თავი 15
რა გავაკეთო, თანატოლების გავლენაში რომ არ მოვექცე?
„სკოლაში ყველაფერს გთავაზობენ — სიგარეტს, ნარკოტიკებს, სექსს. გესმის, რომ ეს სისულელეა, მაგრამ ზოგჯერ არც ის გინდა, რომ სხვებს ჩამორჩე“ (ევა).
ვის არ უნდა, რომ სხვები კარგი თვალით უყურებდნენ?! თუმცა ამ ბუნებრივი სურვილის გამო შეიძლება თანატოლების ზეგავლენაში მოექცე. მაგალითად, როცა ქრისტიანი მშობლები გყავს, იცი, რომ სექსი ქორწინებამდე და გადამეტებული სმა არასწორია (გალატელები 5:19—21). მაგრამ ბევრი თანატოლი გიბიძგებს, რომ შენც გაუსინჯო ამას გემო. რატომ გთავაზობენ ისინი ამას? ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ თვითონაც სხვებს არიან აყოლილნი. ისინი სხვების ჭკუაზე დადიან, რადგან სურთ, რომ მათ თვალში ამაღლდნენ. შენც სხვებს უყურებ თუ გყოფნის გამბედაობა და შენი პრინციპების ერთგული ხარ?
მოსეს ძმა, აარონი, ერთხელ სხვების გავლენაში მოექცა. ის დაჰყვა ისრაელების სურვილს და მათ ღმერთი გაუკეთა (გამოსვლა 32:1—4). ეს გააკეთა კაცმა, რომელიც თვით ფარაონსაც არ შეუშინდა და მასთან ღვთის სიტყვების გადასაცემად მივიდა (გამოსვლა 7:1, 2, 16). თავისი ხალხის ზეგავლენას კი აარონმა ვერ გაუძლო. მათ შეძლეს ის, რაც ეგვიპტის მეფემ ვერ შეძლო.
ხომ არ გიჭირს იმის კეთება, რაც იცი, რომ სწორია? გინდა, რომ შიშისა და დაძაბულობის გარეშე უმკლავდებოდე თანატოლების ზეგავლენას? ეს არ არის შეუძლებელი. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ განსაზღვრო, რა სიტუაციებში აღმოჩნდები და როგორ მოიქცევი ამ დროს. ქვემოთ მოცემული ოთხი ნაბიჯი დაგეხმარება მიზნის მიღწევაში.
1. წინასწარ განეწყვე (იგავები 22:3). ხშირ შემთხვევაში წინასწარ შეიძლება მოსალოდნელი საფრთხის დანახვა. ვთქვათ, ხედავ კლასელებს, რომლებიც ეწევიან და მათ გვერდით უნდა გაიარო. შემოგთავაზებენ სიგარეტს? როცა წინასწარ ელი პრობლემას, ან თავიდან აირიდებ მას, ან მზად იქნები გასამკლავებლად.
2. იფიქრე (ებრაელები 5:14). კარგს იზამ, თუ დაფიქრდები შემდეგ კითხვაზე: „ხომ არ ვინანებ მოგვიანებით, სხვებს თუ ავყვები?“. შეიძლება დღეს თავი მოაწონო თანატოლებს, მაგრამ ხვალ რას ეტყვი შენს მშობლებს ან თანაქრისტიანებს? გიღირს ღვთისთვის გულის ტკენად კლასელებისთვის თავის მოწონება?
3. გადაწყვიტე (კანონი 30:19). ადრე თუ გვიან ღვთის ყველა მსახურმა უნდა გადაწყვიტოს, უერთგულებს თუ არა ღმერთს. შედეგები მათ არჩევანზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, იოსებმა, იობმა და იესომ სწორი არჩევანი გააკეთეს, რასაც ვერ ვიტყვით კაენზე, ესავსა და იუდაზე. ახლა ჯერი შენზეა. რას გააკეთებ?
