გაყრა
ქორწინების კანონიერად გაუქმება; ცოლქმრული კავშირის გაწყვეტა. სხვადასხვა მუხლში „გაყრად“ ნათარგმნი დედნისეული სიტყვები სიტყვასიტყვით ნიშნავს გაშვებას, გასტუმრებას (კნ. 22:19, სსგ), გათავისუფლებას, გაძევებას, განდევნას (მთ. 1:19; 19:3; ლვ. 22:13) და მოკვეთას (შდრ. კნ. 24:1, 3, სადაც „გაყრის მოწმობა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს მოკვეთის წიგნს).
ადამისა და ევას შეუღლების დროს იეჰოვას გაყრა არ გაუთვალისწინებია. იესო ქრისტემ ამ საკითხს ნათელი მოჰფინა, როცა უპასუხა ფარისევლების კითხვას: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“. ქრისტეს პასუხიდან გამოჩნდა, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, კაცი მიატოვებდა თავის დედ-მამას, ცოლს მიეკვრებოდა და ისინი ერთი ხორცი გახდებოდნენ. შემდეგ დასძინა: „ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მთ. 19:3—6; შდრ. დბ. 2:22—24). ფარისევლებმა ჰკითხეს: „მაშ, რატომ დააწესა მოსემ გაყრის მოწმობის მიცემა და გაყრა?“. მან მიუგო: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო დაუშვა, რომ გაყროდით ცოლებს, დასაწყისიდან კი ასეთი რამ არ ყოფილა“ (მთ. 19:7, 8).
ისრაელ მამაკაცებს უფლება მიეცათ, სხვადასხვა მიზეზით გაყროდნენ ცოლებს, მაგრამ იეჰოვა ღმერთი ამას მოსეს ხელით ისრაელისთვის მიცემული კანონით არეგულირებდა. კანონის 24:1-ში ვკითხულობთ: „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი პატრონი გახდება, მაგრამ აღარ მოეწონება, რადგან რაღაც უწესოს უპოვის, დაუწეროს გაყრის მოწმობა, ხელში მისცეს და გაუშვას სახლიდან“. თუმცა რა იგულისხმებოდა „უწესოში“ (სიტყვასიტყვით „სიშიშვლე“), დაკონკრეტებული არ არის. ამაში მრუშობა რომ არ იგულისხმებოდა, იქიდან ჩანს, რომ ღვთის კანონის თანახმად მრუშობაში დამნაშავეს კი არ უნდა გაყროდნენ, არამედ სიკვდილით უნდა დაესაჯათ (კნ. 22:22—24). როგორც ჩანს, თავიდან უწესობაში, რაც ებრაელ მამაკაცს ცოლთან გაყრის საბაბს აძლევდა, ისეთი სერიოზული საკითხები იგულისხმებოდა, როგორიცაა ქმრისადმი აშკარა უპატივცემლობა ან ოჯახის შერცხვენა. ვინაიდან კანონში ეწერა, „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“, არაგონივრულია, დავასკვნათ, რომ უმნიშვნელო მიზეზებით გაყრა დაუსჯელი დარჩებოდა (ლვ. 19:18).
მალაქიას დროს ბევრი ებრაელი ქმარი ვერაგულად ექცეოდა ცოლს და ნებისმიერი მიზეზით ეყრებოდა. ისინი თავიდან იშორებდნენ ახალგაზრდობის ცოლებს, შესაძლოა, უფრო ახალგაზრდა წარმართ ქალებზე დაქორწინების მიზნით. ღვთის კანონის დაცვის ნაცვლად, მღვდლები თვალს ხუჭავდნენ ამაზე, რაც იეჰოვას გულისწყრომას იწვევდა (მლ. 2:10—16). იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს ებრაელი მამაკაცები რომ უამრავი მიზეზით ეყრებოდნენ ცოლებს, ჩანს ფარისევლების დასმული კითხვიდან: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“ (მთ. 19:3).
