შეთანხმება
ორ ან მეტ მხარეს შორის დადებული პირობა რაიმე ვალდებულების შესრულების შესახებ; ხელშეკრულება; კონტრაქტი. ებრაული სიტყვა ბერით, რომლის ეტიმოლოგიაც დაუდგენელია, ებრაულ წერილებში 280-ზე მეტჯერ გვხვდება; აქედან სულ მცირე 80-ჯერ მოსეს ხუთწიგნეულში. 1927 წელს კატნაში (უძველესი არაებრაული ქალაქი, ხამათის სამხრეთ-აღმოსავლეთით) ნაპოვნი ლურსმული წარწერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა შეთანხმება (თანამედროვე ენით კონტრაქტი, ხელშეკრულება). 15 ნაპოვნი ფილიდან „ორი მარტივი შინაარსისაა. პირველ ფილაზე სახელების ნუსხაა მოცემული ... მეორეზე კი — [სიაში მოცემული თითოეული პირისთვის განკუთვნილი] ულუფა ... აქედან გამომდინარე, პირველი სია წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სიაში მოხსენიებულნი ... თანხმობას აცხადებენ ვინმეს სამსახურში ჩადგომასა და გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე. მეორე სია, რომელიც იმავე მწერლის მიერ არის შედგენილი, წარმოდგენას გვიქმნის ხელშეკრულების ტიპზე; [მოხსენიებული] პირები გაწეული სამსახურისთვის განსაზღვრულ ულუფას მიიღებდნენ ... ისრაელებში დამკვიდრებული ბერითის, იგივე შეთანხმების, ცნება იაჰვისტური თეოლოგიის ძირითადი თემა იყო. ეს არის პირველი და უძველესი (ძვ. წ. არაუგვიანეს XIV საუკუნის პირველი მესამედი) გამოქვეყნებული არაბიბლიური წერილობითი ძეგლი, რომელშიც ეს სიტყვა გვხვდება“ (Bulletin of the American Schools of Oriental Research, თებერვალი 1951, გვ. 22).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ზოგ თარგმანში სიტყვა დიათეკე სხვადასხვანაირად არის გადმოტანილი, კერძოდ, „შეთანხმებად“, „ანდერძად“, „ტესტამენტად“ (ლათ.-დან ნიშნავს დამოწმებას) და „აღთქმად“. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ბიბლიურ ენციკლოპედიაში (1891), სტატიაში „შეთანხმება“ ნათქვამია: «განსხვავებული აზრის მატარებელი ახალი სიტყვის შემოტანის აუცილებლობა არ არსებობს. „ძველი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში, სიტყვა [ბერით] (რომელსაც არასოდეს აქვს ანდერძის, ტესტამენტის მნიშვნელობა და ყოველთვის შეთანხმების ან თანხმობის მნიშვნელობით გამოიყენება) თანამიმდევრულად არის თარგმნილი სიტყვით [დიათეკე]. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ „ახალი აღთქმის“ დამწერები ამ სიტყვის გამოყენებისას შეეცდებოდნენ, იგივე აზრი გადაეცათ მკითხველებისთვის, რომელთა უმრავლესობაც კარგად იცნობდა „ძველი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანს. უმეტეს შემთხვევაში ამ სიტყვაში „ახალი აღთქმა“ იმავეს გულისხმობს, რასაც „ძველი აღთქმა“ სიტყვა შეთანხმებაში (ბერით) (მაგ., 2კრ. 3:14; ებ. 7:9; გმც. 11:19). მაგრამ იმავე კონტექსტებში იგივე ბერძნული სიტყვა ინგლისურად [KJ] ზოგჯერ „შეთანხმებად“, ზოგჯერ კი „ტესტამენტად“ არის გადმოტანილი [ქართულ თარგმანებში ყველგან „აღთქმად“ არის ნათარგმნი] (ებ. 7:22; 8:8—13; 9:15)» (იხ. აგრეთვე აქ დანართი, გვ. 1763, 1764).
ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე დიათეკეს არაერთხელ იყენებს (ებ. 7:22; 8:6, 8, 9, 10; 9:4, 15, 16, 17, 20) შეთანხმების გაგებით ანუ სწორედ იმ გაგებით, რაც მას ძველ ებრაულში ჰქონდა. ის ციტირებს იერემიას 31:31—34-ს და მოიხსენიებს შეთანხმების კიდობანს. ბერძნულ სეპტუაგინტაში „იერემიას“ ამ მუხლებში ძველი ებრაული სიტყვის, ბერითის (შეთანხმება), ეკვივალენტად გამოყენებულია დიათეკე. ებრაელების 9:20-ში პავლე ციტირებს გამოსვლის 24:6—8-ს, სადაც აშკარად შეთანხმებაზეა საუბარი.
სიტყვის ხმარება. შეთანხმება ყოველთვის ორ ან მეტ მხარეს შორის იდებოდა. ის შეიძლება ყოფილიყო ცალმხრივი (ანუ შეთანხმების პირობების შესრულება მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრებოდა) ან ორმხრივი (ორივე მხარეს ეკისრებოდა გარკვეული პირობების შესრულება). იმ შეთანხმებების გარდა, რომელთა ერთ მხარეს ღმერთი წარმოადგენდა, ბიბლიაში მოხსენიებულია ცალკეულ ადამიანებს, ტომებს, ერებსა თუ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს შორის დადებული შეთანხმებები. შეთანხმების დარღვევა სერიოზულ ცოდვად ითვლებოდა (ეზკ. 17:11—20; რმ. 1:31, 32).
