ქებათა ქება (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების ეს პოეტური წიგნი მოგვითხრობს მწყემსი ბიჭის მიმართ შულამელი ქალიშვილის (სოფელ შუნემის, იგივე შულემის მკვიდრი) ურყევ სიყვარულსა და მეფე სოლომონის მიერ მისი გულის მონადირების წარუმატებელ მცდელობაზე. ებრაული ტექსტის შესავალი სიტყვების თანახმად, პოემას ეწოდება „სიმღერათა სიმღერა“, ანუ შეუდარებელი, ულამაზესი და უმშვენიერესი სიმღერა (იხ. სათაურის სქ., აქ). ის არის ერთი სიმღერა და არა სიმღერათა კრებული.
წიგნის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ მისი დამწერი სოლომონია (ქბ. 1:1). მისი შინაარსიდან ჩანს, რომ დამწერმა ბევრი რამ იცოდა ღვთის ქმნილებებზე, რის თქმაც სწორედ სოლომონზე შეიძლება (1მფ. 4:29—33). წიგნის ხატოვან გამოთქმებში არაერთხელ არის მოხსენიებული მცენარეები, ცხოველები, ძვირფასი ქვები და ლითონები (ქბ. 1:12—14, 17; 2:1, 3, 7, 9, 12—15; 4:8, 13, 14; 5:11—15; 7:2, 3, 7, 8, 11—13). დამწერმა კარგად იცოდა ისრაელის გეოგრაფია, რაც სოლომონისნაირი მეფისგან სავსებით მოსალოდნელი იყო. ის მოიხსენიებს ზღვისპირა დაბლობებს (2:1), ლიბანის, ხერმონის, ანტილიბანისა და ქარმელის მთაგრეხილებს (4:8; 7:5), ენ-გედის ვენახებსა (1:14) და ბათ-რაბიმის კარიბჭესთან მდებარე ხეშბონის წყალსატევებს (7:4).
პოემის შექმნის დროს სოლომონს 60 დედოფალი და 80 ხარჭა ჰყავდა (ქბ. 6:8). ეს მიუთითებს მისი 40-წლიანი მმართველობის (ძვ. წ. 1037—998) ადრეულ პერიოდზე, რადგან სოლომონს საბოლოოდ 700 ცოლი და 300 ხარჭა ჰყავდა (1მფ. 11:3).
„ქებათა ქება“ შეიცავს ისეთ საალერსო სიტყვებს, რომლებიც დღევანდელი მკითხველისთვის შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნი აღწერს ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 3 000 წლის წინ მომხდარ მოვლენებს.
მოქმედი პირები. „ქებათა ქების“ მთავარი მოქმედი პირი შულამელი ქალიშვილია. პოემაში აგრეთვე მოხსენიებულნი არიან მისი შეყვარებული მწყემსი ბიჭი (ქბ. 1:7), დედამისი და ძმები (1:6; 8:2), მეფე სოლომონი (3:11), „იერუსალიმის ასულები“ (სოლომონის სეფექალები) და „სიონის ასულები“ (იერუსალიმის მკვიდრი ქალები) (3:5, 11). მათი ნათქვამით ან მათთვის ნათქვამი სიტყვებით ვხვდებით, ვინ ვინ არის. ებრაულ ტექსტში გამოყენებულ სიტყვებს აქვს სქესი (მამრობითი და მდედრობითი) და რიცხვი (მხოლობითი და მრავლობითი), რაც მოქმედი პირების ამოცნობას აადვილებს. დედნისეული ტექსტი ქართველი მკითხველისთვის გასაგები რომ ყოფილიყო, საჭირო გახდა ისეთი სიტყვების დამატება, რომლებითაც სათქმელი უფრო ნათელი გახდებოდა. მაგალითად, ქებათა ქების 1:5-ის სიტყვასიტყვითი თარგმანია: „მე შავი და მშვენიერი“. აღსანიშნავია, რომ ებრაული ზედსართავი სახელები „შავი“ და „მშვენიერი“ ამ შემთხვევაში მდედრობითი სქესისაა. ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს მონაკვეთი შემდეგნაირად დაიწერა: „შავგვრემანი ასული ვარ, მაგრამ მშვენიერი“.