ქალი რომ ცოლად მოეყვანათ, ისრაელ მამაკაცებს ურვადი უნდა გადაეხადათ, რის შემდეგაც ცოლი მათ საკუთრებად ითვლებოდა. გათხოვილ ქალებს მრავალი კურთხევა და უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ქმრის თანასწორუფლებიანები არ იყვნენ. მათი მდგომარეობა აღწერილია კანონის 24:1—4-ში, სადაც ნათქვამია, რომ ქმარს შეეძლო გაყროდა ცოლს, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იმავეს გაკეთება ცოლსაც შეეძლო. ცოლი ქმრის საკუთრებად ითვლებოდა და გაყრის უფლება არ ჰქონდა. ისრაელის ისტორიაში ქალის ქმართან გაყრის პირველ შემთხვევას იოსებ ფლავიუსი მოიხსენიებს. ეს ქალი იყო მეფე ჰეროდეს და, სალომე, რომელმაც თავის ქმარს, იდუმეის გამგებელს, გაყრის მოწმობა გაუგზავნა („იუდეველთა სიძველენი“ XV, თ. 7, აბზ. 10). იესოს დედამიწაზე ყოფნისას მსგავსი ტენდენცია ან უკვე არსებობდა, ან მან წინასწარ განჭვრიტა, რომ ქალები ქმრებთან გაყრას მოისურვებდნენ, ამიტომ თქვა: „თუ ქალი ქმართან გაყრის შემდეგ სხვას მიჰყვება, მრუშობს“ (მრ. 10:12).
გაყრის მოწმობა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი გახდა ნებისმიერი მიზეზით გაყრა, არ უნდა დავასკვნათ, რომ მოსეს კანონით დაშვებული გაყრის უფლება უადვილებდა ისრაელ მამაკაცს ცოლთან გაყრას. ამისთვის საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. უნდა შედგენილიყო დოკუმენტი, ანუ დაწერილიყო „გაყრის მოწმობა“, რომელიც ქმარს ცოლისთვის ხელში უნდა მიეცა და სახლიდან გაეშვა (კნ. 24:1). ბიბლიაში დაწვრილებით არ არის მოხსენიებული ამ პროცედურის დეტალები, თუმცა ამ კანონიერ ქმედებებში, როგორც ჩანს, რჩევის მიღებაც შედიოდა უფლებამოსილი პირებისგან, რომლებიც უპირველესად ცოლ-ქმრის შერიგებას შეეცდებოდნენ. მოწმობის მომზადებისა და გაყრის ძალაში შესვლისთვის საჭირო დრო ქმარს იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო თავის გადაწყვეტილებაზე. გაყრისთვის მას საფუძვლიანი მიზეზი უნდა ჰქონოდა, წესების ზუსტად მიყოლა კი ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან დაიცავდა. ამგვარად ხდებოდა ცოლის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებაც. ბიბლიაში არ წერია „გაყრის მოწმობის“ შინაარსი.
განქორწინებულთა ხელახლა დაქორწინება. კანონის 24:1—4-ში ჩაწერილი დადგენილების თანახმად, ქმარგაცილებულ ქალს უნდა დაეტოვებინა სახლი, წასულიყო და სხვა კაცს გაჰყოლოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ხელახლა დაქორწინების უფლება ეძლეოდა. იქვე გრძელდება: „თუ მეორე კაციც შეიძულებს მას, გაყრის მოწმობას დაუწერს, ხელში მისცემს და გაუშვებს სახლიდან ან თუ ეს კაცი, რომელმაც ის ცოლად მოიყვანა, მოკვდება, მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, არ ექნება უფლება, ხელახლა შეირთოს ის გაუწმინდურებული ქალი; ეს სისაძაგლეა იეჰოვასთვის. ცოდვაში არ გახვიოთ ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ“. კაცს ეკრძალებოდა ყოფილი ცოლის უკან დაბრუნება, შესაძლოა, იმ მიზეზით, რომ ერთად არ დაეგეგმათ ქალის მეორე ქმართან გაყრა ან მისი სიკვდილი, რაც ქალს პირველ ქმართან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა. თუ კაცი ყოფილ ცოლს უკან დააბრუნებდა, ღვთის თვალში უწმინდურად მოიქცეოდა. ის სხვების თვალშიც უგუნური გამოჩნდებოდა, რადგან ჯერ გაუშვა ქალი, რომელშიც „რაღაც უწესო“ იპოვა, შემდეგ კი სხვა კაცზე კანონიერად გათხოვების შემდეგ უკან დაიბრუნა.
