იქონიეთ ისეთივე რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა!
„ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის შვილები არიან“ (გალატელთა 3:7).
1. როგორ გაუმკლავდა აბრამი ახალ განსაცდელს ქანაანში?
აბრამი იეჰოვას ბრძანებას დაემორჩილა და ურის კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრება მიატოვა. მომდევნო წლებში მის მიერ გადატანილი სირთულეები მხოლოდ წვრილმანი იყო რწმენის იმ გამოცდასთან შედარებით, რომლის წინაშეც ეგვიპტეში დადგა. ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია: „შიმშილი იყო ქვეყანაში“. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ამ ვითარებას აბრამი გაეღიზიანებინა, მაგრამ მან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ოჯახის უზრუნველსაყოფად. „წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში“. საეჭვოა, რომ აბრამის დიდი ოჯახი შეუმჩნეველი დარჩენილიყო ეგვიპტეში. შეასრულებდა თუ არა იეჰოვა თავის დანაპირებს და დაიცავდა თუ არა აბრამს ზიანისგან? (დაბადება 12:10; გამოსვლა 16:2, 3).
2, 3. ა) რატომ არ გაამჟღავნა აბრამმა თავისი ცოლის ნამდვილი ვინაობა? ბ) როგორ მიმართა აბრამმა მეუღლეს, როდესაც სიტუაციას აგვარებდა?
2 დაბადების 12:11—13-ში ვკითხულობთ: «როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. [„გთხოვ“, აქ] თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით». თუმცა სარაი 65-ს იყო გადაცილებული, იგი კვლავ საოცრად ლამაზი იყო. ამან ჩააგდო აბრამის სიცოცხლე საფრთხეშიa (დაბადება 12:4, 5; 17:17). მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვას ინტერესები იდო სასწორზე, ვინაიდან, როგორც მას ჰქონდა ნათქვამი, აბრამის თესლის მეშვეობით უნდა კურთხეულიყო დედამიწის ყველა ერი (დაბადება 12:2, 3, 7). რადგან აბრამი ჯერ კიდევ უშვილო იყო, მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა.
3 აბრამმა თავის ცოლს იმ ტაქტიკის გამოყენება შესთავაზა, რომელზეც წინასწარ იყვნენ შეთანხმებული; სახელდობრ, სარაის მის დად უნდა წარედგინა თავი. ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს: მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქალურ ძალაუფლებას ფლობდა, აბრამმა ბოროტად კი არ გამოიყენა თავისი მდგომარეობა, არამედ მეუღლეს თანამშრომლობა და მხარდაჭერა სთხოვა (დაბადება 12:11—13; 20:13). ამ მხრივ, აბრამმა სიყვარულით აღსავსე მეთაურობის შესანიშნავი მაგალითი მისცა ქმრებს, ხოლო სარაიმ მორჩილების გამოვლენით კარგი მაგალითი დაუტოვა ცოლებს (ეფესელთა 5:23—28; კოლასელთა 4:6).
4. როგორ უნდა მოიქცნენ ღვთის ერთგული მსახურები, როდესაც მათი ძმების სიცოცხლე საფრთხეშია?
4 სარაის შეეძლო აბრამის დად წარედგინა თავი, ვინაიდან, იგი მართლაც იყო მისი ნახევარდა (დაბადება 20:12). გარდა ამისა, აბრამი სულაც არ იყო ვალდებული, იმ ადამიანებისთვის გაემხილა ინფორმაცია, ვისაც მისი ცოდნის უფლება არ ჰქონდა (მათე 7:6). ღვთის ერთგული თანამედროვე მსახურები ცდილობენ, ყურად იღონ ბიბლიის მოწოდება და წრფელნი იყვნენ (ებრაელთა 13:18, [სსგ]). მაგალითად, ისინი არასოდეს გატეხენ ფიცს და ტყუილს არ იტყვიან სასამართლო პროცესზე. მაგრამ, როდესაც მათი ძმების ფიზიკური და სულიერი სიცოცხლე საფრთხეშია — მაგალითად, დევნის ან სამოქალაქო არეულობის დროს — ისინი ითვალისწინებენ იესოს რჩევას, იყვნენ „გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათე 10:16; იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 30, აბზ. 19).
