გამგებლის სასახლე
ბერძნული სიტყვა პრეტორიონ (ლათ-დან praetorium) გამოიყენება რომაელი გამგებლების რეზიდენციის აღსანიშნავად. პონტიუს პილატემ იერულსალიმში გამგებლის სასახლეში დაკითხა იესო ქრისტე, ეზოში კი რომაელმა ჯარისკაცებმა ის მასხრად აიგდეს (მრ. 15:16; ინ. 18:28, 33; 19:9). ზოგი ამ სასახლეს ანტონიუსის კოშკთან აიგივებს, ზოგის აზრით კი ის, შესაძლოა, ჰეროდე დიდის მიერ აგებული სასახლე იყო. ამ უკანასკნელი შეხედულების მხარდასაჭერად მათ შემდეგი მტკიცებები მოჰყავთ: 1) პირველ საუკუნეში მოღვაწე იუდეველი ფილოსოფოსის, ფილონ ალექსანდრიელის სიტყვების თანახმად, ჰეროდეს სასახლეს „გამგებელთა სახლი“ ეწოდებოდა და იქ კეისარ ტიბერიუსის საპატივცემულოდ გამგებელმა პილატემ ფარები დაჰკიდა (The Embassy to Gaius, XXXIX, 306); 2) ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ პროკურატორი გესიუს ფლორუსი სწორედ იქ ცხოვრობდა („იუდეველთა ომი“, II, 301 [xiv, 8], ინგლ.); 3) კესარეაში ჰეროდეს მიერ აგებული სასახლე იმ მხარის გამგებლის სასახლე იყო (სქ. 23:33—35).
ჰეროდეს სასახლე იერუსალიმის ზემო ქალაქის (ქალაქის სამხრეთი ნაწილი) ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობდა. იოსებ ფლავიუსის აღწერილობის თანახმად, მას შემოვლებული ჰქონდა 30 წყრთა სიმაღლის (13 მ) გალავანი თანაბარ მანძილებზე აღმართული კოშკებით. გალავნის შიგნით სვეტებიანი დერეფნები, ეზოები და კორომები იყო. ოთახები მდიდრულად იყო შემკობილი ოქრო-ვერცხლისა და მარმარილოს ნივთებით. საძინებლებში ასი სტუმრის დაბინავება შეიძლებოდა („იუდეველთა სიძველენი“, წ. XV, თ. 9, აბზ. 3; „იუდეველთა ომი“, V, 173—182 (iv, 4), ინგლ.).