სამეფო სამღვდელოება — კურთხევა მთელი კაცობრიობისთვის
„[თქვენ] რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (1 პეტ. 2:9).
1. რატომ ეწოდება „უფლის ვახშამს“ გახსენების საღამოც და რა მიზანს ემსახურება ის?
იესო ქრისტემ და მისმა 12 მოციქულმა ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს უკანასკნელად აღნიშნეს იუდეველთა დღესასწაული, პასექი. იუდა ისკარიოტელის გაშვების შემდეგ იესომ დააფუძნა სხვა დღესასწაული, რომელსაც მოგვიანებით „უფლის ვახშამი“ ეწოდა (1 კორ. 11:20). იესომ ორჯერ გაიმეორა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. ამ საღამოს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოც ეწოდა (1 კორ. 11:24, 25). მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იცავენ ამ მითითებას და ყოველწლიურად აღნიშნავენ გახსენების საღამოს. 2012 წელს ებრაული კალენდრით 14 ნისანი დაიწყება ხუთშაბათს, 5 აპრილს მზის ჩასვლისას.
2. რა თქვა იესომ სიმბოლოებზე, რომლებიც გამოიყენა?
2 მოწაფე ლუკა გვამცნობს, თუ რა გააკეთა და რა თქვა მაშინ იესომ: «აიღო პურიც, ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. ვახშმის შემდეგ ისევე მოიქცა, როცა სასმისი აიღო, და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“» (ლუკ. 22:19, 20). როგორ გაიგეს მოციქულებმა ეს სიტყვები?
3. როგორ გაიგებდნენ მოციქულები სიმბოლოების მნიშვნელობას?
3 ვინაიდან მოციქულები იუდეველები იყვნენ, კარგად იცოდნენ იმ ცხოველური შესაწირავების შესახებ, რომლებსაც მღვდლები იერუსალიმის ტაძარში სწირავდნენ ღმერთს. ამ შესაწირავებს იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სწირავდნენ და მრავალი მათგანი ცოდვის გამოსასყიდად აღევლინებოდა (ლევ. 1:4; 22:17—29). ამგვარად, როცა იესო თავისი სხეულის გაღებასა და სისხლის დაღვრაზე საუბრობდა, მოციქულებს ესმოდათ, რომ ის თავისი სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებას გულისხმობდა. ეს ცხოველურ შესაწირავზე ბევრად უფრო ღირებული მსხვერპლი იყო.
4. რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“?
4 რას ნიშნავდა იესოს სიტყვები: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“? მოციქულებმა იცოდნენ წინასწარმეტყველება ახალი შეთანხმების შესახებ, რომელიც ჩაწერილია იერემიას 31:31—33-ში (წაიკითხეთ). იესოს სიტყვების თანახმად, ეს ახალი შეთანხმება შეცვლიდა ისრაელებისთვის მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონის შეთანხმებას. იყო ეს ორი შეთანხმება ერთმანეთთან დაკავშირებული?
5. რის შესაძლებლობას აძლევდა კანონის შეთანხმება ისრაელებს?
5 დიახ, მათი მიზანი მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. კანონის შეთანხმების დადებისას იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის“ (გამ. 19:5, 6). რას ნიშნავდა ეს სიტყვები ისრაელებისთვის?
დაპირება სამეფო სამღვდელოების შესახებ
6. რომელი დანაპირების შესასრულებლად დაიდო კანონის შეთანხმება?
6 ისრაელებმა იცოდნენ სიტყვა „შეთანხმების“ მნიშვნელობა, რადგან იეჰოვამ მნიშვნელოვანი შეთანხმებები დაუდო მათ წინაპრებს, ნოესა და აბრაამს (დაბ. 6:18; 9:8—17; 15:18; 17:1—9). შეთანხმების დადებისას იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი“ (დაბ. 22:18). იეჰოვამ კანონის შეთანხმება სწორედ ამ დანაპირების შესასრულებლად დადო. ამის საფუძველზე ისრაელებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ „ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება“. რა მიზნით? რომ გამხდარიყვნენ იეჰოვას „მღვდლების სამეფო“.
7. რას ნიშნავდა გამოთქმა „მღვდლების სამეფო“?
