გული
სხეულის მნიშვნელოვანი ორგანო, რომლის მთავარი ფუნქციაა სისხლის გადატუმბვა უჯრედების საკვები ნივთიერებებით მოსამარაგებლად (ლვ. 17:14).
ბიბლიაში „გული“ დაახლოებით ათასჯერ გვხვდება. „გულად“ ნათარგმნი ებრაული (ლევ, ლევავ) და ბერძნული (კარდია) სიტყვები ბიბლიის დამწერებმა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენეს.
პირდაპირი მნიშვნელობით. წმინდა წერილებში „გული“ პირდაპირი მნიშვნელობით იშვიათად არის გამოყენებული. 2 მეფეების 9:24-ში ვკითხულობთ, რომ როდესაც იეჰუმ იეჰორამს ბეჭებში მშვილდი ესროლა, „ისარმა [მას] გულში გაუარა“ (იხ. აგრეთვე გმ. 28:30).
გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიაში „გული“ უმეტესწილად გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული. ერთ ბიბლიურ ჟურნალში ნათქვამია, რომ ვინაიდან გული აღნიშნავს „ზოგადად რაღაცის ცენტრალურ ნაწილს, შიგთავსს, იგი ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმბოლოა. ეს შინაგანი სამყარო ვლინდება ადამიანის ქცევასა და საქმიანობაში, სურვილში, სიყვარულში, ემოციაში, გატაცებაში, მიზნებში, ფიქრებში, აღქმაში, წარმოსახვაში, სიბრძნეში, ცოდნაში, უნარ-ჩვევებში, მრწამსსა და მსჯელობაში, მეხსიერებასა და ცნობიერებაში“ (Journal of the Society of Biblical Literature and Exegesis, 1882, გვ. 67).
აქედან გამომდინარე, წმინდა წერილების თანახმად, სიმბოლური გული არის როგორც სიყვარულისა და მოტივაციის, ისე ინტელექტის სათავე. „სემიტები ... გულს უკავშირებდნენ ყოველივე ადამიანურს, კერძოდ იმას, რაც გრძნობებს, სურვილებსა და ინტელექტს განეკუთვნება“. ის მოიცავს „ყველაფერს, რაც ადამიანის შინაგან სამყაროს უკავშირდება და რაც გარეგნული ნიშნების საპირისპიროა“ (L’emploi métaphorique des noms de parties du corps en hébreu et en akkadien, ე. დორმი, პარიზი, 1963, გვ. 113, 114, 128).
ღვთისთვის, გულების შემმოწმებლისთვის, მთავარია არა ადამიანის გარეგნობა, არამედ მისი შინაგანი ბუნება (იგ. 17:3; 24:12; ფს. 17:3; 1სმ. 16:7). ამიტომ ბიბლია გვირჩევს: „ყველაზე მეტად გულს [შინაგან ადამიანს] გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგ. 4:23). ბიბლია ქრისტიან ცოლებსაც მოუწოდებს, რომ ყურადღება გარეგნობაზე კი არ გაამახვილონ, არამედ „შინაგან ადამიანზე, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (1პტ. 3:3, 4).
ბიბლიაში ზოგან „გული“ აზროვნების უნარის მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში იგი სიმბოლური გულისთვის დამახასიათებელ სხვა თავისებურებებს არ გამორიცხავს. მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „გულში ჩაიბეჭდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“. მოგვიანებით კი უთხრა: „არ მოუცია იეჰოვას თქვენთვის გული, რომ გაგეგოთ“ (კნ. 4:39; 29:4). ის, რომ ებრაულ და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „გული“ ზოგჯერ აზროვნების უნარს გულისხმობს, იმ მუხლებიდანაც ჩანს, სადაც იგი დაკავშირებულია „ფიქრთან“ (მთ. 9:4), „მსჯელობასთან“ (მრ. 2:6), „გაგებასთან“ (1მფ. 3:12; მრ. 6:52) და „ცოდნასთან“ (იგ. 15:14).
