ხიზანი
ჩვეულებრივ, ებრაული არსებითი სახელი გერ მიუთითებს საკუთარი სამშობლოს გარეთ მცხოვრებზე, რომლის სამოქალაქო უფლებები შეზღუდულია. ის იზიარებს ან არ იზიარებს იმ ქვეყნის მკვიდრთა რელიგიას, სადაც ცხოვრობს. აბრაამს, ისაკს, იაკობსა და მათ შთამომავლებს ხიზნები ეწოდებოდათ მანამ, სანამ აღთქმული მიწა მათი კანონიერი საკუთრება გახდებოდა (დბ. 15:13; 17:8; კნ. 23:7).
როცა ისრაელ ხალხთან სხვა წარმოშობის ადამიანზე საუბრისას ბიბლიაში გამოყენებულია სიტყვა „ხიზანი“, ზოგ შემთხვევაში იგულისხმება პროზელიტი ანუ იეჰოვას თაყვანისმცემლობაზე მოქცეული. ზოგჯერ კი ის მიუთითებს პალესტინის ტერიტორიაზე საცხოვრებლად გადასულ მდგმურზე, რომელიც თანახმა იყო, ისრაელებთან ერთად ეცხოვრა და მათი ძირითადი კანონები დაეცვა, თუმცა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში სრულად არ მონაწილეობდა. კონტექსტიდან ჩანს, რომელ მათგანზეა საუბარი.
სეპტუაგინტაში სიტყვა გერ 70-ზე მეტჯერ არის გადმოტანილი პროზელიტად (ბერძ. პროსელიტოს). ზოგის აზრით, ხიზნები ხშირად ეკედლებოდნენ ებრაულ ოჯახებს მფარველობის მოსაპოვებლად და გარკვეულწილად მათზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა არა მონებივით. ეს ჩანს გამოთქმიდან „შენი ხიზანი“ (კნ. 5:14; შდრ. კნ. 1:16; იხ. აგრეთვე ლვ. 22:10, სადაც გამოყენებულია მდგმურის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა თოშავ).
სინას მთაზე კანონის შეთანხმების მიცემისას იეჰოვამ კანონთა კრებულში შეიტანა ხიზნებისა და ისრაელების ურთიერთობის დამარეგულირებელი კანონები, რომლებიდანაც ხიზნებისადმი მისი თბილი დამოკიდებულება ჩანდა. ვინაიდან ხიზნების მდგომარეობა ისრაელებთან შედარებით არასახარბიელო იყო, კანონის შეთანხმება, რომელიც ბევრ რამეს ითვალისწინებდა სუსტებისა და დაუცველების დასახმარებლად, განსაკუთრებით ზრუნავდა ხიზნების კეთილდღეობასა და დაცვაზე. იეჰოვა ხშირად შეახსენებდა ისრაელებს, რომ კარგად იცოდნენ, რამდენად რთული იყო უცხო ქვეყანაში ხიზნად ცხოვრება. ამიტომ იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელთა შორისაც ერთ დროს თავად ხიზნობდნენ, ხელგაშლილები უნდა ყოფილიყვნენ მათთან მცხოვრები ხიზნების მიმართ და უნდა დაეცვათ ისინი (გმ. 22:21; 23:9; კნ. 10:18). როგორც წესი, ისინი ძმასავით უნდა მოპყრობოდნენ ხიზანს, განსაკუთრებით თუ ის პროზელიტი იყო (ლვ. 19:33, 34).
კანონის შეთანხმება ყველა ეროვნების ადამიანს აძლევდა ისრაელის კრებულის წევრად გახდომის უფლებას, თუ ის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე მოექცეოდა და წინადაიცვეთდა, თუმცა გარკვეული გამონაკლისები და შეზღუდვები არსებობდა. ეგვიპტელებსა და ედომელებს ეკრძალებოდათ კრებულში შესვლა მესამე თაობამდე, ანუ ისრაელის მიწაზე მცხოვრებ მესამე თაობამდე (კნ. 23:7, 8). უკანონო შვილებსა და მათ შთამომავლებს კრებულში შესვლა „მეათე თაობამდე“ ეკრძალებოდათ (კნ. 23:2). ამონელებსა და მოაბელებზე იეჰოვამ თქვა, რომ ისინი ვერ შევიდოდნენ კრებულში „მეათე თაობამდე, სამარადისოდ“, და ისრაელებს უთხრა: „ხელი არ შეუწყოთ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას მთელი თქვენი სიცოცხლე, სამარადისოდ“ (კნ. 23:3—6). ეს შეზღუდვები ამ ერების მამაკაცებზე ვრცელდებოდა. კრებულის წევრი ვერც სათესლეებჩაჭყლეტილი ან ასომოკვეთილი გახდებოდა (კნ. 23:1).
