აღზარდეთ პატარები იეჰოვას მსახურებად!
„იქნებ . . . [ჭეშმარიტმა ღვთის კაცმა] . . . გვასწავლოს, რა ვუყოთ ბავშვს, რომელიც დაიბადება“ (მსაჯ. 13:8).
1. რა რეაქცია ჰქონდა მანოახს, როცა შეიტყო, რომ მალე ვაჟი შეეძინებოდა?
ქალი ამაზე უკეთესს ვერაფერს ეტყოდა ქმარს. წყვილს შვილის ყოლის იმედი გადასწუროდა. თუმცა ქალს იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა და დაუჯერებელი რამ უთხრა: მასა და მის მეუღლეს, მანოახს, ვაჟი ეყოლებოდათ! მანოახი უდავოდ გაიხარებდა ამ ამბით, თუმცა უდიდეს პასუხისმგებლობასაც იგრძნობდა. მომავალ მშობლებს, ალბათ, აფიქრებდათ, შეძლებდნენ კი გარყვნილ ერში შვილის იეჰოვას ერთგულ მსახურად აღზრდას?! ბიბლიაში ვკითხულობთ: «შეევედრა მანოახი იეჰოვას: „იქნებ ის ჭეშმარიტი ღვთის კაცი [ანგელოზი], შენ რომ გამოგზავნე, კიდევ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ ბავშვს, რომელიც დაიბადება“» (მსაჯ. 13:1—8).
2. რა იგულისხმება შვილის აღზრდაში? (იხილეთ ჩარჩო „ყველაზე საპასუხისმგებლო ბიბლიის შესწავლები“)
2 მშობლებო, ალბათ, გესმით, რას გრძნობდა მანოახი, როცა ღმერთს დახმარება სთხოვა; თქვენც, როგორც მშობლებს, უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რომ გააცნოთ და შეაყვაროთ იეჰოვა თქვენს პატარას (იგავ. 1:8). სწორედ ამიტომ, ქრისტიანი მშობლები თავიანთ ოჯახებში აზრიან და მრავალფეროვან ოჯახურ თაყვანისცემას ატარებენ. რა თქმა უნდა, ბიბლიური ჭეშმარიტება ღრმად რომ ჩაებეჭდოს თქვენს პატარას გონებაში, ამისთვის ოჯახური თაყვანისცემის ყოველკვირეულად ჩატარებაზე მეტია საჭირო (წაიკითხეთ კანონის 6:6—9). რა დაგეხმარებათ, რომ თავი გაართვათ ამ ამოცანას და გულში ჩაუნერგოთ ჭეშმარიტება თქვენს პატარას? ამ და მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იესო ქრისტეს. მართალია, იესო მამა არ ყოფილა, მაგრამ მშობლებს მაინც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ მისგან, ვინაიდან იგი მოწაფეების მომზადებისა და სწავლებისას სიყვარულს, თავმდაბლობასა და წვდომის უნარს ავლენდა. მოდი, რიგრიგობით განვიხილოთ ეს თვისებები.
გამოხატეთ სიყვარული
3. როგორ გამოხატავდა იესო სიყვარულს მოწაფეებისადმი?
3 იესოს არ ერიდებოდა მოწაფეებისთვის იმის თქმა, რომ უყვარდა ისინი (წაიკითხეთ იოანეს 15:9). ის მათ სიყვარულს იმითაც უმტკიცებდა, რომ მათთან ახლო და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა (მარ. 6:31, 32; იოან. 2:2; 21:12, 13). იესო მოწაფეებთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობით არ იფარგლებოდა; ამიტომ, მოწაფეებს მის სიყვარულში ეჭვი არ ეპარებოდათ. თქვენ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს სიყვარულის გამოვლენაში?