ბიბლიაში ეს სიტყვა უცვლელი დადგენილების აზრს გადმოსცემს, მაგალითად, წარსადგენი პურების შემთხვევაში (ლვ. 24:8), სხვა კონტექსტში კი ღვთის მიერ დადგენილი კანონის თანახმად დღისა და ღამის მუდმივ მონაცვლეობას გულისხმობს (იერ. 33:20); ეს სიტყვა ფიგურალური მნიშვნელობითაც გამოიყენება, მაგალითად, ფრაზაში „შეთანხმება სიკვდილთან“ (ეს. 28:18). იეჰოვა აგრეთვე მოიხსენიებს მხეცებთან დადებულ შეთანხმებას (ოს. 2:18). ბიბლია ქორწინებასაც შეთანხმებას უწოდებს (მლ. 2:14). დაბადების 14:13-ში მოხსენიებული მოკავშირეები სიტყვასიტყვით შეთანხმების მფლობელებს (ბატონებს) ნიშნავს.
იეჰოვას მიერ დადებული ნებისმიერი პირობა სინამდვილეში შეთანხმებაა, ის აუცილებლად შესრულდება, მისი ნდობა სრულად შეიძლება (ებ. 6:18). შეთანხმება არ გაუქმდება მანამ, სანამ მასში მოცემული პირობები და ერთი ან ორივე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდება. შეთანხმებით მიღწეული შედეგები ან მიღებული კურთხევები შეიძლება მარადიულიც კი იყოს.
როგორ ხდებოდა შეთანხმების დამტკიცება. შეთანხმების დასამტკიცებლად ხშირად ღმერთს უხმობდნენ მოწმედ (დბ. 31:50; 1სმ. 20:8; ეზკ. 17:13, 19); შეთანხმების მონაწილენი ფიცს დებდნენ (დბ. 31:53; 2მფ. 11:4; ფს. 110:4; ებ. 7:21); ზოგჯერ შეთანხმების ნიშნად ერთმანეთს ძღვენს აძლევდნენ (დბ. 21:30), ქვების გროვას ან სვეტს აღმართავდნენ (დბ. 31:44—54) ან რომელიმე ადგილს ახალ სახელს არქმევდნენ (დბ. 21:31). ერთ შემთხვევაში იეჰოვამ შეთანხმების ნიშნად ცისარტყელა გამოიყენა (დბ. 9:12—16). შეთანხმების დასამტკიცებლად ზოგჯერ ცხოველს კლავდნენ, შუაზე ჭრიდნენ და შეთანხმების მონაწილენი ამ ნაჭრებს შორის გადიოდნენ. ამ ჩვეულებიდან მოდის ებრაული გამოთქმა „შეთანხმების გაჭრა“ (დბ. 15:9—11, 17, 18; იერ. 34:18, 19). ზოგჯერ მხარეები ნადიმით აღნიშნავდნენ კავშირის შეკვრას (დბ. 26:28, 30). შეთანხმების დადების შემთხვევაში ზოგჯერ ერთი სუფრიდან ჭამდნენ, როგორც ეს კანონის შეთანხმების დადების შემთხვევაში იყო (აბდ. 7; გმ. 24:5, 11). პრივილეგირებული მხარე მეორეს სამოსს ან იარაღს უძღვნიდა (1სმ. 18:3, 4). წარმართ ერებში არსებობდა ერთმანეთის სისხლის ან ღვინოში გარეული სისხლის დალევის ჩვეულება (ეს მთელი კაცობრიობისთვის მიცემული ღვთის კანონის დარღვევა იყო (დბ. 9:4); ეს კანონი ღმერთმა ისრაელსაც მისცა). ამ დროს შეთანხმების მონაწილენი წყევლა-კრულვას უთვლიდნენ მას, ვინც შეთანხმებას დაარღვევდა.
ბიბლიაში გამოყენებული ფრაზა „მარილის შეთანხმება“ შეთანხმების მუდმივობასა და უცვლელობაზე მიუთითებს (რც. 18:19; 2მტ. 13:5; ლვ. 2:13). ძველ ხალხებში მეგობრობისა და ურყევი ერთგულების ნიშნად მარილს ერთად ჭამდნენ. მშვიდობის მსხვერპლთან ერთად მარილის ჭამა მარადიული ერთგულების ნიშანი იყო.
წერილობითი შეთანხმებები. ათი მცნება ქვის ფილებზე „ღვთის თითით“ დაიწერა (გმ. 31:18; 32:16). იერემიამ შეადგინა ნასყიდობის საბუთი და მოწმეთა თანდასწრებით დაბეჭდა (იერ. 32:9—15). დღეს აღმოჩენილია თიხის ფილები, რომლებიც ძველ ხალხებს ეკუთვნის და მათზე სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების პირობებია მოცემული. ხშირ შემთხვევაში ისინი დაბეჭდილ თიხის სათავსებში ინახებოდა.
