ითხოვს ღმერთი ჩვენგან ცოდვების აღიარებას?
მრავალ ეკლესიაში დღემდე ასრულებენ მღვდლის ან პასტორის წინაშე ცოდვების აღიარების რიტუალს. თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ტოლერანტულ საზოგადოებას, საჭიროა ცოდვების აღიარება?
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება არსებობს. მაგალითად, კანადაში გამომავალ გაზეთ „ნეშნლ პოსტში“ დაიბეჭდა ერთი ადამიანის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან რთულია სხვებთან საკუთარ ცოდვებზე ლაპარაკი, მაგრამ ამავე დროს დასძინა: „შვებას გრძნობ, როცა სხვას უყვები შენი შეცდომების შესახებ, ერთად ლოცულობთ და რჩევებს იღებ, როგორ მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში“. ერთ წიგნში კი ასეთი აზრია გამოთქმული: „აღსარება ემოციურად ყველაზე დამრთგუნველი რიტუალია ეკლესიაში, რადგან ამ დროს ადამიანი მეტისმეტად იძაბება“ (Bless Me, Father, for I Have Sinned). რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?
რას ამბობს ბიბლია?
როცა ღმერთმა ისრაელს კანონი მისცა, მათ კონკრეტულად მიუთითა, რა უნდა გაეკეთებინათ, თუ ვინმე ცოდვას ჩაიდენდა. მაგალითად, თუ ვინმე ღვთის ან კაცის წინაშე შესცოდავდა, მას ცოდვა ლევიანი მღვდლის წინაშე უნდა ეღიარებინა, რომელიც მისი ცოდვების მისატევებლად ღმერთს მსხვერპლს შესწირავდა (ლევიანები 5:1—6).
როგორ მოიქცა მეფე დავითი საუკუნეების შემდეგ, როცა ის წინასწარმეტყველმა ნათანმა ცოდვაში ამხილა? მან მაშინვე აღიარა: „შევცოდე იეჰოვას“ (2 სამუელი 12:13). ის ლოცულობდა და ღმერთს წყალობას სთხოვდა. მოგვიანებით დავითი წერდა: «ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს, ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“. შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული» (ფსალმუნი 32:5; 51:1—4).
ცოდვების აღიარება პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებისგანაც მოითხოვებოდა. იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, რომელიც იერუსალიმის კრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ქრისტიანებს მოუწოდა: „გულახდილად აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ“ (იაკობი 5:16). მაშ, რა უნდა აღიარონ ქრისტიანებმა და ვისთან?
რა უნდა ვაღიაროთ?
ჩვენ არასრულყოფილები ვართ, ამიტომ ადვილად შეიძლება, დაუფიქრებლად მოვიქცეთ ან ვთქვათ რამე და სხვების წინაშე შევცოდოთ (რომაელები 3:23). ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა შეცდომა უფლებამოსილ პირთან უნდა ვაღიაროთ?
მართალია, ღვთისთვის ნებისმიერი ცოდვა მიუღებელია, მაგრამ ის გულმოწყალეა და ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილებას. ეს კარგად ჩანს ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?! შენთან არის ჭეშმარიტი პატიება, რათა ეშინოდეთ შენი“ (ფსალმუნი 130:3, 4). როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვინმეს წინაშე უნებლიეთ ვცოდავთ? ალბათ გახსოვთ იესოს მიერ დატოვებული ლოცვის ნიმუში, რომელშიც ასეთი სიტყვები გვხვდება: „გვაპატიე ცოდვები, რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს“ (ლუკა 11:4). ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს, თუ იესოს სახელით ვთხოვთ პატიებას (იოანე 14:13, 14).
იესომ აღნიშნა, რომ ჩვენც უნდა ვაპატიოთ ჩვენს „მოვალეებს“. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს შეახსენა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფესოელები 4:32). თუ სხვებს ვპატიობთ შეცდომებს, შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ ღმერთი ჩვენც გვაპატიებს.
რა შეიძლება ითქვას ისეთ სერიოზულ ცოდვებზე, როგორებიცაა ქურდობა, შეგნებული ტყუილი, სექსუალური უზნეობა, ლოთობა და სხვა? ყველა, ვინც ასე იქცევა, არღვევს ღვთის კანონს და ღვთის წინაშე სცოდავს. უნდა აღიაროს მან ასეთი ცოდვები?
ვის წინაშე უნდა ვაღიაროთ ცოდვები?
ღმერთს არც ერთი ადამიანისთვის არ მიუცია მის წინაშე ჩადენილი ცოდვების მიტევების უფლება. ეს მხოლოდ მისი უფლებამოსილებაა. ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის [ღმერთი] გვაპატიებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან, რადგან ერთგული და მართალია“ (1 იოანე 1:9). მაგრამ, ვის წინაშე უნდა ვაღიაროთ ცოდვები?
