საიდუმლოებით მოცული უილიამ შექსპირი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ბრიტანეთში
უილიამ შექსპირი ისტორიაში ბრწყინვალე დრამატურგად არის აღიარებული. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ აღნიშნავს, რომ მას „მრავალი ყველა დროის უდიდეს დრამატურგად მიიჩნევს. მისი პიესები. . . დღეს უფრო ხშირად და მეტ ქვეყნებში იდგმება, ვიდრე სხვა რომელიმე დრამატურგის“. ეს პიესები 70-ზე მეტ ენაზე გადაითარგმნა.
ამ საკმაოდ დიდი ნაშრომის ავტორობასთან დაკავშირებით, რომელსაც მას მიაწერენ, „მსოფლიო ენციკლოპედია“ ამბობს: „არც ერთ დიდ შექსპიროლოგს არ ეპარება ეჭვი, რომ შექსპირმა დაწერა ეს პიესები და პოემები“. მაგრამ სხვებისთვის ეს საკითხი საკამათოა. რატომ?
1564 წელს სტრატფორდ-ონ-ეივონში დაბადებული შექსპირი გარდაიცვალა 52 წლის ასაკში, 1616 წელს. მის შესახებ დაიწერა მრავალი ტომი — ბევრი მათგანი წლების განმავლობაში შეუპოვარი კვლევა-ძიების შედეგად — რათა გადაჭრილიყო ერთი მთავარი, მტანჯველი საკითხი: შექმნა უილიამ შექსპირმა ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც მის სახელს ატარებს?
ძირითადი პრობლემა
შექსპირის პიესებში მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება ირეკლება. მაგალითად, შექსპირი ერკვეოდა კანონებში და საოცრად მარჯვედ იყენებდა იურიდიულ ენასა და პრეცედენტებს. 1860 წელს „შექსპირის სამედიცინო ცოდნაში“ (Medical Knowledge of Shakespeare) სერ ჯონ ბაკნილმა აღნიშნა, რომ შექსპირი კარგად ერკვეოდა მედიცინაში. იმავეს თქმა შეიძლება სამეფო კარის ეტიკეტებთან, ასევე ნადირობის, შევარდნით ნადირობასა და სპორტის სხვა სახეობებთან დაკავშირებით. შექსპირის ისტორიკოსის, ჯონ მიჩელის, თქმით, ის იყო „მწერალი, რომელმაც ყველაფერი იცოდა“.
შექსპირის პიესებში გემის დაღუპვა ხუთჯერ არის აღწერილი და საზღვაოსნო ტერმინების გამოყენების მეთოდი გვიჩვენებს, რომ მწერალი გამოცდილი მეზღვაური იყო. ბევრი უმოგზაურია შექსპირს? ძალა ხომ არ დაატანეს მას, ემსახურა სამხედრო-საზღვაო ფლოტში? ხომ არ მონაწილეობდა 1588 წელს „უძლეველი არმადას“ განადგურებაში? მოყვანილი შემთხვევებიდან ნებისმიერის გამოყენება შეიძლება შექსპირის ავტორობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ წარმოადგენს არავითარ მტკიცებას. იგივე სურათი იკვეთება სამხედრო საკითხებსა და ქვეითი ჯარისკაცის ენის ცოდნასთან დაკავშირებითაც.
ბიბლიურ ციტატებს შექსპირის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მან ეს ცოდნა შეიძლება დედისგან მიიღო, მაგრამ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ დედამისი განათლებული ქალი იყო. შექსპირის ბიბლიური ცოდნა ბადებს კითხვას მის განათლებასთან დაკავშირებით.
დიდად ნასწავლი კაცი?