ედემში დადებული აღთქმა. დაბადების 3:15-ში ჩაწერილია, თუ რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ თავის განზრახვასთან დაკავშირებით ედემის ბაღში ადამის, ევასა და „გველის“ თანდასწრებით.
ვისზე საუბრობდა იეჰოვა ამ წინასწარმეტყველებაში? გამოცხადების 12:9-ში ჩაწერილი მოციქული იოანეს ხილვიდან ვიგებთ, რომ „გველი“ სატანა ეშმაკია. ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ქალის შთამომავალი, რომელსაც ღვთისმოსავი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, აბრაამის შთამომავალი, იესო ქრისტეა (გლ. 3:16; მთ. 1:1). „შთამომავალს“ გველი დაუგესლავდა ქუსლს, რაც იმას ნიშნავდა, რომ იესო ქრისტეს მოკლავდნენ. მაგრამ დაგესვლით მიყენებული ჭრილობა მუდმივი არ იქნებოდა, რადგან ღმერთი მკვდრეთით აღადგენდა მას. მოგვიანებით „შთამომავალი“ გველს თავს გაუჭეჭყავდა ანუ სამუდამოდ დაამარცხებდა.
ვინ არის ამ შეთანხმებაში მოხსენიებული „ქალი“? ფაქტია, ევა არა, რადგან ის ღვთის მტერი გახდა. ვინაიდან სატანა ეშმაკი სულიერი ქმნილებაა და მას „შთამომავალმა“ უნდა მოუღოს ბოლო, „შთამომავალიც“ სულიერი ქმნილება უნდა იყოს (ებ. 2:14). იესო ადამიანად დაიბადა და ღვთის მიწიერ ძედ ითვლებოდა, მაგრამ ის ღვთის სულითშობილი ძე მაშინ გახდა, როცა მოინათლა და ღვთისგან ძედ აღიარების ნიშნად წმინდა სული მიიღო (მთ. 3:13—17; ინ. 3:3—5). მოგვიანებით ის აღდგა ანუ „გაცოცხლდა სულში“ (1პტ. 3:18). მაშ, ვინ იყო ღვთის სულითშობილი ძის „დედა“? მოციქული პავლე ამბობს, რომ აბრაამის, სარას, ისაკის, აგარისა და ისმაელის ცხოვრებას სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ისაკი განასახიერებდა ზეციერი ცხოვრების მოიმედეთ, რომელთა რიცხვს პავლეც მიეკუთვნებოდა. პავლე ამბობს, რომ მათი „დედა“ „ზედა იერუსალიმია“. იესო ქრისტე მათ „ძმებს“ უწოდებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ერთი დედა ჰყავთ (ებ. 2:11). ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული „ქალი“ „ზედა იერუსალიმია“ (გლ. 4:21—29).
იეჰოვას მიერ დადებული აღთქმიდან ჩანს, რომ გარკვეული დრო უნდა გასულიყო, ვიდრე „გველი“ შთამომავლობას წარმოშობდა და მისსა და ქალის შთამომავლობას შორის მტრობა ჩამოვარდებოდა. ამ აღთქმის დადებიდან 6 000-ზე მეტი წელი გავიდა. ქრისტე თავის ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე „გველს“ უფსკრულში (უმოქმედო მდგომარეობა) ჩააგდებს, ათასი წლის ბოლოს კი სამუდამოდ გაანადგურებს (გმც. 20:1—3, 7—10; რმ. 16:20).
ნოესთან დადებული შეთანხმება. იეჰოვა ღმერთმა ნოეს, როგორც ოჯახისთავს, დაუდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც იმდროინდელი ბოროტი ქვეყნიერების განადგურებისას ყველა ცოცხალი არსება (ადამიანი თუ ცხოველი) არ განადგურდებოდა (დბ. 6:17—21; 2პტ. 3:6). ნოე 500 წელს იყო გადაცილებული, როცა შვილები შეეძინა (დბ. 5:32). როცა იეჰოვამ ნოეს თავისი ჩანაფიქრი ამცნო, მისი ვაჟები უკვე ზრდასრულები და დაოჯახებულები იყვნენ. ნოეს უნდა აეგო კიდობანი, საკვები მოემარაგებინა, მასში ცხოველები შეეყვანა და თავადაც ცოლ-შვილთან და რძლებთან ერთად შესულიყო; იეჰოვა კი, თავის მხრივ, როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა მოდგმას გადაარჩენდა. ნოემ ზედმიწევნით შეასრულა შეთანხმების პირობები, რის შედეგადაც იეჰოვამ ადამიანები და ცხოველები გადაარჩინა. ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდა ძვ. წ. 2369 წელს, წარღვნის შემდეგ, როცა ადამიანებსა და ცხოველებს კვლავაც მიეცათ დედამიწაზე ცხოვრებისა და გამრავლების შესაძლებლობა (დბ. 8:15—17).