4. როგორ შეგიძლიათ დაარწმუნოთ შვილები თქვენს სიყვარულში? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)
4 უთხარით შვილებს, რომ გიყვართ ისინი; ყოველთვის აგრძნობინეთ, თუ რაოდენ ძვირფასნი არიან თქვენთვის (იგავ. 4:3; ტიტ. 2:4). ავსტრალიელი სამუელი გვიზიარებს: «პატარაობაში მამა ყოველ საღამოს მიკითხავდა „ბიბლიურ მოთხრობებს“, პასუხობდა ჩემს შეკითხვებს, გულში მიხუტებდა და ძილის წინ მკოცნიდა. როცა წამოვიზარდე, გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ თურმე თავად ისეთ ოჯახში იყო აღზრდილი, სადაც თბილ გრძნობებს არ ამჟღავნებდნენ. მას ნამდვილად დიდ ძალისხმევად უჯდებოდა სიყვარულის გამოხატვა. მამა რომ არ ერიდებოდა სითბოს გამოვლენას, ამან მასთან ძალიან დამაახლოვა; თავს ბედნიერად და დაცულად ვგრძნობდი». თუ გსურთ, რომ თქვენმა პატარებმაც ასე იგრძნონ თავი, ხშირად უთხარით, რომ გიყვართ. გამოხატეთ თბილი გრძნობები მათდამი. ესაუბრეთ შვილებს, ერთად მიირთვით საკვები და ერთად ითამაშეთ.
5, 6. ა) როგორ ექცევა იესო მათ, ვინც უყვარს? ბ) როგორ გრძნობენ ბავშვები სწორი აღზრდის წყალობით მშობლების სიყვარულსა და მზრუნველობას? ახსენით.
5 იესომ თქვა: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი“a (გამოცხ. 3:19). მართალია, მისი მოციქულები გამუდმებით იმაზე დავობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ხელი არ ჩაუქნევია. იესო მაშინაც არიგებდა მოციქულებს, როცა მათ რჩევების გათვალისწინება უჭირდათ. იესო შესაფერის დროსა და ადგილას, ყოველთვის რბილად და სიყვარულით შეაგონებდა მათ (მარ. 9:33—37).
6 დაანახვეთ შვილებს, რომ გიყვართ ისინი და სწორედ ამიტომ სჯით. ხანდახან შეიძლება სიტყვიერი ახსნა-განმარტებაც კი საკმარისი იყოს შვილისთვის იმის დასანახვებლად, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი; თუმცა ზოგჯერ შვილი შეიძლება მაინც გეურჩოთ (იგავ. 22:15). ასეთ დროს მიჰბაძეთ იესოს. შესაფერის დროსა და ადგილას რბილად და სიყვარულით შეაგონეთ ბავშვი — მოთმინებით უხელმძღვანელეთ, მიეცით რჩევა-დარიგება და გამოასწორეთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ერთი ჩვენი და, ელეინი, ამბობს: «ჩემი მშობლები პრინციპულები იყვნენ; ისინი მაფრთხილებდნენ, რომ თუ არასწორად მოვიქცეოდი, აუცილებლად დავისჯებოდი. თუ რაიმეს მაინც დავაშავებდი, სიტყვას არასდროს ტეხდნენ. თუმცა ისინი ცხელ გულზე არასდროს მსჯიდნენ და დასჯის მიზეზს ყოველთვის მიხსნიდნენ. ამგვარად, თავს დაცულად ვგრძნობდი; ვიცოდი ჩემი „საზღვრები“ და ისიც კარგად მესმოდა, თუ რა მოითხოვებოდა ჩემგან».
გამოავლინეთ თავმდაბლობა
7, 8. ა) როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას ლოცვისას? ბ) რა შემთხვევაში ისწავლიან თქვენი ლოცვებიდან შვილები იეჰოვაზე მინდობას?
