წარღვნა
წყალდიდობა, რომელმაც ნოეს დროს (ძვ. წ. 2370) დედამიწა დაფარა და ადამიანები და ცხოველები გაანადგურა. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში იეჰოვასგან მოვლენილი უდიდესი კატაკლიზმი იმ ბოროტ ადამიანთა დასასჯელად, რომლებმაც დედამიწა ძალადობით აავსეს. გადარჩა მხოლოდ უზარმაზარ კიდობანში თავშეფარებული მართალი ნოე და მისი ოჯახი, სულ რვა სული, და მათთან ერთად კიდობანში მყოფი ყველა სახეობის ცხოველი (დბ. 6:9—9:19; 1პტ. 3:20; იხ. კიდობანი №1; ნოე №1).
წარღვნის მასშტაბი. წარღვნა ჩვეულებრივი წყალდიდობა არ ყოფილა. ბიბლიაში გამოყენებულია წარღვნის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა კატაკლიზმოს, იგივე კატაკლიზმი, რაც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს (ლკ. 17:27). ჩვეულებრივი წყალდიდობა, როგორც წესი, რამდენიმე დღეს გრძელდება, წარღვნა კი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და აქედან უმეტესი დრო წყლის კლებას დასჭირდა. ეს რომ ჩვეულებრივი წყალდიდობა ყოფილიყო, ნოე ოჯახისა და ცხოველების გადასარჩენად არ ააგებდა უზარმაზარ გემს, რომლის მოცულობაც 40 000 მ3 იყო და რომლის აგებასაც 50-60 წელი დასჭირდა. წარღვნა მცირე მასშტაბისა რომ ყოფილიყო, საჭირო არ იქნებოდა კიდობანში „ყოველი ცოცხალი ქმნილების“ შეყვანა, რათა ეცოცხლათ ამ ქმნილებებს „მთელი დედამიწის პირზე“ (დბ. 6:19; 7:3). წარღვნამ, რომლის მსგავსიც არც მანამდე ყოფილა და არც მის შემდეგ, მთელი დედამიწა მოიცვა. „ისე იმძლავრა წყალმა დედამიწაზე, რომ დაფარა ყველა მაღალი მთა ცისქვეშეთში; მათ ზემოთ თხუთმეტი წყრთით [დაახლ. 6,5 მ] აიწია წყალმა და დაფარა მთები“ (დბ. 7:19, 20). იეჰოვამ წარღვნამდე ნოეს უთხრა: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო ... აღვგვი მიწის პირიდან ყოველ არსებას, რომელიც შევქმენი“. ასეც მოხდა. „მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა, რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო ... გადარჩნენ მხოლოდ ნოე და კიდობანში მასთან ერთად მყოფნი“ (დბ. 6:13; 7:4, 22, 23).
დროის გამოთვლა. წარღვნა ხალხისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „სიმართლის მქადაგებელი“ ნოე წლების მანძილზე აშენებდა კიდობანს და ამავდროულად უღვთო თაობას აფრთხილებდა (2პტ. 2:5). ბოლოს, „ნოეს სიცოცხლის მეექვსასე წლის მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“, წარღვნის დროც დადგა. ნოე და მისი ოჯახი კიდობანში შევიდნენ, შეიყვანეს „დედალ-მამალი ყოველგვარი ხორციელიდან“ და შეიტანეს საკვების მარაგი. „დაკეტა იეჰოვამ კარი“ და „გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში“ (დბ. 7:11, 16). „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ განუწყვეტლივ წვიმდა. „ას ორმოცდაათ დღეს მძლავრობდა წყალი დედამიწაზე“ (დბ. 7:4, 12, 24). წარღვნის დაწყებიდან მეხუთე თვეს კიდობანი „არარატის მთებზე გაჩერდა“ (დბ. 8:4). ორთვე-ნახევრის შემდეგ „მთების მწვერვალები გამოჩნდა“ (დბ. 8:5). კიდევ სამი თვის შემდეგ ნოემ კიდობანს სახურავი ახადა, რათა ენახა, გამშრალი იყო თუ არა დედამიწა (დბ. 8:13). დაახლოებით ორი თვის შემდეგ წარღვნას გადარჩენილებმა კვლავ დადგეს ფეხი მშრალ მიწაზე (დბ. 8:14—18).
ნოე და მისი ოჯახი კიდობანში ნოეს სიცოცხლის მეექვსასე წლის მეორე თვის (ოქტომბერ-ნოემბერი) მეჩვიდმეტე დღეს შევიდნენ (დბ. 7:11). გამოდის რომ, ერთი წლის (360-დღიანი) შემდეგ ექვსასმეერთე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღე იქნებოდა. კიდობნიდან ისინი ათი დღის შემდეგ, მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოვიდნენ; მთლიანობაში ნოემ და მისმა ოჯახმა კიდობანში 370 დღე (ან არასრული 371 დღე) დაჰყვეს (დბ. 8:13, 14). უდავოა, რომ ნოე ჩანაწერებს აწარმოებდა და დროის აღსარიცხავად ის, როგორც ჩანს, ოცდაათდღიან თვეს იყენებდა, თორმეტი ასეთი თვე კი 360 დღეს შეადგენდა. ნოეს ზუსტად მთვარისმიერი თვეები (29,5 დღეზე ოდნავ მეტი) არ გამოუყენებია, რითაც დროის აღრიცხვასთან დაკავშირებულ ზედმეტ სირთულეებს თავი აარიდა. ის ფაქტი, რომ ხუთთვიანი მონაკვეთი 150 დღედ მოიხსენიება, იმას მოწმობს, რომ ნოემ დროის აღსარიცხავად ოცდაათდღიანი მონაკვეთი გამოიყენა (დბ. 7:11, 24; 8:3, 4).
წარღვნის წყლები. როგორც ამბობენ, ატმოსფეროში არსებული მთელი ორთქლი წვიმის სახით ერთბაშად რომ ჩამოსულიყო, დედამიწის ზედაპირი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით დაიფარებოდა. მაშ, საიდან მოვიდა ნოეს წარღვნის დროს ამდენი წყალი? როგორც „დაბადებაში“ ვკითხულობთ, ღმერთმა ნოეს უთხრა: «მოვავლენ წარღვნას [„ზეციურ ოკეანეს“, ებრ. მაბბულ] დედამიწაზე» (დბ. 6:17). მომდევნო თავში ვკითხულობთ: „გადმოსკდა ვეებერთელა, ღრმა წყლის სათავეები და გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში“ (დბ. 7:11). წარღვნა იმდენად მასშტაბური იყო, რომ წყალმა „დაფარა ყველა მაღალი მთა ცისქვეშეთში“ (დბ. 7:19).
საიდან გაჩნდა ეს „ზეციერი ოკეანე“? „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ შემოქმედების მეორე „დღეს“ იეჰოვამ დედამიწის ირგვლივ სივრცე წარმოქმნა. ცად წოდებული ეს სივრცე მის ქვემოთ არსებულ წყლებს და მის ზემოთ არსებულ წყლებს ერთმანეთისგან ყოფდა (დბ. 1:6—8). როგორც ჩანს, სივრცის ზემოთა წყლები მეორე შემოქმედებითი „დღიდან“ წარღვნამდე არსებობდა. ეს იგულისხმა მოციქულმა პეტრემ, როცა თქვა, „რომ ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული“. სწორედ ცის ზემოთ და ქვემოთ არსებული წყლების „საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“ (2პტ. 3:5, 6). არაერთი ვარაუდი გამოითქვა იმის თაობაზე, თუ რა აკავებდა წარღვნამდე წყალს სივრცის ზემოთ და რა პროცესებმა განაპირობა დედამიწაზე მისი ჩამოღვრა. მაგრამ ვარაუდები ვარაუდებად რჩება. ბიბლია მარტივი ენით ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა წყალი სივრცის ზემოთ და დედამიწაზე მოავლინა წარღვნა. ამის გაკეთება კი ყოვლისშემძლე ღმერთს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.
სად არის დღეს ის წყალი, რომელმაც, „დაბადების“ თანახმად, „ყველა მაღალი მთა“ დაფარა? როგორც ჩანს, ეს წყალი დღესაც დედამიწაზეა. არსებობს ვარაუდი, რომ დღევანდელი ოკეანეები ადრინდელთან შედარებით გაცილებით დიდია, კონტინენტები კი — უფრო პატარა, რაზეც ოკეანის სიღრმეებში არსებული მდინარეთა არხებიც მოწმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერთა მტკიცებით, მთები უწინ უფრო დაბალი იყო, ვიდრე დღეს; მოგვიანებით ზოგიერთი მთა ზღვებიდანაც კი ამოიზიდა. თანამედროვე სურათი ასეთია: „ოკეანეების წყლის მოცულობა ზღვის დონის ზემოთ არსებული მიწის მოცულობას ათჯერ აღემატება. თუ ამ მიწას ოკეანეებში ჩავყრით და თანაბრად მოვასწორებთ, წყალი მთელ დედამიწას 2 400 მეტრის სიმაღლეზე დაფარავს“ (National Geographic, იანვარი 1945, გვ. 105). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წარღვნამდე მთები მაღალი არ იყო, არც ზღვის ფსკერი იყო ღრმა და პოლარული ყინულის საფარიც არ არსებობდა, წარღვნის წყალს თავისუფლად შეეძლო „ყველა მაღალი მთის“ დაფარვა, როგორც ეს ღვთივშთაგონებულ ცნობაში წერია (დბ. 7:19).
როგორ იმოქმედა დედამიწაზე. წარღვნას დიდი ცვლილებები მოჰყვა, მაგალითად, ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირდა. ზოგი ვარაუდობს, რომ წარღვნამდე სივრცეში არსებული წყლები ნაწილობრივ იცავდა დედამიწას მავნე რადიაციისგან, წარღვნის შემდეგ კი ადამიანის გენეტიკური კოდისთვის საზიანო კოსმოსური რადიაციის დონემ იმატა. თუმცა ბიბლია ამის შესახებ არაფერს ამბობს. რადიაციის დონე რომ მომატებულიყო, ეს იმდენად იმოქმედებდა ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის 14C წარმოქმნის სიჩქარეზე, რომ შეუძლებელი იქნებოდა წარღვნამდელი ნამარხების რადიოაქტიური მეთოდით დათარიღება.
მას შემდეგ, რაც უეცრად გაიხსნა „ღრმა წყლის სათავეები“ და „წყლის კარიბჭეები ცაში“, დედამიწა მილიონობით ტონა წყალმა დაფარა (დბ. 7:11). ეს უეჭველად გამოიწვევდა უდიდეს ცვლილებებს დედამიწის ზედაპირზე. დედამიწის ქერქი, რომელიც შედარებით თხელი და არათანაბარი სისქისაა, საკმაოდ ბლანტ მასაზეა გადაჭიმული, რომლის დიამეტრიც ათასობით კილომეტრს აღწევს. შესაბამისად, წყლის დიდი წნევის გამო დედამიწის ქერქმა მკვეთრად იცვალა სახე. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ახალი მთები ამოიზიდა, უკვე არსებული მთები კი ამაღლდა, წყალმარჩხი ზღვის აუზები ჩაღრმავდა და ახალი სანაპირო ზოლები გამოიკვეთა. სწორედ ამ ცვლილებების გამოა დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70 პროცენტი წყლით დაფარული. დედამიწის ქერქში მომხდარი ცვლილებებით შეიძლება აიხსნას სხვადასხვა გეოლოგიური მოვლენა, მაგალითად, ძველი სანაპირო ზოლების ახალ სიმაღლეზე აზიდვა. როგორც ზოგიერთი ვარაუდობს, წყლის წნევა უწინ „1 სმ2-ზე 310 კგ-ს“ შეადგენდა, რაც სავსებით საკმარისი იყო ფლორისა და ფაუნის სწრაფი ფოსილიზაციისთვის ანუ გაქვავებისთვის (იხ. The Biblical Flood and the Ice Epoch, დ. პატენი, 1966, გვ. 62).
რა ადასტურებს იმას, რომ მსოფლიო წარღვნა ნამდვილად მოხდა?
