სიბრძნე
ბიბლია სიბრძნეს წარმოგვიდგენს, როგორც საღ აზრს, რომელიც ცოდნასა და გაგებას ემყარება; ეს არის ცოდნისა და გაგების გამოყენების უნარი წამოჭრილი სირთულეების გადასალახავად, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დასახული მიზნების მისაღწევად და სასარგებლო რჩევის მისაცემად. სიბრძნე სისულელის, უგუნურებისა და სიბრიყვის საპირისპირო თვისებაა (კნ. 32:6; იგ. 11:29; ეკ. 6:8).
ებრაულში სიბრძნის მნიშვნელობით ძირითადად გვხვდება ხოქმაჰ (ზმნა ხაქამ) და მისგან ნაწარმოები ფორმები, ბერძნულში — სოფია და მისი მონათესავე სიტყვები. სიბრძნის აღმნიშვნელი კიდევ ერთი ებრაული სიტყვაა თუშიჲაჰ, რომელიც შეიძლება ითარგმნოს „შრომის უნარად“, „წარმატებით მოქმედებად“, „პრაქტიკულ სიბრძნედ“; ბერძნული ფრონიმოს და ფრონესის (ფრენ გონება) გამოხატავს „წინდახედულობას“.
სიბრძნისთვის დამახასიათებელია ღრმა ცოდნა და გაგება, რაც საღი განსჯისთვის არის საჭირო. „ბრძენი ცოდნას იუნჯებს“ და მას ხაპავს (იგ. 10:14). ვინაიდან „სიბრძნე უმთავრესია“, იგავების წიგნი გვირჩევს, შევიძინოთ სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარი (იგ. 4:5—7). გაგების უნარი (ზოგადი ცნება, რომელიც ხშირად გამჭრიახობასაც მოიაზრებს) გონიერებასა და წინდახედულობას ავითარებს, ყველაფერი ერთად კი ხელს უწყობს სიბრძნის გაღრმავებას. გონიერება წინდახედულობას მოიცავს, წინდახედულობა კი სიფრთხილეში, თავშეკავებასა და ზომიერებაში გამოიხატება. გონიერი [ფრონიმოსის ერთ-ერთი ფორმა] კაცი კლდეზე იშენებს სახლს, რადგან განჭვრეტს ქარიშხლის ამოვარდნის ალბათობას; უგუნური კი ქვიშაზე იშენებს სახლს და უბედურებას იტეხს თავს (მთ. 7:24—27).
გაგების უნარი სხვა მხრივაც უწყობს ხელს სიბრძნის მოხვეჭას. მაგალითად, ღვთის კანონის დამცველს შეიძლება ბრძენი ეწოდოს, რადგან ის აღიარებს ღვთისმორჩილების მიზანშეწონილობას. მაგრამ თუ ის სწვდება ამა თუ იმ კანონის არსს, ცნობს მის სასიკეთო მიზანსა და სასურველ შედეგებს, მთელი გულით იქნება მოწადინებული სიბრძნის გზაზე დასარჩენად (იგ. 14:33). იგავების 21:11-ში ნათქვამია: „ბრძენს თუ წვდომის უნარს მისცემ, ცოდნა შეემატება“. ბრძენი დიდი მონდომებით ცდილობს, მოიპოვოს ცნობები ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის შესახებ და ნათელი წარმოდგენა შეიქმნას პრობლემის მიზეზებზე. ამგვარად ის იძენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეს, რა დასკვნები გააკეთოს და როგორ გადაჭრას არსებული პრობლემა (შდრ. იგ. 9:9; ეკ. 7:25; 8:1; ეზკ. 28:3; იხ. წვდომის უნარი).
ღვთაებრივი სიბრძნე. აბსოლუტური გაგებით ბრძენი მხოლოდ იეჰოვა ღმერთია, ამიტომ უწოდებს ბიბლია მას „ერთადერთ ბრძენს“ (რმ. 16:27; გმც. 7:12). ცოდნა არის ცნობების ქონა რისამე შესახებ, რაიმე დარგში. ვინაიდან იეჰოვა შემოქმედი და მარადიული ღმერთია (ფს. 90:1, 2), მან დასაბამიდან უწყის ყველაფერს სამყაროს შესახებ. ღვთის შექმნილია ფიზიკური კანონები, ციკლური მოვლენები და ის უცვლელი კანონზომიერებანი, რომლებზეც ადამიანები თავიანთ კვლევებსა თუ გამოგონებებს ამყარებენ და რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რაიმეს შექმნა (იობ. 38:34—38; ფს. 104:24; იგ. 3:19; იერ. 10:12, 13). შესაბამისად ღვთის დადგენილია ის ნორმები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სტაბილურობისა და საღი განსჯის უნარის ქონა და ღირსეულად ცხოვრება (კნ. 32:4—6; იხ. იეჰოვა [ზნეობრივი ნორმების დამდგენი ღმერთი]). არაფერია ღვთისთვის შეუცნობელი (ეს. 40:13, 14). მართალია, ღმერთმა იმის არსებობა დაუშვა, რაც მის სამართლიან ნორმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურს და მისი ნათქვამი აუცილებლად შესრულდება (ეს. 55:8—11; 46:9—11).
ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე ნათელია, რომ „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“ (იგ. 9:10). „ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეფეო, რადგან შენ იმსახურებ ამას, რადგან ხალხთა ბრძენკაცებს შორის და მათ სამეფოებში არავინაა შენი მსგავსი!“ (იერ. 10:7). „გულით ბრძენია ის და ძალით ძლიერი. ვინ შეძლებს, გაუჯიუტდეს მას და უვნებელი დარჩეს?“ (იობ. 9:4; იგ. 14:16). ძლევამოსილი ღმერთი, როცა საჭიროდ თვლის, ერევა ადამიანთა ცხოვრებაში, აღაზევებს ან ამხობს მმართველებს და ამგვარად ასრულებს თავის წინასწარმეტყველებებს (დნ. 2:20—23). ბიბლია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩაეშალათ გეგმები ძლევამოსილ მეფეებსა და მათ საზრიან მრჩევლებს, რომლებიც ღმერთს თავიანთი სიბრძნით დაუპირისპირდნენ, და როგორ მოაპოვებინა ღმერთმა გამარჯვება თავის ერთგულ მსახურებს, მისი ცნობის გამცხადებლებს (ეს. 31:2; 44:25—28; შდრ. იობ. 12:12, 13).
„ღვთის სიბრძნე, რომელიც წმინდა საიდუმლოშია“. ედემის ბაღში გამოვლენილმა ურჩობამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთის სიბრძნე. მაგრამ ღმერთმა ბრძნული გზა გამონახა ურჩობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად და მსოფლიო ოჯახში მშვიდობის, წესრიგისა და ჰარმონიის დასამყარებლად. ამ გზას „წმინდა საიდუმლო“ ეწოდება — დაფარული სიბრძნე, ღმერთმა წინასწარ რომ „განსაზღვრა ამ ქვეყნიერებამდე“, რომელიც პირველი ადამიანების ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ შეიქმნა (1კრ. 2:7). ამ საიდუმლოს მონახაზი საუკუნეების მანძილზე იკვეთებოდა. ღვთის ურთიერთობა ერთგულ მსახურებთან და მათთან დადებული აღთქმები თანდათანობით ჰფენდა ნათელს ამ საიდუმლოს. ისრაელ ერთად დადებული კანონის შეთანხმება, რომელიც მღვდელმსახურებასა და მსხვერპლშეწირვას ითვალისწინებდა, ამ საიდუმლოს სიმბოლურად წარმოგვიდგენდა. გარდა ამისა, საიდუმლოს შესახებ მინიშნებებს მრავალი წინასწარმეტყველება და ხილვა შეიცავდა.
ედემის ბაღში გამოვლენილი ურჩობის შემდეგ 4 000 წელი გავიდა და სიბრძნე, რომელიც წმინდა საიდუმლოშია, იესო ქრისტეში გამჟღავნდა (კლ. 1:26—28). მისი მეშვეობით ღმერთმა განიზრახა, „განეგო დანიშნული დროების გასრულებიდან, ანუ ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფ. 1:8—11). ცნობილი გახდა, რომ ღმერთი მორჩილ ადამიანებს გამოსასყიდის მეშვეობით დაიხსნიდა და რომ დამყარდებოდა ზეციერი ხელისუფლება, რომელსაც ძე ჩაუდგებოდა სათავეში ბოროტების აღმოსაფხვრელად. ვინაიდან ღვთის დიდებული განზრახვის განხორციელებაში მთავარ როლს ქრისტე იესო ასრულებს, ის „ჩვენთვის [ქრისტიანებისთვის] გახდა სიბრძნე ღვთისგან“ (1კრ. 1:30). „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კლ. 2:3). მხოლოდ ქრისტეს, „სიცოცხლის მეთაურისა“ და მისდამი რწმენის წყალობით შეიძლება გადარჩენა და მარადიული სიცოცხლის მოპოვება (სქ. 3:15; ინ. 14:6; 2ტმ. 3:15). ასე რომ, „სიბრძნეს“, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს და არ აფუძნებს თავის შეხედულებებს თუ გადაწყვეტილებებს ქრისტეში გაცხადებულ ღვთის განზრახვაზე, ჭეშმარიტ სიბრძნეს ვერ ვუწოდებთ (იხ. იესო ქრისტე [მისი მნიშვნელოვანი როლი ღვთის განზრახვაში]).
ადამიანური სიბრძნე. იგავების წიგნში სიბრძნე წარმოდგენილია ქალად, რომელიც ხალხს სიბრძნის შესაძენად უხმობს. საზოგადოდ წმინდა წერილი ნათელყოფს, რომ სიბრძნე ცოდნის, გაგების (შედის გამჭრიახობა), ჭკუის, გამოცდილების, გულმოდგინების, წინდახედულობისა (გულუბრყვილობისა და მიამიტობის საპირისპირო [იგ. 14:15, 18]) და საღი აზრის ნაზავია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნამდვილი სიბრძნის სათავე იეჰოვას შიშია (ფს. 111:10; იგ. 9:10), ასეთი სიბრძნე აღემატება ჩვეულებრივ სიბრძნეს. ის მაღალი მორალური ნორმებით, სამართლიანობითა და ჭეშმარიტებისადმი ერთგულებით ხასიათდება (იგ. 1:2, 3, 20—22; 2:2—11; 6:6; 8:1, 5—12). ყველა სიბრძნე ასეთ ნორმებს როდი აკმაყოფილებს.