„გულით“ წარმოდგენილი შინაგანი ადამიანისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა მოტივაცია, მოქმედებისკენ აღმძვრელი ძალა. მაგალითად, შეხვედრის კარვის გასაკეთებლად შესაწირავი მიიტანა „ყველამ, ვისაც გულმა გაუწია“ (გმ. 35:21, 26, 29; 36:2). ბოროტმა ჰამანმა „გაბედა“ (სიტყვასიტყვით გული აივსო) და ებრაელების წინააღმდეგ ბოროტება განიზრახა (ესთ. 7:5; სქ. 5:3, სსგ). ებრაელების 4:12-ში ღვთის სიტყვა შედარებულია ორლესულ მახვილს, რომელიც „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. იესომაც გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სწორი თუ არასწორი მოქმედებისკენ აღმძვრელი ძალა გულიდან მოდის (მთ. 15:19; ლკ. 6:45). ბიბლია ყურადღებას გვიმახვილებს სწორი მოტივაციის აუცილებლობაზე და გვაფრთხილებს, რომ სხვებთან ურთიერთობის დროს არ ავყვეთ პირადი გამორჩენის სურვილს (იუდ. 16), ანდა ფულის სიყვარული და გამდიდრებისკენ სწრაფვა არ გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ორიენტირად (1ტმ. 6:9, 10; იგ. 23:4, 5). პირიქით, ის მოგვიწოდებს, ღვთის მსახურება უანგარო სიყვარულზე (1ინ. 5:3; კნ. 11:13), ხოლო თანამორწმუნეებთან ურთიერთობა — თავგანწირულ სიყვარულზე ავაგოთ (ინ. 15:12, 13). ის იმისკენაც მოგვიწოდებს, რომ მოყვასი საკუთარი თავივით შევიყვაროთ (ლკ. 10:27—37; გლ. 6:10). აშკარაა, რომ ადამიანი სწორ მოტივაციას აზროვნების უნარის გარეშე ვერ განივითარებს (ფს. 119:2, 24, 111).
სიმბოლური გულის მდგომარეობა ვლინდება ხასიათსა და დამოკიდებულებაში, მაგალითად, სიამაყესა თუ თავმდაბლობაში (იგ. 16:5; მთ. 11:29). გრძნობებიც ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილია, მაგალითად: სიყვარული (კნ. 6:5; 1პტ. 1:22), სიხარული (კნ. 28:47; ინ. 16:22), მწუხარება (ნემ. 2:2), ტკივილი (რმ. 9:2) და სიძულვილი (ლვ. 19:17). აქედან გამომდინარე, გული შეიძლება იყოს „შემდრკალი“ (ეს. 35:4, სსგ), ჩაგვრით „განგმირული“ (ფს. 109:22) და უბედურების შიშით „შემკრთალი“ (კნ. 20:8). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იქ, სადაც გული და გონება ერთად მოიხსენიება, გული შინაგანი ადამიანისთვის დამახასიათებელ ემოციებსა და სურვილებს გულისხმობს, ხოლო გონება — გონებრივ შესაძლებლობებს. იესომ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მთ. 22:37). ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ღვთისადმი სიყვარული არა მარტო ჩვენს სურვილებსა და გრძნობებში უნდა ჩანდეს, არამედ იმაშიც, თუ როგორ ვიყენებთ გონებრივ შესაძლებლობებს, ანუ ვიღრმავებთ თუ არა ცოდნას ღვთისა და ქრისტეს შესახებ (ინ. 17:3).
მაშასადამე, ყველა ზემოაღნიშნული თვისება დამახასიათებელია არა ფიზიკური, არამედ სიმბოლური გულისთვის, რომელიც შინაგან ადამიანს განასახიერებს.
გული „ვერაგია“. სრულყოფილების მიუხედავად ადამი გულმა აცდუნა, ჭეშმარიტება უარყო და ღმერთს ზურგი აქცია (იხ. იაკ. 1:14, 15). ამის გამო ადამის ყველა შთამომავალი ცოდვაში ისახება და დანაშაულში იბადება (ფს. 51:5). წარღვნის შემდეგ ღმერთმა ცოდვილი მოდგმა ასე დაახასიათა: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (დბ. 8:21).