7 წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ იესოს მოწაფეებს, როცა მოისმენდნენ ან მოგვიანებით შეიტყობდნენ თავიანთი უფლის მიერ წარმოთქმულ ერთ-ერთ ბოლო ლოცვას, რომელშიც მან თქვა: „აბბა, მამა, შენ ყველაფერი შეგიძლია. ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ის, რაც მე მინდა, არამედ ის, რაც — შენ“b (მარ. 14:36). იესოს სათხოვრიდან მისი მიმდევრები უდავოდ მიხვდებოდნენ, რომ თუ ღვთის სრულყოფილი ძე თავმდაბლად შესთხოვდა ზეციერ მამას დახმარებას, მეტადრე მათ მართებდათ ასე მოქცევა.
8 მშობლებო, რას სწავლობენ პატარები თქვენი ლოცვებიდან? მართალია, იეჰოვას ლოცვით მხოლოდ იმიტომ არ მიმართავთ, რომ შვილებს მასზე მინდობა ასწავლოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როცა მათი თანდასწრებით თავმდაბლად ლოცულობთ, ისინი ამასაც სწავლობენ. ბრაზილიელი ანა გვიზიარებს: „პრობლემების დროს, მაგალითად, როცა პაპა-ბებია ავადმყოფობდნენ, მშობლები იეჰოვას შესთხოვდნენ ძალასა და სიბრძნეს, რომ გამკლავებოდნენ რთულ მდგომარეობას და სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ. ურთულესი განსაცდელების დროსაც კი ისინი ბოლომდე ენდობოდნენ ზეციერ მამას, რის წყალობითაც მეც ვისწავლე ღმერთზე მინდობა“. მშობლებო, როდესაც შვილებთან ერთად ლოცულობთ, მხოლოდ მათზე ნუ ილოცებთ, საკუთარ თავზეც ილოცეთ. მაგალითად, სთხოვეთ ღმერთს, დაგეხმაროთ, რომ დაელაპარაკოთ დამსაქმებელს, რათა მან კონგრესის დღეებში გაგათავისუფლოთ, ანდა სთხოვეთ ზეციერ მამას, მოგცეთ გაბედულება, რომ იქადაგოთ. გამოავლინეთ თავმდაბლობა და მიენდეთ იეჰოვას; ამრიგად თქვენი შვილებიც ისწავლიან თავმდაბლობას და ღმერთზე მინდობას.
9. ა) როგორ ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს, ყოფილიყვნენ თავმდაბლები და მომსახურებოდნენ სხვებს? ბ) რას ისწავლიან თქვენი შვილები თქვენგან, თუ მზადყოფნით ემსახურებით სხვებს?
9 იესომ მოწაფეებს სიტყვითა და საქმით უჩვენა, რომ გამოევლინათ თავმდაბლობა და მომსახურებოდნენ სხვებს (წაიკითხეთ ლუკას 22:27). მან მოციქულებს ასწავლა, რომ ყოფილიყვნენ თავგანწირულნი როგორც იეჰოვას მსახურებაში, ისე და-ძმებთან ურთიერთობისას. თუ გამოავლენთ თავმდაბლობასა და თავგანწირვის სულს, ამით საუკეთესო მაგალითს მისცემთ შვილებს. დები, რომელსაც ქალ-ვაჟი ჰყავს, გვიყვება: „არასოდეს ვღიზიანდებოდი, როცა ჩემი მეუღლე, რომელიც უხუცესად მსახურობს, დროს სხვებს უთმობდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ყურადღებას ჩვენც დაგვითმობდა“ (1 ტიმ. 3:4, 5). დების მეუღლე, პრანასი, დასძენს: „ჩვენი შემხედვარე ბავშვები ხალისით მონაწილეობდნენ კონგრესებსა თუ სხვა თეოკრატიულ ღონისძიებებში. ისინი ხარობდნენ, შეიძინეს მეგობრები და იპოვეს თავიანთი ადგილი ორგანიზაციაში“. დღეს მთელი ოჯახი სრული დროით ემსახურება იეჰოვას. ისწავლიან თუ არა თქვენი შვილები სხვების მომსახურებას, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ თქვენ რამდენად ავლენთ თავმდაბლობასა და თავგანწირვის სულს.
