დამასკო
სირიის უძველესი და მნიშვნელოვანი ქალაქი. დამასკო (არაბ. ეშ-შამი ან დიმაშკი) ანტილიბანის მთაგრეხილის ძირში მდებარეობს. მის აღმოსავლეთით გაშლილია არაბეთ-სირიის უდაბნო (ქბ. 7:4). ქალაქის სამხ.-დას-ით, ანტილიბანის სამხრეთი ქედის ბოლოში 2 814 მ სიმაღლეზე წამომართულია დათოვლილი ხერმონის მთა.
დამასკოს დასავლეთით მთის ფერდობები ხრიოკია, ხოლო ბარი, რომელზეც ქალაქია გაშენებული, ირწყვება მდინარე ბარადის (2 მფ. 5:12-ში „აბანა“) ცივი წყლით, რომელიც მთიდან ხევში ჩაედინება და 16 კმ სიგანისა და 48 კმ სიგრძის ოაზისს ქმნის. წყლის სიუხვემ დამასკო ძველი სამხედრო და სავაჭრო გზების სტრატეგიულ პუნქტად აქცია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი, შუამდინარეთისა თუ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, ვინაიდან ლიბანისა და ანტილიბანის მთები ბუნებრივ ბარიერს ქმნიდა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მომავალ თუ ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ ქარავნებს დამასკოზე უწევდა გავლა.
ქალაქის ჩრდ.-დას-ით ანტილიბანის უღელტეხილია. უძველესი დროიდან ეს გადასასვლელი უერთდებოდა მთავარ გზას, რომელიც გადიოდა კელე-სირიიდან (ბეკა) სამხრეთით ხაცორამდე, გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროდან მეგიდოს ველებზე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ და სამხრეთით ფილისტიმის გავლით ეგვიპტემდე. ანტილიბანის მთაგრეხილის აღმოსავლეთით გადიოდა გზა, რომელიც დამასკოს სამხრეთით ეშვებოდა ხაცორამდე და შემდეგ ჩრდილოეთით გრძელდებოდა ხამათამდე, ალეპოსა და ქარხემიშამდე. ცნობილი იყო კიდევ ერთი გზა, რომელსაც საზოგადოდ „სამეფო გზა“ ერქვა (შდრ. რც. 21:22). სამეფო გზა გადიოდა დამასკოს სამხრეთით, შემდეგ იორდანის აღმოსავლეთით მდებარე ზეგნის ნაპირს მიუყვებოდა და წითელ ზღვამდე და არაბეთის ნახევარკუნძულამდე ჩადიოდა. ამ გზებზე უვლიათ ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონისა და სპარსეთის ჯარებს. შუამდინარეთში მიმავალ ქარავნებს შეეძლოთ დამასკოს აღმოსავლეთით თადმორის მიმართულებით წასულიყვნენ, იქიდან კი ევფრატის მხარეში გადასულიყვნენ.
დამასკო მთის ზეგანზეა გაშენებული, რომელიც ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქში ზომიერი ჰავაა — ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ 7 °C-ია, ზაფხულში კი — 29 °C. აქაურ ნაყოფიერ მიწებზე კარგად ხარობს ზეთისხილი, ლეღვი, გარგარი, მარცვლეული კულტურები. თუმცა დამასკო ძირითადად სავაჭრო მიმოსვლის ხარჯზე გამდიდრდა. გარდა ამისა, ეს იყო ადგილი, სადაც მომთაბარე ტომები აღებმიცემობას ეწეოდნენ. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა დამასკო ტვიროსთან მოვაჭრედ მოიხსენია, რადგან დამასკო მეზობელი ქალაქის, ხელბონის ღვინოსა და მოწითალო-მონაცრისფრო შალს ტვიროსში დამზადებულ საქონელზე ცვლიდა (ეზკ. 27:18). ბენ-ჰადად II ახაბს დამასკოში „ქუჩების“ მიცემას დაჰპირდა, როგორც ჩანს, ბაზრების გასახსნელად, რაც სირიის დედაქალაქში ახაბის სავაჭრო საქმიანობას შეუწყობდა ხელს (1მფ. 20:34).
ისტორია. დამასკოს ადრეული ისტორია უცნობია. იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში („იუდეველთა სიძველენი“, წ. I, თ. 6, აბზ. 4) წარმოგვიდგენს ებრაელთა ტრადიციულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც დამასკო არამის ვაჟმა და სემის შვილიშვილმა, უცმა დააარსა. თუმცა არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ უცის შთამომავლები უფრო სამხრეთით ცხოვრობდნენ (დბ. 10:21—23, იხ. უცი №4). აღთქმული მიწისკენ მიმავალმა ჯერ კიდევ უშვილო აბრაამმა, სავარაუდოდ, დამასკოს ჩაუარა ან მასზე გაიარა. მის მსახურ ელიეზერს „დამასკოელი“ ეწოდება (დბ. 15:2). აბრაამმა თავისი ძმისშვილის, ლოტის დამატყვევებელ მეფეებს დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე ხობამდე სდია (დბ. 14:1—16).