ადამიანური სიბრძნე არ არის აბსოლუტური, ის შედარებითია. ადამიანს საკუთარი მცდელობით, თუმცა შეზღუდულად, შეუძლია სიბრძნის მოხვეჭა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მან უნდა გამოიყენოს გონება, რომელიც ღმერთმა უბოძა (ერთგვარი სიბრძნე, ალღო ღმერთმა ცხოველებსაც მისცა [იობ. 35:11; იგ. 30:24—28]). კაცი ცოდნას ღვთის ნაღვაწზე დაკვირვებისა და მასზე მუშაობის შედეგად იღებს. ამგვარად ადამიანი ცოდნას სხვადასხვა დარგში სხვადასხვა ზომით იძენს. ბერძნული სოფია ხშირად რაიმე საქმის შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობასაც მოიაზრებს, მაგალითად: ამა თუ იმ ხელობის ცოდნას, ქვეყნის მართვისა თუ კომერციული საქმიანობის წარმოების კარგ უნარს ან სპეციალურ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ასევეა ებრაული ხოქმაჰ და ხაქამ, რომლებიც მეზღვაურთა, ხომალდის მგმანავთა (ეზკ. 27:8, 9; შდრ. ფს. 107:23, 27), ქვისა და ხის დამმუშავებელთა (1მტ. 22:15) და სხვა მარჯვე ოსტატების უნარ-ჩვევების აღსანიშნავად გამოიყენება. ზოგი ოსტატი მართლაც რომ მრავალმხრივ ნიჭსა და უნარს იჩენდა თავის საქმეში (1მფ. 7:14; 2მტ. 2:7, 13, 14). იგივე სიტყვებით არიან აღწერილი ქანდაკებისა თუ კერპის გამკეთებლები (ეს. 40:20; იერ. 10:3—9). სავაჭრო საქმეების ჭკვიანურად მართვაც ერთგვარ სიბრძნეს მოითხოვს (ეზკ. 28:4, 5).
ზემოხსენებული სიბრძნის პატრონი შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც არა აქვს ბიბლიური სიბრძნე, თუმცა ღმერთს თავისი სულით შეუძლია მას გაუღრმავოს ამგვარი „სიბრძნე“, რათა თავისი განზრახვის შესრულებას შეუწყოს ხელი. ღვთის სულმა კარვისა და მისი მოწყობილობის დამამზადებლები და სამღვდელო სამოსის მქსოველები სიბრძნითა და გაგების უნარით აავსო. ისინი მიხვდნენ, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ; უფრო მეტიც, მათ დიდი ნიჭი, ოსტატობა, ალღო და გონიერება გამოიჩინეს უზადო ნამუშევრების შესაქმნელად (გმ. 28:3; 31:3—6; 35:10, 25, 26, 31, 35; 36:1, 2, 4, 8).
ბრძენკაცები ძველად. ბრძენკაცებსა და მათ რჩევებს ძალიან აფასებდნენ მეფეები და არა მარტო მეფეები. ეგვიპტელებს, სპარსელებს, ქალდეველებს, ედომელებსა თუ სხვა ერებს სამეფო კარზე ბრძენკაცები ჰყავდათ (გმ. 7:11; ესთ. 1:13; იერ. 10:7; 50:35; აბდ. 8). როგორც ჩანს, ესენი იყვნენ სიბრძნით განთქმული ქურუმები, სამეფო კარის მოხელეები და ხალხის უხუცესები. ისინი სამეფო კართან და დედაქალაქთან ახლოს ცხოვრობდნენ, რათა რჩევის საკითხავად მათი მოხმობა ადვილი ყოფილიყო (შდრ. დბ. 41:8; ფს. 105:17—22; ეს. 19:11, 12; იერ. 51:57). სპარსეთის სამეფო კარზე ბრძენკაცთა შვიდკაციანი საბჭო არსებობდა. მათგან რჩევის მოსმენა მეფეს ნებისმიერ დროს შეეძლო (ესთ. 1:13—15). ბრძენკაცები სპარსეთის დაბალი რანგის მოხელეებსაც ჰყავდათ (ესთ. 6:13).
ღვთის სულის დახმარებით იოსებმა ისეთი გონიერება და სიბრძნე გამოიჩინა, რომ ეგვიპტის ფარაონმა ის ქვეყანაში მეორე კაცად დანიშნა (დბ. 41:38—41; სქ. 7:9, 10). ვიდრე ღვთის წარმომადგენლად დაინიშნებოდა, მოსემ „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ ისწავლა და „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“, მაგრამ ადამიანური სიბრძნე და უნარები საკმარისი არ ყოფილა იმისათვის, რომ მას ღვთის განზრახვა შეესრულებინა. თავისი დაჩაგრული მოძმეების დახსნის პირველი მცდელობის (დაახლ. 40 წლის ასაკში) შემდეგ, მოსეს 40 წელი მოუწია ცდა, ვიდრე ღვთაებრივ სიბრძნეს შეიძენდა და ისრაელის ეგვიპტიდან გამოსაყვანად გაიგზავნებოდა (სქ. 7:22—36; შდრ. კნ. 34:9).