5. რატომ იყო სარაი მზად, ყურად ეღო აბრამის თხოვნა?
5 როგორ გამოეხმაურა სარაი აბრამის თხოვნას? მოციქული პეტრე ისეთ ქალებს, როგორიც სარაი იყო, ‘ღვთის მოიმედეებად’ მოიხსენიებს. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას ესმოდა ის სულიერი საკითხები, რომლებიც ამ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, მას უყვარდა თავისი ქმარი და პატივს სცემდა. ასე რომ, სარაი ‘თავის ქმარს დაემორჩილა’ და არ გაამჟღავნა, გათხოვილი რომ იყო (1 პეტრე 3:5). რა თქმა უნდა, ამან საფრთხეში ჩააგდო იგი. „როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში“ (დაბადება 12:14, 15).
ხსნა იეჰოვასგან
6, 7. რა შემაშფოთებელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ აბრამი და სარაი, და როგორ იხსნა იეჰოვამ სარაი?
6 რაოდენ შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს აბრამისა და სარაისთვის! ისე ჩანდა, რომ სარაის გაუპატიურებას უპირებდნენ. გარდა ამისა, ფარაონი, რომელმაც არ იცოდა, რომ სარაი გათხოვილი იყო, გულუხვად აძლევდა საჩუქრებს აბრამს. ისე რომ, „ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემებიb“ (დაბადება 12:16). როგორი ზიზღი უნდა ეგრძნო აბრამს ამ საჩუქრების გამო! თუმცა საქმეს, ერთი შეხედვით, კარგი პირი არ უჩანდა, იეჰოვას აბრამი მიტოვებული არ ჰყავდა.
7 „დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო“ (დაბადება 12:17). ჩვენთვის უცნობი რომელიღაც წყაროდან ფარაონმა ამ ‘შეჭირვების’ ნამდვილი მიზეზი შეიტყო. მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები: „დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი? რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი! მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ“ (დაბადება 12:18—20; ფსალმუნი 104:14, 15).
8. როგორ მფარველობას ჰპირდება დღეს იეჰოვა ქრისტიანებს?
8 დღეს იეჰოვა არ გვაძლევს სიკვდილის, ბოროტმოქმედების, შიმშილის ან სტიქიური უბედურების დამღუპველი შედეგებისგან დაცვის გარანტიას. ბიბლია აღგვითქვამს, რომ იეჰოვა ყოველთვის დაგვიცავს ისეთ შემთხვევებში, რომელთაც ჩვენი სულიერობისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ (ფსალმუნი 90:1—4). ეს დაცვა ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ თავისი სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იგი დროული გაფრთხილებებით უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). რას ვიტყოდით დევნის დროს სიკვდილის საფრთხის შესახებ? თუმცა ღმერთმა შეიძლება დაუშვას ცალკეული ადამიანების სიკვდილი, იგი არასოდეს დაუშვებს თავისი ხალხის მთლიანად მოსპობას (ფსალმუნი 115:6). და თუ სიკვდილი იმსხვერპლებს ზოგ ერთგულ ქრისტიანს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი მკვდრეთით აღდგებიან (იოანე 5:28, 29).
დათმობაზე წასვლა მშვიდობის შენარჩუნების მიზნით
9. რა მიუთითებს იმაზე, რომ ქანაანში ყოფნისას აბრამი ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებდა?
9 როგორც ჩანს, ქანაანში შიმშილობას ჩაევლო, როდესაც „წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ [იუდას მთების სამხრეთით მდებარე ნახევრად მშრალი მხარე]. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით“ (დაბადება 13:1, 2). ამიტომ იყო, რომ ადგილობრივი მობინადრეები მასში ძალაუფლების მქონე და გავლენიან — ძლევამოსილ მთავარს — ხედავდნენ (დაბადება 23:6). აბრამს არ სურდა, აქ დამკვიდრებულიყო და ქანაანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმულიყო. ნაცვლად ამისა, „გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის“. როგორც ყოველთვის, სადაც უნდა წასულიყო, აბრამი უპირატესობას იეჰოვასადმი თაყვანისცემას ანიჭებდა (დაბადება 13:3, 4).
