ᲗᲐᲕᲘ 28
„მხოლოდ შენა ხარ ერთგული!“
1, 2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მეფე დავითისთვის უცხო არ ყოფილა ღალატი?
ᲛᲔᲤᲔ დავითისთვის უცხო არ ყოფილა ღალატი. მისი მეფობის მშფოთვარე პერიოდში საკუთარი ქვეშევრდომები უწყობდნენ შეთქმულებებს. გარდა ამისა, დავითს უახლოესმა ადამიანებმაც უღალატეს. მათ შორის იყო მიქალი, დავითის პირველი ცოლი. თავიდან უყვარდა მიქალს დავითი და, ალბათ, მხარსაც უჭერდა მეფის მოვალეობის შესრულებაში. მაგრამ მოგვიანებით „დამცირდა იგი მის თვალში“ და ქარაფშუტაც კი უწოდა (1 სამუელი 18:20; 2 სამუელი 6:16, 20).
2 შემდეგ დავითს პირადმა მრჩეველმა, ახითოფელმაც, უღალატა. ახითოფელის რჩევა იეჰოვას სიტყვასავით ფასდებოდა (2 სამუელი 16:23). მაგრამ, მოგვიანებით, ეს ნდობით აღჭურვილი პირი მოღალატედ იქცა და დავითის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას შეუერთდა. ვინ იყო ამ აჯანყების მოთავე? აბესალომი, დავითის საკუთარი შვილი! ბიბლიაში მოთხრობილია, რომ მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული და მეფეს გაუწია მეტოქეობა. აბესალომის აჯანყებას იმდენი ხალხი შეუერთდა, რომ მეფე დავითს თავის გადასარჩენად გაქცევა დასჭირდა (2 სამუელი 15:1—6, 12—17).
3. რაში იყო დავითი დარწმუნებული?
3 ნუთუ არავინ უერთგულა დავითს? დავითი დარწმუნებული იყო, რომ გასაჭირში სრულიად მარტო არასოდეს დარჩენილა. ვინ იყო მისი ერთგული? თავად იეჰოვა ღმერთი. „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“, — უთხრა დავითმა იეჰოვას (2 სამუელი 22:26). რა არის ერთგულება და როგორ გვაძლევს იეჰოვა ერთგულების შესანიშნავ მაგალითს?
რა არის ერთგულება?
4, 5. ა) რა არის ერთგულება? ბ) რით განსხვავდება ერთგულება სანდოობისგან?
4 ებრაულ წერილებში გამოყენებულ სიტყვა „ერთგულებაში“ იგულისხმება სიკეთე, რომელიც სიყვარულით ვლინდება ვინმესადმი, თანაც იქამდე, სანამ თავის მიზანს არ მიაღწევს. ერთგულება სანდოობასა და საიმედოობაზე მეტს ნიშნავს. ადამიანი შეიძლება პასუხისმგებლობის გრძნობის გამოც იყოს სანდო და საიმედო. ერთგულებას კი სიყვარული უდევს საფუძვლად.a გარდა ამისა, სიტყვა „სანდო“ უსულო საგნებთან დაკავშირებითაც გამოიყენება. მაგალითად, ფსალმუნმომღერალმა მთვარეს „სანდო მოწმე“ უწოდა იმის გამო, რომ ყოველ ღამით ანათებს (ფსალმუნი 89:37). მაგრამ მთვარეს ვერ დავახასიათებთ, როგორც ერთგულს. რატომ? ერთგულება სიყვარულიდან გამომდინარეობს. სიყვარულს კი ვერ გამოავლენს უსულო საგანი.
მთვარეს სანდო მოწმე ეწოდება, მაგრამ ერთგულების გამოვლენაში მხოლოდ გონიერ ქმნილებებს შეუძლიათ იეჰოვას მიბაძვა.
5 ბიბლიური გაგებით, ერთგულება თბილი გრძნობაა. ერთგულება მხოლოდ იმ ადამიანებს შორის ვლინდება, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ერთგულება არაცვალებადი თვისებაა. ის არ ჰგავს ზღვის ტალღებს, რომლებსაც აქეთ-იქით ახეთქებს ქარი. ერთგულებას არ აკლია სტაბილურობა და სიმტკიცე, რომ უდიდეს სირთულეებსაც კი გაუძლოს.