სოლომონს სიბრძნე გამეფებამდეც არ აკლდა (1მფ. 2:1, 6, 9), მაგრამ გამეფების შემდეგ ღმერთს ლოცვაში უთხრა, რომ „ჯერ ბავშვი“ იყო და მისი დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა ღვთის ხალხის მართვას. ღმერთმა მას „ბრძენი და გაგებული გული“ მისცა, ისეთი, როგორიც არ ჰქონია იუდას არც ერთ მეფეს (1მფ. 3:7—12). სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა და ეგვიპტელთა სიბრძნეს; იერუსალიმი გახდა ადგილი, სადაც სხვადასხვა მონარქები თუ მათი წარმომადგენლები სოლომონის სიბრძნის მოსასმენად ჩადიოდნენ (1მფ. 4:29—34; 10:1—9, 23—25). ძველად სიბრძნით ქალებიც გამოირჩეოდნენ (2სმ. 14:1—20; 20:16—22; შდრ. მსჯ. 5:28, 29).
ყოველთვის არ ემსახურება კარგ მიზანს. ადამიანური სიბრძნე შეიძლება სასიკეთო ან საზიანო იყოს. თუ საზიანოა, მაშასადამე ხორციელია და არ მომდინარეობს ღვთისგან. იეჰონადაბი „ძალიან ჭკვიანი იყო“, მაგრამ დავითის ვაჟს, ამნონს გაიძვერული და მოტყუებაზე გათვლილი რჩევა მისცა, რამაც გაამართლა, მაგრამ ერთობ სავალალო შედეგი მოჰყვა (2სმ. 13:1—31). აბესალომმა მზაკვრობას მიმართა მამამისის, დავითის ტახტიდან ჩამოსაგდებად (2სმ. 14:28—33; 15:1—6). იერუსალიმში შესვლის შემდეგ მან რჩევა ჰკითხა მამამისის მრჩევლებს, ახითოფელსა და ხუშაის. ახითოფელის ბრძნული რჩევები ყოველთვის ამართლებდა, ამიტომ მის რჩევას ღვთისგან მომდინარედ მიიჩნევდნენ. მაგრამ მან ღვთის ცხებულს უღალატა. იეჰოვას ჩარევით მის ბრძნულ გეგმას დავითის ერთგული ხუშაის გეგმა ამჯობინეს. ხუშაიმ ისარგებლა აბესალომის პატივმოყვარეობით და სისუსტეებით და ისეთი რჩევა მისცა, რამაც ის დაღუპვამდე მიიყვანა (2სმ. 16:15—23; 17:1—14). პავლე მოციქული წერდა: «„ის [ღმერთი] ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“ და „იეჰოვამ იცის, რომ ამაოა ბრძენთა აზრები“» (1კრ. 3:19, 20; შდრ. გმ. 1:9, 10, 20, 21; ლკ. 20:19—26).
ზოგჯერ ისრაელის ორგული მღვდლები, წინასწარმეტყველები და ბრძენკაცები ხალხს იმისკენ უბიძგებდნენ, რომ არაფრად ჩაეგდოთ ღვთის ერთგულ მსახურთა მიერ გაცხადებული ღვთის ნება (იერ. 18:18). ამიტომაც იეჰოვამ მათი ბრძენთა სიბრძნე მოსპო და გონიერთა გონიერება დამალა (ეს. 29:13, 14; იერ. 8:8, 9) და დააქცია მათი 500-წლიანი სამეფო (ისევე როგორც იერუსალიმის მედიდური გამაჩანაგებელი ბაბილონი და თავმომწონე ტვიროსის დინასტია) (ეს. 47:10—15; ეზკ. 28:2—17). ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ღვთიურ სიბრძნეს მიწიერი სიბრძნე არჩიეს.
ადამიანური სიბრძნის ამაოება. მას შემდეგ, რაც მეფე სოლომონმა გამოიკვლია „მწუხარების მომტანი საქმე“, რომელიც კაცობრიობას ცოდვამ და არასრულყოფილებამ მოუტანა, ადამიანურ სიბრძნეს „ქარის დევნა“ უწოდა. ადამიანს არ ძალუძს არასრულყოფილ საზოგადოებაში არსებული უწესრიგობის, უკუღმართობისა და არასრულფასოვნების გამოსწორება. ამიტომ ის, „ვინც მეტ ცოდნას იძენს“, იმედგაცრუებასა და წუხილს განიცდის, ვინაიდან მთელი სიმძაფრით აცნობიერებს, რომ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია (ეკ. 1:13—18; 7:29; შდრ. რმ. 8:19—22-ს, სადაც პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაიხსნის ღმერთი კაცობრიობას ხრწნისა და ამაოების მონობისგან).
სოლომონმა ისიც დაინახა, რომ ადამიანი თავისი სიბრძნით დროსტარების ათასგვარ საშუალებას ქმნის და სიმდიდრესაც იხვეჭს, თუმცა ამას ნამდვილი ბედნიერება და კმაყოფილება არ მოაქვს. ბრძენიც ისევე კვდება, როგორც სულელი და არ იცის, მისი ქონება ვის დარჩება; მის სიბრძნეს სიკვდილი უღებს ბოლოს (ეკ. 2:3—11, 16, 18—21; 4:4; 9:10; შდრ. ფს. 49:10). „დრომ და შემთხვევამ“ ბრძენს შეიძლება მოულოდნელად უბედურება დაატეხოს თავს და ულუკმაპუროდ დატოვოს (ეკ. 9:11, 12). ადამიანი საკუთარი სიბრძნით ვერასდროს ჩასწვდება „ჭეშმარიტი ღვთის ყოველ საქმეს“ და ვერასდროს მიაგნებს კაცობრიობის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტის გზებს (ეკ. 8:16, 17; შდრ. იობი თ. 28).
