აარონი
ამრამისა და იოქებედის ვაჟი ლევის ტომიდან; დაიბადა ძვ. წ. 1597 წელს. ლევი აარონის დიდი პაპა იყო (გმ. 6:13, 16—20). აარონს ჰყავდა უფროსი და მირიამი და სამი წლით უმცროსი ძმა მოსე (გმ. 2:1—4; 7:7). მას ცოლად ჰყავდა ამინადაბის ასული ელიშება, რომელთანაც შეეძინა ოთხი ვაჟი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი (გმ. 6:23). ის ძვ. წ. 1474 წელს 123 წლის ასაკში გარდაიცვალა (რც. 33:39).
ვინაიდან მოსე თავისუფლად ვერ ლაპარაკობდა და ამის გამო დავალების შესრულება არ უნდოდა, იეჰოვამ აარონი დანიშნა ფარაონის წინაშე მის წარმომადგენლად და თქვა: „მე ვიცი, რომ მას შეუძლია ლაპარაკი“. აარონი სინას მთისკენ გაეშურა მოსესთან შესახვედრად და გაიგო, რის გაკეთებას აპირებდა იეჰოვა ისრაელსა და ეგვიპტესთან დაკავშირებით. შემდეგ ძმები ეგვიპტეში დაბრუნდნენ (გმ. 4:14—16, 27—30).
აარონმა დაიწყო მოსეს „ბაგედ“ მსახურება, ელაპარაკა ისრაელის უხუცესებს და მათ თვალწინ ნიშნები მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ცნობა ღვთისგან იყო. ფარაონის კარზე წარდგომამდე 83 წლის აარონი, როგორც მოსეს წარმომადგენელი, მზად უნდა ყოფილიყო ამ ქედმაღალ მმართველთან შესახვედრად. იეჰოვას უკვე ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის: „იცოდე, ფარაონის ღმერთად დაგაყენე, შენი ძმა აარონი კი შენი წინასწარმეტყველი იქნება“ (გმ. 7:1, 7). სწორედ აარონმა მოახდინა პირველი სასწაული ფარაონისა და მისი გრძნეული ქურუმების წინაშე. მოგვიანებით მან, მოსეს მითითებით, გაიწოდა მისი კვერთხი და ნიშანი მისცა, რომ დაწყებულიყო ათი სასჯელი (გმ. 7:9—12, 19, 20). ათი სასჯელის განმავლობაში ის მოსესთან შეთანხმებულად მოქმედებდა და ემორჩილებოდა ღმერთს, ვიდრე ისრაელი საბოლოოდ არ გათავისუფლდა. ამ მხრივ ის კარგ მაგალითს აძლევს იმ ქრისტიანებს, რომლებიც ელჩები არიან „ქრისტეს ნაცვლად, თითქოს ღმერთი“ მათი მეშვეობით ეხვეწება ხალხს (გმ. 7:6; 2კრ. 5:20).
უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის მანძილზე აარონი, როგორც ჩანს, მოსეს ნაცვლად სულ უფრო იშვიათად ლაპარაკობდა, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსე თავად გამოდიოდა სიტყვით (გმ. 32:26—30; 34:31—34; 35:1, 4). მესამე სასჯელის შემდეგ მან კვერთხი მოსეს დაუბრუნა. ამალეკთან ბრძოლის დროს აარონსა და ხურს მხოლოდ მოსეს ხელები ეჭირათ (გმ. 9:23; 17:9, 12). მიუხედავად ამისა, იეჰოვა მითითებებს აარონსა და მოსეს, ძირითადად, ერთად აძლევდა. ბიბლიიდან ჩანს, რომ აარონის სიკვდილამდე ისინი ერთად მოქმედებდნენ და ლაპარაკობდნენ (რც. 20:6—12).
