א [ალეფ]
119 ბედნიერნი არიან უბიწოდ მავალნი,
იეჰოვას კანონით მოსიარულენი.+
2 ბედნიერნი არიან მისი მითითებების დამცველნი,+
მთელი გულით მისი მძებნელნი.+
3 არ სჩადიან უმართლობას,
მისი გზით დადიან.+
4 შენ გვიბრძანე, რომ გულდასმით შეგვესრულებინა შენი ბრძანებები.+
5 როგორ მინდა, ყოველთვის მტკიცედ ვიდგე,+
რათა დავიცვა შენი წესები!
6 ჩავუკვირდებოდი შენს მცნებებს
და არ შევრცხვებოდი.+
7 ვიგებ შენი სამართლიანი გადაწყვეტილებების შესახებ
და წრფელი გულით განგადიდებ.
8 დავიცავ შენს წესებს.
ნეტავ არ მიმატოვებდე სამუდამოდ!
ב [ბეთ]
9 როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე?
იფხიზლოს და შენი სიტყვის თანახმად იცხოვროს.+
10 მთელი გულით გეძებ;
ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან!+
11 განძივით ვინახავ შენს სიტყვებს გულში,+
რომ არ შეგცოდო.+
12 იდიდე, იეჰოვა!
მასწავლე შენი წესები.
13 ჩემი ბაგით ვაცხადებ
შენ მიერ გამოტანილ ყველა განაჩენს.
14 სიხარულს მგვრის შენი მითითებები,+
არავითარი საუნჯე არ მახარებს ასე.+
15 ვიფიქრებ შენს ბრძანებებზე+
და ჩავუკვირდები შენს გზებს.+
16 მიყვარს შენი წესები;
არ დავივიწყებ შენს სიტყვას.+
ג [გიმელ]
17 კეთილად მოეპყარი შენს მსახურს,
რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.+
18 თვალები ამიხილე, რათა დავინახო,
რაოდენ გასაოცარია შენი კანონები.
19 ხიზანივით ვარ ამ ქვეყანაში.+
ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 როგორ მწადია, შევიტყო შენი განაჩენი მუდამჟამს!
21 შენ კიცხავ დაწყევლილ, კადნიერ ხალხს,
რომლებიც არ იცავენ შენს მცნებებს.+
22 ჩამომაშორე ყველა, ვისაც ვძულვარ და ვეზიზღები,
რადგან ვიცავ შენს მითითებებს.
23 მთავრები სხედან და ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ,
მე კი, შენი მსახური, მაშინაც შენს წესებზე ვფიქრობ.
24 მახარებს შენი მითითებები,+ ჩემი მრჩევლები არიან.+
ד [დელეთ]
25 მტვერში+ ვარ გართხმული;
დაიცავი ჩემი სიცოცხლე შენი სიტყვისამებრ.+
26 ჩემი საქმეები არ დამიმალავს შენთვის და შენც მიპასუხე;
მასწავლე შენი წესები.+
27 დამეხმარე, რომ ჩავწვდე შენი ბრძანებების არსს,
რათა ჩავუკვირდე შენს საოცარ საქმეებს.+
28 მწუხარებისგან ძილი გამიკრთა,
გამამაგრე შენი დაპირებისამებრ.
29 შორს იყოს ჩემგან სიცრუის გზა,+
წყალობა მიყავი და მაუწყე შენი კანონი!
30 ერთგულების გზაზე სიარული ვარჩიე;+
ყველა შენს განაჩენს სამართლიანად მივიჩნევ.
31 ერთგულად ვიცავ შენს მითითებებს;+
იეჰოვა, ნუ გამაწბილებ!+
32 მთელი გულით მივყვები შენს მცნებებს,
რადგან შენ მმატებ ცოდნას.
ה [ჰე]
33 მასწავლე, იეჰოვა,+ შენი წესებით სიარული
და ბოლომდე დავიცავ მათ.+
34 გონიერება მომეცი,
რომ დავიცვა შენი კანონი
და მთელი გულით შევასრულო!
35 შენი მცნებების ბილიკებით მატარე,+
რადგან ეს მანიჭებს სიამოვნებას.
36 შენი მითითებები შემაყვარე
და დამიცავი სიხარბისგან.+
37 დამეხმარე, რომ უვარგისს არაფერს მივაპყრო მზერა;+
შენი გზით მატარე და მაცოცხლე.