გამოავლინეთ წვდომის უნარი
10. როგორ გამოავლინა იესომ წვდომის უნარი მაშინ, როცა მის სანახავად ხალხი შეიკრიბა?
10 იესო წვდომის უნარს ავლენდა და იმაზე მეტს ხედავდა, რაც ერთი შეხედვით არ ჩანდა; იგი ხვდებოდა, თუ რა იდგა ამა თუ იმ საქციელის მიღმა. მაგალითად, ერთხელ, როცა გალილეელ მსმენელთაგან ბევრი მას უკან გაჰყვა (იოან. 6:22—24), იესო, რომელსაც გულების წაკითხვა შეეძლო, მიხვდა, რომ ამ ხალხს სულიერ საზრდოზე მეტად ფიზიკური ანაღვლებდა (იოან. 2:25). მან შეკრებილთ მოთმინებით შეუსწორა აზროვნება და აუხსნა, რა მხრივ საჭიროებდნენ გაუმჯობესებას (წაიკითხეთ იოანეს 6:25—27).
11. ა) რა მხრივ დაგეხმარებათ წვდომის უნარი იმის დანახვაში, სიამოვნებს თუ არა თქვენს შვილს მსახურება? მაგალითის მეშვეობით ახსენით. ბ) რა დაგეხმარებათ, რომ თქვენი შვილებისთვის მსახურება საინტერესო და სახალისო გახდეს?
11 მშობლებო, მართალია, გულების წაკითხვა არ ხელგეწიფებათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წვდომის უნარს მიმართოთ და შეიტყოთ, უყვარს თუ არა თქვენს შვილს მსახურება. ბევრი მშობელი ბავშვებთან მსახურების დროს ისვენებს ხოლმე, რათა წაიხემსონ. მშობლებო, ამ დროს წვდომის უნარი დაგეხმარებათ იმის დანახვაში, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩემს შვილს მსახურება უფრო სიამოვნებს, თუ — შესვენებისთვის გამოყოფილი დრო?“. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილებს მსახურება დიდად არ ეხალისებათ, ესაუბრეთ მათ იმაზე, თუ ერთობლივად რის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ მსახურება მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს. მოუხმეთ შემოქმედებით ნიჭს და თქვენს შვილებს მსახურებაში თავი სრულფასოვან პარტნიორებად აგრძნობინეთ.
12. ა) როგორ გამოავლინა იესომ წვდომის უნარი, როცა თავისი მიმდევრები უზნეობის შესახებ გააფრთხილა? ბ) რატომ აღმოჩნდა იესოს გაფრთხილება მეტად დროული?
12 იესომ წვდომის უნარის წყალობით იმაზეც ისაუბრა, თუ რას მიჰყავს ადამიანი ცოდვამდე. მართალია, მისმა მიმდევრებმა კარგად იცოდნენ, რომ მრუშობა ცოდვა იყო, მაგრამ უფალმა ისინი გააფრთხილა, თუ რას მიჰყავდა ადამიანი ასეთ საქციელამდე: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათ. 5:27—29). ეს სიტყვები მეტად დროული იყო რომის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. რომაული წარმოდგენების შესახებ ერთმა ისტორიკოსმა დაწერა, რომ იქ დამსწრე საზოგადოება „ხედავდა უხამს სცენებს და ისმენდა უშვერ სიტყვებს“. მან დასძინა: „რაც უფრო ამორალური იყო წარმოდგენა, მით უფრო მქუხარე იყო ტაში“. მართლაც, რამხელა სიყვარული და წვდომის უნარი გამოავლინა იესომ, როცა თავისი მოწაფეები გააფრთხილა, თავი შორს დაეჭირათ იმ ყველაფრისგან, რაც მათ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში ხელს შეუშლიდა!
13, 14. როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი შვილები უხამსი გართობისგან?