6. ა) რამდენად იშვიათია ერთგულება დღეს ადამიანებში და რა არის ბიბლიაში ნათქვამი ამის თაობაზე? ბ) რა დაგვეხმარება, რომ ერთგულების არსსა და მიზანს ჩავწვდეთ და რატომ არის ეს საუკეთესო საშუალება?
6 ასეთი ერთგულება დღეს ნამდვილად იშვიათია. ზოგჯერ კარგი მეგობრებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორც ბიბლია ამბობს, „ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა“. სულ უფრო ხშირდება შემთხვევები, როდესაც მეუღლეები ღალატობენ ერთმანეთს (იგავები 18:24; მალაქია 2:14—16). ღალატი დღევანდელ ქვეყნიერებაში იმდენად ხშირი მოვლენაა, რომ შეგვიძლია წინასწარმეტყველი მიქას სიტყვები გავიმეოროთ: „აღარ დარჩა დედამიწაზე ერთგული ადამიანი“ (მიქა 7:2). ადამიანებს ხშირად უჭირთ ერთგულება, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ავლენს ამ ძვირფას თვისებას. ბოლომდე რომ ჩავწვდეთ ერთგულების არსსა და მიზანს, განვიხილოთ, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას, რომელიც სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
იეჰოვას შეუდარებელი ერთგულება
7, 8. რას ნიშნავს სიტყვები, რომ მხოლოდ იეჰოვაა ერთგული?
7 ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „მხოლოდ შენა ხარ ერთგული!“ (გამოცხადება 15:4). რატომ? განა ზოგი ადამიანი და ანგელოზიც არ ავლენს ერთგულებას?! (იობი 1:1; გამოცხადება 4:8). განა იესო ქრისტე ღვთის ერთგული არ არის?! (ფსალმუნი 16:10). მაშ, რატომ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ იეჰოვაა ერთგული?
8 უპირველესად, გაიხსენე, რომ ერთგულება სიყვარულიდან გამომდინარეობს. ვინაიდან ღმერთი სიყვარულია, ანუ ამ თვისების განსახიერებაა, განა შესაძლებელია ვინმე მასზე მეტად ერთგული იყოს?! (1 იოანე 4:8). ანგელოზებსა და ადამიანებს ცხადია, შეუძლიათ ღმერთს მიჰბაძონ სხვადასხვა თვისების გამოვლენაში, მაგრამ აბსოლუტურ ერთგულებას მხოლოდ იეჰოვა ავლენს. ის „მარად არსებულია“ და ამიტომაც მასზე დიდხანს ვერცერთი მიწიერი და ზეციერი ქმნილება ვერ გამოავლენდა ერთგულებას (დანიელი 7:9). აქედან გამომდინარე, იეჰოვა ერთგულების ეტალონია. ვერცერთი ქმნილება ვერ შეედრება მას ამ თვისების გამოვლენაში. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას.
9. რა გაგებით მოწმობს იეჰოვას ყველა ნამოქმედარი მის ერთგულებაზე?
9 იეჰოვას ყველა „ნამოქმედარი მის ერთგულებაზე მოწმობს“ (ფსალმუნი 145:17). რა მხრივ? ამას 136-ე ფსალმუნიდან ვიგებთ. ამ ფსალმუნში მოხსენებულია სხვადასხვა შემთხვევა, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი, მათ შორის, თუ როგორ გადააკვეთინა წითელი ზღვა. აღსანიშნავია, რომ ფსალმუნმომღერალი თითოეულ მუხლს გამოყოფს ფრაზით: „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“. ეს ფსალმუნი ჩართულია 289-ე გვერდზე მოცემულ „საფიქრებელ კითხვებში“. შთამბეჭდავია ამ მუხლებში მოყვანილი მაგალითები, თუ როგორ გამოავლინა იეჰოვამ თავისი ხალხისადმი ურყევი სიყვარული. დიახ, იეჰოვა ერთგულებას ავლენს თავისი მსახურებისადმი, როდესაც ისმენს მათ თხოვნას და თავის დროზე ეხმარება (ფსალმუნი 34:6). იეჰოვა არასდროს ტოვებს თავის მსახურებს, თუ ისინი ერთგულად ემსახურებიან.
10. როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას თავის ნორმებთან დაკავშირებით?