სოლომონს იმის თქმა არ სურდა, რომ ადამიანურ სიბრძნეს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მან უგუნურებაც გამოიკვლია და აღნიშნა, რომ სიბრძნე მასზე ისე უპირატესობს, როგორც სინათლე სიბნელეზე. ბრძენს „თვალები თავის ადგილზე აქვს“ ანუ საღად განსჯის ყველაფერს, სულელი კი აზრიანად არაფერს აკვირდება (ეკ. 2:12—14; შდრ. იგ. 17:24; მთ. 6:22, 23). სიბრძნე ადამიანს ფულზე მეტად იცავს (ეკ. 7:11, 12). მაგრამ სოლომონმა აღნიშნა, რომ ადამიანური სიბრძნე შედარებითია და მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ არ ეწინააღმდეგება ღვთიურ სიბრძნესა და განზრახვებს (ეკ. 2:24; 3:11—15, 17; 8:12, 13; 9:1). ზოგი მთელი მონდომებით ცდილობს საკუთარი სიბრძნის წარმოჩენას ისე, რომ ავიწყდება თავისი შეზღუდული შესაძლებლობები და თავს იუბედურებს (ეკ. 7:16; შდრ. ეკ. 12:12). მაგრამ ვინც თავის შემოქმედს ემსახურება და სჯერდება იმას, რასაც თავისი გარჯით იხვეჭს, ღმერთი „სიბრძნეს, ცოდნასა და მხიარულებას“ უბოძებს (ეკ. 2:24—26; 12:13).
წმინდა საიდუმლო ადამიანური სიბრძნის წინააღმდეგ. საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა დიდი სიბრძნე დააგროვეს. ზოგი სიბრძნეს სხვადასხვა სკოლაში ეზიარა, ზოგმა სხვისგან, ზოგმაც საკუთარი გამოცდილებიდან შეიძინა. ამგვარი წყაროებიდან მიღებული სიბრძნის მიმართ ქრისტიანებს სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. თავის ერთ-ერთ მაგალითში იესომ უმართლო სახლის მმართველს, რომელიც თავისი უშფოთველი მომავლის უზრუნველსაყოფად ბატონის მოვალეებს მოურიგდა, წინდახედული [ფრონიმოს] უწოდა. თუმცაღა ასეთი გათვლა და შორსმჭვრეტელობა „ქვეყნიერების ძეებს“ ახასიათებთ და არა „სინათლის ძეებს“ (ლკ. 16:1—8). სანამ ამ მაგალითს მოიყვანდა, იესომ თავისი ზეციერი მამა განადიდა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარა და „ჩვილებს“ ანუ მის მოწაფეებს გაუმჟღავნა (ლკ. 10:21—24). ასეთ ბრძენ და ჭკვიან კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ რაბინთა სკოლებში განსწავლული მწიგნობრები და ფარისევლები (შდრ. მთ. 13:54—57; ინ. 7:15).
პირველ საუკუნეში ბერძნები იყვნენ განთქმული კულტურით, განათლებით, ფილოსოფიური მიმდინარეობებითა და სკოლებით. ალბათ ამიტომ იყო, რომ პავლემ ისინი ბრძენთა, ხოლო ბარბაროსები უგუნურთა პარალელურად მოიხსენია (რმ. 1:14). პავლემ გასაგებად განუმარტა კორინთში მცხოვრებ ბერძენ ქრისტიანებს, რომ ქრისტიანობაში არ იყო ამ ქვეყნიერების ანუ ღვთისგან გაუცხოებული კაცობრიობის სიბრძნე [სოფიან] (1კრ. 1:20; იხ. ქვეყნიერება [ღვთისგან გაუცხოებული ქვეყნიერება]). ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ ქვეყნიერების სიბრძნე ყოვლად გამოუსადეგარია. მაგალითად, პავლე კარგად ფლობდა კარვის კერვის ოსტატობას და ჭეშმარიტების მხარდასაჭერად ხანდახან საერო მწერლობიდან მოჰყავდა ციტატები (სქ. 18:2, 3; 17:28, 29; ტიტ. 1:12). თუმცა, ზოგადად ამ ქვეყნიერების ფილოსოფია — წარმოდგენები, მიდგომები, ნორმები და მიზნები — ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და იმ სიბრძნეს, რომელიც ღვთის წმინდა საიდუმლოშია.
ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით უგუნურებად მიიჩნია და უარყო ქრისტეს მეშვეობით ხსნა. ამ ქვეყნიერების ჭკვიანმა და საზრიანმა მმართველებმა ბოძზე გააკრეს დიდებული უფალი (1კრ. 1:18; 2:7, 8). მაგრამ ღმერთმა დაამტკიცა ქვეყნიური სიბრძნის უგუნურება და შეარცხვინა ბრძენკაცები ღვთის „უგუნურებით“ და ის ხალხი, ვისაც ბრძენნი ამა ქვეყნისანი უგუნურებად, სუსტებად და მდაბიოებად მიიჩნევენ, თავისი განზრახვის შესასრულებლად გამოიყენა (1კრ. 1:19—28). პავლემ კორინთელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ ამ ქვეყნიერებისა და მისი მმართველების სიბრძნეს ბოლო მოეღებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულთა ქადაგება არ შეიცავდა ამ სიბრძნეს (1კრ. 2:6, 13). პავლემ გააფრთხილა კოლოსელი ქრისტიანები, არ გატაცებულიყვნენ „ფილოსოფიითა [ფილოსოფიას, სიტყვასიტყვით სიბრძნის სიყვარული] და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (კლ. 2:8; შდრ. კლ. 2:20—23).