ისრაელის მოწინააღმდეგე. დამასკო ბიბლიური ისტორიიდან მთელი ათასი წლით ქრება. ამის შემდეგ ის თითქმის ყველგან ისრაელის მოწინააღმდეგედ გვევლინება. ის სირიაში არსებული მრავალი არამეული სამეფოს დედაქალაქი გახდა. როცა დავითმა ცობის მეფე დაამარცხა, დამარცხებულ მეფეს „დამასკოელი სირიელები“ დაეხმარნენ. დავითმა მათაც სძლია და ჯარი ჩააყენა დამასკოში, რის შემდეგაც დამასკო ისრაელის მოხარკე გახდა (2სმ. 8:3—6; 1მტ. 18:5, 6). სოლომონის მეფობის დროს დამასკო ხელში ჩაიგდო ცობის სამეფოდან გამოქცეულმა რეზონმა და თავი მეფედ გამოაცხადა. რეზონი ყოველმხრივ ავიწროებდა ისრაელს (1მფ. 11:23—25).
დამასკოს მეფე ბენ-ჰადად I-მა ჯერ ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს მეფესთან, ბააშასთან დადო შეთანხმება, მაგრამ მოგვიანებით იუდას მეფე ასას (ძვ. წ. 977—937) მიერ მოსყიდული ბენ-ჰადადი თავისი ყოფილი მოკავშირის ტერიტორიაზე შეიჭრა (1მფ. 15:18—20; 2მტ. 16:2—4). ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოზე სირიის ტახტის მემკვიდრემ, ბენ-ჰადად II-მაც მიიტანა იერიში თავის მოკავშირე 32 მეფესთან ერთად. მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ სცადა ისრაელის დაპყრობა. ამჯერად მან ჯარის მეთაურებად 32 გამგებელი დააყენა, მაგრამ კვლავ დამარცხდა (1მფ. 20:1, 16—34) და ტყვედ ჩაუვარდა მეფე ახაბს (დაახლ. ძვ. წ. 940—920), რომელმაც დაინდო იგი. მოგვიანებით გალაადის რამოთში გამართული ბრძოლის დროს, ბენ-ჰადადმა თავისი ეტლები გაგზავნა იუდასა და ისრაელის გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ისრაელი და იუდა დამარცხდა, ახაბი კი დაიღუპა (1მფ. 22:29—37). ისრაელის მეფე იეჰორამის (დაახლ. ძვ. წ. 917—905) მმართველობის დროს ბენ-ჰადად II-მ ბოლოჯერ სცადა სამარიის დაპყრობა, მაგრამ ღვთის სასწაულით უკუიქცა (2მფ. 6:24; 7:6, 7).
წინასწარმეტყველი ელისე, თავისი წინამორბედისთვის, ელიასთვის მიცემული დავალების შესასრულებლად გაემართა დამასკოში და ხაზაელს ამცნო, რომ სირიის სამეფო ტახტზე ბენ-ჰადად II-ს ჩაანაცვლებდა (1მფ. 19:15; 2მფ. 8:7—13). ბენ-ჰადადის სიკვდილამდე დამასკო სირიელთა სტრატეგიული პუნქტი იყო, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ხმელთაშუაზღვისპირეთის სამეფოების დაპყრობის მსურველ ასურეთის იმპერიას. დამასკო, როგორც შუამდინარეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი, დამპყრობელთა მთავარი სამიზნე გახდა. დამასკომ მეზობელ სამეფოებთან ერთად, რომლებსაც ის სათავეში ჩაუდგა, წარმატებით მოიგერია ასურეთის მეფე სალმანასარ III-ის არაერთი შემოტევა. სალმანასარის ერთ-ერთი წარწერიდან ვიგებთ, რომ სირიის სამეფო ტახტს ხაზაელი დაეპატრონა. ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლის დროს სალმანასარმა დამასკო ალყაში მოაქცია და ხაზაელიც იქ მოიმწყვდია, მაგრამ ქალაქის აღება ვერ შეძლო.
დამასკოზე გამეფებული ხაზაელი კვლავაც მტრობდა ისრაელს (2მფ. 10:32). მან თავისი სამფლობელო ფილისტიმელთა ქალაქ გათამდე განავრცო და იუდაზეც გაილაშქრა. იერუსალიმი სირიელთა თავდასხმისგან რომ გადაერჩინა, იუდას დამფრთხალმა მეფე იეჰოაშმა (ძვ. წ. 898—859) ხაზაელს დიდძალი ხარკი მისცა (2მფ. 12:17, 18; 13:3, 22; 2მტ. 24:23, 24). ხაზაელის მემკვიდრის ბენ-ჰადად III-ს დროს ისრაელის მეფე იეჰოაშმა (ძვ. წ. 859—845) სამჯერ დაამარცხა სირია და ასე შეუმსუბუქა ქვეყანას დამასკოს უღელი (2მფ. 13:24, 25). მოგვიანებით ისრაელის მეფე იერობოამ II (დაახლ. ძვ. წ. 844—804) სირიაში შეიჭრა „ხამათის შესასვლელამდე“ და „დამასკო და ხამათი იუდასა და ისრაელს“ დაუბრუნა (2მფ. 14:23—28), რაც ამ სამეფოებისთვის ხარკის დაკისრებას ნიშნავდა (ასე იყო სოლომონის დროსაც) (1მფ. 4:21).
იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი. ერთ ასწლეულში დამასკო ისევ „სირიის თავი“ გახდა (ეს. 7:8). იუდას მეფე ახაზის (ძვ. წ. 761—746) მმართველობის დროს დამასკოს მეფე რეცინი ისრაელის მეფე ფეკახთან ერთად იუდაში შეიჭრა და აკაბას ყურეში მდებარე ელათამდე მიაღწია. შეშინებულმა მეფე ახაზმა ქრთამი გაუგზავნა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს და იუდასთვის სირიელების მოგერიება სთხოვა. პასუხმა არ დააყოვნა. ასურელებმა დამასკო აიღეს, რეცინი მოკლეს და ხალხი ტყვედ წაასხეს (2მფ. 16:5—9; 2მტ. 28:5, 16). ასე შესრულდა ესაიასა და ამოსის პირით წარმოთქმული იეჰოვას წინასწარმეტყველებები (ეს. 8:4; 10:5, 8, 9; ამ. 1:3—5). თუმცა დამასკოში ტიგლათფილესერთან შესახვედრად (და სავარაუდოდ, მისთვის პატივის მისაგებად) ჩასული ახაზი უგუნურად მოიქცა და იქ ნანახი ცრუღმერთების სამსხვერპლოს ნიმუშის მიხედვით ააგო სამსხვერპლო, რომელზეც „დამასკოს ღმერთებს“ სწირავდა მსხვერპლს (2მფ. 16:10—13; 2მტ. 28:23).
მას შემდეგ დამასკო ისრაელს მეტად აღარ დამუქრებია. მართალია, სამხედრო ძლიერება დაკარგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქალაქში ვაჭრობა ისევ მოძლიერდა, რაზეც ეზეკიელის წინასწარმეტყველება მიგვანიშნებს (ეზკ. 27:18). იერემიას წინასწარმეტყველებისამებრ, ერთ დროს ქებულ დამასკოს შავი დღე დაადგებოდა ჩრდილოეთ სირიიდან, ხამათიდან და არფადიდან მოსული ცუდი ამბის გამო, რომელიც, როგორ ჩანს, ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ბაბილონელთა ჯარების მიერ არამეული სამეფოების დაპყრობას ეხებოდა (იერ. 49:23—27). დამასკო, უდაბნოს მარგალიტი, დამპყრობელს ვერ გადაურჩებოდა. ქალაქს მოგვიანებით იეჰოვას წინასწარმეტყველმა ზაქარიამაც გაუცხადა მკაცრი განაჩენი. ძვ. წ. 518 წელს დაწერილი ეს წინასწარმეტყველება, სავარაუდოდ, შესრულდა ალექსანდრე მაკედონელის დროს, რომელმაც ძვ. წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ სირია და ფინიკია დაიპყრო (ზქ. 9:1—4).
სელევკიდების მმართველობის პერიოდში დამასკოს ნაცვლად სირიის პროვინციის დედაქალაქი ანტიოქია გახდა. ძვ. წ. 85 წელს დამასკო ნაბატეველთა (არაბული ტომი) მეფე ჰარიტატ III-მ დაიპყრო. ძვ. წ. 64-63 წლებში მთელი სირია რომმა ჩაიგდო ხელში და ახ. წ. 33 წლამდე დამასკო რომის იმპერიის ნაწილი იყო. პლინიუსი (ახ. წ. I ს-ის რომაელი ისტორიკოსი) დეკაპოლისის ათ ქალაქს შორის დამასკოსაც ასახელებს.
ახ. წ. I ს-ში. იმ დროისთვის, როცა ტარსოსელმა სავლემ დამასკოში დააპირა წასვლა ქრისტიანების დასარბევად, ქალაქში რამდენიმე სინაგოგა ფუნქციონირებდა (სქ. 9:1, 2). დამასკო იმ დროს ნაბატეველთა მეფის, ჰარიტატ IV-ის სამფლობელოში შედიოდა, რომელსაც ჰარიტატის დანიშნული კაცი განაგებდა (2კრ. 11:32, 33). დაბრმავებული სავლე, მას შემდეგ, რაც ქრისტე ირწმუნა, წაიყვანეს ქუჩაზე, რომელსაც „სწორი“ ერქვა (იხ. სწორი. პავლე (სავლე) გარკვეული ხანი დამასკოს სინაგოგებში ქადაგებდა, მაგრამ, როცა გაიგო, რომ მოკვლას უპირებდნენ, ღამით ქალაქის გალავნიდან გადაიპარა და სამშვიდობოს გავიდა (სქ. 9:11, 17—25; 26:20; გლ. 1:16, 17).