ᲗᲝᲙᲘ, ᲗᲐᲡᲛᲐ, ᲖᲝᲜᲐᲠᲘ
ბიბლიაში თოკის, თასმის, ზონრის, ბაწრის, ძაფისა და საბელის აღსანიშნავად გამოყენებულია რამდენიმე ებრაული სიტყვა და ერთი ბერძნული სიტყვა. ყველაზე ხშირად გვხვდება ებრაული სიტყვა ხეველ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით (2სმ. 17:13; ეკ. 12:6; ოს. 11:4). ის აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს გადასაზომ ბაწარს (2სმ. 8:2). შესაბამისად, ზოგჯერ მას იყენებდნენ გადაზომილი ტერიტორიის, ანუ „ადგილის“ (იეს. 17:5, 14; 19:9), ან „მხარის“ მნიშვნელობით (კნ. 3:4, 13, 14).
ბიბლიაში გამოყენებულია თოკის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა სქენიონ. ის შეიძლება ნიშნავდეს ლერწმისა თუ ლელქაშისგან დამზადებულ თოკს. სამართლიანად განრისხებულმა იესო ქრისტემ „თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად“. როგორც ჩანს, იესომ შოლტი ცხოველების გამოსარეკად გამოიყენა (ინ. 2:13—17).
ძველად ზონრებსა თუ თოკებს სელისგან, კანაფისგან, რამისა და ფინიკის პალმის ბოჭკოსგან აკეთებდნენ. ეციონ-გებერში აღმოაჩინეს პალმის ქერქის ბოჭკოსგან დამზადებული გამძლე და მსხვილი თოკები. თოკების დასამზადებლად აგრეთვე გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ლელქაში და ლერწამი. ეგვიპტელები გამძლე თოკებს დაჭრილი ტყავისგან წნავდნენ. ძალიან გამძლე თოკები მზადდებოდა რამის ბოჭკოსგან (Boehmeria nivea, აზიური მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახიდან). ამ თოკებით იქსოვებოდა საუკეთესო თევზსაჭერი ბადეები.
ზონარი ზოგჯერ ტანსაცმლის ელემენტიც იყო. იუდას, როგორც ჩანს, საბეჭდავი ბეჭედი ზონარზე ჰქონდა აცმული (ებრ. ფათილ; დბ. 38:18, 25). ბაწრის მსგავსი „სუფთა ოქროს წნული ძეწკვი“ ისრაელის მღვდელმთავრის სამკერდის ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლში იყო გაყრილი (გმ. 39:15—18). სპარსეთის მეფე ახაშვეროშის სასახლე მორთული იყო „სელისა და საუკეთესო ბამბის ქსოვილებით, ასევე ლურჯი ქსოვილებით“, რომლებიც „წმინდა ძაფებით დამზადებული თოკებით იყო დამაგრებული“ (ესთ. 1:6).
მიწაში კარვის დასამაგრებლად იყენებდნენ „კარვის თოკებს“ (ებრ-დან მეხთარ) (ეს. 54:2; გმ. 39:40). ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია „ურმის თასმები“ (ებრ. ‛ავოთ) (ეს. 5:18) და „მშვილდის ლარი“ (ებრ. ჲეთარიმ) (იობ. 30:11; ფს. 11:2). თოკებს ტყვეების შესაკრავადაც იყენებდნენ (მსჯ. 15:13—15; ეზკ. 3:25). ისინი ხომალდის აღჭურვილობის ნაწილიც იყო (ეს. 33:23). მზვერავების მითითებით, რახაბს „ალისფერი [ებრ. ხუტ] თოკი [ებრ-დან თიკვაჰ]“ სარკმლისთვის უნდა გამოება, რათა იერიხონის განადგურებისას თავის სახლეულობასთან ერთად გადარჩენილიყო (იეს. 2:18—21).
გადატანითი მნიშვნელობით. შემკრებმა თქვა: „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკ. 4:12). თუ სამი ნართისგან დაგრეხილ ძაფს დავშლით, ცალკეული ნართის გაწყვეტა ადვილი იქნება, მაგრამ სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება. მსგავსად, ერთი აზრითა და მიზნით გაერთიანებული ღვთის მსახურები სულიერად უფრო ძლიერები არიან, რის წყალობითაც უმკლავდებიან წინააღმდეგობას. შემკრები ახალგაზრდებს მოუწოდებს, ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი, ვიდრე „ვერცხლის ზონარი“ გაუწყდებათ (ეკ. 12:1, 6). სავარაუდოდ, „ვერცხლის ზონარში“ იგულისხმება ზურგის ტვინი, რომლის მძიმე დაზიანებაც სიკვდილს იწვევს.
დავითმა გაიხსენა ის დრო, როცა მტრის ხელით სიკვდილი და სამარეში ჩასვლა გარდაუვალი ჩანდა. მან თქვა: „გარს შემომერტყა სიკვდილის საბელები“ და „სამარის საბელები შემომეხვია“. ის ისე გრძნობდა თავს, თითქოს თოკებით შეკრულს სიკვდილისა და სამარისკენ მიათრევდნენ (ფს. 18:4, 5).
ესაიამ თქვა: „ვაი მათ, ვინც დანაშაულს სიცრუის თოკებით მიათრევს და ცოდვას — ურმის თასმებით“. შესაძლოა ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებდა, რომ ხალხი დანაშაულსა და ცოდვაში ისე იყო გახვეული, როგორც ცხოველი იყო ურემში თასმებით შებმული (ეს. 5:18).
დამარცხებულმა სირიელებმა, როგორც ჩანს, მორჩილებისა და დამცირების ნიშნად „შემოიკრეს წელზე ჯვალო, თავზე — თოკები [და] მივიდნენ ისრაელის მეფე“ ახაბთან იმის სათხოვნელად, რომ სირიის მეფე ბენ-ჰადად II შეეწყალებინა. მათ თოკი ან თავზე ჰქონდათ შემოხვეული, ან კისერზე (1მფ. 20:31—34).
ძველად წარმართი მმართველები და ერები, რომლებსაც არ სურდათ, ისრაელს დამორჩილებოდნენ, ღვთისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. მსგავსად, მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ დედამიწის მეფეები და უმაღლესი მოხელეები „იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ“ გაერთიანდებოდნენ და იტყოდნენ: „დავწყვიტოთ მათი სადავეები და მოვიშოროთ მათი თოკები“. ეს მმართველები და ერები იეჰოვასა და მისი ცხებულის დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილებოდნენ. თუმცა მათი მხრიდან „სადავეების“ დაწყვეტისა და „თოკების“ მოშორების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა (ფს. 2:1—9).
გაწყვეტილი თოკებით შეუძლებელი იქნებოდა კარვის გაშლა. ამიტომ ბიბლიაში კარვის თოკების გაწყვეტა გაპარტახების სიმბოლოდ არის გამოყენებული (იერ. 10:20). თუმცა ნაწინასწარმეტყველები იყო ამის საპირისპიროც — აღორძინება და იეჰოვას კეთილგანწყობის დაბრუნება: „იხილე სიონი, ჩვენი დღესასწაულების ქალაქი! შენი თვალები იხილავს იერუსალიმს, მყუდრო საცხოვრებელს, კარავს, რომელსაც არავინ აშლის. არასოდეს ამოაძრობენ ამ კარვის პალოებს და არ გაწყდება მისი თოკები“ (ეს. 33:20).