ქალაქი
უფრო მოზრდილი, მჭიდროდ დასახლებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე სოფელი; ქალაქად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ʽირ ბიბლიაში თითქმის 1 100-ჯერ გვხვდება. ზოგჯერ მის სინონიმად ან პარალელურ გამონათქვამად გამოიყენება სიტყვა კირჲაჰ (ქალაქი), მაგალითად, „ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი [ʽირ], ერთგული ქალაქი [კირჲაჰ] დაგერქმევა“ და „რატომ არ ტოვებენ ქების ქალაქს [ʽირ], სიხარულის ქალაქს [კირჲაჰ]?“ (ეს. 1:26; იერ. 49:25).
ებრაულ წერილებში აგრეთვე მოიხსენიება დასახლებები (ებრ. ხაცერიმ), მიმდებარე ქალაქები (ებრ. ბანოთ) და სოფლები (ებრ. ქეფარიმ), რომლებიც ქალაქებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უგალავნო იყო (1სმ. 6:18). თუ ისინი მდებარეობდა გამაგრებული ქალაქის სიახლოვეს ან მის შემოგარენში, მათ გამაგრებული ქალაქის მიმდებარე ქალაქები, სიტყვასიტყვით ასულები ეწოდებოდათ (რც. 21:25; იხ. მიმდებარე ქალაქები). მოსეს კანონიც აკეთებდა განსხვავებას გალავნიან ქალაქებს, უგალავნო დასახლებებსა და სოფლებს შორის. თუ ადამიანი უგალავნო დასახლებაში გაყიდდა თავის სახლს, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მისი გამოსყიდვა, თუ ვერ გამოისყიდდა, იუბილეს წელს ის თავისთავად დაუბრუნდებოდა. მეორე მხრივ, თუ სახლს გაყიდდნენ გალავნიან ქალაქში, ის ერთ წელიწადში უნდა გამოესყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველს სამუდამო საკუთრებად დარჩებოდა. გამონაკლისს ლევიანთა ქალაქები წარმოადგენდა (ლვ. 25:29—34). იგივე განსხვავება კეთდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, სადაც პოლის ძირითადად ნიშნავს გალავნიან ქალაქს, კომე კი — უგალავნო სოფელს. ლუკას 1:38-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა კომოპოლის შეიძლება დაბად ითარგმნოს (შდრ. Int.). იოანემ ბეთლემს „დავითის სოფელი“ უწოდა, ლუკამ კი — ქალაქი, რადგან იცოდა, რომ ის რობოამმა გაამაგრა (ინ. 7:42; ლკ. 2:4; 2მტ. 11:5, 6).
პირველი ქალაქის მშენებელი იყო კაენი, რომელმაც მას თავისი შვილის სახელი, ენოქი უწოდა (დბ. 4:17). თუ იმ დროს სხვა ქალაქებიც არსებობდა, მაშინ ისინი ძვ. წ. 2370 წელს მომხდარი წარღვნის დროს განადგურდა. მათთან ერთად დავიწყებას მიეცა მათი სახელებიც. წარღვნის შემდეგ შინარის მიწაზე ნიმროდის სამეფოს საფუძველი ჩაეყარა ქალაქებით — ბაბილონით, ერექით, აქადითა და ქალნეთი. შემდეგ ნიმროდმა ჩრდილოეთით გააფართოვა თავისი სამეფო და შუამდინარეთის დაბლობზე ააშენა რეხობოთ-ირი, ქალახი და რესენი, რომელთაც ერთად „დიდი ქალაქი“ ეწოდებოდა (დბ. 10:10—12). მაგრამ პატრიარქები — აბრაამი, ისაკი და იაკობი — არ აშენებდნენ ქალაქებს და ხიზნებად ცხოვრობდნენ კარვებში მაშინაც, როცა ქანაანისა და ეგვიპტის ქალაქებსა თუ სოფლებში ჩერდებოდნენ (ებ. 11:9). დიდი ხნის შემდეგ კი მათ, ვინც ქანაანის მიწა დაზვერეს, თქვეს, რომ იმ მიწაზე ბევრი გამაგრებული ქალაქი იყო (რც. 13:28; კნ. 9:1).
მშენებლობის მიზანი. ქალაქების მშენებლობას სხვადასხვა მიზანი ჰქონდა, მაგალითად თავდაცვა, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება და რელიგია. თუ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ტაძრების რაოდენობასა და ზომებს გავითვალისწინებთ, უძველესი ქალაქების მშენებლებს ძირითადად რელიგიური მიზნები ამოძრავებდათ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალაქი ბაბილონი თავისი საკულტო კოშკით. მისმა მშენებლებმა ერთმანეთს უთხრეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს, და სახელი გავითქვათ, რათა არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე“ (დბ. 11:4—9). მშიშარა ხალხისთვის ქალაქებში ცხოვრების კიდევ ერთი მიზეზი დამპყრობებისა და დამონების საშიშროება იყო. ისინი მესერს ან გალავანს ავლებდნენ ქალაქს და შესასვლელ კარს ღამითა თუ საფრთხის შემთხვევაში რაზავდნენ (იეს. 2:5; 2მტ. 26:6).
ქალაქის მცხოვრებნი ხშირად მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას ქალაქის გარეთ. ჩვეულებრივ მიწათმოქმედი ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებდა. სხვები ხელოსნები იყვნენ. ქალაქები წარმოადგენდა მარაგის შესანახ და ყიდვა-გაყიდვის ცენტრებს. ისეთ ქალაქებში, როგორიც იყო ტვიროსი, სიდონი და იოპე, ჩადიოდნენ დატვირთული გემები და ქარავნები; ყიდვა-გაყიდვა და საქონლის გადაცვლა იქვე ხდებოდა (ეზკ. 27).
ბევრი სოფელი გაიზარდა და ქალაქი გახდა ან ქალაქის სტატუსი მიიღო. ზოგი მათგანი ქალაქი-სახელმწიფო გახდა და მის ქვეშევრდომთა რიცხვი ასიათასობით ადამიანს ითვლიდა. ასეთი ზრდის მიუხედავად, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ძირითადად ერთი მუჭა პოლიტიკოსებისა და სამხედრო პირების ხელში რჩებოდა. საკმაოდ ხშირად ძალაუფლების მოყვარული ქურუმები ხელთ იგდებდნენ მართვის სადავეებს და მოსახლეობას თავის ნებაზე ატრიალებდნენ. მათგან ძალიან განსხვავდებოდა ისრაელთა ქალაქები, რომელთა მართვაც თეოკრატიული გზით დანიშნული გამგებლების მეშვეობით ხდებოდა. ამ გამგებლებს ევალებოდათ, რომ ქალაქში ღვთის კანონები დაცული ყოფილიყო. ისრაელი ერის მეფე, კანონმდებელი და მოსამართლე იეჰოვა იყო და როცა მისი წარმომადგენლები ერთგულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, ხალხი ხარობდა (ეს. 33:22; ეზრ. 7:25, 26; იგ. 29:2).
ადგილის შერჩევა. ქალაქისთვის ადგილის შერჩევისას მხედველობაში იღებდნენ არაერთ ფაქტორს. ვინაიდან თავდაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ძველად ქალაქებს ჩვეულებრივ შემაღლებულ ადგილებზე აშენებდნენ. ისინი ამის გამო ყველა მხრიდან კარგად ჩანდა, თუმცა მისადგომად ძნელი იყო (მთ. 5:14). ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა ზღვისა თუ მდინარის სანაპიროზე გაშენებული ქალაქები. ბუნებრივი დამცავი ბარიერების გარდა, ქალაქებს ხშირად შემოვლებული ჰქონდა მასიური გალავნები ან კოშკებით გამაგრებული გალავნები, ზოგ შემთხვევაში კი — თხრილიც (2მფ. 9:17; ნემ. 3:1—4:23; 6:1—15; დნ. 9:25). ქალაქების საზღვრების გაფართოებასთან ერთად ზოგჯერ საჭირო ხდებოდა ახალი გალავნის შემოვლება. გალავანში დატანებული იყო მყარი მასალისგან გაკეთებული კარიბჭეები, რომლებიც ხანგრძლივი ალყის დროსაც არ ზიანდებოდა (იხ. სიმაგრე; კარიბჭე; კედელი, გალავანი). გალავნის გარეთ მდებარე მინდვრები, საძოვრები და გარეუბნები თავდასხმის დროს დაუცველი რჩებოდა (რც. 35:1—8; იეს. 21:41, 42).
ქალაქისთვის ადგილის შერჩევისას მის სიახლოვეს წყლის არსებობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მიზეზით საუკეთესოდ ითვლებოდა თავად ქალაქში წყაროების ან ჭების არსებობა. ზოგი ქალაქი, მაგალითად მეგიდო, გაბაონი და იერუსალიმი, მიწისქვეშა გვირაბებისა და წყალსადენების მეშვეობით გარედან მარაგდებოდა წყლით (2სმ. 5:8; 2მფ. 20:20; 2მტ. 32:30). ხელოვნურად გაკეთებულ წყალსატევებსა და ჭებში აგროვებდნენ და ინახავდნენ წვიმის წყალს. ზოგ შემთხვევაში ყველა ოჯახს თავისი წყალსაცავი ჰქონდა, ამიტომ ქალაქის შემოგარენი ფუტკრის ფიჭას წააგავდა (2მტ. 26:10).