4. იმოქმედე. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს ყველაზე რთული ნაბიჯია. მაგრამ ეს ასე არ არის. როცა წინასწარ გაქვს აწონ-დაწონილი, რა მოჰყვება შენს საქციელს, და კარგად გყავს შემზადებული თავი, სხვებისთვის შენი პოზიციის დანახვება შეიძლება ისე გაგიადვილდეს, რომ შენ თვითონვე გაგიკვირდეს. შეიძლება მათმა რეაქციამაც გაგაოცოს (იგავები 15:23). ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ლექცია უნდა წაუკითხო ბიბლიაზე. ზოგჯერ მტკიცედ ნათქვამი უარიც საკმარისია. ან შეგეძლო ასეთი რამ გეთქვა:
„ჩემი იმედი ნუ გექნებათ“.
„მე ეგეთი რაღაცებისგან შორს ვარ“.
„ხომ იცით, რომ მაგის გამკეთებელი არ ვარ“.
მთავარია, უპასუხო სწრაფად და დამაჯერებლად. თუ ასე მოიქცევი, მათ შეიძლება მალევე დაგანებონ თავი. მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ დაცინვას დაგიწყებენ? მაგალითად, შეიძლება გითხრან: „რა, გეშინია?“. როგორ უნდა გაუძლო ასეთ ზეგავლენას? სულ მცირე, სამი გამოსავალი გაქვს:
● შეგიძლია პირდაპირ უპასუხო. დაეთანხმე და მოკლედ აუხსენი მიზეზი.
● შეგიძლია სიტყვაზე არ გამოეკიდო და ისე დაანახვო შენი პოზიცია, რომ კამათს აერიდო.
● შეგიძლია შენ თვითონ გადახვიდე იერიშზე. აუხსენი უარის მიზეზი და დააფიქრე თავიანთ ნათქვამზე („ამაზე უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებთ?“).
თუ მაინც აგრძელებენ დაცინვას, გაეცალე იქაურობას. რაც უფრო დიდხანს გაუჩერდები მათ, უფრო მეტს გაგიბედავენ. გახსოვდეს: სიტუაციას შენ მართავ, რადგან მათ არ აძლევ იმის საშუალებას, რომ თავიანთ ყალიბში მოგაქციონ.
ზოგმა შეიძლება დაცინვით გითხრას, რომ ბევრ რამეს კარგავ. მაგრამ ეს ასე არ არის! იეჰოვას ნების შესრულებას არაფერი ჯობია და მას სურს, რომ თავად დარწმუნდე ამაში (რომაელები 12:2). რატომ უნდა იარო სხვის ჭკუაზე, როცა იცი, რა არის სწორი და რა — არასწორი?! (რომაელები 6:16).
ფაქტია, რომ თანატოლების ზეგავლენას ვერსად გაექცევი. მაგრამ შენ შეგიძლია საკუთარი პოზიციის დაცვა და სიტუაციის მართვა. საბოლოო ჯამში, არჩევანი შენ უნდა გააკეთო! (იესო ნავეს ძე 24:15).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).
რჩევა
უფრო გაბედული რომ იყო, იკითხე იეჰოვას თანამედროვე მსახურთა ბიოგრაფიები. მათ ყველანაირ ზეგავლენას გაუძლეს.
იცოდი, რომ . . . ?
სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრ კლასელს შეიძლება ვეღარასოდეს შეხვდე. ზოგს შეიძლება შენი სახელიც დაავიწყდეს. ოჯახის წევრები და იეჰოვა ღმერთი კი ყოველთვის შენ გვერდით იქნებიან (ფსალმუნი 37:23—25).
რა უნდა გავაკეთო
თანატოლების გავლენაში რომ არ მოვექცე ․․․․․
თუ ჩემი თანატოლები შეეცდებიან, ცუდ საქციელში ამიყოლიონ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა სიტუაციებში გამოგადგება ამ თავში მოცემული ოთხი რჩევა?
