თავი 30
რა უნდა აკეთო, რომ იცხოვრო მარადიულად
1. ა) რომელი ორი გზაა შენს წინაშე? ბ) როგორ შეგიძლია სწორი გზის არჩევა?
იეჰოვა ღმერთი გვთავაზობს რაღაც სასწაულებრივს — მარადიულ სიცოცხლეს — თავის სამართლიან, ახალ სისტემაში (2 პეტრე 3:13). მაგრამ იცხოვრებ თუ არა მარადიულად დამოკიდებულია იმაზე, ასრულებ თუ არა დღეს ღმერთის ნებას. დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება, ყველა იმ ადამიანის ჩათვლით, ვინც მის ნაწილად რჩება, მალე განადგურდება, ‘ღვთის ნების აღმსრულებელი კი დარჩება უკუნისამდე’ (1 იოანე 2:17). ასე რომ, ორი გზიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო. ერთი მიდის სიკვდილისკენ, მეორე კი — მარადიული სიცოცხლისკენ (მეორე რჯული 30:19, 20). რომელ გზას აირჩევ?
2. ა) რაში იქნები დარწმუნებული თუ გაქვს ჭეშმარიტი რწმენა? ბ) რატომ გაგიადვილდება ღმერთისადმი მსახურება, თუ მას ისე მიენდობი, როგორც შვილი ენდობა მოსიყვარულე მამას?
2 როგორ უჩვენებ, რომ ირჩევ სიცოცხლეს? უპირველეს ყოვლისა, შენ უნდა გწამდეს იეჰოვა ღმერთი და მისი დანაპირები. ხარ თუ არა მტკიცედ დარწმუნებული, რომ ღმერთი არსებობს და „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“? (ებრაელთა 11:6). შენ ისე უნდა მიენდო ღმერთს, როგორც შვილი ენდობა მოსიყვარულე და მოწყალე მამას (ფსალმუნი 102:13, 14; იგავნი 3:11, 12). ასეთი რწმენით არ დაეჭვდები მისი რჩევის სიბრძნეში ან მისი გზების სამართლიანობაში მაშინაც კი, როცა არ შეგიძლია ყველა საკითხის სრულად გაგება.
3. ა) რწმენის გარდა, კიდევ რა არის აუცილებელი? ბ) რა უნდა აკეთო იმის საჩვენებლად, რომ ირჩევ სიცოცხლეს?
3 მაგრამ მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. აუცილებელია საქმეებიც, რომლებიც ცხადყოფენ, თუ რამდენად ჭეშმარიტია შენი გრძნობები იეჰოვას მიმართ (იაკობი 2:20, 26). გააკეთე თუ არა უკვე რამე იმის საჩვენებლად, რომ ნანობ შენს მიერ წარსულში ჩადენილი არასწორი მოქმედებების გამო? გქონია თუ არა სურვილი, რომ მოგენანიებინა ან შეცვლილიყავი და შენი სიცოცხლე იეჰოვას ნებასთან შეგეთანხმებინა? მოიქეცი თუ არა, ესე იგი უარყავი თუ არა არასწორი გზა, რომლითაც, შესაძლოა, დადიოდი და დაიწყე თუ არა იმის კეთება, რასაც ღმერთი მოითხოვს? (საქმეები 3:19; 17:30). ასეთი საქმეებით გამოჩნდება, რომ შენ სიცოცხლეს ირჩევ.
მიძღვნა და მონათვლა
4. ა) რამ უნდა აღგძრას, რომ შეასრულო ღმერთის ნება? ბ) რა უნდა გააკეთო, თუ გადაწყვეტ ღმერთისადმი მსახურებას?