38 შეუსრულე აღთქმა შენს მსახურს,
რათა ეშინოდეთ შენი.
39 ამარიდე სირცხვილი, ასე რომ მაშინებს;
სამართლიანია შენი განაჩენი.+
40 ნახე, რა მოუთმენლად ველი შენს ბრძანებებს.
მაცოცხლე შენი სიმართლის გამო.
ו [ვავ]
41 იეჰოვა, შენი დაპირებისამებრ,+
შენგან მოველი სიკეთეს და ხსნას;+
42 მაშინ პასუხს გავცემ ჩემს დამცინავს,
რადგან შენს სიტყვას ვარ მინდობილი.
43 ნურასდროს მოაშორებ ჩემს ბაგეს ჭეშმარიტების სიტყვას,
რადგან ვენდობი შენს განაჩენს.
44 მუდამ დავიცავ შენს კანონს,
მარადიულად და სამარადისოდ.+
45 უსაფრთხო ადგილას ვივლი,+
რადგან ვიკვლევ შენს ბრძანებებს.
46 მეფეთა წინაშეც კი ვილაპარაკებ შენს მითითებებზე
და არ შევრცხვები.+
47 ვაფასებ შენს მცნებებს,
ძლიერ მიყვარს ისინი.+
48 შენკენ აღვაპყრობ ხელებს, რადგან მიყვარს შენი მცნებები,+
და შენს წესებზე ვიფიქრებ.+
ז [ზაინ]
49 გაიხსენე, რას დაჰპირდი შენს მსახურს,
როგორ დამაიმედე.
50 ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში,+
რადგან შენი სიტყვის წყალობით ვარ ცოცხალი.
51 აბუჩად მიგდებენ და დამცინიან კადნიერები,
მაგრამ მე არ ვარღვევ შენს კანონს.+
52 იეჰოვა, მახსოვს, როგორ განსჯიდი ძველად+
და ეს მანუგეშებს.+
53 განრისხებული ვარ ბოროტთა გამო,
რომლებიც არღვევენ შენს კანონს.+
54 შენს წესებზე ვმღერი,
სადაც არ უნდა ვხიზნობდე.
55 შენს სახელზე ვფიქრობ ღამით, იეჰოვა,+
რომ დავიცვა შენი კანონი.
56 ყოველთვის ასე ვიქცევი,
რადგან ვასრულებ შენს ბრძანებებს.
ח [ხეთ]
57 იეჰოვა, შენ ხარ ჩემი კუთვნილი წილი;+
აღგითქვი, რომ დავიცავ შენს სიტყვას.+
58 მთელი გულით+ გევედრები;
წყალობა მიყავი+ დაპირებისამებრ.
59 ვუკვირდები ჩემს გზას,
რომ კვლავაც დავიცვა შენი მითითებები.+
60 ვესწრაფვი და ველტვი შენი მცნებების დაცვას.+
61 ბოროტებმა საბელები შემომარტყეს,
მაგრამ არ დამვიწყებია შენი კანონი.+
62 შუაღამისას ვდგები, რომ მადლობა გიძღვნა,+
რადგან სამართლიანად განსჯი.
63 ყველა შენი მოშიშისა
და ყველა შენი ბრძანების შემსრულებლის მეგობარი ვარ.+
64 იეჰოვა, სავსეა დედამიწა შენი სიკეთით;+
მასწავლე შენი წესები.
ט [ტეთ]
65 შენ კარგად ექცევი შენს მსახურს,
იეჰოვა, შენი დაპირებისამებრ.
66 მიბოძე ცოდნა და გონიერება,+
რადგან შენს მცნებებს ვენდობი.
67 როცა გზას ავცდი, ვიტანჯებოდი,
ახლა კი ვიცავ შენს სიტყვას.+
68 კეთილი ხარ+ და სიკეთის მქნელი.
მასწავლე შენი წესები!+
69 სიცრუით ჩირქს მცხებენ კადნიერები,
მაგრამ მე მთელი გულით ვასრულებ შენს ბრძანებებს.
70 მათ უგრძნობი გული აქვთ,+
მე კი მახარებს შენი კანონი.+
71 კარგია, რომ ვიტანჯე,+
რადგან ვისწავლე შენი წესები.
72 სასიკეთოა ჩემთვის შენ მიერ გაცხადებული კანონი,+
დიდძალ ოქრო-ვერცხლს სჯობია.+
י [ჲოდ]
73 შენმა ხელებმა შემქმნეს და გამომსახეს.
