წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
5—11 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 20, 21
„ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს“
მათ. 20:3 — nwtsty მედიაფაილი
მოედანი
დედნისეული სიტყვა, რომელიც „მოედნად“ ითარგმნა, ბაზარსაც გულისხმობს. ზოგჯერ ბაზარი ქუჩაში ეწყობოდა. ვაჭრებს იმდენი საქონელი გამოჰქონდათ ხოლმე, რომ ქუჩაში მოძრაობა ჭირდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები იქ ყიდულობდნენ საყოფაცხოვრებო ნივთებს, თიხის თუ ძვირადღირებულ მინის ჭურჭელს და ახალ ხილსა და ბოსტნეულს. ხალხს ყოველდღე უწევდა ბაზარში წასვლა, რადგან არ ჰქონდათ პროდუქტების ცივად შენახვის შესაძლებლობა. მყიდველები ვაჭრებისა თუ ჩამოსულებისგან იგებდნენ ახალ ამბებს; იქ თვალს მოჰკრავდით მოთამაშე ბავშვებსა და უსაქმოდ მდგომ მუშებს, რომლებიც ელოდებოდნენ, რომ ვინმეს სამუშაოდ დაექირავებინა. ასეთ ადგილებში იესო ავადმყოფებს კურნავდა. მოედნებზე პავლე ქადაგებდა ხოლმე (საქ. 17:17). ამის საპირისპიროდ, ამაყ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მოედნებზე მისალმება და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდათ.
მათ. 20:20, 21 — nwtsty დამატებითი მასალა
„ზებედეს ვაჟების დედა“: ანუ იაკობ და იოანე მოციქულების დედა. მარკოზის სახარებაში ნათქვამია, რომ იესოსთან სწორედ იაკობი და იოანე მივიდნენ. როგორც ჩანს, მათ სათხოვარი იესოს თავიანთი დედის, სალომეს პირით შეუთვალეს, რომელიც შესაძლოა იესოს დეიდა იყო (მათ. 27:55, 56; მარ. 15:40, 41; იოან. 19:25).
„ერთი . . . შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“: ორივე ადგილი საპატიო იყო და ძალაუფლებაზე მიუთითებდა, თუმცა ყველაზე დიდი პატივი მარჯვნივ მჯდომს ერგებოდა (ფსალმ. 110:1; საქ. 7:55, 56; რომ. 8:34).
მათ. 20:26 — nwtsty დამატებითი მასალა
„მსახური“: ბიბლიაში ბერძნული სიტყვა დიაკონოს ხშირად გამოიყენება იმ ადამიანთან მიმართებით, რომელიც თავმდაბლურად და დაუღალავად ემსახურება სხვებს. ეს სიტყვა გამოყენებულია ქრისტესთან (რომ. 15:8), ქრისტეს მსახურებთან (1 კორ. 3:5—7; კოლ. 1:23), მომსახურეებთან (ფილ. 1:1; 1 ტიმ. 3:8), შინამოსამსახურეებთან (იოან. 2:5, 9) და სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით (რომ. 13:4).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მათ. 21:9 — nwtsty დამატებითი მასალა
„გევედრებით, იხსენი“: ბერძ. ოსანა. ეს ბერძნული სიტყვა მომდინარეობს ებრაული გამოთქმიდან, რომელიც ნიშნავს „გევედრებით, იხსენი“ ან „გთხოვთ, იხსენი“. ამ მუხლში ამ სიტყვებით ღმერთს მიმართავენ თხოვნით, რომ იხსნას ან გაამარჯვებინოს. ხშირად ამ სიტყვებს ლოცვის დროს წარმოთქვამდნენ ან მაშინ, როცა ღმერთს ხოტბას ასხამდნენ. ეს ებრაული გამოთქმა გვხვდება 118-ე ფსალმუნის 25-ე მუხლში. ეს იყო ერთ-ერთი იმ განმადიდებელი ფსალმუნებიდან, რომელთაც პასექის დღესასწაულის დროს მღეროდნენ. ასე რომ, იესოს დანახვაზე ხალხს ეს სიტყვები ადვილად გაახსენდებოდა. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა და იხსნა დავითის ძე, როცა მკვდრეთით აღადგინა იგი. მათეს 21:42-ში იესომ ციტატა მოიყვანა 118-ე ფსალმუნის 22-ე და 23-ე მუხლებიდან და მესიას დაუკავშირა.
