სასწავლო სტატია 24
დაამხვეთ ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართული ყოველი აზრი!
„ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (2 კორ. 10:5).
სიმღერა 124 მუდამ ერთგულები
მოკლე შინაარსიa
1. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ცხებულ ქრისტიანებს?
„ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“, — თქვა მოციქულმა პავლემ (რომ. 12:2). მან ეს სიტყვები პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. რატომ მისცა მოციქულმა ასეთი პირდაპირი გაფრთხილება ღვთისთვის მიძღვნილ და წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებს? (რომ. 1:7).
2, 3. ა) როგორ ცდილობს სატანა, ჩამოგვაშოროს იეჰოვას? ბ) როგორ შეგვიძლია ძვალ-რბილში გამჯდარი არასწორი აზროვნების მოშორება?
2 პავლეს აღელვებდა, რომ ზოგ ქრისტიანზე სატანის ქვეყნიერების აზროვნება ახდენდა გავლენას (ეფეს. 4:17—19). მსგავსი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. ამ ქვეყნიერების ღმერთი, სატანა, რას აღარ აკეთებს, რომ იეჰოვას გზიდან გადაგვიყვანოს! ამ მიზნის მისაღწევად ის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მაგალითად, იეჰოვას რომ ჩამოგვაშოროს და თავის ყაიდაზე მოგვაქციოს, მან შეიძლება ჩვენი წარსული, ამბიციები, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი, კულტურა და განათლება გამოიყენოს.
3 შესაძლებელია ძვალ-რბილში გამჯდარი არასწორი აზროვნების მოშორება? (2 კორ. 10:4). ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს, ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორ. 10:5). დიახ, იეჰოვას დახმარებით შესაძლებელია არასწორი აზროვნების მოშორება. როგორც ანტიდოტი ანეიტრალებს საწამლავს, ისე ღვთის სიტყვას შეუძლია სატანის ქვეყნიერების მომწამლავი აზროვნების განეიტრალება.
„განიახლეთ გონება“
4. რა ცვლილებების მოხდენა მოუწია ბევრ ჩვენგანს ჭეშმარიტების გაგების შემდეგ?
4 გაიხსენეთ, რა ცვლილებების მოხდენა მოგიწიათ, როცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ იეჰოვასადმი მსახურება გადაწყვიტეთ. ბევრმა ჩვენგანმა მიატოვა არასწორი ცხოვრების წესი (1 კორ. 6:9—11). ძალიან მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში დაგვეხმარა.
5. რა ორი რამ მოგვეთხოვება რომაელების 12:2-ის თანახმად?
5 არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ცვლილებების მოხდენა აღარ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობამდე შევწყვიტეთ სერიოზული ცოდვების ჩადენა, კვლავაც ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ დავუბრუნდეთ ცოდვილ საქმეებს. რა არის ამისთვის საჭირო? პავლე ამბობს: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით“ (რომ. 12:2). ამ მუხლიდან გამომდინარე ორი რამ მოგვეთხოვება. პირველი, აღარ უნდა ვიცხოვროთ ქვეყნიერების ყაიდაზე, ანუ აღარ უნდა მივცეთ ჩვენზე გავლენის მოხდენის საშუალება. და მეორე, აზროვნება უნდა შევიცვალოთ და გარდავიქმნათ.
6. რის სწავლა შეგვიძლია იესოს სიტყვებიდან, რომლებიც ჩაწერილია მათეს 12:43—45-ში?
6 გარდაქმნა, რომელზეც პავლე საუბრობდა, გარეგნულ ცვლილებაზე მეტს ნიშნავს. ის ჩვენი პიროვნების ყველა მხარეს მოიცავს (იხილეთ ჩარჩო „გარდაქმნა თუ შენიღბვა?“). ჩვენ უნდა გარდავქმნათ გონება, რაშიც ჩვენი ფიქრები, მიდრეკილებები და თვისებები იგულისხმება. ამიტომ თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები მოვახდინე, რომ ღვთის მსახური გავმხდარიყავი, თუ შინაგანადაც შევიცვალე?“. ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მათეს 12:43—45-ში იესომ დაგვანახვა, რის გაკეთება გვმართებს (წაიკითხეთ). მისი სიტყვები ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას უსვამს ხაზს: საკმარისი არ არის, მხოლოდ მოვიშოროთ არასწორი აზრები; აუცილებელია, რომ გონება ღვთიური აზრებით ავივსოთ.
განიახლეთ „გონების აღმძვრელი ძალა“
7. როგორ შეგვიძლია შინაგანი პიროვნების გარდაქმნა?
7 შესაძლებელია შინაგანი პიროვნების გარდაქმნა? ბიბლია გვპასუხობს: „[განიახლეთ] გონების აღმძვრელი ძალა და [შეიმოსეთ] ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:23, 24). დიახ, შინაგანი პიროვნების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ არის. პიროვნების გარდაქმნაში არასწორი სურვილების გაკონტროლებასა და ცუდი საქმეებისგან თავის შეკავებაზე მეტი იგულისხმება. საჭიროა, რომ გონების აღმძვრელი ძალა განვიახლოთ, რაშიც ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები და მოტივები იგულისხმება. ასეთი ცვლილებების მოხდენა მუდმივი პროცესია.
