ღვთისგან მომდინარეობს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?
„ვერ გამიგია, — ამბობს დევონი, — ყოველკვირა ჩემს ეკლესიაში სულიწმიდა ბევრზე გადმოდის და მათ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებს. ზოგი მათგანი უზნეო ცხოვრებას ეწევა, მე კი ყველანაირად ვცდილობ პატიოსნად ვიცხოვრო. რამდენჯერ ვილოცე, მაგრამ სულიწმიდა არასდროს გადმოსულა ჩემზე. ვერ ვხვდები, რატომ“.
გაბრიელიც იმ ეკლესიის მრევლია, სადაც ხალხზე, როგორც ამბობენ, სულიწმიდა გადმოდის და უცხო ენებზე ალაპარაკებს. „როცა ვლოცულობ, ზოგი ყველასთვის გაუგებარ ენაზე ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს და ხელს მიშლის. სინამდვილეში მათი ლაპარაკი არავის არაფერში არგია. განა ღვთის სულიწმიდის ძღვენი რაიმე მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს?!“ — ამბობს ის.
დევონისა და გაბრიელის სიტყვებიდან გამომდინარე, იბადება ასეთი კითხვა: ღვთისგან მომდინარეობს ის, რომ ზოგიერთ ეკლესიაში სხვადასხვა ენაზე სასწაულებრივად ლაპარაკობენ? ამ კითხვაზე პასუხის გაგებაში იმის გარკვევა დაგვეხმარება, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ძღვენი პირველი საუკუნეში.
„დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი“
ბიბლიაში ვკითხულობთ ზოგიერთი მამაკაცისა და ქალის შესახებ, რომლებიც მათთვის სრულიად უცხო ენებზე ალაპარაკდნენ. ეს პირველად იესო ქრისტეს სიკვდილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოხდა. იმ დღეს იერუსალიმში იესოს 120 მოწაფე შეიკრიბა, „აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი“. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი „საგონებელში ჩაცვივდა, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ მათ ენებზე“ (საქმეები 1:15; 2:1—6).
ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან იესოს სხვა მიმდევრებიც, რომლებსაც ჰქონდათ ეს განსაკუთრებული უნარი. მაგალითად, მოციქულ პავლეს წმინდა სულის დახმარებით შეეძლო რამდენიმე ენაზე ლაპარაკი (საქმეები 19:6; 1 კორინთელები 12:10, 28; 14:18). ლოგიკურია, ღვთის წმინდა სულის ეს ძღვენი გარკვეულ მიზანს უნდა მომსახურებოდა. კერძოდ, რა მიზანს ემსახურებოდა ენებზე საუბარი იმ დროს?
ღვთის მხარდაჭერის მაჩვენებელი
კორინთში მცხოვრებ ზოგიერთ ქრისტიანს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ენებზე ლაპარაკის უნარი ჰქონდათ, პავლემ მისწერა: „უცხო ენები ნიშანია ურწმუნოთათვის“ (1 კორინთელები 14:22). სხვა მრავალ სასწაულებრივ უნართან ერთად, უცხო ენებზე ლაპარაკი იმის მაჩვენებელი იყო, რომ ღმერთი მხარს უჭერდა ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას. ეს სასწაულებრივი ძღვენი ჭეშმარიტების მაძიებლებს ღვთის რჩეული ხალხის ვინაობის დადგენაში ეხმარებოდა.
ბიბლიაში არ წერია, რომ იესო ან ქრისტიანობამდელი წინასწარმეტყველები სასწაულებრივად ლაპარაკობდნენ მათთვის უცხო ენებზე. ეს ძღვენი მხოლოდ იესოს მოწაფეებს მიეცათ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის განსაკუთრებულ მიზანს უნდა მომსახურებოდა.
დამხმარე საშუალება სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად
იესომ თავისი მსახურების დასაწყისში მოწაფეებს დაავალა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა მხოლოდ ებრაელებისთვის ექადაგათ (მათე 10:6; 15:24). ამიტომ მოწაფეები ძირითადად იმ ადგილებში ქადაგებდნენ, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.
სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ, ახ. წ. 33 წელს, მკვდრეთით აღდგენილმა იესომ თავის მიმდევრებს უბრძანა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“. მან თავის მიმდევრებს ისიც უთხრა, რომ ისინი მისი მოწმეები იქნებოდნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (მათე 28:19; საქმეები 1:8). სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად მათ ებრაულის გარდა სხვა ენებიც უნდა სცოდნოდათ.
მაგრამ იესოს პირველი მოწაფეების უმეტესობა „უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ“ (საქმეები 4:13). მაშ, როგორ იქადაგებდნენ ისინი შორეულ ქვეყნებში იმ ენებზე, რომლებიც არც კი სმენოდათ? წმინდა სულით ზოგიერთ გულმოდგინე მქადაგებელს სასწაულებრივად მიეცა იმის უნარი, რომ მათთვის სრულიად უცხო ენებზე ექადაგათ.
ამგვარად, უცხო ენებზე ლაპარაკის სასწაულებრივი ძღვენი ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა. პირველ რიგში, ის ღვთის მხარდაჭერის მაჩვენებელი იყო. და მეორე, ის პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის საუკეთესო დამხმარე საშუალება იყო სასიხარულო ცნობის მრავალ ენაზე გასავრცელებლად. იმავე მიზანს ემსახურება დღეს ეკლესიებში ენებზე ლაპარაკი?
არის დღეს ენებზე ლაპარაკი ღვთის მხარდაჭერის მაჩვენებელი?