აარონი, რომელსაც მოსეზე დაბალი მდგომარეობა ეკავა, მოსესთან ერთად არ ავიდა სინას მთაზე კანონის შეთანხმების მისაღებად, თუმცა ორ ვაჟთან და ისრაელის 70 უხუცესთან ერთად სინას მთასთან მიახლოების უფლება მიიღო და ღვთის დიდების საოცარი ხილვა იხილა (გმ. 24:9—15). აარონი და მისი სახლეულობა კანონის შეთანხმებაში პატივისცემით არიან მოხსენიებულნი. ღმერთმა აარონი მღვდელმთავრად დანიშნა (გმ. 28:1—3).
მღვდელმთავარი. მღვდლად დანიშვნის შვიდდღიანი ცერემონიის დროს მოსემ, ღვთის წარმომადგენელმა, აარონი მღვდელმთავრად დანიშნა, მისი ოთხი ვაჟი კი — დამხმარე მღვდლებად. მოსემ შემოსა აარონი ოქროთი, ლურჯი ძაფით, ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით დამზადებული სამოსელით, სამხრეებითა და სამკერდეთი, რომლებიც სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. აარონს თავზე ძვირფასი სელის თავსაბურავი დაახურა, რომელზეც დამაგრებული იყო სუფთა ოქროს ფირფიტა წარწერით „სიწმინდე იეჰოვასია“ (ლვ. 8:7—9; გმ. 28). შემდეგ აარონი ისე სცხო, როგორც ეს აღწერილია ფსალმუნის 133:2-ში და მას მაშიახ ანუ მესია (ქრისტოს, LXX) ეწოდა, რაც ნიშნავს ცხებულს (ლვ. 4:5, 16; 6:22).
გარდა იმისა, რომ აარონი სამღვდელოების თავად დაინიშნა, ღვთის მითითებით მომავალი მღვდელმთავრები მისი საგვარეულოდან უნდა მოსულიყვნენ. აარონს მღვდლობის უფლება მემკვიდრეობით არ მიუღია, ამიტომ მოციქულ პავლეს შეეძლო მასზე ეთქვა: «ადამიანი თავისით კი არ იღებს ამ პატივს, არამედ, როცა მას ღმერთი მოუწოდებს, როგორც აარონს მოუწოდა. ქრისტესაც არ განუდიდებია საკუთარი თავი იმით, რომ მღვდელმთავარი გახდა, არამედ ის მან განადიდა, ვინც უთხრა: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“» (ებ. 5:4, 5). შემდეგ პავლე გვანახვებს, როგორ განასახიერებდა მღვდლობა, რომელიც პირველად აარონს მიეცა, იესო ქრისტეს აღმატებულ და ზეციურ მღვდელმთავრობას. ამგვარად, აარონის, როგორც მღვდელმთავრის მოვალეობების ცოდნა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს (ებ. 8:1—6; 9:6—14, 23—28).
მღვდელმთავარ აარონს ევალებოდა კარავში თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ყველა საქმის ხელმძღვანელობა და ამ საქმეებით დაკავებული ათასობით ლევიანის ზედამხედველობა (რც. 3:5—10). ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს მას უნდა წარედგინა მღვდლების, ლევიანებისა და ისრაელი ხალხის ცოდვის შესაწირავები. მხოლოდ მას ჰქონდა უფლება, შესულიყო კარვის წმინდათაწმინდაში შეწირული ცხოველების სისხლით (ლვ. 16). მხოლოდ მღვდლებად მომსახურე აარონისა და მისი ვაჟების მოვალეობაში შედიოდა საკმევლის ყოველდღიურად აბოლება, პირველმოწეული მარცვლეულის წარდგენა და თაყვანისმცემლობის სხვადასხვა რიტუალის შესრულება (გმ. 30:7, 8; ლკ. 1:8—11; ლვ. 23:4—11). ცხების შედეგად ის განიწმინდა არა მხოლოდ ერისთვის შესაწირავებთან დაკავშირებული საქმეების შესასრულებლად, არამედ სხვა მოვალეობებისთვისაც. მას ევალებოდა ერისთვის ღვთის სიტყვის სწავლება (ლვ. 10:8—11; კნ. 24:8; მლ. 2:7). აარონი და მისი მემკვიდრეები იეჰოვას ხელმძღვანელობით ზედამხედველებად მსახურობდნენ. ღირსშესანიშნავი მოვლენების დროს აარონს ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა და სელის თავსაბურავი ეხურა, რომელზეც მიმაგრებული იყო „ოქროს ბზინვარე ფირფიტა“. მას სამკერდეც ეკეთა, რომელშიც ურიმი და თუმიმი იდო, რისი საშუალებითაც ერის პრობლემების გადაჭრის დროს იეჰოვასგან იგებდა დადებით ან უარყოფით პასუხს. თუმცა მოსეს სიკვდილამდე, ვიდრე ღმერთთან შუამავლობდა, როგორც ჩანს, ამ ქვებს თითქმის არ იყენებდნენ (გმ. 28:4, 29, 30, 36; იხ. მღვდელმთავარი).