ვინაიდან ძველად ქალაქების ასაშენებლად ხალხს საერთო მიზნები ამოძრავებდა, ქალაქები იერსახითა და დაგეგმარებით ერთმანეთს ჰგავდა. ბევრი რამ არც დრომ შეცვალა, რის გამოც დღეს ზოგი ქალაქის იერსახე თითქმის ისეთივეა, როგორიც ორი-სამი ათასწლეულის წინათ იყო. კარიბჭის გავლით შედიოდნენ დიდ მოედანზე, სადაც ყიდვა-გაყიდვა, ხელშეკრულებების გაფორმება და მოწმეების წინაშე მათი ბეჭედდასმა ხდებოდა (დბ. 23:10—18; 2მფ. 7:1; ნამ. 2:4). იქვე ვრცელდებოდა ახალი ამბები (ნემ. 8:1, 3; იერ. 17:19), იმართებოდა სასამართლოები (რთ. 4:1—10) და მგზავრები ღამეს ათევდნენ, თუ არავინ გამოიჩენდა სტუმართმოყვარეობას (მსჯ. 19:15—21). ზოგ ქალაქში სტუმრებისთვის ღამის გასათევი ადგილები იყო გათვალისწინებული (იეს. 2:1; მსჯ. 16:1; ლკ. 2:4—7; 10:35; იხ. სასტუმრო).
ზოგი ქალაქი განსაკუთრებული მიზნისთვის იყო აშენებული, მაგალითად, ფითომი და რამსესი, რომლებიც ისრაელმა მონებმა ფარაონის სამარაგო ქალაქებად ააშენეს (გმ. 1:11), სოლომონის სამარაგო ქალაქები, ეტლების სადგომი ქალაქები და მხედართა ქალაქები (1მფ. 9:17—19), აგრეთვე იეჰოშაფატის სამარაგო ქალაქები (2მტ. 17:12). ისრაელებმა ლევიანებს 48 ქალაქი გამოუყვეს, აქედან 13 — მღვდლების ქალაქებად, 6 კი — უნებლიე მკვლელობის ჩამდენთათვის თავშესაფარ ქალაქებად (რც. 35:6—8; იეს. 21:19, 41, 42; იხ. ეტლების სადგომი ქალაქები; თავშესაფარი ქალაქები; მღვდლების ქალაქები).
ბევრი ქალაქის სიდიდის განსაზღვრა მისი გალავნის ნანგრევებით არის შესაძლებელი, მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა კი ფაქტობრივად შეუძლებელია. ნინევეს შესახებ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის ძალიან დიდი ქალაქი იყო, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობდა (იონ. 4:11; 3:3).
როგორც წესი, ბიბლიაში მოხსენიებული ქალაქების სახელები რაღაცას ნიშნავდა ან რაღაცაზე მიუთითებდა, მაგალითად ადგილმდებარეობაზე, ქალაქის რომელიმე თავისებურებაზე ან მოსახლეობის წარმოშობაზე. არაერთი ქალაქის სახელს წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც ჰქონდა (დბ. 11:9; 21:31; მსჯ. 18:29). ერთი და იმავე სახელის მქონე ქალაქების ერთმანეთისგან განსასხვავებლად ზოგჯერ იმ ტომის სახელს ამატებდნენ, სადაც ის მდებარეობდა. მაგალითად, ბეთლემი ორი იყო: იუდას ბეთლემი და ზებულონის ბეთლემი (მსჯ. 17:7; იეს. 19:10, 15). შემოსაზღვრული ქალაქები ეწოდებოდათ ამა თუ იმ ტომის ქალაქებს, რომლებიც სხვა ტომის ტერიტორიაზე მდებარეობდა (იეს. 16:9; იხ. შემოსაზღვრული ქალაქები).
გადატანითი თუ სიმბოლური მნიშვნელობით. ებრაულ წერილებში სიტყვა „ქალაქი“ ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობით გვხვდება (იგ. 21:22; იერ. 1:18). იესო თავის მაგალითებში მოიხსენიებდა ქალაქებს (მთ. 12:25; ლკ. 19:17, 19). პავლეც გადატანითი მნიშვნელობით იყენებდა ამ სიტყვას (ებ. 11:10, 16; 12:22; 13:14). წიგნ „გამოცხადებაში“ ქალაქი გამოყენებულია სხვადასხვა რამის სიმბოლოდ. მაგალითად, მასში მოხსენიებულია უცხოტომელების მიერ გათელილი „წმინდა ქალაქი“ (გმც. 11:2), „დიდი ქალაქი“, რომელსაც სულიერი გაგებით სოდომი და ეგვიპტე ჰქვია (გმც. 11:8), „დიდი ქალაქი“ ბაბილონი (გმც. 18:10—21; 17:18) და „წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“ (გმც. 21:2—27; 22:14, 19; 3:12).