● რა მოხდება, თუ აჰყვები თანატოლებს?
● რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ გაუძლო სხვების ზეგავლენას?
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის მე-9 თავში.
აკეთებ ისეთ რამეს, რისი თქმაც მშობლებისთვის არ გინდა? რატომ იქნება კარგი, თუ მათ ეტყვი ამის შესახებ?
[ჩანართი 131 გვერდზე]
„ბიჭებმა იციან, რომ იეჰოვას მოწმე ვარ და პატივს მცემენ. როცა ცუდ რამეზე აპირებენ ლაპარაკს, თვითონვე მეუბნებიან: „მაიკ, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს და თუ არ გინდა მოსმენა, პრობლემა არ არის“ (მაიკი).
[ცხრილი 132, 133 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
ჩემი სამოქმედო გეგმა
ნიმუში
1 წინასწარ განეწყვე
რა არის პრობლემა? სიგარეტის მოწევა.
სად შეიძლება დავდგე ამ პრობლემის წინაშე? გასახდელში.
2 იფიქრე
რა მოხდება, თუ სხვებს ავყვები?
გულს ვატკენ იეჰოვას და მშობლებს. სინდისი შემაწუხებს. სხვა დროს უფრო გამიჭირდება უარის თქმა.
რა მოხდება, თუ არ ავყვები?
შეიძლება დამცინონ. ზოგმა შეიძლება ჩემთან ურთიერთობა აღარ მოინდომოს. მაგრამ იეჰოვას გულს გავუხარებ და შინაგანად უფრო ძლიერი გავხდები.
3 გადაწყვიტე
თუ უარს ვერ ვეტყვი, ეს იმის ბრალი იქნება, რომ
შემზადებული არ ვიყავი ან იეჰოვა ღმერთზე წინ თანატოლებს ვაყენებ.
უარს ვეტყვი, რადგან
მოწევა იეჰოვას არ მოსწონს და თან მავნებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის.
4 იმოქმედე
ასე მოვიქცევი:
უარს ვეტყვი და გავეცლები.
დაცინვის შემთხვევაში
თუ მეტყვიან: „მოდი მოწიე, რისი გეშინია?“
პირდაპირ ვუპასუხებ
„იმის მეშინია, რომ ფილტვის კიბო არ დამემართოს“.
„ჩემზე ნუ დახარჯავთ სიგარეტს“.
იერიშზე გადავალ
„ამაზე უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებთ?“
შენიშვნა: თუ თავს არ განებებენ, გაეცალე იქაურობას. რაც უფრო დიდხანს გაუჩერდები, მით უფრო დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ მათ გავლენაში მოექცევი. ახლა შენით შეავსე მომდევნო გვერდი.
ჩემი სამოქმედო გეგმა
გააკეთე ამ გვერდის ასლი
1 წინასწარ განეწყვე
რა არის პრობლემა? ․․․․․
სად შეიძლება დავდგე ამ პრობლემის წინაშე? ․․․․․
2 იფიქრე
რა მოხდება, თუ სხვებს ავყვები?
․․․․․
3 გადაწყვიტე
თუ უარს ვერ ვეტყვი, ეს იმის ბრალი იქნება, რომ...
․․․․․
4 იმოქმედე
․․․․․
ასე მოვიქცევი...
․․․․․
დაცინვის შემთხვევაში
თუ მეტყვიან: ․․․․․
რომ არ ამიყოლიონ...
რა მოხდება, თუ სხვებს ავყვები?
․․․․․
პირდაპირ ვუპასუხებ
․․․․․
არ გამოვეკიდები
․․․․․
იერიშზე გადავალ
․․․․․
გაივარჯიშე მშობელთან ან მოწიფულ მეგობართან.
[სურათი 135 გვერდზე]
თუ სხვებს აჰყვები, მათი მარიონეტი გახდები.