ღმერთმა ურჩ იუდას ტომს უთხრა: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერ. 17:9). ეს სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვისაც სურს, ღმერთს გული გაუხაროს. მთავარი ის კი არ უნდა იყოს, გარეგნულად როგორები ვჩანვართ, არამედ ის, თუ შინაგანად როგორები ვართ. დავუშვათ, ვინმე წლებია ქრისტიანია, კარგად იცის ბიბლია და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაართმევს თავს. მან ისიც კარგად იცის, კონკრეტულად რა ქმედებას გმობს ბიბლია, მაგრამ მისმა ფიქრებმა და სურვილებმა, რომლებსაც ფარულად გულით დაატარებს, შეიძლება ცოდვა ჩაადენინოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქრისტიანს, რომელმაც იცის ჭეშმარიტება და თავს მოწიფულად მიიჩნევს, უნდა ახსოვდეს, რომ გულმა შეიძლება უმუხთლოს; ამიტომ მან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ საცდურის წინაშე არ აღმოჩნდეს (მთ. 6:13; 1კრ. 10:8—12).
„მთელი გულით“ მსახურება. ფიზიკური გულისგან განსხვავებით სიმბოლური გული შეიძლება გაიყოს. დავითი ღმერთს სთხოვდა: „მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფს. 86:11). აქედან ვიგებთ, რომ ადამიანის გული შეიძლება გაორდეს — მან შეიძლება შეიყვაროს ის, რასაც იეჰოვა არ იწონებს და განუვითარდეს ისეთი შიში, რომელიც ღვთისთვის მიუღებელია. ასეთი ადამიანი უგულოდ მსახურობს და ღვთის თაყვანისცემაში ნელთბილია (ფს. 119:113; გმც. 3:16). ის ორგულიცაა (სიტყვასიტყვით ორი გული აქვს), ცდილობს ორ ბატონს ემსახუროს, ანდა ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს (1მტ. 12:33; ფს. 12:2). იესო ამგვარ თვალთმაქცობას მკაცრად განსჯიდა (მთ. 15:7, 8).
ვისაც ღვთისმოსაწონად მოქცევა სურს, მთელი გულით უნდა ემსახუროს ღმერთს და არა უგულოდ ან ორგულად (1მტ. 28:9), ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან გული უმართავია და ბოროტებისკენ მიდრეკილი (იერ. 17:9, 10; დბ. 8:21). მთელი გულით მსახურებაში გვეხმარება გულმხურვალე ლოცვა (ფს. 119:145; გდ. 3:41), ბიბლიის რეგულარული შესწავლა (ეზრ. 7:10; იგ. 15:28), სასიხარულო ცნობის ენთუზიაზმით ქადაგება (შდრ. იერ. 20:9) და მათთან ურთიერთობა, ვინც მთელი გულით ემსახურება იეჰოვას (შდრ. 2მფ. 10:15, 16).
რა იგულისხმება გამოთქმაში „გული აკლია“?
ებრაულ წერილებში რამდენიმე ადგილას გვხვდება გამოთქმა „გული აკლია“. ერთი ლექსიკონი მას განმარტავს, როგორც გონიერებას მოკლებულს (Lexicon in Veteris Testamenti Libros, კელერი და ბაუმგარტნერი, ლეიდენი, 1958, გვ. 470). უილიამ გესენიუსის „ძველი აღთქმის ებრაულ-ინგლისურ ლექსიკონში“ (ნათარგმნია ე. რობინსონის ინგლისური თარგმანიდან, 1836, გვ. 517) წერია, რომ ასეთი ადამიანი „გაგების უნარს მოკლებულია“. მას, ვისაც „გული აკლია“, საღი აზრი და გამჭრიახობა არა აქვს; ამიტომ არის ასეთი ადამიანი დაპირისპირებული გაგების უნარისა (იგ. 10:13) და გამჭრიახობის მქონესთან (იგ. 11:12; 15:21). „გული აკლია“ აგრეთვე ნიშნავს „გამოუცდელს“, „ბრიყვსა“ და სიბრძნეს მოკლებულს (იგ. 7:7; 9:1—9, 16; 10:21). ამ მუხლებში სიტყვა „გული“ იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი დადებითი თვისებების ნაკლებობას განიცდის.