შინაარსი. შულამელი ქალიშვილი მწყემს ბიჭს მისი დაბადების ადგილას შეხვდა (8:5ბ). შულამელის უმწიკვლობაზე მზრუნველი ძმები მისი ცდუნებისგან დაცვას ცდილობდნენ. ამიტომ, როცა მას შეყვარებულთან ერთად ადრეული გაზაფხულის სილამაზის ნახვა უნდოდა (2:8—14), ძმები გაუწყრნენ და სეზონზე არსებული საჭიროების მიხედვით ის პატარა მელიებისგან ვენახის დასაცავად გაუშვეს (1:6; 2:15). მზის გულზე შულამელი გაშავდა (1:5, 6).
მოგვიანებით კაკლის ხეების ბაღისკენ მიმავალი შულამელი მოულოდნელად მეფე სოლომონის ბანაკს მიადგა (ქბ. 6:11, 12). ის ან მეფემ შეამჩნია, ან სხვა ვინმემ და შემდეგ მეფეს უქო. ასე აღმოჩნდა შულამელი სოლომონის ბანაკში. მეფე სოლომონმა ვერ დამალა მისადმი აღტაცება. მაგრამ შულამელს არანაირი გრძნობა არ ჰქონდა მეფის მიმართ და განაცხადა, რომ მწყემსი ბიჭი ენატრებოდა (1:2—4, 7). ამიტომ „იერუსალიმის ასულები“ ურჩევდნენ მას, დაეტოვებინა ბანაკი და თავისი შეყვარებული მოეძებნა (1:8). სოლომონს არ უნდოდა შულამელის გაშვება, აქებდა მის სილამაზეს და ვერცხლით მოჭედილ ოქროს გვირგვინებს ჰპირდებოდა (1:9—11), მაგრამ შულამელმა უთხრა, რომ სხვა უყვარდა (1:12—14).
ამის შემდეგ სოლომონის ბანაკში შულამელის შეყვარებული მწყემსი ბიჭი მივიდა და მას სიყვარული აუხსნა. შულამელმაც დაარწმუნა ის თავის სიყვარულში (ქბ. 1:15—2:2). „იერუსალიმის ასულებთან“ საუბრისას მან თავისი სატრფო ტყის ხეებს შორის მდგარ ხეხილს შეადარა და დააფიცა ყველაფერი, რაც ლამაზი და მშვენიერია, რომ ძალით არ აღძრავდნენ მასში სიყვარულს (2:3—7). მას ყოველთვის, ღამითაც კი ენატრებოდა თავისი შეყვარებული მწყემსი და შეახსენებდა „იერუსალიმის ასულებს“ მათ ფიცს, რომ არ გააღვიძებდნენ მასში სიყვარულს, ვიდრე თავისით არ მოვიდოდა (2:16—3:5).
იერუსალიმისკენ მიმავალმა სოლომონმა შულამელიც თან წაიყვანა. როცა სოლომონის ამალა ქალაქს მიუახლოვდა, „სიონის ასულებმა“ ერთმანეთში დაიწყეს მათზე საუბარი (ქბ. 3:6—11). მწყემსმა ბიჭმა, რომელიც უკან გაჰყვა სოლომონის ამალას, იერუსალიმში მოძებნა შულამელი, შეაქო მისი სილამაზე და თავის სიყვარულში დაარწმუნა (4:1—5). შულამელს ქალაქის დატოვება უნდოდა (4:6), მწყემსი კი განაგრძობდა მის ქებას (4:7—16ა). შულამელმა მის გასაგონად თქვა: „მოვიდეს ჩემი სატრფო თავის ბაღში და ჭამოს საუკეთესო ხილი“ (4:16ბ). პასუხად მწყემსმა უთხრა: „ჩემს ბაღში შევედი, ჩემო დაო, ჩემო საცოლევ“ (5:1ა). იერუსალიმის ასულებმა მოუწოდეს მათ: „ჭამეთ, მეგობრებო! სვით და ალერსით დათვერით!“ (5:1ბ).