7 ისრაელებს ჰყავდათ როგორც მეფეები, ისე მღვდლები, მაგრამ წარსულში მხოლოდ მელქისედეკი იყო, იეჰოვას ნებით, ერთდროულად მეფეც და მღვდელიც (დაბ. 14:18). იეჰოვამ ისრაელებს შესაძლებლობა მისცა, წარმოექმნათ „მღვდლების სამეფო“. როგორც ღვთის შთაგონებით მოგვიანებით ბერძნულ წერილებში იყო აღნიშნული, რჩეულები შეადგენდნენ სამეფო სამღვდელოებას, ანუ იქნებოდნენ მეფეები და, ამავდროულად, მღვდლებიც (1 პეტ. 2:9).
8. რა ევალებოდათ მღვდლებს?
8 ცხადია, მეფე მმართველობს, მაგრამ რას აკეთებს მღვდელი? ებრაელების 5:1 გვიხსნის: „ყოველი მღვდელმთავარი ადამიანთა გულისთვის არის ღვთის საკუთრებაზე დანიშნული, რათა ძღვენი და მსხვერპლი შესწიროს ცოდვებისთვის“. ასე რომ, იეჰოვას მიერ დანიშნული მღვდელი ისრაელების ცოდვების გამოსასყიდად მსხვერპლს სწირავდა და ასეთი სახით ხალხს ღმერთთან შუამდგომლობდა. მღვდელი ასევე იეჰოვას შუამდგომლობდა ხალხთან იმით, რომ მათ ღვთის კანონებს ასწავლიდა (ლევ. 10:8—11; მალ. 2:7). ასეთი სახით ღვთის მიერ დანიშნული მღვდელი ღმერთთან ხალხის შერიგებას უწყობდა ხელს.
9. ა) რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს, რომ გამხდარიყვნენ „მღვდლების სამეფო“? ბ) რატომ დანიშნა იეჰოვამ მღვდლები ისრაელში? გ) რატომ ვერ გახდებოდნენ ეს მღვდლები „მღვდლების სამეფო“?
9 კანონის შეთანხმება ისრაელებს შესაძლებლობას აძლევდა, გამხდარიყვნენ სამეფო სამღვდელოება, ანუ მეფეებიც და მღვდლებიც, „ყველა ხალხისთვის“. მაგრამ ამისათვის მათ უნდა შეესრულებინათ პირობა: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას“. შეეძლოთ ისრაელებს, გულისყურით მოესმინათ იეჰოვას ხმა? გარკვეულწილად. შეეძლოთ მათ ამის სრულყოფილად გაკეთება? ცხადია, არა (რომ. 3:19, 20). ამიტომ იეჰოვამ ისრაელში დანიშნა მღვდლები, რათა ისრაელების ცოდვებისთვის ცხოველური შესაწირავები შეეწირათ, მაგრამ მეფობასთან მათ არანაირი საერთო არ ჰქონდათ (ლევ. 4:1—6:7). ამ ცოდვებში თავად მღვდლების ცოდვებიც შედიოდა (ებრ. 5:1—3; 8:3). იეჰოვა იღებდა მათგან ამ შესაწირავებს, მაგრამ მათ არ შეეძლო ცოდვების სრულად გამოსყიდვა. სამღვდელოება, რომელიც იცავდა კანონის შეთანხმებას, სრულად ვერ შეარიგებდა ღმერთთან გულწრფელ ისრაელებსაც კი. მოციქულმა პავლემ ეს ასე გამოხატა: „ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა“ (ებრ. 10:1—4). კანონის დარღვევის გამო ისრაელები დაწყევლილები გახდნენ (გალ. 3:10). ამიტომ ისინი ვერ გახდებოდნენ სამეფო სამღვდელოება ყველა ხალხისთვის.
10. რა მიზანს ემსახურებოდა კანონის შეთანხმება?
10 ამაო ხომ არ იყო „მღვდლების სამეფოს“ შესახებ იეჰოვას დანაპირები? არა. თუ ისინი მთელი გულით ეცდებოდნენ იეჰოვასადმი მორჩილებას, მათ ექნებოდათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ არა კანონის შეთანხმების საფუძველზე. რატომ იყო ეს შეუძლებელი კანონის შეთანხმების საფუძველზე? (წაიკითხეთ გალატელების 3:19—25 ). იმ ისრაელებს, რომლებიც ერთგულად ცდილობდნენ კანონის დაცვას, კანონი წმინდა თაყვანისმცემლობის შეუბილწავად შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ამის საშუალებით იუდეველები აცნობიერებდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ და საჭიროებდნენ იმაზე დიდ მსხვერპლს, ვიდრე ამის შეწირვა მღვდელმთავარს შეეძლო. კანონი იყო ქრისტემდე, ანუ მესიამდე, ცხებულამდე, მიმყვანი. მაგრამ, როდესაც მესია მოვიდა, მან იერემიას მიერ ნაწინასწარმეტყველები ახალი შეთანხმება დადო. ეს შეთანხმება დაიდო მათთან, ვინც ქრისტეს მოწვევა მიიღო, და ისინი გახდნენ „მღვდლების სამეფოს“ წევრები. ვნახოთ, როგორ.
