მკითხველთა შეკითხვები
ჩვენზე დიდად იმოქმედა ცხვრებსა და თხებზე იესოს იგავის შესწავლამ. თუ გავითვალისწინებთ „სასწავლო სტატიების“ მე-10 ბროშურაში მოცემულ ახალ გაგებას, შეგვიძლია თუ არა კვლავ ვთქვათ, რომ დღეს იეჰოვას მოწმეები გამორჩევის საქმეში ღებულობენ მონაწილეობას?
დიახ. გასაგებია, რომ მრავალს აინტერესებს ეს, რადგან მათეს 25:31, 32-ში ნათქვამია: „როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან“. „სასწავლო სტატიების“ მე-10 ბროშურაში ნაჩვენები იყო, თუ რატომ ეხება ეს მუხლი დიდი გასაჭირის დაწყების შემდგომ პერიოდს. იესო მოვა თავისი დიდებით ანგელოზებთან ერთად და დაჯდება სასამართლო ტახტზე. შემდეგ ის ხალხს გამოარჩევს. რა გაგებით? გადაწყვეტილებებს ის იმის საფუძველზე მიიღებს, რაც ადამიანებმა გააკეთეს ან არ გააკეთეს მანამდე.
ეს შეგვიძლია შევადაროთ სასამართლო პროცესის მსვლელობას. ჩვენება ხანგრძლივი დროის მანძილზე გროვდება, ვიდრე სასამართლო ადგენს და გამოაქვს განაჩენი. ჩვენება იმასთან დაკავშირებით, ამჟამად მცხოვრები ადამიანები ცხვრები იქნებიან თუ თხები, დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. და ის ჯერ კიდევ გროვდება. მაგრამ, როდესაც იესო ტახტზე დაჯდება, საქმე დამთავრებული იქნება. ის მზად იქნება განაჩენის გამოსატანად. ადამიანები გამორჩეული იქნებიან ან მარადიული განადგურებისთვის, ან მარადიული სიცოცხლისთვის.
მაგრამ ფაქტი, რომ მათეს 25:32-ში მოხსენიებული ხალხის გამორჩევა სიცოცხლისა თუ სიკვდილისთვის ჯერ კიდევ მომავალშია, არ ნიშნავს, რომ მანამდე არანაირი გამორჩევა ან გაყოფა არ ხდება. ბიბლია მათეს მე-13 თავში მოიხსენიებს გამომრჩევ საქმეს, რომელიც უფრო ადრე ხდება. საინტერესოა, რომ წიგნი „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“ (რუს.) ყურადღებას ამახვილებს ამაზე 179-ე და 180-ე გვერდებზე ქვესათაურით „ხალხის გამორჩევა“a. წიგნში ნათქვამია: „არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც, რომლებიც იესომ მჭიდროდ დაუკავშირა ამ სისტემის აღსასრულს. ერთ-ერთი მათგანია ‘ბოროტის ძეებისგან’ ‘სასუფევლის ძეების’ გამორჩევა. ამაზე იესო ლაპარაკობდა თავის იგავში ყანის შესახებ, რომელშიც მტერმა ღვარძლი ჩათესა“.
წიგნში მოხსენიებული იყო იესოს ილუსტრაცია, მოცემული მათეს 13:24–30-ში და ახსნილი 36–43 მუხლებში. შენიშნე, რომ 38-ე მუხლში ხორბლის კეთილი თესლით სასუფევლის ძეები არიან წარმოდგენილი, ღვარძლი კი ბოროტის ძეებს ნიშნავს. 39-ე და მე-40 მუხლები გვიჩვენებს, რომ ‘წუთისოფლის აღსასრულისას’ — იმ დროის განმავლობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, — ღვარძლის მოგროვება ხდება. ის ცალკევდება და, საბოლოოდ, იწვება, ნადგურდება.
ილუსტრაცია ეხება ცხებულ ქრისტიანებს (რომელთაც იგავში ცხვრებსა და თხებზე იესოს ძმები ეწოდებათ). მაგრამ აზრი ნათელია, რომ მნიშვნელოვანი გამორჩევა ჩვენს დროში ხდება — ცხებულები ცალკევდებიან იმათგან, ვინც აცხადებენ, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ ‘ბოროტის ძეებად’ ავლენენ თავს.
იესომ ხალხის გაყოფის ანუ გამორჩევის სხვა მაგალითიც მოგვცა. გაიხსენე, რომ განიერ გზასთან დაკავშირებით, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, მან თქვა: „მრავალნი დადიან მასზე“ (მათე 7:13). ეს არ ეხებოდა მხოლოდ საბოლოო შედეგს. ეს ეხებოდა განგრძობით მოვლენას, ისევე როგორც მართლდება ეს ახლა მცირედზე, რომელიც სიცოცხლისკენ მიმავალ გზას პოულობს. აგრეთვე გაიხსენე, რომ მოციქულების გაგზავნისას იესომ უთხრა მათ, ეპოვათ ღირსეულები. დანარჩენები არ იქნებოდნენ ღირსეულები და მოციქულებს მტვერი უნდა დაებერტყათ ფეხთაგან ასეთი ხალხის „წინააღმდეგ დასამოწმებლად“ (ლუკა 9:5). მართალი არ არის, რომ რაღაც მსგავსი ხდება, როცა ქრისტიანები საჯარო მსახურებას განაგრძობენ დღეს? ღვთიურ ცნობას, რომელსაც ვავრცელებთ, ზოგი კარგად ეხმაურება, სხვები კი უარყოფენ.
ბროშურაში ცხვრებსა და თხებთან დაკავშირებული სტატიები აღნიშნავდა: „თუმცა იგავში აღწერილი სასამართლო ახლო მომავალში მოხდება, ახლა უკვე სრულდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ, ქრისტიანები, დაკავებული ვართ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის გავრცელებით, რომლის საფუძველზეც ხდება ხალხთა დაყოფა“ (მათეს 10:32–39). მათეს მე-10 თავის ამ მონაკვეთში ვკითხულობთ იესოს ნათქვამს, რომ მისი მიყოლა გამოიწვევდა გაყოფას — მამა წავიდოდა ძის წინააღმდეგ, ასული — დედის წინააღმდეგ.
და ბოლოს, ქრისტეს სულითცხებული ძმები წინ მიუძღვიან სამეფოს ცნობის ქადაგებას. როდესაც ადამიანები ისმენენ და დადებითად ან უარყოფითად რეაგირებენ, საკუთარ ვინაობას ადგენენ. მათეს 25-ე თავში მოცემული აზრის თანახმად, ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია და არც უნდა ვთქვათ, რომ „ეს პიროვნება ცხვარია; ის — თხა“. მაგრამ კეთილი ცნობის გახმაურება საშუალებას აძლევს ხალხს, აჩვენონ, რა პოზიცია უკავიათ — ვინ არიან და როგორ ექცევიან ქრისტეს ძმებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო საქმისთვის დაგროვილი ჩვენების მსგავსად, იმათი გაყოფა, ვინც მხარში უდგანან ქრისტეს ძმებს, და იმათი, ვინც უარს ამბობენ ამაზე, ნათელი ხდება (მალაქია 3:18). როგორც „სასწავლო სტატიებში“ იყო ნაჩვენები, იესო მალე დაჯდება ტახტზე და გამოაცხადებს განაჩენს და, საბოლოოდ, მიუკერძოებლად გამოარჩევს ადამიანებს ან სიცოცხლისთვის, ან განადგურებისთვის.
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია 1989 წელს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ.