მიდიან ცხოველები ზეცაში?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მიწიერი ქმნილებებიდან მხოლოდ ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა მიდის ზეცაში (გამოცხადება 14:1, 3). ისინი იქ იმიტომ მიდიან, რომ ქრისტესთან ერთად იმეფონ და იმსახურონ მღვდლებად (ლუკა 22:28—30; გამოცხადება 5:9, 10). ადამიანთა უმრავლესობა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება (ფსალმუნი 37:11, 29).
ბიბლიაში არსად არაა ნათქვამი, რომ ცხოველები ზეცაში მიდიან და ამის საფუძვლიანი მიზეზიც არსებობს: ცხოველები ვერასოდეს დააკმაყოფილებენ ზეციური მოწოდებისთვის საჭირო მოთხოვნებს (ებრაელები 3:1). ამ მოთხოვნებში შედის ცოდნის მიღება, რწმენის განვითარება და ღვთის მითითებების გათვალისწინება (მათე 19:17; იოანე 3:16; 17:3). ღმერთმა მარადიული სიცოცხლისთვის მხოლოდ ადამიანები შექმნა (დაბადება 2:16, 17; 3:22, 23).
ზეციური სიცოცხლის მისაღებად, მიწიერი ქმნილებები ჯერ უნდა დაიხოცონ და მერე აღდგნენ (1 კორინთელები 15:42). ბიბლიაში მოთხრობილია მკვდრეთით აღდგომის რამდენიმე შემთხვევა (1 მეფეები 17:17—24; 2 მეფეები 4:32—37; 13:20, 21; ლუკა 7:11—15; 8:41, 42, 49—56; იოანე 11:38—44; საქმეები 9:36—42; 20:7—12). თუმცა ყველა შემთხვევა ადამიანს ეხებოდა და არა ცხოველს.
აქვთ ცხოველებს სული?
არა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანები და ცხოველები არიან სულები (რიცხვები 31:28). როდესაც ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი, შექმნა, მას სული კი არ მისცა, არამედ ის „ცოცხალ სულად“ აქცია (დაბადება 2:7). სული ორი რამისგან შედგება: „მიწის მტვრისგან“ და „სიცოცხლის სუნთქვისგან“.
მოკვდავია სული?
დიახ, ბიბლიის თანახმად სული კვდება (ლევიანები 21:11, სქოლიო; ეზეკიელი 18:20). სიკვდილის შემდეგ ცხოველები და ადამიანები მიწის მტვერს უბრუნდებიან (ეკლესიასტე 3:19, 20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი წყვეტენ არსებობას.a
სცოდავენ ცხოველები?
არა. ცოდვის ჩადენა ნიშნავს ისეთ რამეზე ფიქრს ან ისეთი რამის გაკეთებას, რაც ღვთიურ ნორმებს ეწინააღმდეგება. ცოდვის ჩადენამდე ქმნილებას უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ზნეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ცხოველებს კი ეს უნარი არ გააჩნიათ. თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ისინი შინაგანი ინსტინქტებით მოქმედებენ (2 პეტრე 2:12). ბოლოს კი იხოცებიან, თუმცა ცოდვას არ სჩადიან.
დასაშვებია ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა?
არა. ღმერთმა ადამიანებს დაუმორჩილა ცხოველები, თუმცა არ მიუცია იმის უფლება, რომ მათ სასტიკად მოპყრობოდნენ (დაბადება 1:28; ფსალმუნი 8:6—8). ღმერთი დაინტერესებულია თითოეული ქმნილების, მათ შორის, პაწაწინა ფრინველის, სიცოცხლით (იონა 4:11; მათე 10:29). მან თავის მსახურებს უბრძანა, სათანადოდ ეზრუნათ ცხოველებზე (გამოსვლა 23:12; კანონი 25:4; იგავები 12:10).