ‘გასულიყო საწმიდრიდან’, ის მღვდლებზე გაბრაზდა და სწორედ მაშინ დაავადდა კეთრით (2 ნეშტთა 26:16—20).
18:19—21, 25. ჰყავდა ხიზკიას მოკავშირედ ეგვიპტე? არა. რაბშაკეს ეს ბრალდება ისევე ცრუ იყო, როგორც ის, რომ ‘უფლის ბრძანებით’ მიადგა იუდას. ერთგული მეფე ხიზკია მხოლოდ იეჰოვაზე იყო მინდობილი.
რას ვსწავლობთ:
9:7, 26. ახაბის სახლზე გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ იეჰოვას სძულს ცრუ თაყვანისმცემლობა და უდანაშაულო სისხლის დაღვრა.
9:20. იეჰუს ისე იცნობდნენ, როგორც ეტლის გადარეულივით მატარებელს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ის თავის დავალებას მთელი გულმოდგინებით ასრულებდა. ხართ პირადად თქვენ სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლად ცნობილი? (2 ტიმოთე 4:2).
9:36, 37; 10:17; 13:18, 19, 25; 14:25; 19:20, 32—36; 20:16, 17; 24:13. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას სიტყვას ‘წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც ის არის მივლენილი’ (ესაია 55:10, 11).
10:15. როგორც იონადაბმა მთელი გულით მიიღო მიწვევა, ასულიყო იეჰუსთან ეტლში, ისე „უამრავი ხალხი“ ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს იესო ქრისტეს, თანამედროვე იეჰუს, და მის ცხებულ მიმდევრებს (გამოცხადება 7:9).
10:30, 31. იეჰუ ყველაფერში უზადოდ არ მოქცეულა, მაგრამ იეჰოვამ დაუფასა ის, რაც მას ჰქონდა გაკეთებული. მართლაც, ‘ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს ჩვენი შრომა’ (ებრაელები 6:10).
13:14—19. იეჰუს შვილიშვილი, იოაში, არ შეეცადა, რომ ისრები მიწაზე მთელი ძალით ერტყა. მან მხოლოდ სამჯერ დაჰკრა ისინი მიწას, რის გამოც ბოლომდე ვერ გაიმარჯვა სირიელებზე. იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ მის მიერ დაკისრებულ დავალებას მთელი გულითა და ენთუზიაზმით შევასრულებთ.
20:2—6. იეჰოვა ‘ლოცვების მომსმენია’ (ფსალმუნები 64:3).
24:3, 4. მენაშეს მიერ დაღვრილი სისხლის გამო იეჰოვამ ‘არ ინება [იუდას] პატიება’. იეჰოვა პატივისცემით ეკიდება უდანაშაულოთა სისხლს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა შურს იძიებს და გაანადგურებს ყველას, ვისაც ბრალი მიუძღვის უდანაშაულო სისხლისღვრაში (ფსალმუნები 37:9—11; 145:20).
მნიშვნელოვანი ჩვენთვის
წიგნი „მეოთხე მეფეთა“ იეჰოვას თავისი დანაპირების შემსრულებელ ღმერთად წარმოგვიდგენს. ორი სამეფოს, ჯერ ისრაელისა და შემდეგ იუდას, ტყვეობაში წაყვანა ყურადღებას გვამახვილებინებს იმაზე, თუ როგორ სრულდება მეორე რჯულის 28:15—29:28-ში ჩაწერილი სიტყვები. წიგნიდან „მეოთხე მეფეთა“ ვხედავთ, რომ წინასწარმეტყველი ელისე იეჰოვას სახელისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგული დამცველი იყო. ხიზკია და იოშია აღწერილნი არიან როგორც თავმდაბალი მეფეები, რომლებიც პატივს სცემდნენ ღვთის რჯულს.
„მეოთხე მეფეთაში“ აღწერილ მეფეთა, წინასწარმეტყველთა და სხვათა აზროვნებასა და საქმეებზე დაფიქრება განა მნიშვნელოვან რამეს არ გვასწავლის იმასთან დაკავშირებით, თუ რისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ და რას — ვერიდოთ? (რომაელები 15:4; 1 კორინთელები 10:11). მართლაც, ‘ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი’ (ებრაელები 4:12).
[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]
ელისეს სასწაულები
1. იორდანეს შუაზე გაპობა (4 მეფეთა 2:14).
2. იერიხონში ცუდი წყლის გაუვნებელყოფა (4 მეფეთა 2:19—22).
3. პატარა დამნაშავეების დათვების მიერ დაგლეჯა (4 მეფეთა 2:23, 24).
4. მეომრების წყლით უზრუნველყოფა (4 მეფეთა 3:16—26).
5. საჭმელი ზეთით ქვრივის უზრუნველყოფა (4 მეფეთა 4:1—7).
6. უშვილო შუნემელი ქალისთვის შვილის გაჩენის უნარის მიცემა (4 მეფეთა 4:8—17).
7. ბავშვის მკვდრეთით აღდგენა (4 მეფეთა 4:18—37).
8. შხამიანი საკვების უვნებლად გადაქცევა (4 მეფეთა 4:38—41).
9. ოცი პურით ასი ადამიანის დაპურება (4 მეფეთა 4:42—44).
10. ნაყამანის კეთრისგან განკურნება (4 მეფეთა 5:1—14).
11. ნაყამანის კეთრის გეხაზისთვის გადაცემა (4 მეფეთა 5:24—27).
12. ცულის ამოტივტივება (4 მეფეთა 6:5—7).
13. მსახური ხედავს ანგელოზთა ეტლებს (4 მეფეთა 6:15—17).
14. სირიელთა მეომრების დაბრმავება (4 მეფეთა 6:18).
15. სირიელთათვის მხედველობის დაბრუნება (4 მეფეთა 6:19—23).
16. მკვდარი მამაკაცის გაცოცხლება (4 მეფეთა 13:20, 21).
[ცხრილი⁄სურათები 12 გვერდზე]
იუდასა და ისრაელის მეფეები
საული/დავითი/სოლომონი: ძვ. წ. 1117/ 1077/1037a
იუდას სამეფო თარიღები (ძვ. წ.) ისრაელის სამეფო
რობოამი ․997․ იერობოამი
აბია/ასა ․980/978․
․976/975/952․ ნადაბი/ბაყაშა/ელა
․951/951/951․ ზიმრი/ომრი/თიბნი
․940․ ახაბი
იოშაფატი ․937․
․920/917․ ახაზია/იორამი
იორამი ․913․
ახაზია ․906․
(ღოთოლია) ․905․ იეჰუ
იოაში ․898․
․876/859․ იოახაზი/იოაში
ამაცია ․858․
․844․ იერობოამ II
ყაზარია (ყუზია) ․829․
․803/791/791․ ზაქარია/შალუმი/მენაშე
․780/778․ ფეკახია/ფეკახი
იოთამი/ახაზი ․777/762․
․758․ ჰოშეაყი
ხიზკია ․746․
․740․ სამარიის აღება
მენაშე/ამონი/იოშია ․716/661/659․
იოახაზი/ელიაკიმი ․628/628․
იეჰოიაკიმი/ციდკია ․618/617․
იერუსალიმის განადგურება ․607․
[სქოლიოები]
a მეფობის დაწყების ზოგიერთი თარიღი დაახლოებით არის მოცემული.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ნაყამანმა თავი დაიმდაბლა და იეჰოვას ძალით განიკურნა.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
რა მოუვიდა ელიას, როდესაც ‘ქარბორბალათი ცად იქნა აყვანილი’?