8, 9. როგორ გამოჩნდა ერთი ძმის შემთხვევიდან, რომ საჭიროა შინაგანი პიროვნების შეცვლა?
8 განვიხილოთ ერთი ძმის შემთხვევა, რომელიც წარსულში მოძალადე და ლოთი იყო. მან მიატოვა ასეთი ცხოვრების წესი და მოინათლა, რითაც თავის დასახლებაში ხალხს იეჰოვას მოწმეებზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა. მაგრამ ნათლობიდან მალევე ის მოულოდნელი გამოცდის წინაშე დადგა. ერთ საღამოს მასთან სახლში ნასვამი მამაკაცი მივიდა და აუშარდა. თავიდან ძმა არ აჰყვა მის პროვოკაციას, მაგრამ როგორც კი მამაკაცმა იეჰოვას სახელი შეურაცხყო, ძმას მოთმინების ფიალა აევსო, გავიდა გარეთ და ფიზიკურად გაუსწორდა. რატომ ვერ შეიკავა ძმამ თავი? მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ფიცხი ხასიათის მოთოკვაში დაეხმარა, მას გონების აღმძვრელი ძალა არ ჰქონდა განახლებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის შინაგანად არ იყო შეცვლილი.
9 თუმცა მას ხელი არ ჩაუქნევია (იგავ. 24:16). უხუცესების დახმარებით ის კვლავაც წინ მიიწევდა სულიერად. გარკვეული ხნის შემდეგ ის უხუცესად დაინიშნა. ერთ საღამოს სამეფო დარბაზის წინ ძმა იმავე პრობლემას წააწყდა, რასაც წლების წინ. ნასვამი მამაკაცი ერთ-ერთ უხუცესს ცემას უპირებდა. როგორ მოიქცა ეს ძმა? ის მშვიდად და თავმდაბლად დაელაპარაკა აგრესიულ მამაკაცს, დაძაბული სიტუაცია განმუხტა და სახლამდე მიაცილა. რატომ ჰქონდა ამჯერად ძმას განსხვავებული რეაქცია? იმიტომ რომ განიახლა გონების აღმძვრელი ძალა, ანუ მშვიდობისმყოფელ და თავმდაბალ ადამიანად გარდაიქმნა, რითაც განადიდა იეჰოვას სახელი.
10. რა უნდა გავაკეთოთ შინაგანი პიროვნების შესაცვლელად?
10 ასეთი ცვლილებები არც ერთ დღეში ხდება და არც ავტომატურად. ამისთვის წლების განმავლობაში დაუღალავი შრომაა საჭირო (2 პეტ. 1:5). არც იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლები არ იქნება იმის გარანტი, რომ მსგავსი ცვლილებები თავისთავად მოხდება. შინაგანი პიროვნების შესაცვლელად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა დაგვეხმარება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
როგორ განვიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა
11. როგორ გვეხმარება ლოცვა გონების აღმძვრელი ძალის განახლებაში?
11 ლოცვა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ უნდა მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც ლოცულობდა: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმ. 51:10). უნდა ვაღიაროთ, რომ გვჭირდება გონების აღმძვრელი ძალის განახლება და დახმარებისთვის იეჰოვას მივმართოთ. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დაგვეხმარება? ეზეკიელის დროს მცხოვრებ გულქვა ისრაელებზე იეჰოვამ თქვა: „მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავუდგამ . . . ხორცის გულს ჩავუდებ“ (ეზეკ. 11:19). „ხორცის გულის ჩადება“ იმას ნიშნავდა, რომ ისინი სიხარულით დაემორჩილებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას. იეჰოვა მზად იყო, ისრაელებს ცვლილებების მოხდენაში დახმარებოდა; ის ჩვენც დაგვეხმარება.
12, 13. ა) ფსალმუნის 119:59-ის თანახმად, რაზე უნდა დავფიქრდეთ? ბ) რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს?
12 მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფიქრია. ღვთის სიტყვის ყოველდღიური კითხვის დროს არა მხოლოდ დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ ბიბლიური მონაკვეთები, არამედ სიღრმისეული ფიქრისთვისაც უნდა გამოვყოთ დრო. ეს დაგვანახვებს, როგორი აზროვნებისა და გრძნობებისგან უნდა გავთავისუფლდეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:59; ებრ. 4:12; იაკ. 1:25). ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ნებისმიერი მიდრეკილება, რომელზეც ქვეყნიური აზროვნება ახდენს გავლენას. გულახდილად უნდა ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მათ დასაძლევად.