უეჭველია, ის ფაქტი, რომ კაცს ყოფილი ცოლის ხელახლა გათხოვების შემდეგ აღარ შეეძლო მასზე დაქორწინება, მაშინაც კი, თუ მეორე ქმარი გაეყრებოდა ქალს ან მოკვდებოდა, ოჯახის დანგრევამდე სერიოზულად დააფიქრებდა მას (იერ. 3:1). მაგრამ კანონი არ უკრძალავდა კაცს, ხელახლა დაქორწინებულიყო ყოფილ ცოლზე, თუ კანონიერად გაყრის შემდეგ ის არ გათხოვდებოდა.
წარმართი ცოლების გაშვება. ღმერთმა ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლამდე უთხრა, რომ არ დამოყვრებოდნენ იმ მიწის წარმართ მცხოვრებთ (კნ. 7:3, 4). მიუხედავად ამისა, ეზრას დროს ებრაელებს ჰყავდათ უცხოელი ცოლები. ეზრამ ლოცვაში აღიარა მათი დანაშაული. ისრაელი მამაკაცები გამოეხმაურნენ ეზრას მოწოდებას, აღიარეს თავიანთი დანაშაული და გაუშვეს უცხოელი ცოლები „თავიანთ ვაჟებთან ერთად“ (ეზრ. 9:10—10:44).
მაგრამ ქრისტიანები, რომლებიც ყველა ერიდან არიან (მთ. 28:19), არ უნდა გაეყარონ თავიანთ მეუღლეებს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ არიან. პავლეს ღვთივშთაგონებული რჩევის თანახმად, მათ ამის სურვილიც კი არ უნდა გაუჩნდეთ (1კრ. 7:10—28). თუმცა ხელახლა დაქორწინებისას პავლე ქრისტიანებს ურჩევს, დაქორწინდნენ, „ოღონდ უფალში“ (1კრ. 7:39).
იოსებმა გაყრა დააპირა. მარიამი იოსებზე იყო დანიშნული, მაგრამ სანამ შეუღლდებოდნენ, ის წმინდა სულით დაორსულდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მისი ქმარი იოსები მართალი კაცი იყო და არ უნდოდა მისი საქვეყნოდ შერცხვენა. ამიტომ დააპირა, ფარულად გაყროდა მას“ (მთ. 1:18, 19). ვინაიდან იმ დროს ებრაელებისთვის ნიშნობა ქორწინების ტოლფასი იყო, სიტყვა „გაყრა“ აქ სათანადოდ არის გამოყენებული.
თუ დანიშნულ გოგოს სხვა კაცთან ექნებოდა სქესობრივი ურთიერთობა, მას ქოლავდნენ, როგორც მრუშობის შემთხვევაში (კნ. 22:22—29). დამნაშავე რომ ჩაექოლათ, მისი დანაშაულის დასამტკიცებლად ორი მოწმე მოითხოვებოდა (კნ. 17:6, 7). ნათელია, რომ იოსებს მარიამის წინააღმდეგ მოწმეები არ ჰყავდა. მარიამი ორსულად იყო, მაგრამ იოსებმა არ იცოდა საქმის ნამდვილი ვითარება, ვიდრე იეჰოვას ანგელოზმა არ აუხსნა (მთ. 1:20, 21). ბიბლიაში ნათქვამი არ არის, „ფარულად გაყრაში“ იგულისხმებოდა თუ არა გაყრის მოწმობის მიცემა. მაგრამ, როგორც ჩანს, იოსები კანონის 24:1—4-ში ჩაწერილი პრინციპის თანახმად აპირებდა მოქმედებას — შესაძლოა, გაეყრებოდა მხოლოდ ორი მოწმის თანდასწრებით, რითაც ამ საქმეს კანონიერადაც მოაგვარებდა და საქვეყნოდ შერცხვენასაც აარიდებდა მარიამს. მართალია, მათე დეტალებში არ აღწერს იოსების განზრახვას, მაგრამ მიანიშნებს, რომ იოსებს უნდოდა გულმოწყალედ მოქცეოდა მარიამს. იოსები რომ გაყრას აპირებდა, ამისთვის ის უმართლოდ არ ჩათვლილა, პირიქით, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ის „მართალი კაცი იყო და არ უნდოდა მისი [მარიამის] საქვეყნოდ შერცხვენა. ამიტომ დააპირა, ფარულად გაყროდა მას“ (მთ. 1:19).