როცა შულამელმა იერუსალიმის ასულებს ცუდი სიზმარი უამბო და უთხრა, რომ სიყვარულით იყო დასნეულებული (ქბ. 5:2—8), ისინი დაინტერესდნენ, რით იყო მისი სატრფო განსაკუთრებული. მან ხატოვანი ენით აღწერა თავისი შეყვარებული (5:10—16). მათ ჰკითხეს, სად იყო მისი სატრფო, რაზეც მან მიუგო, რომ ბაღებს შორის მწყემსავდა (6:1—3). სოლომონმა კიდევ ერთხელ შეასხა ხოტბა შულამელს (6:4—10). როცა შულამელმა უთხრა მეფეს, რომ განზრახ არ მისულა მასთან (6:11, 12), სოლომონი შეევედრა, დაბრუნებულიყო მათთან (6:13ა). ამიტომ შულამელმა იკითხა: „რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“ (6:13ბ). სოლომონს კვლავ მიეცა აღტაცების გამოხატვის შესაძლებლობა (7:1—9). მაგრამ შულამელი თავისი სატრფოს ერთგული დარჩა და მოუწოდა იერუსალიმის ასულებს, არ გაეღვიძებინათ და არ აღეძრათ მასში სიყვარული, ვიდრე თავისით არ მოვიდოდა (7:10—8:4).
როგორც ჩანს, სოლომონმა შულამელს სახლში დაბრუნების უფლება მისცა. შინისკენ მიმავალი შულამელის დანახვისას მისმა ძმებმა იკითხეს: „ვინ არის ეს ქალი, უდაბნოდან რომ მოდის თავის სატრფოზე დაყრდნობილი?“ (ქბ. 8:5ა). ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ დას ასეთი ურყევი სიყვარული შეეძლო. წლებით ადრე ერთმა ძმამ თავის დაზე თქვა: „პატარა და გვყავს, რომელსაც ძუძუები ჯერ არ დამჩნევია. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა მასზე ალაპარაკდებიან?“ (8:8). მეორე ძმამ მიუგო: „თუ იგი კედელი იქნება, მასზე ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ; მაგრამ თუ კარი იქნება, კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“ (8:9). ვინაიდან შულამელმა გაუძლო ყველანაირ ცდუნებას, კმაყოფილი იყო თავისი ვენახით და თავისი შეყვარებულის ერთგული დარჩა (8:6, 7, 11, 12), მას თამამად შეეძლო ეთქვა: „მე კედელი ვარ და ჩემი ძუძუები კოშკებივითაა. ამიტომაც ვგავარ მის თვალში მშვიდობის მპოვნელს“ (8:10).
სიმღერა მთავრდება მწყემსის ძლიერი სურვილით, რომ თავისი შეყვარებულის ხმა გაეგო (ქბ. 8:13), და შულამელის სიტყვებით, რომ მის სატრფოს ქურციკის ან ირმის ნახტომებით გადმოეკვეთა მთები, რომლებიც მათ აშორებდა (8:14).
რამდენად ღირებულია. „ქებათა ქებიდან“ კარგად ჩანს, რაოდენ მშვენიერია ურყევი სიყვარული. ასეთი სიყვარული აქვთ იესო ქრისტესა და მის პატარძალს (ეფ. 5:25—32). წიგნი ქრისტეს პატარძლის კლასს აღძრავს, ზეციერი ნეფის ერთგულები დარჩნენ (შდრ. 2კრ. 11:2).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ქებათა ქებიდან
წიგნი მოგვითხრობს მწყემსი ბიჭისადმი შულამელის ურყევ სიყვარულზე, მიუხედავად იმისა, რომ მეფე სოლომონი მისი გულის მოგებას ცდილობდა.