13 წვდომის უნარი დაგეხმარებათ, რომ შვილები სულიერი ზიანისგან დაიცვათ. დღეს პატარებსაც კი მიუწვდებათ ხელი პორნოგრაფიასა თუ უზნეობის ამსახველ სხვა მასალაზე. ქრისტიანი მშობლები თავიანთ ბავშვებს აფრთხილებენ, რომ უხამსი გართობა ღმერთს არ მოსწონს. წვდომის უნარი მშობლებს იმის დანახვაშიც დაეხმარებათ, თუ რამ შეიძლება მიიყვანოს მათი შვილი პორნოგრაფიის ყურებამდე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამ შეიძლება უბიძგოს ჩემს შვილს პორნოგრაფიის ყურებისკენ? იცის მან, რამდენად სახიფათოა ეს? გრძნობს ბავშვი ჩემთან თავს თავისუფლად და გაუადვილდება ჩემთან მოსვლა დახმარების სათხოვნელად, თუ პორნოგრაფიის ყურების ცდუნების წინაშე აღმოჩნდება?“. მაშინაც კი, თუ თქვენი შვილები პატარები არიან, შეგიძლიათ უთხრათ: „თუ ოდესმე უხამს ვებ-გვერდზე აღმოჩნდები და უზნეო მასალის ყურების ცდუნების წინაშე დადგები, გთხოვ, არ მოგერიდოს ჩემთან მოსვლა. მთელი გულით მინდა, დაგეხმარო“.
14 ამასთანავე, წვდომის უნარი დაგეხმარებათ, რომ გონივრულად შეარჩიოთ ქრისტიანისთვის შესაფერისი გართობა. პრანასი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, გვიზიარებს: „მშობლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული; მაგალითად, ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ ჩვენ როგორ მუსიკას ვუსმენთ, რა წიგნებს ვკითხულობთ ან რა ფილმებს ვუყურებთ. სიტყვიერად შეიძლება ბევრი რამ უთხრათ შვილს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი თქვენს საქციელს აკვირდებიან და გბაძავენ“. თუ თქვენი შვილები ხედავენ, რომ გულდასმით არჩევთ გართობის სახეობას, სავარაუდოდ, ისინიც ასე მოიქცევიან (რომ. 2:21—24).
ჭეშმარიტი ღმერთი აუცილებლად მოგისმენთ
15, 16. ა) რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა დაგეხმარებათ თქვენი პატარების აღზრდაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
15 რა მოხდა მას შემდეგ, რაც მანოახმა ღმერთს შვილის აღზრდაში დახმარება სთხოვა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭეშმარიტმა ღმერთმა მოისმინა მანოახის ხმა“ (მსაჯ. 13:9). მშობლებო, იეჰოვა თქვენც მოგისმენთ. ის უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვებს და დაგეხმარებათ შვილების აღზრდაში. ამ საქმეს ღირსეულად გაართმევთ თავს, თუ გამოავლენთ სიყვარულს, თავმდაბლობასა და წვდომის უნარს.
16 მშობლებო, იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ, რომ თქვენი შვილები მის მოსაწონად აღზარდოთ როგორც პატარაობაში, ისე მოზარდობის წლებში. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს სიყვარულის, თავმდაბლობისა და წვდომის უნარის გამოვლენაში, რაც მოზარდების იეჰოვას მსახურებად აღზრდაში დაგეხმარებათ.
a ბიბლიიდან ვხედავთ, რომ აღმზრდელობითი ზომები გულისხმობს სიყვარულით ხელმძღვანელობას, რჩევა-დარიგებას, გამოსწორებასა და დასჯასაც კი, თუმცა არა ცხელ გულზე.
b ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «იესოს დროს სიტყვა „აბბას“ ხშირად მოისმენდით ბავშვებისგან; ისინი ასე, როგორც წესი, მამებს მიმართავდნენ; ეს მიმართვა იმაზე მოწმობდა, რომ შვილს მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და პატივს სცემდა მას» (The International Standard Bible Encyclopedia).