წმინდა თაყვანისმცემლობისადმი აარონის ერთგულება პირველად მაშინ გამოიცადა, როცა მისი ვაჟები, ნადაბი და აბიჰუ, ღმერთმა დახოცა, რადგან ბოროტად გამოიყენეს თავიანთი მდგომარეობა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ დროს „აარონი დუმდა“. როცა მან და მისმა ორმა გადარჩენილმა ვაჟმა მითითება მიიღეს, არ ეგლოვათ დახოცილი შემცოდველები, „ისინი მოსეს სიტყვის თანახმად მოიქცნენ“ (ლვ. 10:1—11).
დაახლოებით 40 წლის განმავლობაში აარონი, როგორც მღვდელმთავარი, იეჰოვას წინაშე ისრაელის 12 ტომის წარმომადგენელი იყო. უდაბნოში ყოფნის დროს მოსესა და აარონის ხელმძღვანელობით უკმაყოფილო რეუბენელი დათანი, აბირამი და ონი ლევიანი კორახის მეთაურობით მათ წინააღმდეგ წავიდნენ. გახსნა იეჰოვამ მიწა კორახის, დათანისა და აბირამის კარვების ქვეშ და მიწამ ჩაიტანა კარვები ამ კაცების სახლეულობასთან ერთად, თავად კორახი და მისი 250 თანამზრახველი კი ცეცხლით გაანადგურა (რც. 16:1—35). მაშინ ისრაელის კრებულმა დრტვინვა დაიწყო მოსესა და აარონის წინააღმდეგ და, როცა ღვთის რისხვა აენთო, აარონმა ძლიერი რწმენა და გაბედულება გამოავლინა, დაემორჩილა მოსეს მითითებას, აიღო საცეცხლური და წავიდა, რომ ხალხისთვის გამოსყიდვის წესი შეესრულებინა. „იდგა ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის“, ვიდრე ჟლეტა არ შეწყდა (რც. 16:46—50).
ამის შემდეგ ღმერთმა ბრძანა, აეღოთ 12 კვერთხი ისრაელის 12 ტომის წარსადგენად და დაედოთ მოწმობის კარავში. ლევის ტომის კვერთხზე აარონის სახელი ეწერა (რც. 17:1—4). მომდევნო დღეს მოსე შევიდა კარავში და ნახა, რომ აარონის კვერთხი დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოისხა (რც. 17:8). ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ იეჰოვამ აარონის ლევიანი ვაჟები მღვდლებად აირჩია, თავად აარონი კი — მღვდელმთავრად. ამის შემდეგ სერიოზულად აღარასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ აარონის საგვარეულოს მღვდლობის საკითხი. დაკვირტული კვერთხი „ურჩობის ძეებისთვის ნიშნად“ მოწმობის კიდობანში ჩადეს, თუმცა, როგორც ჩანს, ურჩების სიკვდილისა და ერის აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ კვერთხი ამოიღეს, რადგან თავისი დანიშნულება უკვე შესრულებული ჰქონდა (რც. 17:10; ებ. 9:4; 2მტ. 5:10; 1მფ. 8:9).