4 რამ უნდა აღგიძრას იმის სურვლი, რომ ღმერთის ნება შეასრულო და აირჩიო სიცოცხლე? მადლიერებამ. დაუფიქრდი: იეჰოვამ შესაძლებელი გახადა შენი გათავისუფლება ავადმყოფობის, ტანჯვისა და სიკვდილისგანაც კი! თავისი ძვირფასი ძის შემოწირვით მან გზა გაგიხსნა უსასრულო სიცოცხლისკენ სამოთხეში, დედამიწაზე (1 კორინთელთა 6:19, 20; 7:23; იოანე 3:16). როგორ უნდა მოიქცე, როდესაც იეჰოვას სიყვარულის გამო გიჩნდება სურვილი, შენც შეიყვარო ის? (1 იოანე 4:9, 10; 5:2, 3). შენ უნდა მოუხმო ღმერთს იესოს სახელით და ლოცვაში ამცნო, რომ გინდა გახდე მისი მსახური და გსურს ეკუთვნოდე მას. ამგვარად შენ თავს უძღვნი ღმერთს. ეს არის შენი პირადი საქმე. სხვა ვერავინ გააკეთებს ამას შენს მაგივრად.
5. ა) მიძღვნის შემდეგ რას მოელის ღმერთი შენგან? ბ) როგორი დახმარების მიღება შეგიძლია, რომ იცხოვრო მიძღვნის თანახმად?
5 იმის შემდეგ, რაც თავს მიუძღვნი, ღმერთი მოელის, რომ იცხოვრებ მიძღვნის შესაბამისად. ამიტომ დაამტკიცე, რომ შენი სიტყვის შემსრულებელი ხარ და მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუპოვრად მისდიე შენს გადაწყვეტილებას, ანუ მიძღვნას (ფსალმუნი 49:14). თუ მჭიდროდ ხარ დაკავშირებული ღმერთის ხილულ ორგანიზაციასთან, თანაქრისტიანები სიხარულით გაგამხნევებენ და დაგეხმარებიან (1 თესალონიკელთა 5:11).
6. ა) რა აუცილებელი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმის შემდეგ, რაც თავს მიუძღვნი ღმერთს? ბ) რას ნიშნავს მონათვლა?
6 მაგრამ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი; საკმარისი არ არის მხოლოდ პირადად უთხრა იეჰოვას, რომ გსურს ეკუთვნოდე მას. შენ სხვების თანდასწრებითაც უნდა ცხადყო, რომ თავი მიუძღვენი ღმერთს, რათა ემსახურო მას. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? წყალში მონათვლით. წყალში მონათვლა იმის საჯარო მტკიცებაა, რომ პიროვნება იეჰოვას უძღვნის თავის სიცოცხლეს და წარუდგენს თავს მისი ნების შესასრულებლად.
7. ა) როგორი მაგალითი მისცა იესომ ქრისტიანებს? ბ) იესოს მიერ დაწესებული ნათლობა რატომ არ არის გათვალისწინებული ბავშვებისთვის?
7 იესო ქრისტეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ წყალში მონათვლა მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. იესოს მხოლოდ სიტყვიერად არ უთქვამს იეჰოვასთვის, რომ მისი ნების შესასრულებლად მოვიდა (ებრაელთა 10:7). სამეფოს შესახებ ქადაგების დაწყების წინ იესომ თავი წარუდგინა იეჰოვას და წყალში მოინათლა (მათე 3:13–17). რამდენადაც იესომ ამით მაგალითი მოგვცა, ისინი, რომლებიც დღეს თავს უძღვნიან იეჰოვას, რომ შეასრულონ მისი ნება, უნდა მოინათლონ (1 პეტრე 2:21; 3:21). სინამდვილეში, იესომ უბრძანა თავის მიმდევრებს, მოემზადებინათ მოწაფეები მსოფლიოს ყველა ხალხიდან და შემდეგ მოენათლათ ისინი. აქ არ არის ლაპარაკი მცირეწლოვანი ბავშვების მონათვლაზე. ეს არის იმ პიროვნებების მონათვლა, რომლებიც გახდნენ მორწმუნეები და გადაწყვიტეს, ემსახურონ იეჰოვას (მათე 28:19; საქმეები 8:12).
8. თუ გსურს მონათვლა, ვის უნდა აცნობო ამის შესახებ კრებაში და რატომ?
8 რა უნდა გააკეთო, თუ გადაწყვიტე ემსახურო იეჰოვას და გსურს, მოინათლო? შენი სურვილი უნდა აცნობო იეჰოვას მოწმეთა იმ კრების თავმჯდომარე ზედამხედველს, რომელთანაც ხარ დაკავშირებული. ის და კრების სხვა უხუცესები სიამოვნებით განიხილავენ შენთან საკითხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდე, რომ მართებულად ემსახურო ღმერთს. ამის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს ზომები, რომ მოინათლო.
