როგორი სახელი მაქვს ღვთის თვალში?
1. რა მხრივ ჰგავს ბიბლია სარკეს?
1 რამდენად ხშირად ათვალიერებ საკუთარ თავს სარკეში? ბევრი ჩვენგანი სარკეში ყოველდღიურად იმ მიზნით ვიხედებით, რომ ვნახოთ, თუ როგორ გამოვიყურებით ან შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა ყველაფერი მწყობრში. მოციქულმა იაკობმა ბიბლია სარკეს შეადარა. ბიბლიის კითხვის შედეგად უკეთ ვეცნობით საკუთარ თავს ანუ ჩვენს შინაგან პიროვნებას, რომელსაც იეჰოვა ხედავს (1 სამ. 16:7; იაკ. 1:22—24). ღვთის სიტყვა „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). როგორ გვეხმარება ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და წაკითხულზე ფიქრი იმის განსაზღვრაში, თუ რა მხრივ უნდა გავუმჯობესდეთ, რომ მეტი სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს (ფსალმ. 1:1—3).
2. როგორ გვეხმარება ბიბლია საკუთარი პიროვნების გამოკვლევაში?
2 გამოიყენე ბიბლია, როგორც სარკე. ერთგულ მსახურთა ბიბლიური მაგალითები გვანახვებს, თუ რომელი თვისებებია ძვირფასი ღვთის თვალში. მაგალითად, დავითმა იეჰოვას სახელისთვის მოშურნეობა გამოიჩინა (1 სამ. 17:45, 46). ესაია გაბედულად ქადაგებდა იქ, სადაც ხალხისგან წინააღმდეგობას ხვდებოდა (ეს. 6:8, 9). სწორედ ზეციერი მამისადმი ძლიერი სიყვარულის წყალობით იესოს მსახურება არასდროს დასწოლია ტვირთად, პირიქით, მისთვის მსახურება გამომაცოცხლებელი და კმაყოფილების მომგვრელი იყო (იოან. 4:34). პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებიც მთელი შემართებით ქადაგებდნენ; ისინი იეჰოვაზე იყვნენ მინდობილნი და მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ შეუდრეკლად განეგრძოთ „ბრძოლა“ (საქ. 5:41, 42; 2 კორ. 4:1; 2 ტიმ. 4:17). ღვთის ერთგულ მსახურებზე ფიქრი დაგვეხმარება, მეტი გულმოდგინებით შევუსრულოთ ღმერთს წმინდა მსახურება.
3. რატომ უნდა მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები დაუყოვნებლივ?
3 დაძლიე ნაკლოვანებები. სასიკეთოდ ნამდვილად ვერ წაგვადგება, თუ სარკეში მხოლოდ ჩავიხედებით და დანახული ნაკლის გამოსასწორებლად არაფერს ვიღონებთ. ჩვენ იეჰოვას უნდა ვთხოვოთ, რომ საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებაში დაგვეხმაროს, რათა ცხოვრებაში საჭირო ცვლილებები მოვახდინოთ (ფსალმ. 139:23, 24; ლუკ. 11:13). მოდი, ნუ გადავდებთ ამას, რადგან აღსასრულამდე დარჩენილი დრო სულ უფრო და უფრო მცირდება და ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული (1 კორ. 7:29; 1 ტიმ. 4:16).
4. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ღვთის სიტყვაში იხედება და ყველაფერს აკეთებს, რომ დანახული ნაკლი აღმოფხვრას?
4 ადამიანის შინაგანი პიროვნება, რომელსაც იეჰოვა ხედავს, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც გარეგნულად ჩანს (1 პეტ. 3:3, 4). რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ღვთის სიტყვაში იხედება და ყველაფერს აკეთებს, რომ დანახული ნაკლი აღმოფხვრას? ასეთი ადამიანი „ბედნიერი იქნება, რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი“ (იაკ. 1:25). დიახ, ნამდვილად ბედნიერი და წარმატებული მსახურები ვიქნებით, თუ „სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას“ (2 კორ. 3:18).