„დავითის ძე“: ამ სიტყვებით აღიარებდნენ იმ ფაქტს, რომ იესო დავითის შთამომავალი და აღთქმული მესია იყო.
12—18 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 22, 23
დაიცავი ორი უდიდესი მცნება
მათ. 22:37 — nwtsty დამატებითი მასალა
„გული“: როდესაც ეს სიტყვა ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული, შინაგან ადამიანზე მიუთითებს. მაგრამ, როცა ის გვხვდება სიტყვებთან „სული“ და „გონება“, უფრო კონკრეტულ მნიშვნელობას იძენს და, ძირითადად, ადამიანის ემოციებს, სურვილებსა და გრძნობებს გულისხმობს. ეს სამი სიტყვა (გული, სული და გონება), რომლებიც ამ მუხლში ერთად გვხვდება, ურთიერთგამომრიცხავი არ არის და ყველაზე მძაფრად გამოხატავს იმის აუცილებლობას, რომ მთელი ჩვენი არსებით გვიყვარდეს ღმერთი.
„სული“: ანუ „მთელი არსებით“.
„გონება“: იგულისხმება გონებრივი შესაძლებლობები, რაც ეხმარება ადამიანს, შეიძინოს ცოდნა ღვთის შესახებ და შეიყვაროს იგი (იოან. 17:3; რომ. 12:1). აქ მოყვანილია ციტატა კანონის 6:5-დან, სადაც დედნისეული ტექსტის მიხედვით ვხვდებით სიტყვებს „გული“, „სული“ და „ძალა“. მაგრამ მათეს სახარებაში „ძალის“ ნაცვლად გამოყენებულია გონების აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა. ეს განსხვავება რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. მაგალითად, ძველ ებრაულში არ არსებობდა გონების შესატყვისი კონკრეტული სიტყვა, თუმცა მას სიტყვა „გული“ მოიაზრებდა. როცა ეს სიტყვა სიმბოლური გაგებით გამოიყენებოდა, მიუთითებდა შინაგან ადამიანზე, რაშიც მისი ფიქრები, გრძნობები, დამოკიდებულება და აღძვრები იგულისხმება (კან. 29:4; ფსალმ. 26:2; 64:6; იხ. ზემოთ „გული“). ამიტომ იქ, სადაც ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა „გული“, სეპტუაგინტაში ხშირად გამოყენებულია გონების აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა (დაბ. 8:21; 17:17; იგავ. 2:10; ეს. 14:13). კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლებოდა კანონის 6:5-ის ციტირებისას მათეს გამოეყენებინა ბერძნული სიტყვა „გონება“ და არა „ძალა“, ისაა, რომ ძალის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ფიზიკურ ძალასაც გულისხმობს და გონებრივ შესაძლებლობებსაც. როგორც უნდა იყოს, ზემოთ მოყვანილი მიზეზებით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არ იყენებდნენ სახარების დამწერები ერთსა და იმავე სიტყვებს, როცა „კანონიდან“ ციტირებდნენ.
მათ. 22:39 — nwtsty დამატებითი მასალა
„მეორე“: მათეს 22:37-ში იესო კონკრეტულად პასუხობს ფარისევლის მიერ დასმულ კითხვას. თუმცა 39-ე მუხლში ის განავრცობს პასუხს და მოიხსენიებს მეორე მცნებას (ლევ. 19:18) იმის დასანახვებლად, რომ ეს ორი მცნება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათში გამოხატულია მთელი კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი (მათ. 22:40).
„მოყვასი“: ბერძნული სიტყვა, რომელიც მოყვასად ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ახლომყოფს“. თუმცა მასში მხოლოდ მეზობელი არ იგულისხმება. ის მიუთითებს ნებისმიერ ვინმეზე, რომელთანაც ადამიანს შეხება აქვს (ლუკ. 10:29—37; რომ. 13:8—10).