10 გარდა ამისა, იეჰოვა იმ გაგებით არის თავისი მსახურების ერთგული, რომ ერთგულად იცავს თავის ნორმებს. თავკერძა ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც თვითნებურად და იმპულსურად მოქმედებს, იეჰოვა არ ღალატობს თავის პრინციპებს და თვალსაზრისს არ იცვლის კარგსა და ცუდზე. ათასწლეულების განმავლობაში უცვლელია მისი აზრი სპირიტიზმზე, კერპთაყვანისმცემლობასა და მკვლელობაზე. „მე იგივე ვარ თქვენს სიბერემდე“, — თქვა იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით (ესაია 46:4). ამიტომაც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის სიტყვაში ნათლად ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმების დაცვა ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურება (ესაია 48:17—19).
11. მოიყვანე დამამტკიცებელი მაგალითები, რომ იეჰოვა თავის სიტყვას ასრულებს.
11 იეჰოვა იმ მხრივაც ავლენს ერთგულებას, რომ ყოველთვის სანდოა მისი დაპირებები. მისი წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება. სწორედ ამიტომაც ამბობს ის: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11). სიტყვის შესრულებით იეჰოვა თავისი ხალხისადმი ერთგულებას ავლენს. ის მათ ფუჭად არასდროს ალოდინებს. იეჰოვას ეს თვისება იმდენად უდავოა, რომ მის ერთ მსახურს, იესო ნავეს ძეს, შეეძლო თამამად ეთქვა: „არცერთი დანაპირები არ გამტყუნებულა, რომელიც იეჰოვამ ისრაელს მის სასიკეთოდ მისცა, ყველაფერი შესრულდა“ (იესო ნავეს ძე 21:45). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს გაგვიცრუებს იმედს და არ დაივიწყებს თავის დანაპირებს (ესაია 49:23; რომაელები 5:5).
12, 13. რა გაგებით არის იეჰოვას ურყევი სიყვარული მარადიული?
12 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, რომ „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“ (ფსალმუნი 136:1). რას ნიშნავს ეს? უპირველესად იმას, რომ იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ პატიობს ცოდვას. 26-ე თავში განხილული იყო, რომ იეჰოვა ადამიანს არ უხსენებს ძველ ცოდვებს, რომლებიც უკვე აპატია. ვინაიდან „ყველამ შესცოდა და ვეღარ ირეკლავენ ღვთის დიდებას“, თითოეული ადამიანი მადლობელი უნდა იყოს, რომ „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“ (რომაელები 3:23).
13 იეჰოვას ურყევი სიყვარული სხვა გაგებითაც არის მარადიული. მის სიტყვაში ნათქვამია, რომ მართალი ადამიანი იქნება „წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და მისი ფოთლები არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:3). წარმოიდგინე მშვენიერი ხე, რომლის ფოთლებიც არასდროს ჭკნება! მსგავსად ამისა, თუ შევიყვარებთ ღვთის სიტყვას, ხანგრძლივი, მშვიდობიანი და ნაყოფიერი ცხოვრებით გავიხარებთ. იეჰოვა მარადიულად აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. დიახ, იეჰოვას მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში მორჩილი ადამიანები მარადიულად გაიხარებენ მისი ურყევი სიყვარულით (გამოცხადება 21:3, 4).
იეჰოვა „არ მიატოვებს თავის ერთგულებს“
14. როგორ ცხადყოფს იეჰოვა, რომ აფასებს თავისი მსახურების ერთგულებას?
14 იეჰოვას ხშირად გამოუვლენია ერთგულება. რადგანაც იეჰოვა არ იცვლება, ის ყოველთვის ავლენს ერთგულებას თავისი ერთგული მსახურებისადმი. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შვილები — პურზე ხელგაწვდილი. ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმუნი 37:25, 28). ცხადია, იეჰოვა, ჩვენი შემოქმედი, ნამდვილად იმსახურებს თაყვანისცემას (გამოცხადება 4:11). მიუხედავად ამისა, ერთგული ღმერთისთვის ძალიან ძვირფასია ჩვენი ერთგულება (მალაქია 3:16, 17).
15. ახსენი, როგორ ჩანს იეჰოვას ერთგულება ისრაელისადმი მოპყრობაში.
15 ურყევი სიყვარული ღმერთს აღძრავს, გასაჭირშიც არ მიატოვოს თავისი ხალხი. ფსალმუნმომღერალი გვეუბნება: „ის იცავს თავის ერთგულთა სიცოცხლეს; ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 97:10). მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, თუ როგორ მოეპყრო იეჰოვა ისრაელ ერს. წითელი ზღვის სასწაულებრივად გადაკვეთის შემდეგ ისრაელებმა უმღერეს იეჰოვას: „ერთგულად მიუძღოდი შენ მიერ გამოსყიდულ ხალხს“ (გამოსვლა 15:13, სქოლიო). იეჰოვამ თავისი ხალხისადმი ურყევი სიყვარული გამოავლინა, როდესაც ისინი წითელ ზღვასთან დაიხსნა. ამიტომაც მოსემ ისრაელებს უთხრა: „იეჰოვამ იმიტომ კი არ გამოგარჩიათ და შეგიყვარათ, რომ ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყავით; ხალხებს შორის თქვენ ყველაზე მცირერიცხოვანნი იყავით. იეჰოვა ასე იმიტომ მოიქცა, რომ უყვარდით და თქვენს მამა-პაპასთან ფიცი ჰქონდა დადებული; იეჰოვამ თავისი ძლიერი მკლავით დაგიხსნათ ფარაონის ხელიდან, ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით, რომ გამოესყიდეთ“ (კანონი 7:7, 8).
16, 17. ა) როგორ გამოავლინეს ისრაელებმა დიდი უმადურობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორ შეიბრალა ისინი იეჰოვამ? ბ) როგორ ცხადყო ისრაელების უმრავლესობამ, რომ რისხვას იმსახურებდნენ და რას ვსწავლობთ აქედან?
16 ცხადია, ისრაელმა ერმა, მთლიანობაში, იეჰოვასადმი მადლიერება არ გამოავლინა მისი ურყევი სიყვარულისთვის. გათავისუფლების შემდეგ ისინი „კვლავაც სცოდავდნენ მას, ეურჩებოდნენ უზენაესს“ (ფსალმუნი 78:17). ისრაელები საუკუნეების განმავლობაში ზურგს აქცევდნენ იეჰოვას და თავს იბილწავდნენ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლობით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ დაურღვევია შეთანხმება. ის იერემიას პირით მოუწოდებდა თავის ხალხს: „დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო . . . აღარ განგირისხდები, რადგან ერთგული ვარ“ (იერემია 3:12). როგორც 25-ე თავში აღვნიშნეთ, ისრაელების უმრავლესობამ ყურად არ იღო ეს მოწოდება. „არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს“. რა მოჰყვა ამას შედეგად? „როცა უკვე აღარ იყო მათი საშველი, იეჰოვა განურისხდა თავის ხალხს“ (2 მატიანე 36:15, 16).
17 რას ვსწავლობთ აქედან? იეჰოვა ბრმად როდი ავლენს ერთგულებას. ცხადია, იეჰოვა „გულუხვია სიკეთეში“ და სიამოვნებით ავლენს მოწყალებას, როდესაც ამის საფუძველი აქვს (გამოსვლა 34:6, სქოლიო). მაგრამ რა ხდება, როდესაც შემცოდველი აზროვნებას არ იცვლის? ამ შემთხვევაში იეჰოვა თავის სამართლიან ნორმებს იცავს და სჯის შემცოდველს. როგორც მოსემ აღნიშნა, ის „დამნაშავეს დაუსჯელს არ ტოვებს“ (გამოსვლა 34:7).
18, 19. ა) რა გაგებით ავლენს იეჰოვა ერთგულებას დამნაშავეთა დასჯით? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას თავის მსახურთა მიმართ, რომლებსაც დევნიდნენ და ხოცავდნენ?
18 ღმერთი დამნაშავეთა დასჯითაც ავლენს ერთგულებას. როგორ? ამას წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, სადაც იეჰოვა შვიდ ანგელოზს ეუბნება: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი დედამიწას გადააღვარეთ!“. როდესაც მესამე ანგელოზმა თავისი თასი „მდინარეებსა და წყაროებს გადააღვარა“, ისინი სისხლად იქცნენ. ამის შემდეგ ანგელოზმა იეჰოვას უთხრა: „მართალი და ერთგული ხარ შენ, ვინც ხარ და იყავი, რადგან ასეთი განაჩენი გამოუტანე მათ, ვინც დაღვარა წმინდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი; შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად, რადგან დაიმსახურეს ეს“ (გამოცხადება 16:1—6).
19 ყურადღება მიაქციე, რომ ანგელოზი „ერთგულს“ უწოდებს იეჰოვას, როდესაც განკითხვაზე ლაპარაკობს. რატომ? ბოროტთა განადგურებით იეჰოვა ერთგულებას ავლენს თავისი მსახურებისადმი, რომლებსაც დევნიდნენ და ხოცავდნენ. იეჰოვა ერთგულებას ავლენს იმითაც, რომ მის მეხსიერებაში ცოცხლობენ ეს მსახურები. მას ერთი სული აქვს, კვლავ იხილოს ისინი და, როგორც ბიბლია გვაუწყებს, მომავალში აღადგინოს (იობი 14:14, 15). იეჰოვა არ ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს. სიკვდილის შემდეგაც „მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკა 20:37, 38). იეჰოვას ერთგულების დამადასტურებელია ის, რომ განზრახული აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს ყველას, ვისაც არ ივიწყებს.
იეჰოვა ერთგულებას ავლენს — იმახსოვრებს და მომავალში აღადგენს მათ, ვინც სიკვდილამდე მისი ერთგული რჩება.
იეჰოვას ურყევი სიყვარული გადარჩენის შესაძლებლობას გვაძლევს
20. ვინ არიან „წყალობის ჭურჭელი“ და როგორ ავლენს იეჰოვა მათდამი ერთგულებას?
20 იეჰოვა თავისი ერთგული მსახურებისადმი ყოველთვის უდიდეს ერთგულებას ავლენს. ათასწლეულებია, რაც იეჰოვა სულგრძელობით უთმენს „გასანადგურებელ რისხვის ჭურჭელს“. რატომ? „ის ასე იმ განუზომელი დიდების წარმოსაჩენად [იქცევა], რომელიც წინასწარ გამზადებულ წყალობის ჭურჭელს მიანიჭა განსადიდებლად“ (რომაელები 9:22, 23). „წყალობის ჭურჭელი“ სწორად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებიც წმინდა სულით იქნენ ცხებული იმისათვის, რომ ქრისტეს თანამმართველები გამხდარიყვნენ ზეციერ სამეფოში (მათე 19:28). „წყალობის ჭურჭლისთვის“ ხსნისკენ მიმავალი გზის გახსნით იეჰოვამ ერთგულება გამოავლინა აბრაამის მიმართ, რომელსაც შეთანხმება დაუდო: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან დამემორჩილე“ (დაბადება 22:18).
21. ა) როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას „უამრავი ხალხისადმი“, რომლებსაც „დიდ გასაჭირში“ გადარჩენის იმედი აქვთ? ბ) რისკენ აღგძრავს იეჰოვას ერთგულება?
21 ამის მსგავსად ავლენს იეჰოვა ერთგულებას „უამრავი ხალხის“ მიმართ, რომელთაც „დიდ გასაჭირში“ გადარჩენისა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (გამოცხადება 7:9, 10, 14). მართალია, იეჰოვას მსახურები არასრულყოფილები არიან, მაგრამ იეჰოვა ერთგულებას ავლენს მათდამი და შესაძლებლობას აძლევს, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე. როგორ? გამოსასყიდის მეშვეობით, რომლითაც იეჰოვამ უდიდესი ერთგულება გამოავლინა (იოანე 3:16; რომაელები 5:8). იეჰოვას ერთგულება იზიდავს სამართლიანობას მოწყურებულ ადამიანებს (იერემია 31:3). განა იეჰოვას მადლობელი არა ხარ, რომ ის ჩვენდამი უდიდეს ერთგულებას ავლენს და კვლავაც გამოავლენს?! რადგანაც ღმერთთან დაახლოება გვსურს, გამოვეხმაუროთ მის სიყვარულს და ერთგულად განვაგრძოთ მისთვის მსახურება.
a საინტერესოა, რომ 2 სამუელის 22:26-ში გამოყენებული სიტყვა ერთგულება სხვა მუხლებში „ურყევ სიყვარულად“ არის ნათარგმნი.