ცისარტყელას შეთანხმება. ცისარტყელას შეთანხმება იეჰოვა ღმერთმა ნოეთი და მისი ოჯახით წარმოდგენილ ყოველ ხორციელს (ადამიანებსა თუ ცხოველებს) ძვ. წ. 2369 წელს არარატის მთაზე დაუდო. იეჰოვამ პირობა დადო, რომ წარღვნით მეტად აღარასდროს გაანადგურებდა ცოცხალ არსებებს. მან შეთანხმების ნიშნად ცაში ცისარტყელა გამოაჩინა და თქვა, რომ ეს შეთანხმება მანამდე იქნებოდა ძალაში, ვიდრე ადამიანთა მოდგმა იარსებებდა დედამიწაზე ანუ მარადიულად (დბ. 9:8—17; ფს. 37:29).
აბრაამთან დადებული შეთანხმება. აბრაამთან დადებული შეთანხმება, როგორც ჩანს, მაშინ შევიდა ძალაში, როცა ქანაანისკენ მიმავალმა აბრამმა (აბრაამი) ევფრატი გადაკვეთა. კანონის შეთანხმება 430 წლის შემდეგ დაიდო (გლ. 3:17). როცა აბრაამი ჯერ კიდევ ქალდეველთა ურში (შუამდინარეთი) ცხოვრობდა, იეჰოვა ელაპარაკა მას და უთხრა, იმ ქვეყანაში წასულიყო, რომელსაც ის უჩვენებდა (სქ. 7:2, 3; დბ. 11:31; 12:1—3). გამოსვლის 12:40, 41-დან (LXX) ვიგებთ, რომ ეგვიპტეში და ქანაანის მიწაზე ცხოვრების 430 წლის თავზე, „სწორედ იმ დღეს“, მონობიდან გათავისუფლებულმა ისრაელმა ეგვიპტე დატოვა. ეს მოხდა 1513 წლის 14 ნისანს, პასექის აღნიშვნის დღეს (გმ. 12:2, 6, 7). აქედან გამომდინარე, ქანაანისკენ მიმავალმა აბრაამმა მდინარე ევფრატი ძვ. წ. 1943 წლის 14 ნისანს გადაკვეთა და, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შევიდა ძალაში მასთან დადებული შეთანხმება. ღმერთი კიდევ ერთხელ გამოეცხადა ქანაანის მიწაზე შექემამდე მისულ აბრაამს და განავრცო თავისი დაპირება: „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას“. ამგვარად ღმერთმა აბრაამთან დადებული შეთანხმება ედემში დადებულ აღთქმასთან დააკავშირა და გაამჟღავნა, რომ შთამომავალი ადამიანად მოევლინებოდა ქვეყანას (დბ. 12:4—7). იეჰოვამ ამ შეთანხმებას მოგვიანებით მეტი ნათელი მოჰფინა, როგორც ეს შემდეგი მუხლებიდანაც ჩანს: დაბადება 13:14—17; 15:18; 17:2—8, 19; 22:15—18.
შეთანხმების პირობები აბრაამის შთამომავლებზე ისაკისა (დბ. 26:2—4) და იაკობის მეშვეობით გავრცელდა (დბ. 28:13—15; 35:11, 12). მოციქულმა პავლემ თქვა, რომ აბრაამის ნამდვილი შთამომავლები ქრისტე (როგორც მთავარი წარმომადგენელი) და მასთან ერთობაში მყოფნი არიან (გლ. 3:16, 28, 29).
ღმერთმა გაამჟღავნა, თუ რა მიზანს მოემსახურებოდა აბრაამთან დადებული შეთანხმება და რა შედეგს მოიტანდა: აღთქმული შთამომავალი აბრაამის საგვარეულო ხაზით მოვიდოდა; იგი თავისი მტრების კარიბჭეს დაეუფლებოდა; აბრაამის შთამომავლობა ისე გამრავლდებოდა, რომ მათი დათვლა იმ დროს შეუძლებელი იქნებოდა; აბრაამის სახელი განდიდდებოდა; მისი შთამომავლობა აღთქმულ მიწას დაეუფლებოდა; დედამიწის ყველა ოჯახი აბრაამის შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (იხ. ზემოთ მოყვანილი მუხლები „დაბადებიდან“). ეს ყველაფერი პირდაპირი გაგებით შესრულდა და ასახავდა იმას, რაც უფრო მასშტაბურად ქრისტეს მეშვეობით მოხდებოდა. პავლე ამ შეთანხმების სიმბოლურ და წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის და ამბობს, რომ აბრაამის, სარას, ისაკის, აგარისა და ისმაელის ცხოვრებას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა (გლ. 4:21—31).
აბრაამთან დადებული შეთანხმება „მარადიული შეთანხმებაა“. მისი პირობებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება ძალაში მანამ უნდა დარჩეს, სანამ ღვთის ყველა მტერი არ განადგურდება და დედამიწის ყველა ოჯახი არ იკურთხება (დბ. 17:7; 1კრ. 15:23—26).