დაწერა სოლომონმა, როგორც ჩანს, თავისი მეფობის ადრეულ წლებში.
შულამელი სოლომონის ბანაკში (1:1—3:5)
შულამელს ენატრება თავისი სატრფოს, მწყემსი ბიჭის ალერსი და სურს, რომ მან მეფის ბანაკიდან წაიყვანოს.
ის სეფექალებს უხსნის, რომ ძმების ვენახში მუშაობის დროს გაშავდა.
სოლომონი მას ოქრო-ვერცხლის სამკაულებს ჰპირდება, მაგრამ ის სატრფოს ერთგულია.
მწყემსი მიდის შულამელთან, აქებს მის სილამაზეს და სარეველებს შორის ამოსულ შროშანს ადარებს.
შულამელი ეუბნება სეფექალებს, რომ მისი მწყემსი ბიჭი ვაშლის ხესავითაა და მის ჩრდილქვეშ შეფარება სწადია. ის აფიცებს მათ, რომ არ აღძრან მასში სოლომონის მიმართ სიყვარული. მას ახსოვს, როგორ იწვევდა სატრფო სასეირნოდ. მაგრამ ძმებმა პატარა მელიებისგან ვენახის დაცვა დაავალეს.
ღამით ესიზმრება, როგორ ეძებს და პოულობს თავის შეყვარებულს.
გამოცდა იერუსალიმში (3:6—8:4)
სოლომონის დიდებული ამალა იერუსალიმის გზას ადგება.
მწყემსი ისევ პოულობს უკვე რიდეჩამოფარებულ შულამელს, აქებს მის სილამაზეს და სურნელოვანი მცენარეებით სავსე ჩაკეტილ ბაღს ადარებს.
შულამელი იწვევს მას, შევიდეს ამ ბაღში და ჭამოს ხილი.
ის თავის ცუდ სიზმარს სეფექალებს უამბობს: სატრფო მაშინ მივიდა მასთან, როცა შულამელი უკვე იწვა, და კარის გაღებამდე წავიდა. შულამელი უშედეგოდ ეძებდა მას ქალაქში, სადაც გუშაგებმა დაჭრეს.
როცა იერუსალიმის ასულები ეკითხებიან, როგორია მისი სატრფო, ის ხატოვანი სიტყვებით აღწერს მას.
სოლომონი სიყვარულს უხსნის შულამელს და ეუბნება, რომ მის 60 დედოფალსა და 80 ხარჭაზე მშვენიერია.
შულამელი გულგრილია და ეუბნება, რომ საქმეზე მიმავალი შემთხვევით აღმოჩნდა მის ბანაკთან.
სოლომონი აღფრთოვანებით აღწერს მის სილამაზეს, მაგრამ შულამელი ყურადღებას არ აქცევს მის ლამაზ სიტყვებს და ეუბნება, რომ მხოლოდ თავის სატრფოს ეკუთვნის.
შულამელი ბრუნდება სახლში. მისი ერთგულება დამტკიცებულია (8:5—14)
შულამელი შინ თავის სატრფოზე დაყრდნობილი ბრუნდება.
ადრე მის ძმებს აფიქრებდათ, ის მტკიცე კედელივით იქნებოდა თუ ღია კარივით, რომელშიც ნებისმიერი შევიდოდა.
შულამელმა ყველაფერზე უარი უთხრა სოლომონს, რითაც სატრფოს ერთგულება დაუმტკიცა. მისი სიყვარული სიკვდილივით ძლიერია და მისი ბრიალი „იაჰის ალია“.