რა უნდა აკეთო ღმერთის ნების თანახმად
9. რას აკეთებდა ნოე წარღვნამდე, რაც ღმერთის ნების თანახმად, შენც უნდა აკეთო დღეს?
9 წარღვნის წინ იეჰოვამ გამოიყენა ნოე, „სიმართლის მქადაგებელი“, რომ გაეფრთხილებინა ხალხი მომავალი განადგურების შესახებ და მიეთითებინა გადარჩენის ერთადერთ ადგილზე — კიდობანზე (მათე 24:37–39; 2 პეტრე 2:5; ებრაელთა 11:7). ღმერთის ნებაა, რომ ახლა მსგავს სამქადაგებლო საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი დროის შესახებ იესო წინასწარმეტყველებდა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). რომ გადაიტანონ ამ სისტემის აღსასრული და იცხოვრონ მარადიულად, სხვებმაც უნდა შეიტყონ ის, რაც შენ ისწავლე ღმერთის განზრახვების შესახებ (იოანე 17:3). ნუთუ არა გაქვს სურვილი, რომ სხვებსაც გაუზიარო სიცოცხლის მომნიჭებელი შემეცნება?
10. ა) იესოს რომელ მაგალითს უნდა მივყვეთ ადამიანთა მიმართ სიყვარულის გამო? ბ) როგორ ტარდება, უმთავრესად, სამქადაგებლო საქმიანობა?
10 მიჰყევი იესოს მაგალითს. ის არ ელოდებოდა, რომ ადამიანები მისულიყვნენ მასთან, არამედ თვითონ ეძებდა მათ, რომლებიც მოისმენდნენ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ. მან ყველა თავის მიმდევარს მისცა მითითება, გააკეთონ იგივე (მათე 28:19; საქმეები 4:13; რომაელთა 10:10–15). ქრისტეს მითითებებისა და მაგალითის შესაბამისად, ადრინდელი ქრისტიანები სახლებში აკითხავდნენ ადამიანებს. ისინი დადიოდნენ „სახლიდან სახლში“, რომ ეუწყებინათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა (ლუკა 10:1–6; საქმეები 20:20, აქ). ეს დღესაც მთავარი მეთოდია, რომელსაც მსახურების დროს იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები.
11. ა) რატომ არის საჭირო ვაჟკაცობა ღმერთის სამეფოს შესახებ ქადაგებისას და რატომ არ უნდა გვეშინოდეს? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს?
11 ამ მსახურების შესასრულებლად ვაჟკაცობაა საჭირო. სატანა და მისი ქვეყნიერება უსათუოდ შეეცდებიან, რომ დაგაბრკოლონ, ისევე როგორც ცდილობდნენ ქრისტეს ადრინდელი მიმდევრების შეკავებას სამქადაგებლო საქმიანობისგან (საქმეები 4:17–21; 5:27–29, 40–42). მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე. იეჰოვა მხარს უჭერდა და ამაგრებდა ადრინდელ ქრისტიანებს. ის შენც დაგეხმარება დღეს (2 ტიმოთე 4:17). ასე რომ, გამაგრდი! სიცოცხლის გადამრჩენ სამქადაგებლო და სასწავლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით დაამტკიცე, რომ ნამდვილად გიყვარს იეჰოვა და აგრეთვე ყველა ადამიანი (1 კორინთელთა 9:16; 1 ტიმოთე 4:16). იეჰოვა არ დაივიწყებს შენს შრომას; ის უხვად დაგაჯილდოებს (ებრაელთა 6:10–12; ტიტე 1:2).
12. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ლოტის ცოლის მაგალითიდან?