აბრაამთან დადებულ შეთანხმებასა და კანონის შეთანხმებაზე საუბრისას პავლემ მოიხსენია პრინციპი: „ერთის შუამავალი არ არსებობს“, შემდეგ დასძინა: „ღმერთი კი მხოლოდ ერთია“ (გლ. 3:20; იხ. შუამავალი). იეჰოვამ აბრაამს დაუდო ცალმხრივი შეთანხმება, რაც სინამდვილეში დანაპირები იყო, ვინაიდან მის შესასრულებლად იეჰოვას აბრაამისთვის რაიმე პირობის შესრულება არ დაუკისრებია (გლ. 3:18). აქედან გამომდინარე, შუამავალი არ იყო საჭირო. რაც შეეხება კანონის შეთანხმებას, ის ორმხრივი იყო. ის დაიდო იეჰოვასა და ისრაელ ერს შორის; შეთანხმების შუამავლის როლს მოსე ასრულებდა. ისრაელებმა წმინდა აღთქმა დადეს, რომ კანონს დაიცავდნენ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ეთანხმებოდნენ შეთანხმების პირობებს (გმ. 24:3—8). ამ შეთანხმებას არ გაუუქმებია აბრაამთან დადებული შეთანხმება (გლ. 3:17, 19).
წინადაცვეთის შეთანხმება. წინადაცვეთის შეთანხმება ძვ. წ. 1919 წელს დაიდო, როცა აბრაამი 99 წლისა იყო. ეს შეთანხმება ღმერთმა აბრაამსა და მის შთამომავლებთან დადო. აბრაამის სახლეულობაში ყველა მამაკაცს, მათ შორის მონებს, უნდა წინადაეცვითათ. ვინც ამ პირობას არ შეასრულებდა, თავისი ხალხიდან მოიკვეთებოდა (დბ. 17:9—14). მოგვიანებით ღმერთმა თქვა, რომ ხიზანს, რომელსაც პასექის ჭამა სურდა (ანუ სურდა, ისრაელთან ერთად იეჰოვასთვის ეცა თაყვანი), თავის სახლეულობაში ყველა მამაკაცი უნდა წინადაეცვითა (გმ. 12:48, 49). წინადაცვეთა იყო ნიშანი ანუ „ბეჭედი“ იმისა, რომ აბრაამი წინადაუცვეთელობისას რწმენით იქნა მართლად აღიარებული. ეს იმის ხილული ნიშანიც იყო, რომ იაკობის ხაზში დაბადებული აბრაამის შთამომავლები იეჰოვასთან შეთანხმებით იყვნენ შეკრული (რმ. 4:11, 12). ღმერთი წინადაცვეთას მოითხოვდა ახ. წ. 33 წლამდე, ვიდრე კანონის შეთანხმება არ გაუქმდებოდა (რმ. 2:25—28; 1კრ. 7:19; სქ. 15). მართალია, ისრაელები კანონის ამ მოთხოვნას ასრულებდნენ, მაგრამ იეჰოვამ არაერთხელ აღნიშნა, რომ უფრო მეტ ყურადღებას მის სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ ისრაელს ურჩევდა: „წინადაიცვითეთ გულები“ (კნ. 10:16; ლვ. 26:41; იერ. 9:26; სქ. 7:51).
კანონის შეთანხმება. იეჰოვასა და ისრაელ ერს შორის კანონის შეთანხმება ძვ. წ. 1513 წელს ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლიდან მესამე თვეს დაიდო (გმ. 19:1). ეს იყო მთელ ერთან დადებული შეთანხმება. ყველა ებრაელი დაბადებიდანვე კანონის შეთანხმებას ექვემდებარებოდა და იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა. კანონი წარმოადგენდა კატეგორიებად დაჯგუფებულ კანონთა კრებულს. კანონი, რომელიც ანგელოზების მეშვეობით შუამავლის ანუ მოსეს ხელით იქნა გადაცემული, ძალაში შევიდა სინას მთაზე ცხოველთა (მოსეს ანუ შუამავლის, იგივე „შეთანხმების დამდების“ ნაცვლად) მსხვერპლშეწირვით (გლ. 3:19; ებ. 2:2; 9:16—20). მოსემ შეწირულ ცხოველთა სისხლის ნახევარი სამსხვერპლოს მიასხურა, შემდეგ შეთანხმების წიგნი წაუკითხა ხალხს, რომლებმაც მორჩილების აღთქმა დადეს. ბოლოს მოსემ დარჩენილი სისხლი წიგნსა და ხალხს შეასხურა (გმ. 24:3—8). კანონის თანახმად მღვდელმსახურების შესრულება ლევის ტომში, კეჰათელთა საგვარეულოში დაბადებულ აარონის შთამომავლებს დაევალათ (რც. 3:1—3, 10). მღვდელმთავრობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე, კერძოდ, აარონიდან მის ვაჟ ელეაზარზე, ელეაზარიდან კი მის ვაჟ ფინხასზე და ა.შ. (რც. 20:25—28; იეს. 24:33; მსჯ. 20:27, 28).