გონიერება მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები.+
74 მხედავენ და ხარობენ შენი მოშიშნი,
რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.+
75 კარგად ვიცი, იეჰოვა, რომ სამართლიანად განსჯი+
და იმიტომ დამსაჯე, რომ ერთგული ხარ.+
76 გთხოვ, ანუგეშე შენი ურყევი სიყვარულით+
შენი მსახური, როგორც დაჰპირდი.
77 წყალობა მიყავი, რომ ვიცოცხლო,+
რადგან მახარებს შენი კანონი.+
78 დაე შერცხვნენ კადნიერები,
რადგან უმიზეზოდ მაყენებენ ზიანს!
მე კი შენს ბრძანებებზე ვიფიქრებ.+
79 ჩემთან შეიკრიბონ შენი მოშიშნი
და შენი მითითებების მცოდნენი.
80 ნეტავ ზედმიწევნით იცავდეს ჩემი გული შენს წესებს,+
რათა არ შევრცხვე!+
כ [ქაფ]
81 მოუთმენლად ველი, როდის მიხსნი,+
რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 შენი დანაპირების შესრულების ხილვას ნატრობენ ჩემი თვალები;+
ვამბობ: „როდის მანუგეშებ?“+
83 კვამლისგან გამომხმარ ტიკს დავემსგავსე,
მაგრამ შენი წესები არ დამვიწყებია.+
84 როდემდე უნდა იცდიდეს შენი მსახური?!
როდის აღასრულებ განაჩენს ჩემს მდევნელებზე?!+
85 ორმოს მითხრიან კადნიერები,
რომლებიც შენს კანონს არაფრად აგდებენ.
86 ყველა შენი მცნება სანდოა.
უმიზეზოდ მდევნიან, დამეხმარე!+
87 ცოტაც და უკვალოდ გამაქრობდნენ,
მაგრამ შენი ბრძანებებისთვის ზურგი არ შემიქცევია.
88 მაცოცხლე შენი ურყევი სიყვარულით,
რათა დავიცვა შენი მითითებები!
ל [ლამედ]
89 იეჰოვა, მარადიულად გასტანს შენი სიტყვა ზეცაში.+
90 ერთგული ხარ თაობიდან თაობაში.+
დააფუძნე დედამიწა და კვლავაც მყარად დგას.+
91 შენი ბრძანებით დღემდე არსებობენ ისინი,
რადგან შენი მსახურები არიან.
92 შენს კანონს რომ არ მოენიჭებინა ჩემთვის სიხარული,
დავიღუპებოდი გაჭირვების ჟამს.+
93 არასოდეს დავივიწყებ შენს ბრძანებებს,
რადგან ისინი მაცოცხლებენ.+
94 შენ გეკუთვნი; დამიხსენი,+
რადგან შენს ბრძანებებს ვიკვლევ.+
95 ბოროტები დასაღუპავად დამდარაჯებიან,
მაგრამ მე გულისყურით ვეკიდები შენს მითითებებს.
96 ყოველგვარი სრულყოფილების საზღვარი მინახავს,
შენს მცნებებს კი არ აქვს საზღვარი.
מ [მემ]
97 როგორ მიყვარს შენი კანონი!+
მასზე ვფიქრობ მთელი დღე.+
98 ჩემს მტრებზე მეტად მაბრძენებს შენი მცნება,+
რადგან სულ ჩემთანაა.
99 ჩემს მასწავლებლებზე მეტი გამჭრიახობა შევიძინე,+
რადგან ვფიქრობ შენს მითითებებზე.
100 მოხუცებზე მეტი გამეგება,
რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს.
101 ბოროტების გზას ვერიდები,+
რომ კვლავ დავიცვა შენი სიტყვა.
102 არ ვარღვევ შენს კანონს,
რადგან შენ მასწავლი.
103 რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა,
თაფლზე მეტად ეტკბობა იგი ჩემს პირს!+
104 შენი ბრძანებების წყალობით გონივრულად ვიქცევი+
და მძულს სიცრუის გზა.+
נ [ნუნ]
105 შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის
და სინათლეა ჩემი სავალისთვის.+
106 როგორც დავიფიცე, ისე მოვიქცევი,
და აღვასრულებ შენს სამართლიან გადაწყვეტილებებს.