13 მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: გულის სიღრმეში შურის რაიმე ნატამალი ხომ არ მაქვს? (1 პეტ. 2:1). ხომ არ ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, განათლებით ან ფინანსური მდგომარეობით? (იგავ. 16:5). ზემოდან ხომ არ ვუყურებ დაბალი სოციალური ფენის ან სხვა რასის წარმომადგენლებს? (იაკ. 2:2—4). ხომ არ მიზიდავს ის, რასაც სატანის ქვეყნიერება გვთავაზობს? (1 იოან. 2:15—17). ხომ არ მსიამოვნებს უზნეობისა და ძალადობის შემცველი გართობა? (ფსალმ. 97:10; 101:3; ამოს. 5:15). ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგანახვებთ, რა მხრივ გჭირდებათ გაუმჯობესება. თუ გავთავისუფლდებით ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებებისა და უარყოფითი გრძნობებისგან, ჩვენს ზეციერ მამას გავუხარებთ გულს (ფსალმ. 19:14).
14. რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი მეგობრების არჩევა?
14 მესამე მნიშვნელოვანი მხარე კარგი მეგობრების არჩევაა. ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოება, რომელშიც ვტრიალებთ (იგავ. 13:20). სამსახურსა თუ სკოლაში ისეთ ხალხთან გვიწევს ურთიერთობა, რომლებიც ღვთისმოსაწონი აზროვნების განვითარებაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარებიან. საუკეთესო მეგობრების პოვნა მხოლოდ ქრისტიანულ კრებაში შეგვიძლია, სადაც „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ გვახალისებენ (ებრ. 10:24, 25).
განმტკიცდით რწმენაში
15, 16. როგორ ცდილობს სატანა ჩვენი აზროვნების შეცვლას?
15 გახსოვდეთ, რომ სატანის მიზანია, აზროვნება შეგვიცვალოს. ის ცდილობს, სხვადასხვა აზრი ან შეხედულება მოგვახვიოს თავს, რათა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებამ ჩვენს აზროვნებაზე გავლენა არ მოახდინოს.
16 სატანა დღესაც იმ კითხვას გვისვამს, რომელიც ერთ დროს ედემის ბაღში ევას დაუსვა: „მართლა გითხრათ ღმერთმა? . .“ (დაბ. 3:1). სატანის ქვეყნიერებაში ეს კითხვა ხშირად სხვადასხვა ფორმით ჩაგვესმის. მაგალითად: მართლა არ იწონებს ღმერთი ერთსქესიანთა ქორწინებას? მართლა არ უნდა ღმერთს, რომ შობა და დაბადების დღე აღნიშნოთ? მართლა სურს თქვენს ღმერთს, რომ უარი თქვათ სისხლის გადასხმაზე? მართლა მოითხოვს მოსიყვარულე ღმერთი, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარიცხულ ნათესავებთან თუ მეგობრებთან?
17. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ეჭვის ჩათესვის მიზნით კითხვებს გვისვამენ და კოლოსელების 2:6, 7-დან გამომდინარე, რა იქნება შედეგი?
17 ჩვენ ბოლომდე უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რაც გვწამს, რადგან პასუხგაუცემელმა კითხვებმა შეიძლება სერიოზული ეჭვები გაგვიჩინოს. ასეთი ეჭვები კი საბოლოოდ აზროვნებას დაგვიმახინჯებს და რწმენას დაგვინგრევს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს? ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, განვიახლოთ გონება, რათა დავრწმუნდეთ, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2). ბიბლიისა და პუბლიკაციების რეგულარული კვლევა დაგვარწმუნებს, რომ, რაც ვისწავლეთ, ჭეშმარიტებაა. აგრეთვე დავრწმუნდებით, რომ იეჰოვას ნორმები სწორი და სამართლიანია. შედეგად, ღრმად ფესვგადგმული ხის მსგავსად ჩვენც განვმტკიცდებით რწმენაში (წაიკითხეთ კოლოსელების 2:6, 7).
18. რა დაგვეხმარება, რომ თავი დავიცვათ სატანის ქვეყნიერების მომწამვლელი გავლენისგან?
18 თქვენი რწმენის განმტკიცებაზე თქვენ გარდა სხვა ვერავინ იზრუნებს. ამიტომ ნუ შეწყვეტთ გონების აღმძვრელი ძალის განახლებას! გამუდმებით ილოცეთ, სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, ღრმად იფიქრეთ, შეამოწმეთ თქვენი აზროვნება და მოტივები. აირჩიეთ კარგი მეგობრები და მათთან იქონიეთ ურთიერთობა, ვინც აზროვნების შეცვლაში დაგეხმარებათ. თუ ასე მოიქცევით, თავს დაიცავთ სატანის ქვეყნიერების მომწამლავი აზროვნებისგან და დაამხობთ „აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (2 კორ. 10:5).
სიმღერა 50 ჩემი მიძღვნის ლოცვა
a გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს აზროვნებაზე გავლენას ახდენს წარსული, კულტურა და განათლება. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ არასწორი შეხედულებები ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. ეს სტატია დაგვანახვებს, როგორ მოვიშოროთ არასწორი მიდრეკილებები, რომლებიც შეიძლება დროთა განმავლობაში განგვივითარდა.