„გული აკლია“ საღი აზრისა და გამჭრიახობის არქონას რომ ნიშნავს, ამას სხვა კონტექსტებიც მოწმობს. მაგალითად, იგავების 6:32-ში (იხ. სქოლიო) ბრძენი მეფე სოლომონი მრუშს უგუნურს უწოდებს. სხვა ბიბლიურ თარგმანებში მრუშს ეწოდება „უჭკუო“ (სსგ), „ნაკლულევანებითა გონებისათა“ (მხ). მრუში უჭკუოა იმ გაგებით, რომ უზნეობის მწარე ნაყოფს იმკის (იგ. 1:2—4; 6:23—35; 7:7, 21—27). გარეგნულად ის შეიძლება კარგი ჩანს და კარგი სახელით სარგებლობს, მაგრამ მისი შინაგანი ადამიანის განვითარება შეფერხებულია.
კიდევ ერთ იგავში ვკითხულობთ: „უგუნური კაცი მოძმეს ხელს ართმევს [შეთანხმების ნიშნად] და თავდებად უდგება“ (იგ. 17:18). შესაძლოა ეს კაცი ემოციას აჰყვა და ისეთი შეთანხმება დადო, რასაც შეიძლება მისი ფინანსური დაზარალება მოჰყვეს. მას შეიძლება კარგი განზრახვა და სანაქებო მოტივი ამოძრავებდა, მაგრამ საღი აზრი მაინც ვერ გამოიჩინა.
„იგავებში“ ისეთ კაცზეც არის საუბარი, რომელიც „გულს იძენს“: „ვინც გულს იძენს, მას თავისი სული უყვარს; ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ის ყოველივე კარგს პოვებს“ (იგ. 19:8). ასეთი კაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შინაგანად როგორია. თავის გონებას ის ღვთისა და მისი გზების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის შესაძენად იყენებს, ფიქრობს მის გზებზე და ცდილობს შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. ის თავის პიროვნებას — სურვილებს, მისწრაფებებს, ემოციებსა და მიზნებს — ღვთის ნების თანახმად „ძერწავს“. ამგვარად, იგი თავის თავს რგებს და ცხადყოფს, რომ „თავისი სული უყვარს“. შინაგანი ადამიანის ფორმირებით ის „გამჭრიახობას ინარჩუნებს“, ვინაიდან სწორი მიმართულებით ავითარებს ზემოაღნიშნულ ფაქტორებს, რაც შემდგომში საღად აზროვნებასა და ბრძნულ მოქმედებებში აისახება.
ღვთის გული. ბიბლია ღმერთზე ამბობს, რომ მას აქვს „გული“, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძნობები აქვს. ვიდრე წარღვნას მოავლენდა, იეჰოვას „გული ეტკინა“ და დამწუხრდა, რადგან ადამიანებმა უარი თქვეს მის სამართლიან მმართველობაზე და კეთილმოსურნე ღმერთი აიძულეს, გაენადგურებინა ისინი (დბ. 6:6). მეორე მხრივ, ღმერთს „გულს“ უხარებს თავის მსახურთა ერთგულება (იგ. 27:11). მას არასდროს გაუვლია გულში ისეთი სისასტიკე, როგორიცაა დასაწვავ მსხვერპლად ადამიანთა შეწირვა, რასაც ზოგიერთი განდგომილი ისრაელი სჩადიოდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ღმერთი მარადიულად ტანჯავდეს ადამიანებს (იერ. 7:31; 19:5).
რისამე შუაგული, ბირთვი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გული სხეულის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული, გადატანითი მნიშვნელობით ის რაღაცის შუა ნაწილს გულისხმობს, მაგალითად: „დედამიწის გული“ (მთ. 12:40), „ზღვის გული“ (გმ. 15:8; იონ. 2:3, ბსგ), „ზეცის გული“ (კნ. 4:11, ბსგ).
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. წინასწარმეტყველური მნიშვნელობით „გული“ გვხვდება დანიელის 7:4-ში, სადაც ლომისმაგვარი მხეცი ბაბილონის სამეფოს განასახიერებს. ის ორ ფეხზე დადგა და „კაცის გული“ მიეცა, რაც მამაცი გულის დაკარგვას ნიშნავს (2სმ. 17:10). სწორედ ამ დროს დაამარცხა იგი სიმბოლურმა დათვმა, ანუ მიდია-სპარსეთის სამეფომ (დნ. 7:5; იხ. მხეცები, სიმბოლური).