თუ ისრაელი კანონის შეთანხმების პირობებს შეასრულებდა, ის იეჰოვასგან კურთხეული, მისი სახელით წოდებული ხალხი, მღვდლების სამეფო და წმინდა ერი გახდებოდა (გმ. 19:5, 6; კნ. 28:1—14). მაგრამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მათ წყევლა ეწეოდათ (კნ. 28:15—68). რა იყო შეთანხმების მიზანი? მას ცხადი უნდა გაეხადა დარღვევები (გლ. 3:19), ებრაელები ქრისტემდე მიეყვანა (გლ. 3:24), ყოფილიყო მომავალ კურთხევათა ჩრდილი (ებ. 10:1; კლ. 2:17), დაეცვა ებრაელები ცრუ, წარმართული სარწმუნოებისგან, შეურყვნელად შეენარჩუნებინა იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და დაეცვა საგვარეულო ხაზი, რომელშიც აღთქმული შთამომავალი მოვიდოდა. კანონის შეთანხმება აბრაამთან დადებულ შეთანხმებას დაემატა (გლ. 3:17—19) და ისაკისა და იაკობის მეშვეობით აბრაამის შთამომავლების ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
კანონის შეთანხმებით არაებრაელებსაც შეეძლოთ ესარგებლათ. თუ ისინი პროზელიტები გახდებოდნენ და წინადაიცვეთდნენ, კანონი მათაც მოუტანდა კურთხევებს (გმ. 12:48, 49).
რატომ გახდა კანონის შეთანხმება დრომოჭმული?
შეიძლება ითქვას, რომ კანონის შეთანხმება გარკვეულწილად „დრომოჭმული“ გახდა მაშინ, როცა ღმერთმა იერემიას პირით ახალი შეთანხმების შესახებ იწინასწარმეტყველა (იერ. 31:31—34; ებ. 8:13). ახ. წ. 33 წელს წამების ბოძზე იესო ქრისტეს სიკვდილით კანონის შეთანხმება გაუქმდა (კლ. 2:14), მისი ადგილი კი ახალმა შეთანხმებამ დაიკავა (ებ. 7:12; 9:15; სქ. 2:1—4).
ლევის ტომთან დადებული შეთანხმება. იეჰოვამ ლევის ტომს დაუდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ეს ტომი კარვის მსახურებისა და მღვდელმსახურებისთვის იქნებოდა გამოყოფილი. ეს შეთანხმება ძვ. წ. 1512 წელს სინას უდაბნოში დაიდო (გმ. 40:2, 12—16; მლ. 2:4). აარონსა და მის ვაჟებს კეჰათელთა საგვარეულოდან მღვდლებად უნდა ემსახურათ, ლევის ტომის დანარჩენ საგვარეულოებს კი სხვა მოვალეობები დაეკისრათ, მათ შორის კარვის დადგმა, მისი გადატანა და სხვა (რც. 3:6—13; თ. 4). მოგვიანებით მათ მსახურება ტაძარშიც გააგრძელეს (1მტ. 23). მღვდლების დანიშვნა ძვ. წ. 1512 წლის 1 ნისანიდან 7 ნისანის ჩათვლით გაგრძელდა; ისინი მსახურებას 8 ნისანს შეუდგნენ (ლვ. თ-ები 8, 9). ლევიანებს აღთქმულ მიწაზე მემკვიდრეობა არ მიუღიათ. ისინი თითოეული ტომისგან იღებდნენ მეათედს და ცხოვრობდნენ ქალაქებში, რომლებიც ამ ტომების ტერიტორიაზე გამოუყვეს (რც. 18:23, 24; იეს. 21:41). განსაკუთრებული ერთგულებისთვის იეჰოვამ ფინხასს მშვიდობის შეთანხმება დაუდო, რომლის თანახმადაც მღვდლობა სამარადისოდ მას და მის შთამომავლობას დარჩებოდა (რც. 25:10—13). ლევის ტომთან დადებული შეთანხმება კანონის შეთანხმებასთან ერთად გაუქმდა (ებ. 7:12).
მოაბის მიწაზე ისრაელთან დადებული შეთანხმება. ძვ. წ. 1473 წელს, აღთქმულ მიწაზე შესვლამდე, იეჰოვამ ისრაელს მოაბის მიწაზე დაუდო შეთანხმება (კნ. 29:1; 1:3). მოსემ კანონი თითქმის თავიდან ბოლომდე გაუმეორა და განუმარტა ხალხს. ამ შეთანხმებას ხალხი იეჰოვასადმი ერთგულებისკენ უნდა წაეხალისებინა და ახლებურად ჩამოეყალიბებინა ზოგიერთი კანონი, რადგან ისრაელს მომთაბარე ცხოვრებისთვის თავი უნდა დაენებებინა და ერთ ადგილზე დასახლებულიყო (კნ. 5:1, 2, 32, 33; 6:1; ლვ. 17:3—5 შდრ. კნ. 12:15, 21-ს). ეს შეთანხმება როგორც კანონის შეთანხმების განუყოფელი ნაწილი მასთან ერთად გაუქმდა.