უილიამის მამა, ჯონი, მეხელთათმანე და ტყავის ნაწარმით მოვაჭრე იყო, შეიძლება ყასაბიც. ის გაუნათლებელ, მაგრამ პატივდებულ მოქალაქედ ითვლებოდა. დღეს არა გვაქვს სტრატფორდის კლასიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სია, მაგრამ ავტორიტეტულ პირთა უმეტესობა ფიქრობს, რომ უილიამი იქ სწავლობდა. წლების შემდეგ უილიამის მეგობარმა, ბენ ჯონსონმა, მოუგონა, რომ „ლათინური ცუდად, ხოლო ბერძნული უარესად“ იცოდა, რითაც გადაკვრით ამბობდა, რომ შექსპირს მხოლოდ ელემენტარული განათლება ჰქონდა მიღებული.
მაგრამ პიესების ავტორი კარგად იყო გაცნობილი ძველ ბერძნულ და რომაულ ლიტერატურას და შეიძლება ფრანგული, იტალიური და ესპანურიც იცოდა. მას მდიდარი სიტყვათა მარაგიც ჰქონდა. დღეს კარგი განათლების მქონე მოქალაქეები საუბარში იშვიათად იყენებენ დაახლოებით 4 000-ზე მეტ სიტყვას. მე-17 საუკუნის ინგლისელ პოეტს, ჯონ მილტონს, თავის ნაშრომებში დაახლოებით 8 000 სიტყვა აქვს გამოყენებული. მაგრამ ერთი ავტორიტეტული პირი აღნიშნავს, რომ შექსპირის სიტყვათა მარაგი არანაკლებ 21 000-ს ითვლის!
წიგნები და ხელნაწერები
შექსპირის მთელი ქონება დაწვრილებით იყო ჩამოწერილი მის სამგვერდიან ანდერძში, რომელშიც არაფერია ნათქვამი წიგნებსა და ხელნაწერებზე. თავის უფროს ქალიშვილს, სუზანას, ხომ არ დაუტოვა ისინი? თუ ასეა, ეს წიგნები და ხელნაწერები, უეჭველად, სუზანას შთამომავლებში დანაწილდებოდა. ამ საიდუმლოებით მოცული საქმით დაინტერესებულმა მე-18 საუკუნის საეკლესიო პირმა სტრატფორდ-ონ-ეივონის შემოგარენში 50 მილის რადიუსში ყველა კერძო ბიბლიოთეკა გაჩხრიკა, მაგრამ შექსპირისეული ერთი ტომიც კი ვერ აღმოაჩინა.
პიესების ხელნაწერებთან დაკავშირებით წარმოიშვა უფრო დიდი პრობლემა — არც ერთი ორიგინალი არ გადარჩენილა. 1623 წელს, შექსპირის სიკვდილიდან შვიდი წლის შემდეგ, თხზულებათა პირველი კრებულის სახით გამოიცა 36 პიესა. უილიამის სიცოცხლეშივე გამოჩნდა სხვების მიერ მითვისებული მრავალი გამოცემა, მაგრამ შექსპირს, გამჭრიახ საქმოსანს, არავითარი სამართლებრივი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს ამის აღსაკვეთად.
ლონდონში გადასვლა და დიდების მოპოვება
ელისაბედის დროს მოხეტიალე მსახიობთა დასების გამოსვლები ჩვეულებრივი სანახაობა იყო და ზოგიერთი მათგანი 1587 წელს სტრატფორდ-ონ-ეივონსაც ეწვია. თუ შექსპირი მათ გაყვა, იმ წლის შემოდგომისთვის ის ლონდონში უნდა ჩასულიყო. ცნობილია, რომ უილიამი „ლორდ კამერჰერის მსახურებად“ წოდებული ლონდონის წამყვანი თეატრალური დასის წევრი გახდა, რომელმაც მოგვიანებით სამეფო დასის სახელწოდება მიიღო. დედაქალაქში გადასვლის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან შეიძინა მამულები ლონდონსა და სტრატფორდ-ონ-ეივონში. მაგრამ არაფერია ცნობილი 1583—1592 წლებში შექსპირის მოღვაწეობის შესახებ, წლებისა, რომლებიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი „დაკარგული წლებია“.