მათ. 22:40 — nwtsty დამატებითი მასალა
„კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები“: „კანონში“ იგულისხმება ბიბლიის წიგნები „დაბადებიდან“ „კანონის“ ჩათვლით, „წინასწარმეტყველთა წიგნებში“ კი — ებრაული წერილების წინასწარმეტყველური წიგნები. მაგრამ, როცა ეს ორი სახელწოდება ერთადაა მოხსენიებული, შეიძლება მთლიან ებრაულ წერილებს გულისხმობდეს (მათ. 7:12; 22:40; ლუკ. 16:16).
„დაფუძნებული“: ბერძნული ზმნა, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩამოკიდებას“, აქ გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული და გულისხმობს „დამოკიდებულს“, „დაფუძნებულს“. იესომ ამგვარად აღნიშნა, რომ როგორც კანონს, რომელშიც ათი მცნებაც შედიოდა, ისე მთელ ებრაულ წერილებს სიყვარული ედო საფუძვლად (რომ. 13:9).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მათ. 22:21 — nwtsty დამატებითი მასალა
„კეისრისა კეისარს“: ბიბლიაში მხოლოდ აქ და პარალელურ მუხლებში, მარკოზის 12:17-სა და ლუკას 20:25-ში, მოიხსენიებს იესო რომის იმპერატორს. „კეისრისა“ გულისხმობს გადასახადს სახელმწიფოს მიერ გაწეული სამსახურისთვის და იმ პატივისცემას და მორჩილებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ უნდა ავლენდნენ მოქალაქეები (რომ. 13:1—7).
„ღვთისა კი — ღმერთს“: ეს გულისხმობს მთელი გულითა და სულით თაყვანისცემას, მთელი არსებით სიყვარულს და უპირობო მორჩილებას (მათ. 4:10; 22:37, 38; საქ. 5:29; რომ. 14:8).
მათ. 23:24 — nwtsty დამატებითი მასალა
„ქინქლის მწურავები და აქლემის მყლაპავები“: ისრაელში უწმინდურ არსებებს შორის ქინქლა ერთ-ერთი ყველაზე პატარა მწერი იყო, აქლემი კი — ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველი (ლევ. 11:4, 21—24). იესოს მიერ გამოყენებული ეს ირონიანარევი ჰიპერბოლა ხაზს უსვამდა იმას, რომ რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც სასმელს წურავდნენ, რათა შემთხვევით ქინქლა არ გადაეყლაპათ და რიტუალურად არ გაუწმინდურებულიყვნენ, სრულიად უგულებელყოფდნენ კანონში ჩაწერილ გაცილებით მნიშვნელოვან მითითებებს, რაც, შეიძლება ითქვას, აქლემის გადაყლაპვის ტოლფასი იყო.
19—25 მარტი
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მათ. 24:8 — nwtsty დამატებითი მასალა
„მშობიარობის ტკივილები“: ამ მუხლში სიტყვასიტყვით ნათარგმნი ბერძნული სიტყვა გამოყენებულია ზოგადად ტკივილისა და ტანჯვის აღსაწერად. თუმცა ის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მშობიარობის ტკივილების მსგავსად, მათეს 24:21-ში მოხსენიებული დიდი გასაჭირის დადგომამდე ნაწინასწარმეტყველები უბედურებები უფრო გახშირდებოდა, ინტენსიურ ხასიათს მიიღებდა და უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა.
მათ. 24:20 — nwtsty დამატებითი მასალა
„ზამთარში“: ძლიერი წვიმების, წყალდიდობებისა და ცივი ამინდის გამო ადამიანებს გაუჭირდებოდათ მგზავრობა და საკვებისა თუ თავშესაფრის პოვნა (ეზრ. 10:9, 13).
„შაბათს“: იუდეაში მცხოვრებთ გაუჭირდებოდათ გაქცევა, რადგან შაბათის კანონის თანახმად, იკრძალებოდა შორ მანძილზე გამგზავრება და ტვირთის წაღება; ამასთან, შაბათს არ იღებოდა ქალაქის კარიბჭეები (იხ. საქ. 1:12 და sgd ნაწილი 16).