რადგან ცოდვებს მხოლოდ ღმერთი გვპატიობს, დანაშაული მის წინაშე უნდა ვაღიაროთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დავითიც სწორედ ასე მოიქცა. მაგრამ, რის საფუძველზე მოგვეტევება ცოდვები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ (საქმეები 3:19). აქედან გამომდინარე, მიტევება მხოლოდ ცოდვის შეგნებასა და აღიარებაზე არ არის დამოკიდებული. შემცოდველს იმის სურვილიც უნდა ჰქონდეს, რომ ჩადენილი შეცდომები აღარ გაიმეოროს. ხშირ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ამის გაკეთება ჭირს. მაგრამ გამოსავალი არსებობს.
გაიხსენეთ მოწაფე იაკობის სიტყვები, რომლებიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ: „გულახდილად აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ“. შემდეგ დასძინა: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16). მართალ კაცში იაკობის მიერ მე-14 მუხლში მოხსენიებული კრების უხუცესი შეიძლება იგულისხმებოდეს. ქრისტიანულ კრებაში არიან უხუცესები, ანუ სულიერად მოწიფული მამაკაცები, რომელთა მოვალეობაში მათი დახმარებაც შედის, ვინც ღმერთს პატიებას სთხოვს. უხუცესების მოვალეობაში ცოდვების მიტევება არ შედის, რადგან არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები მიუტევოს ვინმეს.a მაგრამ ისინი სულიერად მოწიფულები არიან და შეუძლიათ შეაგონონ სერიოზული ცოდვის ჩამდენი და გამოსწორებაში დაეხმარონ მას. ისინი ეხმარებიან მას, რომ დაინახოს ცოდვის სიმძიმე და მონანიების აუცილებლობა (გალატელები 6:1).
რატომ უნდა ვაღიაროთ ცოდვები?
ცოდვის ჩადენით ადამიანი ურთიერთობას იფუჭებს ღმერთთანაც და მოყვასთანაც იმისდა მიუხედავად, სერიოზულია ცოდვა თუ არა. ამან შეიძლება შემცოდველი ძალიან შეაწუხოს. ასეთ გრძნობას ჩვენში ღვთისგან ჩადებული სინდისი ბადებს (რომაელები 2:14, 15). რისი გაკეთება შეიძლება ამ დროს?
მოდით, ისევ იაკობის წიგნში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები შევიხსენოთ: „[სულიერად] ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკობი 5:14, 15).
ამ შემთხვევაშიც უხუცესებს ევალებათ სამწყსოზე ზრუნვა. მაგრამ როგორ? მხოლოდ შემცოდველის აღიარების მოსმენა არ არის საკმარისი, რადგან საქმე სულიერ სისუსტეს ეხება. დასუსტებულის გამოსაჯანმრთელებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. იაკობი კიდევ ორ რამეს მოიხსენიებს, რისი გაკეთებაც უხუცესებს მართებთ.
ზეთის ცხება არის ერთ-ერთი, რასაც იაკობი მოიხსენიებს. ამაში ღვთის სიტყვის განმკურნავი ძალა იგულისხმება. მოციქული პავლე წერდა, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“, ანუ ღრმად აღწევს გულსა და გონებაში (ებრაელები 4:12). ბიბლიის დახმარებით უხუცესებს შეუძლიათ სულიერად დასუსტებულს დაანახვონ მისი პრობლემის მიზეზი და ის საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ის შეძლებს ღმერთთან ურთიერთობის აღდგენას.
კიდევ ერთი საშუალება „რწმენით წარმოთქმული ლოცვაა“. მართალია უხუცესების ლოცვებით ღმერთი არ წყვეტს, როგორ აღასრულებს სამართალს, მაგრამ ეს ლოცვები ბევრს ნიშნავს ღვთისთვის, რომელიც მზად არის ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე გვაპატიოს ცოდვები (1 იოანე 2:2). ღმერთი აუცილებლად დაეხმარება შემცოდველს, რომელიც გულწრფელად ინანიებს დანაშაულს და „მონანიების დამამტკიცებელ საქმეებს“ აკეთებს (საქმეები 26:20).
ღვთის თუ ადამიანის წინაშე ჩადენილი ცოდვის აღიარების უმთავრესი მიზეზი ღმერთთან კარგი ურთიერთობის აღდგენაა. იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ სუფთა სინდისით მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ღვთის თაყვანისცემას, თუ პირველ რიგში ყველანაირ გაუგებრობას მოვაგვარებთ და მშვიდობას აღვადგენთ მოყვასთან (მათე 5:23, 24). იგავების 28:13-ში ნათქვამია: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“. თუ იეჰოვა ღმერთის წინაშე თავს დავიმდაბლებთ და პატიებას ვთხოვთ, ის შეგვიწყალებს და თავის დროზე აგვამაღლებს კიდეც (1 პეტრე 5:6).
[სქოლიო]
a ზოგი იოანეს 20:22, 23-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების საფუძველზე ასკვნის, რომ ცოდვები ადამიანთა წინაშე უნდა ვაღიაროთ. ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 1996 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 28, 29 (რუს.).
[ჩანართი 23 გვერდზე]
ღმერთი პასუხს არ მოგვთხოვს ჩვენი სისუსტეების გამო და მოგვიტევებს ცოდვებს, თუ იესოს სახელით ვთხოვთ პატიებას
[სურათი 24 გვერდზე]
ცოდვების აღიარების უმთავრესი მიზეზი ღმერთთან კარგი ურთიერთობის აღდგენაა