დედამიწაზე რადიკალური ცვლილებების მოხდენას სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი მამონტებისა და მარტორქების ნამარხი ნაშთებიც ადასტურებს. ზოგი მათგანი ნაპოვნია ციმბირის კლდეებში, აგრეთვე ციმბირისა და ალასკის ყინულოვან საფარში (სურათი, ტ. 1, გვ. 328). ზოგიერთს პირის ღრუსა და კუჭში საკვების ნარჩენები აღმოუჩინეს, რაც მათ მოულოდნელ სიკვდილზე მოწმობს. სავარაუდოდ, ათობით ათასი მამონტია ნაპოვნი, რაზეც ის ფაქტი მიგვანიშნებს, რომ მათი ეშვები დიდი რაოდენობით იყიდება. ნიადაგის საერთო შრეში მამონტების გარდა ნაპოვნია ლომების, ვეფხვების, დათვებისა და ლოსების ნამარხი ნაშთები, რაც მათ ერთდროულ დაღუპვაზე მეტყველებს. ზოგი ამ აღმოჩენებით ასაბუთებს კლიმატის მოულოდნელ ცვლილებას და მსოფლიო წარღვნით ცოცხალი არსებების განადგურებას. თუმცა ზოგი ცხოველების განადგურებას მსოფლიო კატასტროფას არ უკავშირებს. ასე იყო თუ ისე, წარღვნის არსებობას მხოლოდ ცხოველების ნამარხები არ ადასტურებს.
ლეგენდები წარღვნაზე. მსოფლიო წარღვნისნაირი კატაკლიზმი შეუძლებელია დავიწყებას მისცემოდა. წარღვნას გადარჩენილები ამ ამბავს მომავალ თაობებს მოუყვებოდნენ. ამ მოვლენიდან 500 წლის შემდეგ სემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ის მრავალ თაობას მოუთხრობდა წარღვნის შესახებ. ის იაკობის დაბადებამდე ათი წლით ადრე მოკვდა. ზუსტი ცნობები წარღვნაზე მოსემ წიგნ „დაბადებაში“ შემოგვინახა. როცა ამ კატასტროფის შემდეგ ურჩმა ხალხმა ბაბილონის გოდლის აშენება დაიწყო, იეჰოვამ მათ ენა აურია და „ისინი მთელი დედამიწის ზურგზე“ გაფანტა (დბ. 11:9). ბუნებრივია, რომ წარღვნის ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ის ფაქტი, რომ მსოფლიო წარღვნის შესახებ არა რამდენიმე, არამედ ასობით ლეგენდა არსებობს და ეს ლეგენდები მთელ მსოფლიოში, თვით ველურ ტომებშიცაა გავრცელებული, ძლიერი არგუმენტია იმისა, რომ ამ ხალხებს საერთო წარმომავლობა აქვთ და მათმა წინაპრებმა წარღვნის ისტორია თავ-თავიანთ შთამომავლებს გადასცეს (სქემა, ტ. 1, გვ. 328).
წარღვნის შესახებ თქმულებებს სამი რამ აქვს საერთო ბიბლიურ წარღვნასთან: 1) გადარჩენილებს ჰქონდათ თავშესაფარი, 2) მსოფლიო წყლით განადგურდა, 3) ადამიანის მოდგმა გადარჩა. ეგვიპტელებს, ბერძნებს, ჩინელებს, დრუიდებს, პოლინეზიელებს, ესკიმოსებს, გრენლანდიელებს, აფრიკელებს, ინდუსებსა და ამერიკელ ინდიელებს თავ-თავიანთი თქმულებები აქვთ წარღვნაზე. ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში აღნიშნულია: „წარღვნის შესახებ თქმულებები ყველა კონტინეტზე, თითქმის ყველა ერსა და ტომში გვხვდება, თუმცა ყველაზე მეტად ისინი აზიაში, მის სამხრეთით მდებარე კუნძულებსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული. მთლიანობაში წარღვნაზე დაახლოებით 270 თქმულება არსებობს ... წარღვნის შესახებ თქმულებების საყოველთაო გავრცელებას ბევრი იმის მტკიცებულებად მიიჩნევს, რომ კაცთა მოდგმა ოდესღაც წყლით განადგურდა და შემდეგ ერთი ადგილიდან და ერთი ოჯახიდან გამრავლდა. ამ თქმულებათა უმეტესობა, ზოგიერთის გამოკლებით, ბიბლიურ წარღვნას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ წარღვნის ისტორიები მისიონერების გავრცელებულია, თუმცა ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, რადგან თქმულებათა უმეტესობა იმ ანთროპოლოგთა მიერ არის მოპოვებული, რომლებიც ბიბლიის უტყუარობის დამტკიცებით არ არიან დაინტერესებული. ეს თქმულებები სავსეა არარეალური და წარმართული ელემენტებით, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი წარმართ ხალხებში თაობიდან თაობას საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა. გარდა ამისა, წარღვნის შესახებ ზოგიერთი უძველესი თქმულება იმ ხალხის შეთხზულია, რომლებიც ებრაული და ქრისტიანული ტრადიციების დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ“ (The International Standard Bible Encyclopedia, 1982, ტ. 2, გვ. 319, ჯ. ბრომილის რედაქციით).