12 ამ ძველ სისტემას არ შეუძლია შემოგთავაზოს ისეთი რამ, რაც ნამდვილად ძვირფასია, ამიტომ თუ ზურგს შეაქცევ მას, ნუ იფიქრებ, რომ რამეს დაკარგავ. „გაიხსენეთ ლოტის ცოლი“, — თქვა იესომ (ლუკა 17:32). იმის შემდეგ, რაც ლოტი ოჯახთან ერთად გადაურჩა სოდომის განადგურებას, მისმა ცოლმა სინანულით გახედა იმას, რაც იქ დატოვა. ღმერთი ხედავდა, სად იყო მისი გული, ამიტომ ის იქცა მარილის სვეტად (დაბადება 19:26). ნუ დაემსგავსები ლოტის ცოლს! იყურე წინ, ‘ჭეშმარიტი სიცოცხლისკენ’, რომელიც იქნება ღმერთის სამართლიან ახალ სისტემაში (1 ტიმოთე 6:19).
ამოირჩიე მარადიული სიცოცხლე სამოთხეში, დედამიწაზე
13. როგორ შემოგვთავაზა არჩევანი იესომ, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს?
13 სინამდვილეში, არჩევნის მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. ქრისტემ ეს ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევას შეადარა. ერთი გზა, როგორც მან თქვა, ‘ფართო და განიერია’. ამ გზით მოსიარულეებს ეძლევათ თავისუფლება, აკეთონ ის, რაც სურთ. მეორე გზა კი „ვიწროა“. და ვინც ამ გზით დადის, უნდა დაემორჩილოს ღმერთის მითითებებსა და კანონებს. იესომ აღნიშნა, რომ ფართო გზით მრავალი ადამიანი დადის, ვიწრო გზით კი — მხოლოდ ცოტა. შენ რომელ გზას აირჩევ? არჩევისას გაითვალისწინე შემდეგი: ფართო გზა მოულოდნელად დასრულდება — ის განადგურებისკენ მიდის! ვიწრო გზა კი პირდაპირ ღმერთის ახალ სისტემაში მიგიყვანს. იქ შესაძლებლობა გექნება, მონაწილეობა მიიღო დედამიწის მშვენიერ სამოთხედ გადაქცევაში, სადაც შეძლებ ბედნიერ და მარადიულ ცხოვრებას (მათე 7:13, 14).
14. რომელ ორგანიზაციას უნდა მიეკუთვნებოდე, რომ გადარჩე და იცხოვრო ღმერთის ახალ სისტემაში?
14 ნუ იფიქრებ, რომ არსებობს სხვადასხვა გზები, რომლებითაც შეძლებ მიაღწიო სიცოცხლეს ღმერთის ახალ სისტემაში. არის მხოლოდ ერთი გზა. არსებობდა მხოლოდ ერთი კიდობანი, რომელიც წარღვნის დროს გადარჩა და არა რამდენიმე. ასევე არსებობს ერთი ორგანიზაცია — ღმერთის ხილული ორგანიზაცია — რომელიც გადაიტანს მოახლოებულ ‘დიდ გასაჭირს’. ის თვალსაზრისი, რომ ყველა რელიგია ერთი და იმავე მიზნამდე მიგვიყვანს არ არის ჭეშმარიტი (მათე 7:21–23; 24:21). შენ უნდა მიეკუთვნებოდე იეჰოვას ორგანიზაციას და ასრულებდე მის ნებას, რომ მიიღო მისგან კურთხევა — მარადიული სიცოცხლე (ფსალმუნი 132:1–3).
15. ა) რა უნდა ვაკეთოთ ყოველდღიურად? ბ) რომელი იმედი არ არის მხოლოდ ოცნება?
15 ამიტომ, ნათლად აღბეჭდე შენს გულსა და გონებაში ღმერთის მიერ აღთქმული ახალი სისტემა. ყოველდღე იფიქრე იეჰოვა ღმერთის შემოთავაზებული ჯილდოს შესახებ, რომ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში, დედამიწაზე. ეს არ არის ოცნება. ეს რეალობაა! აუცილებლად შესრულდება ბიბლიური დანაპირები: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე. . . და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“ (ფსალმუნი 36:29, 34).
[სურათი 251 გვერდზე]
თავი მიუძღვენი იეჰოვას. . . და მოინათლე.
[სურათი 253 გვერდზე]
„გაიხსენეთ ლოტის ცოლი“.
[სურათები 254 გვერდზე]
ნათლად აღბეჭდე გულსა და გონებაში ღმერთის ახალი სისტემა.