დროებითი წარმატების მიუხედავად, ქვეყნიური სიბრძნე განწირული იყო კრახისთვის. ცხებული ქრისტიანების კრებას კი ჰქონდა ღვთაებრივი სიბრძნე, რომელმაც ისინი „ქრისტეს განუზომელ სიმდიდრემდე“ მიიყვანა. ვინაიდან ქრისტიანული კრება ღვთის წმინდა საიდუმლოს ნაწილი გახდა, მისი მეშვეობით (იგულისხმება ღვთის ურთიერთობა კრებასთან და მისი როლი ღვთის განზრახვაში) „ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე“ „ზეციურ მთავრობებსა და ხელისუფლებებს“ ეუწყათ (ეფ. 3:8—11; 1:17, 18; შდრ. 1პტ. 1:12). ამ კრების წევრებს „ქრისტეს გონება“ ჰქონდათ (შდრ. ფლ. 2:5—8); მათი ცოდნა და გაგება ბევრად აღემატებოდა ქვეყნიურისას. აქედან გამომდინარე, ისინი ლაპარაკობდნენ არა „ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით“, ქვეყნიერებისთვის „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანების „ბაგეზე დადებული სიბრძნით“, რომლის გაბათილებაც მოწინააღმდეგეებს არ შეეძლოთ (1კრ. 2:11—16; ლკ. 21:15; სქ. 4:13; 6:9, 10).
სულიერი ბრძოლა. პავლე მოციქული ღვთაებრივი სიბრძნით ებრძოდა მათ, ვინც ქრისტიანული კრების, მაგალითად კორინთის კრების, შერყვნას ცდილობდა (1კრ. 5:6, 7, 13; 2კრ. 10:3—6; შდრ. 2კრ. 6:7). პავლემ იცოდა, რომ „სიბრძნე საბრძოლო იარაღს სჯობია. ერთ ცოდვილს ბევრი კარგი რამის მოსპობა შეუძლია“ (ეკ. 9:18; 7:19). იგი ახსენებს სიმაგრეების დამხობას (2კრ. 10:4), რაც აზრობრივად შეესაბამება ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით იგავების 21:22-ის მეორე ნაწილს. პავლემ ისიც იცოდა, რაოდენ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე თავის დაჭერის მანერა, ნიჭი, ძლიერი ხასიათი და მჭევრმეტყველება, და რომ ძლევამოსილთა ნათქვამს უფრო ისმენენ, ვიდრე გაჭირვებული ბრძენის წყნარად ნათქვამ სიტყვებს (შდრ. ეკ. 9:13—17). იესო, რომელიც არც სოლომონივით მდიდარი იყო და არც ისეთი მდგომარეობა ეკავა, როგორიც სოლომონს, სიბრძნით ბევრად აღემატებოდა მას, თუმცა მმართველები და უბრალო ადამიანები არაფრად აგდებდნენ მას (შდრ. მთ. 12:42; 13:54—58; ეს. 52:13—15; 53:1—3).
საკუთარი უნარით (შდრ. იერ. 9:23, 24) და არა კარგი გულით მოტრაბახენი პავლეს სუსტ ადამიანად მიიჩნევდნენ, ხოლო მის სიტყვას — არარაობად (2კრ. 5:12; 10:10). ამის მიუხედავად პავლე ერიდებოდა მაღალფარდოვან ლაპარაკს, ადამიანური სიბრძნის ფრქვევასა და მისი მეშვეობით ვინმეს დარწმუნებას, რათა მისი მსმენელების რწმენა ღვთის სულზე, ძალაზე და ქრისტეზე ყოფილიყო დაფუძნებული და არა „ადამიანთა სიბრძნეზე“ (1კრ. 1:17; 2:1—5; 2კრ. 5:12). სულიერი ხედვის წყალობით პავლე, „როგორც ბრძენი ხუროთმოძღვარი“, სულიერ მშენებლობას ეწეოდა და ღმერთთან თანამშრომლობდა, რათა ჭეშმარიტად ქრისტიანული თვისებებით შემკული ქრისტიანები მოემზადებინა (1კრ. 3:9—16).
თუ ვინმე დიდ სიბრძნეს ფლობს ამა თუ იმ ხელობაში, ვაჭრობაში, საქმის მართვა-წარმოებაში, მეცნიერებასა თუ ფილოსოფიაში, უნდა ახსოვდეს: „ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში ბრძენია, უგუნური გახდეს, რათა დაბრძენდეს“ (1კრ. 3:18). მან მხოლოდ იმით უნდა იამაყოს, რომ შეუძლია ჩასწვდეს ცოდნას იეჰოვას შესახებ, რომ იცნობს მას, ვისაც სიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე (იერ. 9:23, 24; 1კრ. 1:31; 3:19—23).