რა შემთხვევაში იყო შეუძლებელი გაყრა. ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, არსებობდა შემთხვევები, როცა გაყრა შეუძლებელი იყო; მაგალითად, მაშინ, როცა კაცი ცოლს მოიყვანდა და სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ შეიძულებდა მას. კაცს შეიძლება ეცრუა, რომ ის ქალწული არ იყო, რითაც სამარცხვინო საქმის ჩადენაში დასდებდა ბრალს და სახელს გაუტეხდა. როცა გოგოს მშობლები იმის მტკიცებულებას წარადგენდნენ, რომ ქორწილის დროს მათი შვილი ქალწული იყო, ქალაქის უხუცესები დასჯიდნენ ქმარს ცრუ ბრალდებისთვის. ისინი დააჯარიმებდნენ მას ასი შეკელი ვერცხლით ($220) და ქალის მამას მისცემდნენ. ეს ქალი სამუდამოდ მისი ცოლი იქნებოდა, რადგან ბიბლიაში წერია: „ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას“ (კნ. 22:13—19). აგრეთვე, თუ გამოაშკარავდებოდა, რომ კაცმა ხელი სტაცა ქალწულს, რომელიც დანიშნული არ იყო და დაწვა მასთან, მაშინ „კაცს, რომელიც ქალთან დაწვა“, ქალის მამისთვის „ორმოცდაათი შეკელი [$110] ვერცხლი“ უნდა მიეცა და ის მისი ცოლი გახდებოდა, „რადგან დაამცირა იგი“. ის კაცი ვერასოდეს გაეყრებოდა მას (კნ. 22:28, 29).
რა ერთადერთი ბიბლიური საფუძველი აქვთ ქრისტიანებს გაყრისთვის?
იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას თქვა: «ისიც თქმულა: „ვინც ცოლს ეყრება, მას გაყრის მოწმობა მისცეს“, მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე ეყრება, მას მრუშობის საბაბს აძლევს და ვინც განქორწინებულ ქალზე ქორწინდება, მრუშობს» (მთ. 5:31, 32). იესომ ფარისევლებს უთხრა, რომ მოსეს კანონით დაშვებული განქორწინება დასაბამიდან არ ყოფილა დაკანონებული, შემდეგ დასძინა: „გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მთ. 19:8, 9). დღეს სიტყვები „სიძვა“ და „მრუშობა“ გამოიყენება დაქორწინებული ან დაუქორწინებელი ადამიანების მიმართ, რომლებიც სქესობრივ ურთიერთობას ამყარებენ საპირისპირო სქესის ადამიანთან (დაქორწინებულის შემთხვევაში სხვასთან და არა მეუღლესთან). როგორც სტატიიდან სიძვა დავინახავთ, სიტყვაში „სიძვა“, რომელიც ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან პორნია, იგულისხმება კანონიერი ქორწინების გარეშე ნებისმიერი სახის სქესობრივი ურთიერთობა. ამგვარად, მათეს 5:32-ისა და 19:9-ის თანახმად, განქორწინების ერთადერთი მიზეზი ცოლის ან ქმრის მიერ ჩადენილი პორნიაა. ქრისტიანს შეუძლია ამის საფუძველზე გაეყაროს მეუღლეს. ამ შემთხვევაში განქორწინება მას უფლებას აძლევს, ხელმეორედ დაქორწინდეს სხვა ქრისტიანზე (1კრ. 7:39).
უწმინდურება და სისაძაგლეა, თუ დაქორწინებული თავისივე სქესის პირთან სჩადის სქესობრივ უზნეობას (ჰომოსექსუალიზმი). ვინც ასეთ ქმედებას არ ინანიებს, ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს. ბიბლია ზოოფილიასაც გმობს (ლვ. 18:22, 23; რმ. 1:24—27; 1კრ. 6:9, 10). სიტყვა პორნია ყველა ამ უაღრესად უწმინდურ ქმედებას მოიცავს. ისიც აღსანიშნავია, რომ მოსეს კანონით ჰომოსექსუალიზმისა და ზოოფილიისთვის სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული. დამნაშავის მეუღლეს ხელმეორედ დაქორწინების უფლება ჰქონდა (ლვ. 20:13, 15, 16).
იესო ქრისტემ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მთ. 5:28). მაგრამ მას არ უთქვამს, რომ გაყრის საფუძველი უზნეობის გულში გავლება იქნებოდა. ქრისტეს ეს სიტყვები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გულს გაფრთხილება სჭირდება, გონებას კი — არასწორი ფიქრებისა და სურვილებისგან დაცვა (ფლ. 4:8; იაკ. 1:14, 15).