ძველად ზოგიერთი ველური ტომი (ავსტრალიაში, ეგვიპტეში, ფიჯიზე, საზოგადოების კუნძულებზე, პერუში, მექსიკაში და ა.შ.) ნოემბერში აღნიშნავდა „წინაპართა დღესასწაულს“, იგივე „მკვდართა დღესასწაულს“, რაც შესაძლოა წარღვნის ისტორიის გამოძახილი იყო. ეს დღესასწაულები წარღვნის დროს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ამ დღესასწაულს მექსიკელები 17 ნოემბერს აღნიშნავდნენ, რადგან „თვლიდნენ, რომ ქვეყნიერება სწორედ ამ დროს განადგურდა; მათ ძალიან ეშინოდათ, რომ რომელიმე ციკლის ბოლოს მსგავსი კატასტროფა არ განმეორებულიყო და ადამიანთა მოდგმა ისევ არ განადგურებულიყო“ (Life and Work at the Great Pyramid, ედინბურგი, 1867, ტ. 2, გვ. 390, 391, პროფესორ ჩ. პ. სმითის რედაქციით). წიგნ „მკვდრების თაყვანისცემაში“ აღნიშნულია: „[მკვდრების] დღესასწაულს ყველანი სწორედ იმ დღეს ან დაახლოებით იმ პერიოდში აღნიშნავდნენ, როდესაც მოსეს ცნობის თანახმად, წარღვნა მოხდა, კერძოდ, მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს, იმ თვეს, რომელიც თითქმის ჩვენეულ ნოემბერს ემთხვევა“ (The Worship of the Dead, ლონდონი, 1904, გვ. 4, ჯ. გარნიეს რედაქციით). ბიბლიური ცნობის თანახმად, წარღვნა „მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“ დაიწყო (დბ. 7:11). აღსანიშნავია, რომ ეს „მეორე თვე“ ჩვენი კალენდრით ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის პირველ ნახევარს ემთხვევა.
ბიბლიური მტკიცებულება. ველურ ტომებს შორის გავრცელებულ წარმართულ თქმულებებზე მეტად წარღვნის ისტორიულობაზე ბიბლიის ღვთივშთაგონებულ დამწერთა სიტყვები მოწმობს. წარღვნის აღმნიშვნელ ებრაულ სიტყვას (მაბბულ) „დაბადების“ გარდა მხოლოდ ფსალმუნებში ვხვდებით, კერძოდ, დავითის სიმღერაში, რომელშიც ის იეჰოვას „წარღვნის წყლებზე“ მჯდომს უწოდებს (ფს. 29:10). „დაბადებაში“ ჩაწერილ წარღვნის ისტორიას ბიბლიის სხვა დამწერებიც ადასტურებენ. მაგალითად, ესაია და ეზეკიელი ნოეს ისტორიულ პიროვნებად მოიხსენიებენ (ეს. 54:9; ეზკ. 14:14, 18, 20), პეტრე თავის წერილებში წარღვნის თემას არაერთხელ ეხება (1პტ. 3:20; 2პტ. 2:5; 3:5, 6), პავლე აღნიშნავს, რომ ნოემ უდიდესი რწმენა გამოავლინა და ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო (ებ. 11:7), ლუკა კი ნოეს მესიის ერთ-ერთ წინაპრად ასახელებს (ლკ. 3:36).
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მათესა და ლუკას სახარებების მიხედვით იესომ წარღვნის შესახებ თქვა. მან არა მხოლოდ დაადასტურა წარღვნის უტყუარობა, არამედ ამ უძველესი მოვლენის სიმბოლურ და წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. დასმულ კითხვაზე „როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“, იესომ მოწაფეებს შემდეგნაირად უპასუხა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მთ. 24:3, 37—39; ლკ. 17:26, 27). მაშასადამე, როგორც დავინახეთ, წარღვნის უტყუარობას ადასტურებს ღვთივშთაგონებულ წმინდა წერილებში არსებული არაერთი მტკიცებულება და არა მხოლოდ ადამიანთა ლეგენდები თუ ველურ ტომებს შორის გავრცელებული თქმულებები, გეოლოგიური თუ არქეოლოგიური აღმოჩენები.