სიახლე კონგრესის პროგრამების მიმოხილვაში
სატანის წუთისოფელი რაც უფრო უარესისკენ მიიწევს, იეჰოვა უფრო მეტად გვაძლიერებს, რომ „უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით“ (ტიტ. 2:12). იმ ღონისძიებათა შორის, რომლებითაც ის უზრუნველგვყოფს „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, არის ყოველწლიური სარაიონო და სპეციალური ერთდღიანი კონგრესები (მათ. 24:45). რა გამამხნევებელია ეს სულიერი შეკრებები!
იმისათვის, რომ დავიმახსოვროთ და გამოვიყენოთ ის მითითებები, რომლებიც გვეძლევა, 2005 სამსახურებრივი წლის განმავლობაში კონგრესის პროგრამების გამეორებას ახლებურად ჩავატარებთ. დანართის მე-5, 6 გვერდებზე დაბეჭდილია სტატიები, რომლებიც მიმოიხილავს იმას, რაც წარმოდგენილი იქნება ამ კონგრესებზე. იქვე მოცემულია თითოეული კონგრესის პროგრამის გასამეორებელი კითხვები. კრებები განიხილავენ ამ ინფორმაციას სამსახურებრივ შეხვედრაზე კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე და კონგრესის ჩატარებიდან ცოტა ხნის შემდეგ. როგორ გაკეთდება ეს?
სარაიონო კონგრესამდე ერთი ან ორი კვირით ადრე სამსახურებრივ შეხვედრაზე წარდგენილ იქნება სტატიაზე „ახალი სარაიონო კონგრესის პროგრამა“ დაფუძნებული 10-წუთიანი მოხსენება, რათა გააღვივოს მოლოდინი პროგრამისთვის. მომხსენებელი აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს გასამეორებელ კითხვებზე და მოუწოდებს ყველას, გააკეთონ ჩანაწერები გამეორებისთვის მოსამზადებლად, რომელიც ჩატარდება კონგრესის დამთავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
კონგრესის ჩატარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე ჩატარდება კონგრესის პირველი დღის პროგრამის 15-წუთიანი გამეორება. მომდევნო კვირას 15 წუთი დაეთმობა მეორე დღის პროგრამის გამეორებას. განხილვა ჩატარდება ამ დანართში მოცემული გასამეორებელი კითხვების საფუძველზე. გამეორება ყურადღებას უნდა ამახვილებდეს ინფორმაციის პრაქტიკულ ღირებულებაზე. უხუცესებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ იმას, რომ შეამოკლონ, ამოაგდონ ან შეცვალონ სამსახურებრივი შეხვედრის პროგრამის სხვა პუნქტები, რათა შესაძლებელი იყოს ამ გამეორების ჩატარება.
იგივე გაკეთდება სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამასთან დაკავშირებით. გამონაკლისი ის იქნება, რომ მთლიანი პროგრამის გამეორებას დაეთმობა 15 წუთი. თითოეული ჩვენგანი უეჭველად შევინახავთ ამ დანართს და გამოვიყენებთ მას, რათა იეჰოვასაგან მომდინარე ხელმძღვანელობიდან სრული სარგებლობა მივიღოთ (ეს. 48:17, 18).