107 ბევრი ვიტანჯე;+
იეჰოვა, გთხოვ, მაცოცხლე შენი დაპირებისამებრ.+
108 იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე შესაწირავად მოძღვნილი ჩემი ქების სიტყვები+
და მასწავლე შენი კანონი.+
109 მუდამ საფრთხეშია ჩემი სიცოცხლე,
მაგრამ არ ვივიწყებ შენს კანონს.+
110 ბოროტები მახეს მიგებენ,
მაგრამ არ ვარღვევ შენს ბრძანებებს.+
111 შენი მითითებები ჩემს საკუთრებად ვაქციე სამარადისოდ,
რადგან ისინი მიხარებენ გულს.+
112 მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო
მთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე.
ס [სამეხ]
113 მძულს ყველა, ვინც მთელი გულით არ გეთაყვანება,+
შენი კანონი კი მიყვარს.+
114 შენ ხარ ჩემი ფარი და თავშესაფარი,+
რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.+
115 გამშორდით, ბოროტმოქმედნო,+
რათა დავიცვა ჩემი ღვთის მცნებები!
116 მხარში ამომიდექი დაპირებისამებრ,+
რათა ვიცოცხლო;
ნუ გამაწბილებ.+
117 მხარში ამომიდექი, რომ გადავრჩე,+
და მუდამ ჩავუკვირდები შენს წესებს.+
118 შენ უარყავი ყველა, ვინც არ იცავს შენს წესებს,+
რადგან ცრუნი და მზაკვარნი არიან.
119 ხენჯივით აცილებ ყველა ბოროტს დედამიწას,+
ამიტომ მიყვარს შენი მითითებები.
120 ვცახცახებ შენი შიშით;
ყველა შენი განაჩენი მოწიწებას მგვრის.
ע [აინ]
121 სამართლითა და სიმართლით ვმოქმედებ.
ნუ დამტოვებ მჩაგვრელთა ხელში!
122 გთხოვ, აღუთქვი შენს მსახურს, რომ მუდამ მის საკეთილდღეოდ იმოქმედებ;
ნუ დააჩაგვრინებ ჩემს თავს კადნიერთ!
123 თვალები ამომიღამდა ხსნისა+
და შენი სანდო დანაპირების შესრულების მოლოდინში.+
124 ურყევი სიყვარული უჩვენე შენს მსახურს,+
მასწავლე შენი წესები.+
125 შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება,+
რომ ჩავწვდე შენს მითითებებს.
126 დადგა იეჰოვას ამოქმედების ჟამი,+
რადგან დაარღვიეს მათ შენი კანონი.
127 დიდად მიყვარს შენი მცნებები,
ოქროზე, თვით ხალას ოქროზე ძვირფასია ისინი.+
128 ამიტომაც სწორად მივიჩნევ შენს ბრძანებებს+
და მძულს სიცრუის გზა.+
פ [ფე]
129 საოცარია შენი მითითებები,
ამიტომაც ვიცავ მათ.
130 შენი გამჟღავნებული სიტყვა სინათლეა ჩვენთვის,+
გამოუცდელს გონიერებას სძენს.+
131 ძლიერ მწადია შენი მცნებების მოსმენა,
სუნთქვაშეკრული ველი.+
132 მომხედე და წყალობა მიყავი,+
რადგან ასე ექცევი შენი სახელის მოყვარულთ.+
133 შენი სიტყვით წარმიმართე სავალი,
ნუ დამიმონებს ბოროტება.+
134 მიხსენი მჩაგვრელისგან
და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+
და მასწავლე შენი წესები.
136 ცრემლები ღვარად ჩამომდის თვალებიდან,
რადგან არ იცავს ხალხი შენს კანონს.+
צ [ცადე]
137 მართალი ხარ, იეჰოვა,+
და სამართლიანია ყველა შენი განაჩენი.+
138 შენი მითითებები სამართლიანია
და ყოველმხრივ სანდო.
139 მოშურნეობით ავენთე,+
რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.
140 განწმენდილია შენი სიტყვა+
და შენს მსახურს უყვარს იგი.+
141 ერთი უბრალო და მოძულებული კაცი ვარ,+
მაგრამ მაინც მახსოვს შენი ბრძანებები.
142 მარად არსებულია შენი სიმართლე+
და ჭეშმარიტია შენი კანონი.+
143 გასაჭირი და უბედურება მატყდება თავს,
მაგრამ კვლავაც ვხარობ შენი მცნებებით.