1599 წელს საუთუორკში აშენდა თეატრი „გლობუსი“. მანამდე შექსპირის პიესები ლონდონში ცნობილი იყო, მაგრამ შექსპირი არასოდეს მიუღიათ მათ ავტორად. მისი დაკრძალვისას არ გამართულა დიდი პანაშვიდები, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სხვა ისეთი დრამატურგების სიკვდილისას, როგორებიც იყვნენ: ბენ ჯონსონი და ფრანსის ბომონტი, რომლებიც დიდი ზარ-ზეიმით დაკრძალეს ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში.
კანდიდატები
იყო თუ არა შექსპირის სახელი იმ მიზნით გამოყენებული, რომ შენიღბულიყო ნამდვილი ავტორის ან ავტორების სახელი? ხალხი 60-ზე მეტ კანდიდატურას ასახელებს. მათ შორის არის დრამატურგი კრისტოფერ მარლოa და ისეთი მოულოდნელი სახელები, როგორიცაა კარდინალი ვულზი, სერ უოლტერ როლი და დედოფალი ელისაბედ I-იც კი. რომელ მათგანს მიიჩნევენ თეორეტიკოსები ყველაზე მეტი ყურადღების ღირსად?
პირველი კანდიდატია ფრანსის ბეკონი, რომელმაც განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. ის შექსპირზე სამი წლით უფროსი იყო. თავიდან გამოჩენილი ვექილი გახდა, შემდეგ კი ლორდ-კანცლერად მსახურობდა. მანვე დაწერა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები. პირველად შექსპირის ნაშრომები ბეკონს 1769 წელს მიაწერეს, მაგრამ ამას დაახლოებით 80 წლის განმავლობაში არავინ აქცევდა ყურადღებას. 1885 წელს კი ჩამოყალიბდა ბეკონის საზოგადოება, რომელმაც წამოჭრა ეს საკითხი და მრავალი ფაქტი მოიყვანა ამ განაცხადის მხარდასაჭერად. მაგალითად, ბეკონი ლონდონიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 20 მილის მოშორებით, სენტ-ოლბანზის მახლობლად, ცხოვრობდა. ეს ქალაქი შექსპირის ნაწარმოებებში 15-ჯერ არის მოხსენიებული, ხოლო მისი მშობლიური ქალაქი, სტრატფორდ-ონ-ეივონი — არც ერთხელ.
შემდგომი კანდიდატები იყვნენ როჯერ მანერზი, რეტლენდის მეხუთე გრაფი, და უილიამ სტენლი, დერბის მეექვსე გრაფი. ორივეს ჰყავდა თავ-თავიანთი მხარდამჭერები. მათ კარგი განათლება და მეფის კარზე ცხოვრების მდიდარი გამოცდილება ჰქონდათ. მაგრამ რატომ მალავდნენ ეს გრაფები თავიანთ ავტორობას? პროფესორმა პ. ს. პოროხოვშიკოვმა 1939 წელს რეტლენდის გრაფის მიერ გაკეთებული განაცხადის დასაცავად თქვა: „მისი პირველი თხზულებები ანონიმურად დაიბეჭდა, ხოლო სხვებზე ფსევდონიმები იყო წარწერილი მხოლოდ იმიტომ, რომ ლორდებისთვის მიუღებელი იყო დაეწერათ რამე იმ თეატრებისთვის, სადაც უბრალო ხალხი დადიოდა“.
ზოგის აზრით, შექსპირის პიესები რამდენიმე მწერლის შემოქმედების გაერთიანების შედეგია, რომელშიც თითოეულმა თავისი გამოცდილება ჩააქსოვა. სხვების აზრით, როგორც დახელოვნებული მსახიობი, შექსპირი რედაქტირებას ხომ არ უკეთებდა სხვების პიესებს და სცენაზე გამოსატანად ხომ არ ამზადებდა? მის შესახებ ნათქვამი იყო, რომ ხელნაწერებიდან „პწკარსაც არ შლიდა“. ეს შეიძლება მართალი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ის რედაქტირებას უკეთებდა და მცირე შესწორებები შეჰქონდა სხვა დრამატურგების მიერ მისთვის მოტანილი პიესების ხელნაწერებში.