ახალი შეთანხმება — სამეფო სამღვდელოების საფუძველი
11. როგორ გახდა იესო სამეფო სამღვდელოების საფუძველი?
11 ახ. წ. 29 წელს გამოჩნდა მესია, იესო ნაზარეთელი. დაახლოებით 30 წლის ასაკში ის წყალში მოინათლა და ამით მან იეჰოვას განსაკუთრებული ნების შესასრულებლად წარუდგინა თავი. იეჰოვამ ყველას გასაგონად განაცხადა, რომ იესო მისი „საყვარელი ძე“ იყო და სცხო ის არა ზეთით, არამედ წმინდა სულით (მათ. 3:13—17; საქ. 10:38). შედეგად ის გახდა ყველა მორწმუნის მღვდელმთავარი და მომავალი მეფე (ებრ. 1:8, 9; 5:5, 6). იესო გახდა ჭეშმარიტი სამეფო სამღვდელოების საფუძველი.
12. რა გახდა შესაძლებელი იესოს მსხვერპლის საშუალებით?
12 როგორც მღვდელმთავარს, რა შესაწირავის გაღება შეეძლო იესოს, რაც სრულად დაფარავდა ყველა მორწმუნის მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვას? თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ აღნიშნა, რომ შესაწირავი მისი სრულყოფილი სიცოცხლე იყო (წაიკითხეთ ებრაელების 9:11, 12 ). ახ. წ. 29 წლიდან, ნათლობის შემდეგ, იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, სიკვდილამდე არაერთ განსაცდელს გაუძლო და ბევრი რამ ისწავლა (ებრ. 4:15; 5:7—10). აღდგომის შემდეგ ის ზეცაში ავიდა და შესაწირავის ფასი თავად იეჰოვას წარუდგინა (ებრ. 9:24). ამიტომ იესოს შეეძლო ეშუამავლა მათთვის, ვინც მის მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენას გამოავლენდა; აგრეთვე დახმარებოდა მათ, ემსახურათ ღვთისთვის და მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონოდათ (ებრ. 7:25). ამ მსხვერპლის საშუალებით ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა (ებრ. 8:6; 9:15).
13. რა ელოდა მათ, ვისთანაც ახალი შეთანხმება დაიდო?
13 ახალი შეთანხმების მოზიარეები წმინდა სულით ცხებულებიც იქნებოდნენ (2 კორ. 1:21). მოწვევა ჯერ ერთგულმა იუდეველებმა მიიღეს, შემდეგ კი უცხოტომელებმა (ეფეს. 3:5, 6). რა ელოდა მათ, ვისთანაც ახალი შეთანხმება დაიდო? მათ ნამდვილად ეპატიებოდათ ცოდვები. იეჰოვამ თქვა: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერ. 31:34). ცოდვების პატიების შემდეგ, მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ „მღვდლების სამეფოს“ წევრები. პეტრემ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: «„რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ» (1 პეტ. 2:9). პეტრეს აქ მოჰყავს იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ისრაელ ერს კანონის მიცემისას უთხრა და იყენებს ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებთანაც ახალი შეთანხმება დაიდო (გამ. 19:5, 6).
სამეფო სამღვდელოება კურთხევებს მოუტანს მთელ კაცობრიობას
14. სად იმსახურებს სამეფო სამღვდელოება?