ბრძნული მართვა-გამგებლობა. გაპიროვნებული სიბრძნე ამბობს: „ჩემთან არის რჩევა და სიბრძნე, გაგების უნარი და ძლევამოსილება. ჩემით მეფობენ მეფეები და სიმართლეს ადგენენ მმართველები. ჩემით მმართველობენ მთავრები და სიმართლით ასამართლებენ წარჩინებულები. ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს, და ვინც მეძებს, მპოულობს“ (იგ. 8:12, 14—17). მესიანური მეფე ასეთ აღმატებულ, ღვთაებრივ სიბრძნეს ფლობს (ეს. 11:1—5; შდრ. გმც. 5:12). ასეთი სიბრძნე ბევრად აღემატება ბუნებრივ ნიჭს. ღვთის კანონებით დაბრძენებულ ადამიანს ღვთის სულის დახმარებით შეუძლია სწორი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება (ეზრ. 7:25; 1მფ. 3:28; იგ. 24:23; შდრ. კნ. 16:18, 19; იაკ. 2:1—9). ღვთიური სიბრძნე თვალს არ ხუჭავს ბოროტებაზე, არამედ ებრძვის მას (იგ. 20:26).
ქრისტიანულ კრებაში „სულითა და [ღვთიური] სიბრძნით სავსე“ მამაკაცებს ირჩევდნენ და არა მათ, ვინც ქვეყნიერებაში წარმატებული იყო და ხორციელ სიბრძნესა და ნიჭს ფლობდა (სქ. 6:1—5; შდრ. 1ტმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9). მათ შორის იყვნენ „წინასწარმეტყველები, ბრძენები და მოძღვრები“, რომლებსაც თავის დროზე იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა. ისინი ქრისტიანულ კრებაში წყვეტდნენ სამართლებრივ საკითხებს და მრჩევლების როლს ასრულებდნენ, როგორც ბრძენკაცები ძველ ისრაელში (მთ. 23:34; 1კრ. 6:5). ისინი გადაწყვეტილებებს ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე იღებდნენ (იგ. 13:10; 24:5, 6; შდრ. სქ. 15:1—22).
ჭეშმარიტი სიბრძნის შეძენა. ბიბლიური იგავი გვირჩევს: „იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას; იყიდე სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი“ (იგ. 23:23). იეჰოვა, ჭეშმარიტი სიბრძნის წყარო, უშურველად აძლევს სიბრძნეს თავის მოშიშთ, რომლებსაც გულწრფელად სურთ მისი მიღება და რწმენით ითხოვენ მას (იგ. 2:1—7; იაკ. 1:5—8). მაგრამ სიბრძნის მაძიებელმა დრო უნდა გამოყოს ღვთის სიტყვის, მისი კანონების, შეხსენებებისა და რჩევების შესასწავლად. უნდა გააანალიზოს ღვთის ქმედებები და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს (კნ. 4:5, 6; ფს. 19:7; 107:43; 119:98—101; იგ. 10:8; შდრ. 2ტმ. 3:15—17). მან ბრძნულად უნდა გამოისყიდოს ხელსაყრელი დრო, რათა უგუნურად არ მოიქცეს ამ ბოროტ წუთისოფელში და ჩასწვდეს, „რა არის იეჰოვას ნება“ (ეფ. 5:15—20; კლ. 4:5, 6). მან მტკიცე რწმენა უნდა განივითაროს და დარწმუნებული უნდა იყოს ღვთის უძლეველ ძალაში, რომ ღვთის ნება უცილობლად შესრულდება და ის აკურთხებს თავის ერთგულთ (ებ. 11:1, 6; 1კრ. 15:13, 14, 19).
მხოლოდ ასე შეძლებს ადამიანი სწორი ცხოვრებისეული კურსის არჩევას და მას ამ გზიდან ვერ ააცდენს შიში, სიხარბე, უზნეო სურვილები თუ სხვა საზიანო განცდები (იგ. 2:6—16; 3:21—26; ეს. 33:2, 6). გაპიროვნებული სიბრძნე ამბობს: „ბედნიერია, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და დარაჯად დგას ჩემი შესასვლელის წირთხლებთან. ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს პოვებს და იეჰოვას კეთილგანწყობას დაიმსახურებს, ხოლო ვინც არ მომძებნის, თავის სულს ავნებს. ყველა ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს“ (იგ. 8:34—36; 13:14; 24:13, 14).
სიბრძნე და გული. სიბრძნე გონებას უკავშირდება, მაგრამ გული, საიდანაც სათავეს იღებს ზრახვები, მოტივები და გრძნობები, გაცილებით მნიშვნელოვანია ნამდვილი სიბრძნის შესაძენად (ფს. 49:3, 4; იგ. 14:33; იხ. გული). ღვთის მსახური ცდილობს, ღრმად ჩაიდოს გულში სიბრძნე, რათა ბრძნულად და სწორი მოტივით წარმართოს თავისი გზა (შდრ. ფს. 51:6, 10; 90:12). „ბრძენს გული მარჯვნივ აქვს [გული მზად არის კრიტიკულ მომენტში მის დასახმარებლად და დასაცავად (შდრ. ფს. 16:8; 109:31)], სულელს კი — მარცხნივ [ვერ წარმართავს მის ცხოვრებას სწორი მიმართულებით]“ (ეკ. 10:2, 3; შდრ. იგ. 17:16; რმ. 1:21, 22). ვინც ნამდვილ სიბრძნეს ფლობს, თავის გულს სიბრძნით წვრთნის (იგ. 23:15, 16, 19; 28:26). ასე ვთქვათ, ის გულის ფიცარზე იწერს ღვთის მცნებებსა და კანონებს (იგ. 7:1—3; 2:2, 10).