მეფე დავითთან დადებული შეთანხმება. ეს შეთანხმება დავითის იერუსალიმში მეფობის დროს (ძვ. წ. 1070—1038) დაიდო. ერთ მხარეს იეჰოვა წარმოადგენდა, მეორე მხარეს კი დავითი, როგორც ოჯახის უფროსი (2სმ. 7:11—16). შეთანხმების თანახმად დავითის საგვარეულო ხაზით მოსული კაცი მარადიულად დაიმკვიდრებდა სამეფო ტახტს და იეჰოვას სახელზე სახლს ააშენებდა. ღმერთმა ეს შეთანხმება იმიტომ დადო, რომ ისრაელს სამეფო დინასტია ჰყოლოდა, იესოს, დავითის მემკვიდრეს, კანონიერი უფლება ჰქონოდა, დაუფლებოდა დავითის ტახტს, რომელსაც „იეჰოვას ტახტი“ ეწოდებოდა (1მტ. 29:23; ლკ. 1:32), და ებრაელებს იესოს, როგორც მესიის ამოცნობაში დახმარებოდა (ეზკ. 21:25—27; მთ. 1:6—16; ლკ. 3:23—31). ეს შეთანხმება მღვდლობას არ ითვალისწინებდა. ლევიანი მღვდლები დავითის სამეფო დინასტიის მეფეებთან ერთად ემსახურებოდნენ ხალხს, მაგრამ კანონით სამღვდელოება და მმართველი კლასი ერთმანეთისგან გამიჯნული იყო. ვინაიდან იეჰოვა ამ მმართველობას მარადიულად აღიარებს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, ეს შეთანხმებაც მარადიულად დარჩება ძალაში (ეს. 9:7; 2პტ. 1:11).
შეთანხმება მელქისედეკის წესით მღვდლობაზე. ეს შეთანხმება მოცემულია ფსალმუნის 110:4-ში. პავლე მოციქული ებრაელების 7:1—3, 15—17-ში ამ შეთანხმებას იესო ქრისტეს უკავშირებს. იეჰოვამ ის მხოლოდ იესო ქრისტეს დაუდო. როგორ ჩანს, იესომ ეს შეთანხმება იგულისხმა, როცა თავის მიმდევრებს თავადაც დაუდო შეთანხმება სამეფოსთვის (ლკ. 22:29). იეჰოვამ დაიფიცა, რომ იესო ქრისტე, თავისი ზეციერი ძე, მღვდელი იქნებოდა მელქისედეკის წესით. მელქისედეკი მიწიერი მეფე და ღვთის მღვდელი იყო. იესო ქრისტეც მეფე და მღვდელმთავარი იქნებოდა, ოღონდ ზეცაში. მას ზეცად ამაღლების შემდეგ სამუდამოდ დაეკისრა ეს პასუხისმგებლობები (ებ. 6:20; 7:26, 28; 8:1). ეს შეთანხმება მარადიულად რჩება ძალაში, რადგან იესო მარადიულად იეჰოვას მორჩილი მეფე და მღვდელმთავარი იქნება (ებ. 7:3).
ახალი შეთანხმება. ძვ. წ. VII საუკუნეში იეჰოვამ იერემიას პირით იწინასწარმეტყველა ახალი შეთანხმების შესახებ, რომელიც ისრაელის მიერ დარღვეული კანონის შეთანხმებისგან განსხვავებული იქნებოდა (იერ. 31:31—34). ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, სიკვდილის წინა ღამეს, როცა იესომ თავისი გახსენების საღამოს აღნიშვნა დააწესა, ახალი შეთანხმებაც ახსენა, რომელიც მისი მსხვერპლის წყალობით შევიდოდა ძალაში (ლკ. 22:20). აღდგომიდან 50-ე დღეს და ზეცად ამაღლებიდან მე-10 დღეს, იესომ იეჰოვასგან მიღებული წმინდა სული გადმოაფრქვია იერუსალიმში ზემოთა ოთახში შეკრებილ თავის მოწაფეებზე (სქ. 2:1—4, 17, 33; 2კრ. 3:6, 8, 9; ებ. 2:3, 4).
ახალი შეთანხმების მხარეები არიან იეჰოვა ღმერთი და „ღვთის ისრაელი“, ანუ ქრისტესთან ერთობაში მყოფი სულითშობილი ქრისტიანები, რომლებიც მის კრებას, იგივე „სხეულს“ წარმოადგენენ (ებ. 8:10; 12:22—24; გლ. 6:15, 16; 3:26—28; რმ. 2:28, 29). ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის (მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის) საფუძველზე, რომლის საფასურიც იესომ იეჰოვას ზეცად ამაღლების შემდეგ წარუდგინა (მთ. 26:28). ვისაც ღმერთი ზეციური მოწოდებისთვის ირჩევს (ებ. 3:1), ქრისტეს მსხვერპლის წყალობით დადებული ახალი შეთანხმების მონაწილედ აქცევს (ფს. 50:5; ებ. 9:14, 15, 26). იესო ქრისტე ახალი შეთანხმების შუამავალი (ებ. 8:6; 9:15) და აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელია (გლ. 3:16). ის, როგორც ახალი შეთანხმების შუამავალი, ამ შეთანხმების მონაწილეთ ეხმარება, აბრაამის ნამდვილი შთამომავლები გახდნენ (ებ. 2:16; გლ. 3:29), რაც მათთვის ცოდვების მიტევების შედეგად არის შესაძლებელი. იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს (რმ. 5:1, 2; 8:33; ებ. 10:16, 17).