სად დააყენებდით ნიშანს, თუ გენდომებოდათ, რომ მისით რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესარგებლა? პატარა შენობაში? ალბათ, არა. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დიდძალმა ხალხმა დაინახა ნიშანი ანუ ის, თუ როგორ ალაპარაკდნენ მოწაფეები სასწაულებრივად სხვადასხვა ენაზე. იმ დღეს ქრისტიანულ კრებას „დაახლოებით სამი ათასი სული შეემატა“ (საქმეები 2:5, 6, 41). თუკი დღეს მხოლოდ ეკლესიაში ლაპარაკობენ უცხო ენებზე, როგორ შეიძლება ეს უნარი ნიშანი აღმოჩნდეს ურწმუნოთათვის?
ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ სიძვა და ხორცის სხვა საქმეები წმინდა სულს ეწინააღმდეგება. მასში ისიც არის აღნიშნული, რომ „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:17—21). თუ უცხო ენაზე ლაპარაკობს ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანი, იბადება კითხვა: განა შეიძლება წმინდა სულმა შეცდომაში შეგვიყვანოს და ისეთ ადამიანზე გადმოვიდეს, რომლის საქციელსაც ბიბლია განსჯის? ეს იგივეა, რომ საგზაო ნიშანმა შეცდომაში შეგვიყვანოს და არასწორი მიმართულება მოგვცეს.
არის დღეს ეს დამხმარე საშუალება სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად?
შეიძლება ითქვას, რომ ენებზე ლაპარაკი დღესაც იმავე მიზანს ემსახურება, რასაც პირველ საუკუნეში? სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის სასიხარულო ცნობის გადაცემას ემსახურება ეკლესიებში ენებზე ლაპარაკი? ალბათ გახსოვთ, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ხალხი მრავალი ქვეყნიდან იყო ჩასული. მათ კარგად ესმოდათ, რას ეუბნებოდნენ სასწაულებრივად ამეტყველებული მოწაფეები. დღეს კი ენებზე მოლაპარაკეთა საუბარს ვერავინ იგებს.
აშკარაა, რომ დღეს სხვაგვარად ხდება ენებზე ლაპარაკი, ვიდრე ეს პირველ საუკუნეში იესოს მიმდევრების შემთხვევაში ხდებოდა. არც ერთ სანდო წყაროში არ წერია, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ვინმემ მიიღო ეს სასწაულებრივი უნარი. ეს გასაკვირი არ არის მათთვის, ვინც კითხულობს ბიბლიას. სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვნის შესახებ, რომელშიც ენებზე ლაპარაკიც იგულისხმებოდა, ღვთის შთაგონებით მოციქული პავლე წერდა: „ძღვენი გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8). მაშ, როგორ უნდა განვსაზღვროთ, ვის აქვს დღეს წმინდა სული?
ვის აქვს წმინდა სული?
იესომ იცოდა, რომ ენებზე ლაპარაკი ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებიდან მალევე გაუქმდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მოიხსენია ნიშანი, რომელიც ყოველთვის განასხვავებდა მის ჭეშმარიტ მიმდევრებს სხვებისგან. მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). იმავე მუხლში, სადაც სასწაულებრივი ძღვნის გაუქმებაზეა საუბარი, ისიც არის ნათქვამი, რომ „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:8).
სიყვარული პირველია იმ ცხრა თვისებას შორის, რომელიც ღვთის წმინდა სულის „ნაყოფს“ შეადგენს (გალატელები 5:22, 23). ამიტომ მათ, ვისაც ნამდვილად აქვთ ღვთის წმინდა სული და ვისაც ღმერთი უჭერს მხარს, გულწრფელად უყვართ ერთმანეთი. გარდა ამისა, ღვთის სულის ნაყოფში შემავალი მესამე თვისება არის მშვიდობა. აქედან გამომდინარე, მშვიდობა სუფევს მათ შორის, ვისაც წმინდა სული აქვს. მათთვის მიუღებელია ფანატიზმი, რასიზმი და ძალადობა.
აგრეთვე გავიხსენოთ საქმეების 1:8-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები. მან იწინასწარმეტყველა, რომ მისი მოწაფეები მიიღებდნენ ძალას, რათა დაემოწმებინათ „დედამიწის კიდით კიდემდე“. იესომ ისიც აღნიშნა, რომ ეს საქმე „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ გაგრძელდებოდა (მათე 28:20). აქედან გამომდინარე, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც გამოარჩევს მათ, ვისაც ნამდვილად აქვს წმინდა სული.
თქვენ რას ფიქრობთ? დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქმით ამტკიცებენ, რომ მათზე წმინდა სულია. ისინი ავლენენ სულის ნაყოფს, განსაკუთრებით სიყვარულსა და მშვიდობას. ზოგჯერ მთავრობა მათ ავიწროებს იმის გამო, რომ ომში არ მონაწილეობენ (ესაია 2:4). ისინი თავს არიდებენ ხორცის საქმეებს, მათ შორის სიძვას, და არ იწყნარებენ მოუნანიებელ შემცოდველებს (1 კორინთელები 5:11—13). ისინი მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ერთადერთი იმედია (მათე 24:14).
თამამად შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეები აკმაყოფილებენ იმ ბიბლიურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდნენ ისინი, ვისაც წმინდა სული აქვს. კარგი იქნება, თუ გაეცნობით მათ და თავად დარწმუნდებით, არის თუ არა მათთან ღმერთი.