144 შენი მითითებები მუდამ სამართლიანია.
გონიერება მომეცი,+ რომ ვიცოცხლო.
ק [კოფ]
145 მთელი გულით გიხმობ და მიპასუხე, იეჰოვა!
დავიცავ შენს წესებს.
146 მოგიხმობ და მიხსენი!
დავიცავ შენს მითითებებს.
147 გარიჟრაჟამდე ვდგები, რომ შველა გთხოვო;+
შენს სიტყვებზე ვარ დაიმედებული.
148 ჯერ კიდევ ღამის გუშაგობისას ვიღვიძებ,
რომ ჩავუფიქრდე შენს სიტყვას.+
149 ისმინე ჩემი ხმა, რადგან ურყევია შენი სიყვარული!+
იეჰოვა, მაცოცხლე, რადგან სამართლიანი ხარ.
150 საბოროტოდ მომდგომიან სამარცხვინო საქმის ჩამდენნი;
არაფრად აგდებენ შენს კანონს.
151 ახლოს ხარ ჩემთან, იეჰოვა,+
და ჭეშმარიტია ყველა შენი მცნება!+
152 დიდი ხნის წინათ შევიტყვე შენი მითითებები,
სამარადისოდ რომ დაადგინე.+
ר [რეშ]
153 იხილე ჩემი გასაჭირი და მიხსენი,+
რადგან არ დამვიწყებია შენი კანონი.
154 წარმართე ჩემი სასამართლო საქმე და დამიხსენი,+
მაცოცხლე შენი დაპირებისამებრ.
155 ხსნა არ ეღირსებათ ბოროტებს,
რადგან არ იკვლევენ შენს წესებს.+
156 დიდია შენი წყალობა, იეჰოვა,+
მაცოცხლე შენი სამართლიანობის გამო.
157 მდევნელი და მოწინააღმდეგე ბევრი მყავს,+
მაგრამ არ ვარღვევ შენს მითითებებს.
158 ზიზღით შევყურებ ვერაგებს,
რადგან არ იცავენ შენს სიტყვას.+
159 ხომ ხედავ, როგორ მიყვარს შენი ბრძანებები!
იეჰოვა, მაცოცხლე, რადგან ურყევია შენი სიყვარული.+
160 შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა,+
მარადიულია შენი სამართლიანი გადაწყვეტილებები.
ש [სინ] ან [შინ]
161 უმიზეზოდ მდევნიან მთავრები,+
მაგრამ მე მაინც კრძალვას მგვრის შენი სიტყვები!+
162 ისე მახარებს შენი სიტყვა,+
როგორც დიდძალი ნადავლის ხელში ჩაგდება გაახარებდა კაცს.
163 მძულს და მეჯავრება სიცრუე,+
შენი კანონი კი მიყვარს!+
164 დღეში შვიდჯერ გაქებ და გადიდებ,
რადგან სამართლიანია შენი ყოველი განაჩენი!
165 მშვიდობა არ მოაკლდებათ შენი კანონის მოყვარულებს,+
ვერაფერი დააბრკოლებს მათ.
166 ხსნას შენგან ველი, იეჰოვა,
და ვიცავ შენს მცნებებს.
167 ვიცავ შენს მითითებებს
და უზომოდ მიყვარს ისინი.+
168 ვიცავ შენს ბრძანებებსა და მითითებებს,
რადგან შენ კარგად უწყი, რასაც ვიქმ!+
ת [თავ]
169 მომისმინე, როცა საშველად გიხმობ, იეჰოვა!+
დამაბრძენე შენი სიტყვით.+
170 მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ;
მიხსენი დაპირებისამებრ!
171 გაქონ და გადიდონ ჩემმა ბაგეებმა,+
რადგან მასწავლი შენს წესებს.
172 მართალია შენი მცნებები,
ამიტომაც ვიგალობებ შენს სიტყვებზე!+
173 გამომიწოდე დახმარების ხელი,+
რადგან ვემორჩილები შენს ბრძანებებს.+
174 შენგან მოველი ხსნას, იეჰოვა,
და მახარებს შენი კანონი!+
175 მაცოცხლე, რომ განგადიდო,+
შენი სამართალი იყოს ჩემი მშველელი.
176 დაკარგული ცხვარივით დავეხეტები.+ მოძებნე შენი მსახური,
მე ხომ არ დამვიწყებია შენი მცნებები!+