რა არის შექსპირის ავტორობაში ეჭვის შეტანის ყველაზე საფუძვლიანი მიზეზი? „მსოფლიო ენციკლოპედიის“ თანახმად, ხალხს „არ სჯერა, რომ სტრატფორდ-ონ-ეივონის მსახიობს შეეძლო მათი დაწერა. მათ წარმოდგენაში, შექსპირის უბრალო წარმოშობა არ შეესაბამებოდა იმ პიროვნების გენიოსობას, რომელმაც ეს პიესები დაწერა“. მასში აღნიშნულია, რომ თითქმის ყველა სავარაუდო ავტორი „დიდებულთა ანუ მაღალი კლასის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ“. ამგვარად, მრავალს, ვისაც ეჭვი ეპარება შექსპირის ავტორობაში, სჯერა, რომ „მხოლოდ განათლებულ, დახვეწილი გემოვნების მქონე მაღალი წრის წარმომადგენელს შეეძლო ამ პიესების დაწერა“. მაგრამ როგორც ამ სტატიის დასაწყისში აღინიშნა, მრავალ დიდ შექსპიროლოგს სჯერა, რომ ეს ნაწარმოებები უილიამს ეკუთვნის.
გადაიჭრება ეს საკამათო საკითხი უახლოეს მომავალში? ალბათ, არა. ვიდრე ხელნაწერების ორიგინალების ან უილიამ შექსპირის ბინდით მოცული ცხოვრების მონაკვეთის შესახებ ფაქტების სახით ახალ მტკიცებებს არ აღმოაჩენენ, „სიტყვაკაზმულობის დიდოსტატი“ მომაჯადოებელი საიდუმლოებით მოცული დარჩება.
[სქოლიო]
a კრისტოფერ მარლოს გავლენა ეტყობა შექსპირის ადრინდელ პიესებს, მაგრამ მარლო 1593 წელს 29 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში. ზოგის ვარაუდით, ტავერნაში ჩხუბის დროს მისი სიკვდილი მხოლოდ მოსატყუებლად გათამაშებული სცენა იყო, ხოლო სინამდვილეში ის იტალიაში წავიდა და განაგრძო წერა. მისი დაკრძალვის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
განათლება და სახელი
ჩვენამდე მოღწეულ ოთხ დოკუმენტზე უილიამ შექსპირის ექვსი ხელმოწერაა გაკეთებული. მისი სახელი გარკვევით არ არის დაწერილი და ხელწერაც ცვალებადია. ზოგი ავტორიტეტული პირი ამბობს, რომ ეს ხელმოწერა შეიძლება ანდერძში შექსპირის მაგივრად მისმა ვექილებმა გააკეთეს, რაც წამოჭრის მტკივნეულ საკითხს — იყო უილიამ შექსპირი განათლებული? შექსპირის მიერ დაწერილი არავითარი ხელნაწერი არ არსებობს. მის ქალიშვილს, სუზანას, შეეძლო ხელი მოეწერა, მაგრამ იმის არავითარი მტკიცება არსებობს, რომ მას ამაზე მეტის გაკეთება შეეძლო. შექსპირის მეორე ქალიშვილი, ჯუდითი, რომელსაც მამა განსაკუთრებით უყვარდა, ხელმოწერის ნაცვლად ნიშანს სვამდა. ის გაუნათლებელი იყო. არავინ იცის, რატომ არ მისცა შექსპირმა შვილებს განათლება, რომელიც მათ ფასდაუდებელ სარგებლობას მოუტანდა.
[სურათები 27 გვერდზე]
ადრინდელი პორტრეტები, რომლებზეც შექსპირია გამოსახული, მაგრამ საეჭვოა, ნამდვილად ასე გამოიყურებოდა თუ არა ის.
[საავტორო უფლება]
Encyclopædia Britannica/11th Edition (1911)
Culver Pictures