რატომ არ დაისაჯა აარონი ოქროს ხბოს ჩამოსხმისთვის?
პატივდებული მდგომარეობის მიუხედავად, აარონიც უშვებდა შეცდომებს. როცა მოსე პირველად დარჩა 40 დღეს სინას მთაზე, «შეიკრიბა ხალხი აარონთან და უთხრეს მას: „მოდი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“» (გმ. 32:1). აარონი დათანხმდა და ჩამოასხა ოქროს ხბო (გმ. 32:2—6). მოგვიანებით, როცა მოსემ უსაყვედურა, აარონმა სუსტი არგუმენტებით იმართლა თავი (გმ. 32:22—24). თუმცა ამ დანაშაულისთვის მთელი პასუხისმგებლობა იეჰოვამ მას არ დააკისრა. მან მოსეს უთხრა: „მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი, შენ კი დიდ ხალხად გაქციო“ (გმ. 32:10). ამ საკითხის გადასაჭრელად მოსემ დაიძახა: „ვინც იეჰოვას მხარესაა, ჩემკენ!“ (გმ. 32:26). ყველა ლევიანი მის მხარეზე გადავიდა და, უეჭველია, მათ შორის აარონიც იყო. მათ დახოცეს სამი ათასი კერპთაყვანისმცემელი, როგორც ჩანს, ურჩობის უშუალო მოთავეები (გმ. 32:28). მიუხედავად ამისა, მოსემ მოგვიანებით შეახსენა გადარჩენილ ხალხს, რომ ისინიც დამნაშავეები იყვნენ (გმ. 32:30). ასე რომ, მხოლოდ აარონს არ მიუღია ღვთისგან წყალობა. მისი შემდგომი საქმეები იმაზე მოწმობს, რომ ის გულით არ იყო კერპთაყვანისმცემლებთან; უბრალოდ, ვერ გაუძლო ზეწოლას (გმ. 32:35). აარონს არ ჩამოერთვა მღვდელმთავრობა, რითაც გამოჩნდა, რომ იეჰოვამ აპატია მას (გმ. 40:12, 13).
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელის დროს ერთგულად უჭერდა მხარს თავის უმცროს ძმას და დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მოსემ, როგორც ღვთის წარმომადგენელმა, ის მღვდელმთავრად დანიშნა, აარონი უგუნურად შეუერთდა თავის დას, მირიამს, მოსეს კრიტიკაში. ისინი აკრიტიკებდნენ მას ქუშელი ცოლის გამო და ეჭვქვეშ აყენებდნენ იეჰოვა ღმერთთან მის განსაკუთრებულ ურთიერთობასა და მდგომარეობას. ისინი ამბობდნენ: „მარტო მოსეს პირით ლაპარაკობს იეჰოვა?! განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს?!“ (რც. 12:1, 2). იეჰოვამ სწრაფად იმოქმედა, სამივე შეხვედრის კარვის წინ მიიყვანა და ღვთის წარმომადგენლის უპატივცემულობის გამო აარონი და მირიამი მკაცრად შეაგონა. ის ფაქტი, რომ კეთრი მხოლოდ მირიამს შეეყარა, შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ წამომწყები ის იყო და აარონი ისევ სისუსტის გამო შეუერთდა მას. მაგრამ, თუ აარონსაც შეეყრებოდა კეთრი, ღვთის კანონის თანახმად, ის ვეღარ შეასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას (ლვ. 21:21—23). მისი გულის მდგომარეობა მაშინ გამოჩნდა, როცა დაუყოვნებლივ აღიარა თავისი უგუნური საქციელი, მოიბოდიშა და მხურვალედ შეევედრა მოსეს, ელოცა კეთროვანი მირიამისთვის (რც. 12:10—13).