14 სად იმსახურებენ ისინი, ვისთანაც ახალი შეთანხმება დაიდო? დედამიწაზე, სადაც როგორც ჯგუფი მღვდლებად იმსახურებენ, ყველგან აუწყებენ იეჰოვას აღმატებულობის შესახებ და ხალხს სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფენ (მათ. 24:45; 1 პეტ. 2:4, 5). სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფეები და მღვდლები იქნებიან და სრულად შეასრულებენ ორივე მოვალეობას (ლუკ. 22:29; 1 პეტ. 1:3—5; გამოცხ. 1:6). ამას ადასტურებს მოციქულ იოანეს ხილვა. მან ზეცაში იეჰოვას ტახტთან მრავალი სულიერი ქმნილება იხილა. ისინი კრავს „ახალ სიმღერას“ უმღეროდნენ: „შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან, ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხ. 5:8—10). მოგვიანებით ნანახ ხილვაში იოანე ამ მმართველების შესახებ ამბობს: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხ. 20:6). ქრისტესთან ერთად ისინი ქმნიან სამეფო სამღვდელოებას, რომელსაც მთელი კაცობრიობისთვის მოაქვს სარგებლობა.
15, 16. რა კურთხევებს მოუტანს სამეფო სამღვდელოება კაცობრიობას?
15 რა სარგებლობას მოუტანენ 144 000-ის წევრები დედამიწაზე მცხოვრებთ? გამოცხადების 21-ე თავი მათ წარმოგვიდგენს როგორც ზეციერ ქალაქს, ახალ იერუსალიმს, რომელსაც „კრავის ცოლი“ ეწოდა (გამოცხ. 21:9). 2—4 მუხლებში ნათქვამია: «ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“». რა შესანიშნავი კურთხევებია! სიკვდილის მოსპობით მოისპობა ცრემლის, გლოვის, გოდებისა და ტკივილის ძირითადი მიზეზი. ერთგული ადამიანები გასრულყოფილდებიან და საბოლოოდ შეურიგდებიან ღმერთს.
16 გამოცხადების 22:1, 2-ში აღნიშნულია, კიდევ რა კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას ეს სამეფო სამღვდელოება: „მან სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა, ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა ქალაქის [ახალი იერუსალიმის] მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო, რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო“. ამის წყალობით „ხალხები“, ანუ კაცობრიობა, ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან განიკურნება. მართლაც, „წინანდელი ყველაფერი მოისპობა“.
სამეფო სამღვდელოება შეასრულებს თავის დანიშნულებას
17. რას მიაღწევს საბოლოოდ სამეფო სამღვდელოება?
17 სამეფო სამღვდელოება 1 000-წლიანი მსახურების ბოლოს კაცობრიობას სრულყოფილებამდე მიიყვანს. მაშინ მღვდელმთავარი და მეფე, ქრისტე, სრულყოფილ ადამიანებს იეჰოვას წარუდგენს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:22—26 ). სამეფო სამღვდელოება ბოლომდე შეასრულებს თავის დანიშნულებას.
18. მას შემდეგ, რაც სამეფო სამღვდელოება ბოლომდე შეასრულებს თავის დანიშნულებას, როგორ გამოიყენებს იეჰოვა ქრისტეს თანამმართველებს?
18 ამის შემდეგ, როგორ გამოიყენებს იეჰოვა ქრისტეს თანამმართველებს? გამოცხადების 22:5-ის თანახმად, ისინი „იმეფებენ მარადიულად“. ვისზე? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. მაგრამ ისინი კვლავაც მეფეები იქნებიან და იეჰოვა მათ მარადიულად გამოიყენებს თავისი განზრახვების შესასრულებლად, ვინაიდან აქვთ არასრულყოფილი ადამიანების დახმარების გამოცდილება და უკვდავები არიან.
19. რას შევიხსენებთ გახსენების საღამოზე?
19 ამ ბიბლიურ საკითხებს კიდევ ერთხელ შევიხსენებთ 2012 წლის 5 აპრილს, ხუთშაბათს, იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე. დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები მიიღებენ სიმბოლოებს, უფუარ პურსა და წითელ ღვინოს, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ახალი შეთანხმება მათთან არის დადებული. ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის ეს სიმბოლოები მათ შეახსენებს იმ დიდ პატივსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ღვთის მარადიულ განზრახვაში აქვთ. მოდი, თითოეულმა ჩვენგანმა დიდი მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვას მიერ დანიშნული სამეფო სამღვდელოებისთვის, რომელიც მთელ კაცობრიობას მოუტანს კურთხევებს.
[სურათი 29 გვერდზე]
სამეფო სამღვდელოება მარადიულ კურთხევებს მოუტანს მთელ კაცობრიობას