იუდეველ რაბინთა კანონის თანახმად, დიდი ყურადღება ექცეოდა ცოლქმრული მოვალეობის შესრულებას. ქმარს შეეძლო გაჰყროდა ცოლს, თუ ის უშვილო იქნებოდა. მაგრამ ბიბლიის თანახმად, ქრისტიანს არა აქვს ამ მიზეზით გაყრის უფლება. მრავალწლიანი უშვილობის მიუხედავად, აბრაამი არ გაჰყრია სარას, ისაკი — რებეკას, იაკობი — რახელს, მღვდელი ზაქარია კი — ელისაბედს (დბ. 11:30; 17:17; 25:19—26; 29:31; 30:1, 2, 22—25; ლკ. 1:5—7, 18, 24, 57).
ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ქრისტიანს შეუძლია გაეყაროს მეუღლეს, თუ მას მეტად აღარ შეეძლება სქესობრივი ურთიერთობა, ფსიქიკურად დაავადდება, განუკურნებელი ან საშინელი სენი შეეყრება. ქრისტიანული სიყვარული ასეთ შემთხვევაში უანგარო მზრუნველობას ითვალისწინებს და არა ოჯახის დანგრევას (ეფ. 5:28—31). ბიბლია ქრისტიანებს არც განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო აძლევს გაყრის უფლებას, პირიქით, მოუწოდებს, დარჩნენ ურწმუნო მეუღლეებთან, ვინიცობაა, შეძლონ ჭეშმარიტ რწმენაზე მათი მოქცევა (1კრ. 7:12—16; 1პტ. 3:1—7).
მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ვინც ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე ეყრება, მას მრუშობის საბაბს აძლევს და ვინც განქორწინებულ ქალზე ქორწინდება, მრუშობს“ (მთ. 5:32). ამგვარად იესომ აჩვენა, რომ, თუ ქმარი ცოლს სხვა მიზეზით ეყრება და არა სიძვის (პორნია) გამო, მრუშობის საბაბს აძლევს. ეს ასეა, რადგან ქალს, რომელსაც სიძვა არ ჩაუდენია, მაგრამ ქმარი ეყრება (რის გამოც მას გაყრის სათანადო საფუძველი არ გააჩნია), არა აქვს სხვა კაცზე დაქორწინების და, შესაბამისად, მასთან სქესობრივი ურთიერთობის უფლება. აქედან გამომდინარე, იესომ ფრაზაში, „ვინც განქორწინებულ ქალზე ქორწინდება“, იგულისხმა ქალი, რომელიც „სიძვის (პორნია) მიზეზის გარეშეა“ გაყრილი ქმართან. ასეთი ქალი შეიძლება კანონიერად იყოს განქორწინებული, მაგრამ ბიბლიური თვალსაზრისით არა.
მათეს (19:3—9) მსგავსად მარკოზმა განქორწინებაზე ფარისევლებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვები ასე შემოგვინახა: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მის წინააღმდეგ მრუშობს. და თუ ქალი ქმართან გაყრის შემდეგ სხვას მიჰყვება, მრუშობს“ (მრ. 10:11, 12). მსგავსი აზრია გადმოცემული ლუკას 16:18-ში: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს, და ვინც ქმარგაცილებულ ქალს ირთავს, მრუშობს“. თუ მხოლოდ ამ მუხლებით ვიმსჯელებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქრისტეს მიმდევრებს საერთოდ ეკრძალებათ გაყრა ან განქორწინებულ მეუღლეს მხოლოდ მეუღლის სიკვდილის შემდეგ აქვს ხელმეორედ დაქორწინების უფლება. მაგრამ იესოს სიტყვები, რომლებიც მარკოზისა და ლუკას სახარებებში ჩაიწერა, მათეს სახარებაში ჩაწერილი უფრო სრული ვერსიის შუქში უნდა განვიხილოთ. „მათეში“ ვხვდებით ფრაზას „სიძვის მიზეზის გარეშე“ (მთ. 19:9; იხ. აგრეთვე მთ. 5:32), რაც აჩვენებს, რომ მარკოზსა და ლუკას სახარებებში გაყრაზე ნათქვამი იესოს სიტყვები ეხება იმ შემთხვევას, როცა გაყრა ხდება სხვა მიზეზით და არა მოღალატე მეუღლის სიძვის გამო (პორნია).