ეს სულითშობილი ქრისტიანები, ქრისტეს ცხებული ძმები, მასთან, როგორც მღვდელმთავართან ერთად მღვდლებად იმსახურებენ. ისინი იქნებიან „სამეფო სამღვდელოება“ (1პტ. 2:9; გმც. 5:9, 10; 20:6). მათი მღვდელმსახურება „ხალხისთვის მსახურებაა“ (ფლ. 2:17) და მათ „ახალი შეთანხმების მსახურნი“ ეწოდებათ (2კრ. 3:6). ზეციური ცხოვრებისთვის მოწოდებულნი სიკვდილამდე ერთგულად უნდა მიჰყვნენ ქრისტეს ნაკვალევს. იეჰოვა მათ აქცევს მღვდლების სამეფოდ, აზიარებს ღვთიურ ბუნებას და როგორც ქრისტეს ზეციერ თანამემკვიდრეებს უკვდავებასა და უხრწნელობას უბოძებს (1პტ. 2:21; რმ. 6:3, 4; 1კრ. 15:53; 1პტ. 1:4; 2პტ. 1:4). ამ შეთანხმების მიზანია იეჰოვას სახელისთვის ხალხის გამოყოფა და მათი აბრაამის შთამომავლებად ქცევა (სქ. 15:14). ისინი ქრისტეს „პატარძალი“ ხდებიან და ქრისტე მათ სამეფოსთვის დადებული შეთანხმების მონაწილედ აქცევს, რათა მასთან ერთად იმეფონ (ინ. 3:29; 2კრ. 11:2; გმც. 21:9; ლკ. 22:29; გმც. 1:4—6; 5:9, 10; 20:6). ახალი შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ „ღვთის ისრაელის“ ყველა წევრი არ აღდგება და ზეცაში უკვდავებას არ ეზიარება.
იესოს მიერ თავის მიმდევრებთან დადებული შეთანხმება. ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ ეს შეთანხმება თავის თერთმეტ ერთგულ მოციქულს დაუდო მას შემდეგ, რაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა დააწესა. იესო მათ დაჰპირდა, რომ ტახტებზე დასხდებოდნენ (ლკ. 22:28—30; შდრ. 2ტმ. 2:12). მოგვიანებით მან ახსნა, რომ ეს დაპირება ყველა სულითშობილ „მძლეველზე“ ვრცელდებოდა (გმც. 3:21; იხ. აგრეთვე გმც. 1:4—6; 5:9, 10; 20:6). ეს შეთანხმება იესომ აამოქმედა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იერუსალიმში ზემოთა ოთახში შეკრებილი მოწაფეები წმინდა სულით სცხო (სქ. 2:1—4, 33). ვინც მასთან ერთად დარჩებოდა განსაცდელში და მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით მოკვდებოდა (ფლ. 3:10; კლ. 1:24), მასთან ერთად იმეფებდა ზეციერ სამეფოში. იესო ქრისტესა და მის თანამმართველთა შორის დადებული ეს შეთანხმება მარადიულად რჩება ძალაში (გმც. 22:5).
სხვა შეთანხმებები. 1) იესო ნავეს ძეს, ისრაელის თავკაცებსა და გაბაონელებს შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც გაბაონელები ცოცხლები უნდა დაეტოვებინათ. მართალია, ისინიც დაწყევლილი ქანაანელები იყვნენ, რომლებიც ისრაელებს უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ ეს შეთანხმება ისრაელებს არ აძლევდა მათი სიცოცხლის ხელყოფის უფლებას; მათ წყევლა იმ გაგებით ეწიათ, რომ ისრაელის კრებულისთვის შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები გახდნენ (იეს. 9:15, 16, 23—27). 2) იესო ნავეს ძესა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ იეჰოვასთვის უნდა ემსახურათ (იეს. 24:25, 26). 3) გალაადის უხუცესებსა და იფთახს შორის მიცფაში დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც იფთახი გალაადელთა წინამძღოლი გახდებოდა, თუ იეჰოვა ამონელებზე გაამარჯვებინებდა (მსჯ. 11:8—11). 4) იონათანსა და დავითს შორის დადებული შეთანხმება (1სმ. 18:3; 23:18). 5) მღვდელ იეჰოიადას, კარიელ მცველთა ასისთავებსა და მალემსრბოლელთა შორის დადებული შეთანხმება (2მფ. 11:4; 2მტ. 23:1—3). 6) ისრაელსა და იეჰოვას შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისრაელებს უცხოელი ცოლები უნდა გაეშვათ (ეზრ. 10:3). 7) იეჰოვას მიერ დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ის თავის მსახურს ხალხებისთვის შეთანხმებად აქცევდა (ეს. 42:6; 49:8). 8) დავითსა და ისრაელის უხუცესებს შორის ხებრონში დადებული შეთანხმება (1მტ. 11:3). 9) ასას მეფობის დროს ხალხის მიერ დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისინი მთელი გულითა და სულით დაუწყებდნენ ძებნას იეჰოვას (2მტ. 15:12). 10) იოშიას მიერ დადებული შეთანხმება, რომ კანონში ჩაწერილ იეჰოვას მცნებებს დაიცავდა (2მტ. 34:31). 11) იერუსალიმში გაბატონებული „მკვეხარების“ „შეთანხმება სიკვდილთან“, რითაც ისინი თავს იტყუებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ცუდი არაფერი დაემართებოდათ (ეს. 28:14, 15, 18).