აარონს კიდევ ერთხელ დაეკისრა პასუხისმგებლობა შეცდომისთვის მაშინ, როცა მოსესთან ერთად კადეშში მერიბასთან წყალი გადმოუჩქეფა ისრაელის კრებულს და მის წინაშე არ განწმინდა ღმერთი და პატივი არ მიაგო მას. ამის გამო, ღვთის ბრძანებით, ვერც აარონი შეიყვანდა ერს აღთქმულ მიწაზე და ვერც მოსე (რც. 20:9—13).
ეგვიპტის დატოვებიდან მე-40 წელს, აბის თვის პირველ დღეს, ისრაელი ერი ედომის საზღვართან დაბანაკდა ჰორის მთასთან. რამდენიმე თვეში ისინი იორდანეს გადაკვეთდნენ, მაგრამ 123 წლის აარონი მათთან აღარ იქნებოდა. იეჰოვას მითითებით მთელი კრებულის წინაშე აარონი, მისი ვაჟი ელეაზარი და მოსე ჰორის მთის წვერზე ავიდნენ. იქ მოსემ გახადა აარონს მღვდლის ტანსაცმელი და მის ვაჟსა და მომავალ მღვდელმთავარს, ელეაზარს ჩააცვა. ამის შემდეგ მოკვდა აარონი. როგორც ჩანს, ის მისმა ძმამ და ვაჟმა იქ დამარხეს. ისრაელი 30 დღეს გლოვობდა აარონს (რც. 20:24—29).
აღსანიშნავია, რომ აარონი ზემოთ მოხსენიებული სამი შეცდომიდან არც ერთში არ ყოფილა მოთავე. როგორც ჩანს, მან იმიტომ გადაუხვია სწორი გზიდან, რომ მასზე იმოქმედა არსებულმა ვითარებამ და ადვილად მოექცა სხვების გავლენაში. განსაკუთრებით თავისი პირველი შეცდომის დროს მას უნდა გაეთვალისწინებინა პრინციპი, რომელიც საფუძვლად ედო კანონს: „არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში“ (გმ. 23:2). მიუხედავად ამისა, მისი სახელი ბიბლიაში შემდეგაც მოიხსენიებოდა პატივისცემით და ღვთის ძემ დედამიწაზე ყოფნის დროს დაადასტურა, რომ აარონის მღვდლობა კანონიერი იყო (ფს. 115:10, 12; 118:3; 133:1, 2; 135:19; მთ. 5:17—19; 8:4).
აარონის სამღვდელო შთამომავლობა. „მეფე ჯეიმზის თარგმანსა“ და მოფატის თარგმანში 1 მატიანის 12:27-სა და 27:17-ში წერია სიტყვა „აარონელთა“. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემასა“ და „ბიბლიის საზოგადოების გამოცემაში“ ამ სიტყვას მხოლოდ 1 მატიანის 12:27-ში ვხვდებით, 1 მატიანის 27:17-ში კი წერია სიტყვა „აარონისა“ (ებრაული მასორეტული ტექსტი იყენებს უბრალოდ სახელ „აარონს“, LXX [ლაგარდის გამოცემა] კი — „აარონის ძეებს“ ). როგორც ჩანს, სიტყვა „აარონი“ აქ კრებითი მნიშვნელობით გამოიყენება ისევე, როგორც სიტყვა „ისრაელი“, და დავითის დროს აარონის საგვარეულოს ან მისი მამრობითი სქესის შთამომავლებს ეწოდებოდა, რომლებიც ლევის ტომიდან იყვნენ და მღვდლებად მსახურობდნენ (1მტ. 6:48—53). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ვკითხულობთ: „აარონის ძეთა წინამძღოლი იყო იეჰოიადა და მასთან ერთად — სამი ათას შვიდასი კაცი“ (1მტ. 12:27).