გამოცდილება და ურთიერთობა. გამოცდილება კაცს აბრძენებს. ზრდასთან ერთად სიბრძნე იესოსაც ემატებოდა (ლკ. 2:52). მოსემ თავკაცებად დანიშნა „ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები“ (კნ. 1:13—15). ზოგჯერ ადამიანს საკუთარი ან სხვისი სასჯელი აბრძენებს (იგ. 21:11), მაგრამ უმჯობესია, თუ ბრძენებთან და გამოცდილებთან ურთიერთობით დაბრძენდება და გამოუცდელებთან არ დაიჭერს საქმეს (იგ. 9:1—6; 13:20; 22:17, 18; შდრ. 2მტ. 9:7). სიბრძნეს ხშირად უფროსი ასაკის ხალხი ფლობს, მით უმეტეს, თუ მათ ღვთის სული ხელმძღვანელობს (იობ. 32:7—9). ამაში თავად დარწმუნდა მეფე რობოამი (1მფ. 12:5—16). თუმცაღა „ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს, რომელიც გაფრთხილებას არაფრად აგდებს“ (ეკ. 4:13—15).
ქალაქის კარიბჭეებთან (რომლებსაც ხშირად მოედნები ესაზღვრებოდა) თავს იყრიდნენ უხუცესები, რომლებიც ხალხს რჩევებს აძლევდნენ და განსჯიდნენ (შდრ. იგ. 1:20, 21; 8:1—3). იქ ვერ გაიგონებდით უგუნურთა ხმას (მათ არც ჭკუას ეკითხებოდა ვინმე და არც თავად შეეძლოთ ვინმეს დარიგება) (იგ. 24:7). ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია სულელის სიმღერასა და სიცილს (ეკ. 7:5, 6). ვინც სხვებს ერიყება, თვალსაწიერს ვერ იფართოვებს და საკუთარ სურვილებს ემონება, საბოლოოდ კი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის (იგ. 18:1).
საუბარსა და ქცევაში. იგავების 11:2-ში ნათქვამია, რომ „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“; იაკობი „სიბრძნისთვის ჩვეულ რბილ ხასიათს“ მოიხსენიებს (იაკ. 3:13). მას, ვისაც ახასიათებს შურიანობა, შუღლი, ტრაბახი და სიჯიუტე, ნამდვილი სიბრძნე აკლია და „მიწიერი, ხორციელი და დემონური“ სიბრძნით ხელმძღვანელობს. ნამდვილი სიბრძნე „მშვიდობიანია, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის“ (იაკ. 3:13—18). „უგუნურის სიტყვები ამპარტავნობის ჯოხია; ბრძენს თავისივე ბაგეები დაიცავს“. ბრძენი თავს იკავებს ამპარტავნული, უკმეხი და დაუფიქრებელი საუბრისგან (იგ. 14:3; 17:27, 28; ეკ. 10:12—14). მისი პირიდან აზრიანი, სასიამოვნო და სასარგებლო სიტყვები ამოდის (იგ. 12:18; 16:21; ეკ. 12:9—11; კლ. 3:15, 16) და არა შუღლის გამომწვევი; ის ცდილობს, მღელვარება დააცხროს და ბრძნული დარიგებით შეიძინოს სულები (იგ. 11:30; 15:1—7; 16:21—23; 29:8).
ვისაც თავი ბრძენი ჰგონია და სხვებს თავს ამეტებს (თვით ღმერთსაც), იმ სულელზე უარეს დღეში იგდებს თავს, რომელიც თავს არ დებს ცოდნაზე (იგ. 26:5, 12; 12:15). ასეთ თავდაჯერებულ ადამიანს შეგონება არ უყვარს (იგ. 3:7; 15:12; ეს. 5:20, 21). პარადოქსია, მაგრამ საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა ხშირად ზარმაცებსა და მდიდრებს აქვთ (იგ. 26:16; 28:11; შდრ. 1ტმ. 6:17). „ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენისგან შეგონება მომსმენი ყურისთვის“ (იგ. 25:12). „შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს“ (იგ. 9:8; 15:31—33).
სიბრძნე ოჯახში. სიბრძნით შენდება ოჯახი, მისი ბედნიერება და წარმატება (იგ. 24:3, 4; შდრ. იგ. 3:19, 20; ფს. 104:5—24). ბრძენი მშობლები სჯიან შვილებს და რჩევა-დარიგებითა და შეგონებით ცდილობენ დაიცვან შეცდომებისგან (იგ. 29:15). ბრძენი ცოლი თავისი ოჯახის წარმატებასა და ბედნიერებას უწყობს ხელს (იგ. 14:1; 31:26). როცა შვილები ბრძნულად იქცევიან და ემორჩილებიან მშობლებს, გულს უხარებენ ოჯახის წევრებს, ბურთს სჩრიან პირში ოჯახის შეურაცხმყოფლებს და ამტკიცებენ, რომ ბრძენი და კარგი მამის შვილები არიან (იგ. 10:1; 13:1; 15:20; 23:24, 25; 27:11).