10. რა პრობლემამ იჩინა თავი აბრამისა და ლოტის მწყემსებს შორის, და რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი უმალვე მოგვარება?
10 „ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები. ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში“ (დაბადება 13:5—7). იმ ადგილას საკმარისი წყალი და საძოვრები არ იყო, რომ როგორც აბრამის, ისე ლოტის ცხვარ-ძროხას ყოფნოდა. ამიტომ მწყემსებს შორის დაძაბულობამ და ურთიერთგანაწყენებამ იჩინა თავი. ასეთი კინკლაობა შეუფერებელი იყო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისთვის. დავა რომ გაგრძელებულიყო, იგი მუდმივ უსიამოვნებაში გადაიზრდებოდა. როგორ უნდა გაერთვა აბრამს თავი ამ სიტუაციისთვის? მან ლოტი მამის სიკვდილის შემდეგ იშვილა და, შესაძლოა, საკუთარი შვილივით გაზარდა. როგორც ამ ორს შორის უფროსს, განა არ ჰქონდა აბრამს უფლება, რომ თავისთვის დაეტოვებინა საუკეთესო?
11, 12. რა შესთავაზა აბრამმა ლოტს დიდსულოვნად, და რატომ იყო ლოტის არჩევანი არაგონივრული?
11 მაგრამ „უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“. ბეთელის ახლოს მდებარეობს ადგილი, რომელსაც „პალესტინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გადასახედად“ მოიხსენიებენ. შესაძლოა, აქედან „გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა“ (დაბადება 13:8—10).
12 თუმცა ბიბლია ლოტს „მართალ“ კაცად მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში მან რატომღაც არ დაუთმო აბრამს, და როგორც ჩანს, არც თავისზე უფროსის რჩევა-დარიგების მოსმენა არჩია (2 პეტრე 2:7). „აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები“ (დაბადება 13:11, 12). სოდომი მდიდარი ქალაქი იყო და მატერიალურ კეთილდღეობას უქადდა აქ მცხოვრებთ (ეზეკიელი 16:49, 50). თუმცა მატერიალური მოგების თვალსაზრისით, ლოტის არჩევანი შესაძლოა გონივრული ჩანდა, ეს არაგონივრული ნაბიჯი იყო სულიერი თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ „ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს“ (დაბადება 13:13). ლოტის გადაწყვეტილება ამ ქალაქში გადასვლასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, დიდ უბედურებას მოუტანდა მის ოჯახს.
13. როგორ დაეხმარება აბრამის მაგალითი იმ ქრისტიანებს, რომლებიც შეიძლება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ დავაში აღმოჩნდნენ ჩაბმული?
13 აბრამმა კი იეჰოვას აღთქმისადმი გამოავლინა რწმენა — მას სწამდა, რომ, საბოლოოდ, მისი თესლი დაიმკვიდრებდა მთელ ამ ქვეყანას და კინკლაობა არ დაუწყია ამ ქვეყნის მცირე ნაწილის გამო. იგი დიდსულოვნად მოიქცა მოგვიანებით 1-ლი კორინთელთა 10:24-ში ჩაწერილი პრინციპის თანახმად: „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“. ეს კარგი შეხსენებაა მათთვის, ვინც, შესაძლოა, ფინანსური საკითხების გამო თანამორწმუნეებთან აღმოჩნდეს დავაში ჩაბმული. მათეს 18:15—17-ში მოცემული რჩევის გათვალისწინების ნაცვლად, ზოგმა თავისი ძმები სასამართლოში წაიყვანა (1 კორინთელთა 6:1, 7). აბრამის მაგალითი გვიჩვენებს, რომ უმჯობესია ფინანსურად ვიზარალოთ, ვიდრე ჩირქი მოვცხოთ იეჰოვას სახელს ან კიდევ ქრისტიანული კრების მშვიდობა დავარღვიოთ (იაკობი 3:18).
