განივითარეთ თანაგრძნობა „ყველანაირი ადამიანის“ მიმართ
როცა იესო მოწაფეებს ქადაგებას ასწავლიდა, იცოდა, რომ სამეფოს ცნობას ყველა დადებითად არ გამოეხმაურებოდა (ლუკ. 10:3, 5, 6). მსახურების დროს ზოგმა შეიძლება უხეშად გვიპასუხოს ან შეურაცხყოფაც კი მოგვაყენოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა ადვილი არ არის.
თანამგრძნობი ადამიანი ამჩნევს სხვების პრობლემებსა და საჭიროებებს, გულთან ახლოს მიაქვს მათი მდგომარეობა და დახმარების სურვილი უჩნდება. მაგრამ, თუ მსახურების დროს თანაგრძნობით აღარ ვიქნებით გამსჭვალულები, ეს შეიძლება ჩვენს გულმოდგინებასა და მსახურების ხარისხზე აისახოს. მეორე მხრივ, როგორც ნაკვერჩხალს აგიზგიზებს სულის შებერვა, ისე თანაგრძნობის განვითარება გვეხმარება, მეტი ენთუზიაზმით ვიქადაგოთ (1 თეს. 5:19).
რა დაგვეხმარება, თანამგრძნობნი ვიყოთ მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის? განვიხილოთ იეჰოვას, იესოსა და პავლე მოციქულის მიერ გამოვლენილი თანაგრძნობის მისაბაძი მაგალითები.
მიჰბაძეთ იეჰოვას
ათასობით წელია, იეჰოვა ითმენს თავისი სახელის შეურაცხყოფას. მაგრამ ის „უმადურთა და ბოროტთა მიმართ კეთილია“ (ლუკ. 6:35). მისი სიკეთე მოთმინებაში ვლინდება. იეჰოვას სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმ. 2:3, 4). მართალია, ღმერთს სძულს ბოროტება, მაგრამ ადამიანები მისთვის ძვირფასნი არიან და არ უნდა, რომ ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9).
იეჰოვას ესმის, რომ სატანა ურწმუნოებს გონებას უბრმავებს (2 კორ. 4:3, 4). ბევრს იმიტომ უჭირს ჭეშმარიტების გაგება, რომ ბავშვობიდანვე არასწორი სწავლებები და რელიგიური შეხედულებები ჩაუნერგეს. იეჰოვას ძალიან სურს მათი დახმარება. საიდან ვიცით ეს?
დაფიქრდით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ნინეველების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ნინეველები სისასტიკით გამოირჩეოდნენ, იეჰოვამ იონას უთხრა: „ჰოდა, მე დიდი ქალაქი ნინევე არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ?!“ (იონ. 4:11). იეჰოვამ იცოდა, რომ ნინეველები სულიერად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ გულმოწყალებით აღძრულმა იონას გამაფრთხილებელი ცნობის გადაცემა დაავალა.
იეჰოვას მსგავსად, ადამიანები ჩვენთვისაც ძვირფასნი არიან. ღმერთს იმ შემთხვევაში მივბაძავთ, თუ მთელი გულით შევეცდებით მათ დახმარებას, ვისზეც გვგონია, რომ ჭეშმარიტებას არ მიიღებს.
მიჰბაძეთ იესოს
იესო ჰბაძავდა მამას. მას გული სიბრალულით ევსებოდა, როცა სულიერად დამშეულ ადამიანებს ხედავდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). იესო იმაზე მეტს ხედავდა, ვიდრე გარეგნულად ჩანდა — მას კარგად ესმოდა, რომ მის მოსასმენად მისულ ხალხს რელიგიური ლიდერები ჭეშმარიტებას უმალავდნენ და ცუდად ეპყრობოდნენ. იესომ იცოდა, რომ ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიღებდა ჭეშმარიტებას, თუმცა ის მაინც „ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 4:1—9).
როცა მსახურების დროს ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს ვხვდებით, საჭიროა იმაზე მეტი დავინახოთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, და დავფიქრდეთ, რატომ აქვთ მათ ასეთი რეაქცია. ზოგი შეიძლება ბიბლიას არ ენდობა ან სხვების საქციელის გამო ქრისტიანობაზე წარმოდგენა აქვს დაკარგული, ზოგს კი ჩვენი მრწამსის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს მოსმენილი. სხვები ჩვენთან საუბარს შეიძლება თავს იმიტომ არიდებენ, რომ არ სურთ, ამის გამო ოჯახის წევრებისა თუ მეზობლების დასაცინი გახდნენ.
არიან ემოციურად ტრავმირებული ადამიანებიც, რომლებიც ჩვენს ცნობაზე უარყოფითად რეაგირებენ. ერთი მისიონერი და, სახელად კიმი, ამბობს: „ჩვენს ტერიტორიაზე ზოგან ომისგან გამწარებული ხალხი ცხოვრობს, რომელთაც მთელი ქონება დაკარგეს. მათ მომავლის არანაირი იმედი არ გააჩნიათ, ამიტომ იმედგაცრუებულები არიან და სხვების მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. ასეთ ადგილებში ხშირად ვხვდებით მოწინააღმდეგეებს; ერთხელ ქადაგების დროს ხელითაც კი შემეხნენ“.
რას აკეთებს კიმი, რომ თანაგრძნობა არ დაკარგოს ამ ხალხის მიმართ? ის ამბობს: «როცა შეურაცხყოფას მაყენებენ, გონებაში იგავების 19:11 მიტრიალებს, სადაც ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“. იმაზე ფიქრი, რაც ამ ხალხმა გამოიარა, მეხმარება, თანაგრძნობა გამოვავლინო მათ მიმართ. თუმცა ამ ტერიტორიაზე ყველა მტრულად როდია განწყობილი. აქ რამდენიმე კარგი განმეორებითი მონახულებაც გვაქვს».
შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „მათ ადგილას მე როგორ გამოვეხმაურებოდი სამეფოს ცნობას? როგორ ვიქნებოდი მოწმეების მიმართ განწყობილი, ამდენი სიცრუე რომ მომესმინა მათ შესახებ?“. შეიძლება ჩვენც უარყოფითად ვყოფილიყავით განწყობილი და ჩვენც დაგვჭირვებოდა სხვების მხრიდან თანაგრძნობის გამოვლენა. როცა ვითვალისწინებთ იესო მითითებას, რომ სხვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვექცნენ, აღძრულები ვართ, თანამგრძნობი ვიყოთ მათ მიმართ მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება ადვილი არ არის (მათ. 7:12).
მიჰბაძეთ პავლეს
მოციქული პავლე თანაგრძნობას მოძალადეების მიმართაც კი ავლენდა, რადგან არ ავიწყდებოდა თავისი წარსული. მან თქვა: „წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი. შეწყალებული ვიქენი, რადგან უცოდინარი ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი“ (1 ტიმ. 1:13). ის აღიარებდა, რომ იეჰოვამ და იესომ დიდი გულმოწყალება გამოავლინეს მის მიმართ. როგორც ჩანს, მათში, ვისაც უქადაგებდა, ის საკუთარ თავს ხედავდა.
ზოგჯერ პავლეს ისეთ ხალხთან უწევდა ქადაგება, რომელთაც ღრმად ჰქონდათ გამჯდარი ცრუ სწავლებები. როგორი რეაქცია ჰქონდა მას? საქმეების 17:16-ში ვკითხულობთ, რომ ათენში ყოფნისას პავლე აღშფოთდა, რადგან „ქალაქი კერპებით იყო სავსე“. თუმცა მან სწორედ ეს საკითხი გამოიყენა ათენელებთან საქადაგებლად (საქ. 17:22, 23). ის განსხვავებულ მეთოდებს იყენებდა სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან ქადაგების დროს, რათა როგორმე ეხსნა ზოგიერთი (1 კორ. 9:20—23).
ჩვენ შეგვიძლია პავლეს მსგავსად დავინახოთ, რატომ აქვთ ადამიანებს უარყოფითი დამოკიდებულება ან არასწორი შეხედულებები და შემდეგ დახელოვნებულად გადავცეთ სასიხარულო ცნობა (ეს. 52:7). ერთი და, სახელად დოროთი, ამბობს: „ჩვენს ტერიტორიაზე ბევრს ასწავლიდნენ, რომ ღმერთი მკაცრია და მაშინვე სჯის დამნაშავეს. ასეთ ადამიანებს ჯერ ვაქებ, რომ ღმერთი სწამთ, შემდეგ კი ყურადღებას ვუმახვილებ, თუ რას ამბობს ბიბლია იეჰოვაზე, როგორც მოსიყვარულე ღმერთზე, და მის დაპირებებზე“.
„სძლიე ბოროტებას სიკეთით“
ამ ბოლო დღეების მიწურულს მოველით, რომ ზოგი მათგანი, ვისაც ვუქადაგებთ, „უფრო უარესად“ მოიქცევა (2 ტიმ. 3:1, 13). თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ ამან თანაგრძნობა და სიხარული დაგვაკარგვინოს. იეჰოვა ძალას გვაძლევს, რომ ბოროტებას სიკეთით ვძლიოთ (რომ. 12:21). პიონერი და, ჯესიკა ამბობს: „ხშირად ვხვდები ამაყ ადამიანებს, რომლებიც არც ჩვენ გვაგდებენ არაფრად და არც ჩვენს ნათქვამს. ბუნებრივია, ეს გულს გვტკენს. მათი პასუხის შემდეგ გულში ვთხოვ იეჰოვას, დამეხმაროს, რომ მისი თვალით შევხედო მათ. ამ დროს ჩემს გრძნობებზე კი აღარ ვფიქრობ, არამედ იმაზე, თუ როგორ დავეხმარო ადამიანს“.
მსახურების დროს ჩვენი პარტნიორის გამხნევებაზეც უნდა ვიფიქროთ. ჯესიკა ამბობს: „თუ რომელიმე ჩვენგანს ცუდი შემთხვევა გვქონდა, ვცდილობ, ამაზე არ გავამახვილო ყურადღება. პირიქით, დადებითზე ვიწყებ საუბარს, მაგალითად, რა კარგი შედეგი მოაქვს ჩვენს მსახურებას მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უარყოფითად გვეხმაურება“.
იეჰოვამ კარგად იცის, რა სირთულეებს ვხვდებით მსახურების დროს. მას დიდ სიხარულს ანიჭებს, როცა გულმოწყალებაში ვბაძავთ (ლუკ. 6:36). მაგრამ ამ ქვეყნიერების მიმართ იეჰოვა მარადიულად არ გამოავლენს თანაგრძნობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ზუსტად დადგენილ დროს მოუღებს მას ბოლოს. მანამდე კი გადაუდებლად უნდა ვიქადაგოთ (2 ტიმ. 4:2). მოდი გულმოდგინედ განვაგრძოთ დავალებული საქმის კეთება და „ყველანაირი ადამიანის“ მიმართ თანაგრძნობა გამოვავლინოთ.