ბიბლია არ ავალდებულებს ქრისტიანს, გაეყაროს მოღალატე მეუღლეს, მით უმეტეს, თუ ის ინანიებს. ქრისტიან ცოლს ან ქმარს შეუძლია აპატიოს მას, როგორც ეს ოსიამ გააკეთა და დაიბრუნა თავისი მოღალატე ცოლი, გომერი, და როგორც იეჰოვამ შეიწყალა სულიერ მრუშობაში დამნაშავე მომნანიებელი ისრაელი (ოს. 3).
ღვთის თავდაპირველი ნორმა აღდგა. აშკარაა, რომ ქრისტეს სიტყვები მიანიშნებდა იეჰოვა ღმერთის მიერ ქორწინებისთვის დადგენილი მაღალზნეობრივი ნორმის აღდგენაზე და ცხადყოფდა, რომ იესოს მოწაფეობის მსურველთ უნდა დაეცვათ ეს მაღალზნეობრივი ნორმა. თუმცა მოსეს კანონი ჯერ კიდევ ძალაში იყო, იესოს ჭეშმარიტ მოწაფეებს უნდა შეესრულებინათ მისი ზეციერი მამის ნება და თავად იესოს სიტყვები (მთ. 7:21—29) და მეუღლეების მიმართ გულქვაობა აღარ უნდა გამოევლინათ, ანუ აღარ უნდა ესარგებლათ კანონით დაშვებული ღონისძიებით (მთ. 19:8). იესოს ნამდვილ მოწაფეებს არ უნდა დაერღვიათ ღვთის მიერ ქორწინებისთვის თავდაპირველად დადგენილი პრინციპები და არ უნდა გაყროდნენ მეუღლეებს ნებისმიერი მიზეზით, გარდა სიძვისა (პორნია), რომელიც იესომ მოიხსენია.
დაუქორწინებელი ადამიანი, რომელიც მეძავთან სიძვას სჩადის, „მისი ერთხორცი ხდება“. მსგავსად, მრუშიც თავისი კანონიერი ცოლის ერთხორცი კი არ ხდება, არამედ იმ უზნეო ადამიანისა, ვისთანაც მრუშობს. ის არა მხოლოდ საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს, არამედ კანონიერი ცოლის წინააღმდეგაც, რომელიც მანამდე მისი ერთხორცი იყო (1კრ. 6:16—18). ღვთის პრინციპების თანახმად, სწორედ ამიტომ იძლევა მრუშობა გაყრის ნამდვილ საფუძველს და ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ოფიციალურად გაყრის შემდეგ კანონიერად წყდება ქორწინება და უდანაშაულო მეუღლეს ხელახლა ღირსეულად დაქორწინების უფლება ეძლევა (ებ. 13:4).
გაყრა გადატანითი მნიშვნელობით. წმინდა წერილებში ქორწინება გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება (ეს. 54:1, 5, 6; 62:1—6). აგრეთვე გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული გაყრა, ანუ „ცოლის გაშვება“ (იერ. 3:8).
ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა დაამხეს იუდას სამეფო, მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი და ებრაელები ბაბილონში გადაასახლეს. იეჰოვამ წლებით ადრე იწინასწარმეტყველა ებრაელებზე, რომლებსაც გადაასახლებდნენ: „სად არის გაყრის მოწმობა, დედათქვენს რომ მივეცი და გავუშვი?“ (ეს. 50:1). მათი „დედა“, ანუ მათი ერი, იმიტომ კი არ უარყო იეჰოვამ, რომ თვითონ დაარღვია შეთანხმება და დაიწყო „გაყრის“ პროცესი, არამედ იმიტომ, რომ ისრაელი არღვევდა კანონის შეთანხმებას. ისრაელის ნაწილმა მოინანია და ლოცვაში სთხოვა იეჰოვას, აღედგინა მათთან ძველი ურთიერთობა და სამშობლოში დაებრუნებინა ისინი. ძვ. წ. 537 წელს, 70-წლიანი გაპარტახების შემდეგ, იეჰოვამ შეასრულა დაპირება და თავისი სახელის გამო დააბრუნა ისრაელები სამშობლოში (ფს. 137:1—9; იხ. ქორწინება).