14. რა კურთხევა ელოდა აბრამს დიდსულოვნების გამოჩენისთვის?
14 აბრამს კურთხევა ელოდა დიდსულოვნების გამოჩენისთვის. უთხრა მას ღმერთმა: „ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება“. რაოდენ გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო ეს გამოცხადება უშვილო აბრამისთვის! შემდეგ ღმერთმა უბრძანა: „ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი“ (დაბადება 13:16, 17). არა, აბრამს არ მიეცემოდა იმის ნება, რომ კეთილმოწყობილიყო ქალაქში. იგი ქანაანელთაგან გამოცალკევებული უნდა დარჩენილიყო. ასევე, ქრისტიანები დღესაც გამოცალკევებული უნდა იყვნენ ქვეყნიერებისგან. ისინი არ ფიქრობენ, რომ სხვებზე უკეთესები არიან, მაგრამ ახლო ურთიერთობა არა აქვთ მათთან, ვისაც მათი ცდუნება და არაბიბლიური საქციელისკენ აღძვრა შეუძლია (1 პეტრე 4:3, 4).
15. ა) რის შემხსენებელი შეიძლებოდა ყოფილიყო აბრამის მოგზაურობები? ბ) რა მაგალითი მისცა აბრამმა თანამედროვე ქრისტიან ოჯახებს?
15 ბიბლიურ დროში, ვიდრე ადამიანი მიწას შეიძენდა და მისი მფლობელი გახდებოდა, მისი შემოწმების უფლება ჰქონდა. ამრიგად, განუწყვეტელი მოგზაურობა შეიძლება იმის მუდმივი შემხსენებელი იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას აბრამის შთამომავლობა დაეპატრონებოდა. აბრამი მორჩილად «აიყარა [„განაგრძობდა კარვებში ცხოვრებას“, აქ]. . . წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს» (დაბადება 13:18). აბრამმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა თაყვანისცემას. ანიჭებს თუ არა უდიდეს მნიშვნელობას ოჯახურ შესწავლას, ოჯახურ ლოცვასა და შეხვედრებზე დასწრებას თქვენი ოჯახი?
მტერი შეტევაზე გადმოდის
16. ა) რატომ ჟღერს დაბადების 14:1-ის შესავალი სიტყვები ავისმომასწავებლად? ბ) რა იყო ოთხი აღმოსავლელი მეფის შემოჭრის მიზეზი?
16 ‘მოხდა ისე, რომ შინყარის მეფე ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამისc მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ, ბრძოლა გამართეს’. ებრაულ ორიგინალში შესავალი სიტყვები („მოხდა ისე, რომ. . .“) ავისმომასწავებლად ჟღერს; ისინი მიანიშნებენ „განსაცდელის პერიოდზე, რომელიც კურთხევით მთავრდება“ (დაბადება 14:1, 2, აქ, სქოლიო). განსაცდელი იმით დაიწყო, რომ ეს ოთხი აღმოსავლელი მეფე და მათი ჯარი ქანაანს შემოესია და ააოხრა. რა იყო მათი მიზანი? ხუთ ქალაქში — სოდომში, გომორში, ადმაში, ცებოიმსა და ბედაყში მომხდარი აჯანყების ჩახშობა. ამბოხებული ქალაქების დამარცხების შემდეგ „ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა“. ლოტი ოჯახთან ერთად იქვე ახლოს ცხოვრობდა (დაბადება 14:3—7).
17. რატომ იყო აბრამისთვის რწმენის გამოცდა მტრების მიერ ლოტის ტყვედ წაყვანა?
17 ქანაანელი მეფეები გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ დამპყრობლებს, მაგრამ მათ დამამცირებელი მარცხი იწვნიეს. გამარჯვებულებმა „ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ“. ამ საშინელი მოვლენების შესახებ ცნობამ მალე აბრამის ყურამდეც მიაღწია: „მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ეშქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. . . შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტყვევებინათ“ (დაბადება 14:8—14). რწმენის რაოდენ დიდი გამოცდა იყო! ჩაიტოვებდა თუ არა აბრამი გულში თავისი ძმისწულისადმი წყენას, რომელმაც საუკეთესო მიწა აირჩია? ისიც არ დაივიწყოთ, რომ ეს დამპყრობლები მისი სამშობლოდან, შინყარიდან, მოვიდნენ. მათთან ბრძოლა სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა გზის მოჭრას ნიშნავდა. გარდა ამისა, რას უნდა გამხდარიყო აბრამი იმ ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ქანაანელთა გაერთიანებულმა ძალებმაც კი ვერ დაამარცხა?
18, 19. ა) როგორ შეძლო აბრამმა ლოტის გამოხსნა? ბ) ვისი დამსახურება იყო ამ გამარჯვების მოპოვება?
18 აბრამი კვლავ უსიტყვოდ მიენდო იეჰოვას. „აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც“ (დაბადება 14:14—16). აბრამმა ძლიერი რწმენა გამოავლინა იეჰოვასადმი, როდესაც რიცხობრივად გაცილებით მცირე ლაშქრით შეუტია მტერს და გამარჯვება მოიპოვა მათზე; მან ლოტი და მისი ოჯახიც იხსნა. შემდეგ აბრამი მელქიცედეკს, შალემის მეფესა და მღვდელს, შეხვდა. „მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი“ (დაბადება 14:18—20).
19 დიახ, ამ გამარჯვების მოპოვება იეჰოვას დამსახურება იყო. თავისი რწმენის წყალობით, აბრამი კიდევ ერთხელ გახდა იმის მოწმე, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ იგი. დღეს ღვთის ხალხი არ არის, პირდაპირი გაგებით, ომში ჩაბმული, მაგრამ ისინი მრავალ გამოცდასა და სირთულეს აწყდებიან. მომდევნო სტატია დაგვანახვებს, თუ როგორ შეუძლია აბრამის მიერ მოცემულ მაგალითს ჩვენთვის დახმარების გაწევა სიძნელეებთან წარმატებით გამკლავებაში.
[სქოლიოები]
a ბიბლიურ ცნობარ „Insight on the Scriptures“-ში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეთა მიერ) ნათქვამია: „ძველი პაპირუსი მოგვითხრობს ფარაონის შესახებ, რომელმაც მებრძოლებს მომხიბლავი ქალის შეპყრობა და მისი ქმრის მოკვლა დაავალა“. ასე რომ, აბრამის შიში გაზვიადებული არ ყოფილა.
b აგარი, რომელიც მოგვიანებით აბრამის ხარჭა გახდა, შესაძლოა, სწორედ ამ დროს ნაჩუქარ ყმაქალებს შორის იყო (დაბადება 16:1).
c კრიტიკოსები ადრე ირწმუნებოდნენ, რომ შინყარში ელამი არასოდეს სარგებლობდა ასეთი დიდი გავლენით, და რომ ცნობა ქედარლაღომერის თავდასხმის შესახებ გამონაგონი იყო. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ არქეოლოგიური ნივთმტკიცებები როგორ ადასტურებს ბიბლიური ცნობის სიზუსტეს, შეგიძლიათ იხილოთ 1989 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 4—7, (რუს.).
დაიმახსოვრეთ?
• რატომ აღმოჩნდა შიმშილობა ქანაანის მიწაზე რწმენის გამოცდა აბრამისთვის?
• რა შესანიშნავ მაგალითს აძლევენ აბრამი და სარაი თანამედროვე ქმრებსა და ცოლებს?
• რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოაგვარა აბრამმა თავის და ლოტის მსახურებს შორის დავა?
[სურათი 22 გვერდზე]
აბრამმა პრეტენზია კი არ გამოთქვა თავისი უფლებების გამო, არამედ ლოტის ინტერესები თავის ინტერესებზე წინ დააყენა.
[სურათი 24 გვერდზე]
აბრამმა ცხადყო, რომ თავისი ძმისწული ლოტის გამოხსნისას იეჰოვაზე იყო მინდობილი.