წინადაცვეთილ ხიზანს იმავე კანონის დაცვა მოეთხოვებოდა, რაც ისრაელებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას კანონის შეთანხმების ყველა პირობა უნდა შეესრულებინა (ლვ. 24:22). მაგალითად, უნდა დაეცვა შაბათი (გმ. 20:10; 23:12) და აღენიშნა პასექი (რც. 9:14; გმ. 12:48, 49), უფუარი პურების დღესასწაული (გმ. 12:19), კვირების დღესასწაული (კნ. 16:10, 11), კარვობის დღესასწაული (კნ. 16:13, 14) და გამოსყიდვის დღე (ლვ. 16:29, 30). შეეძლო მსხვერპლის შეწირვა (რც. 15:14), ოღონდ ისრაელებისთვის დადგენილი წესის დაცვით (რც. 15:15, 16). მისი შესაწირავი საღი უნდა ყოფილიყო (ლვ. 22:18—20) და ისრაელების მსგავსად ის შეხვედრის კარვის შესასვლელთან უნდა მიეტანა (ლვ. 17:8, 9). მას თავი შორს უნდა დაეჭირა ცრუ თაყვანისმცემლობისგან (ლვ. 20:2; ეზკ. 14:7). თუ ნადირს დაიჭერდა და მოკლავდა, სისხლი უნდა გამოედინა, მაგრამ სისხლიანად თუ შეჭამდა, ის კრებულიდან უნდა მოეკვეთათ (ლვ. 17:10—14). ისრაელებთან ერთად მასაც ეპატიებოდა ცოდვები, რომლებზეც მთელი კრებული იყო პასუხისმგებელი (რც. 15:26, 29). მას უნდა დაეცვა განწმენდის წეს-ჩვეულება, მაგალითად მკვდართან შეხებით გაუწმინდურების შემდეგ (რც. 19:10, 11). მკვდარი ცხოველის მიცემა, როგორც ჩანს, ისეთი ხიზნისთვის შეიძლებოდა, რომელიც იეჰოვას კანონებს ბოლომდე არ იცავდა (კნ. 14:21).
ისრაელთან სასამართლო დავის დროს ხიზანი კანონის თანახმად მიუკერძოებლად უნდა გასამართლებულიყო (კნ. 1:16, 17). მისთვის არ უნდა გამოეტყუათ რამე და სამართალი არ უნდა გაემრუდებინათ (კნ. 24:14, 17). წყევლა არ ასცდებოდა მათ, ვინც უსამართლოდ მოექცეოდა ხიზნებს (კნ. 27:19). უნებლიე მკვლელობის ჩამდენს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ისრაელი იყო, ხიზანი თუ მდგმური, შეეძლო თავშესაფარ ქალაქში გაქცეულიყო (რც. 35:15; იეს. 20:9).
ვინაიდან ხიზნებს ისრაელში სამკვიდრო არ ჰქონდათ, ისინი ვაჭრები, მოჯამაგირეები ან მონები იყვნენ (ლვ. 25:44—46). ხიზანი შეიძლებოდა გამდიდრებულიყო კიდეც (ლვ. 25:47; კნ. 28:43). მაგრამ კანონი მათ ძირითადად ღარიბებად მოიხსენიებდა და შეიცავდა მითითებებს მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად. ხიზანი წილს იღებდა ისრაელის მიერ ყოველ მესამე წელს გაღებული მეათედიდან (კნ. 14:28, 29; 26:12). ისრაელებს მინდორსა თუ ვენახში დარჩენილი მოსავალი მათთვის უნდა დაეტოვებინათ (ლვ. 19:9, 10; 23:22; კნ. 24:19—21). ხიზანსაც შეეძლო აეღო შაბათის წლის მოსავალი (ლვ. 25:6). მოჯამაგირე ხიზანი ისეთივე უფლებებით სარგებლობდა, როგორითაც მოჯამაგირე ისრაელი. გაღარიბებულ ისრაელს შეეძლო, თავი მიეყიდა მდიდარი ხიზნისთვის, რომელიც კეთილად უნდა მოპყრობოდა მას, როგორც მოჯამაგირეს. ისრაელს ან მის ნათესავს ნებისმიერ დროს შეეძლო გამოსასყიდის გადახდა. უკიდურეს შემთხვევაში ის მეშვიდე წელს ან იუბილეს წელს გათავისუფლდებოდა (ლვ. 25:39—54; გმ. 21:2; კნ. 15:12).
მეფეების მმართველობის პერიოდშიც ხიზნებს კარგად ეპყრობოდნენ. იერუსალიმში ტაძრის მშენებლობის დროს მათ გარკვეული სამუშაოები დაავალეს (1მტ. 22:2; 2მტ. 2:17, 18). როდესაც მეფე ასამ იუდაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა დაიწყო, მთელ აღთქმულ მიწაზე მცხოვრები ხიზნები ისრაელებთან ერთად შეიკრიბნენ იერუსალიმში და შეთანხმება დადეს, რომ სულითა და გულით დაუწყებდნენ ძებნას იეჰოვას (2მტ. 15:8—14). ტაძრის განწმენდის შემდეგ იმავე წლის მეორე თვეს მეფე ხიზკიამ პასექის აღსანიშნავად მთელი ისრაელი მიიწვია იერუსალიმში. მის მოწვევას ბევრი ხიზანი გამოეხმაურა (2მტ. 30:25).
ბაბილონის გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისრაელებთან ერთად ტაძარში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მხარს უჭერდნენ ხიზნები, რომელთა შორის იყვნენ ნეთინიმები (გადაცემულნი), მონები, მომღერალი კაცები და ქალები და სოლომონის მსახურთა ძეები. ნეთინიმებს მიეკუთვნებოდნენ გაბაონელები, რომლებიც იესო ნავეს ძემ ტაძრის მუდმივ მსახურებად განაწესა (ეზრ. 7:7, 24; 8:17—20; იეს. 9:22—27). ბიბლიაში საბოლოოდ ხიზნები მოხსენიებულნი არიან როგორც იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, რომლებიც ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებულ ერთგულ ისრაელებთან ერთად მსახურობდნენ (ნემ. 11:3, 21). გადასახლების შემდგომ პერიოდში იეჰოვას წინასწარმეტყველები ხალხს უმეორებდნენ კანონის შეთანხმების პრინციპებს, რომლებიც ხიზნების უფლებებს იცავდა (ზქ. 7:10; მლ. 3:5).
ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ხიზნები ისრაელის ძეებს შორის სამკვიდროს მიიღებდნენ (ეზკ. 47:21—23). იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ექადაგათ იუდეველებსა და პროზელიტებს, რომელთაც ერთნაირად შეეძლოთ ქრისტიანული კრების წევრები გამხდარიყვნენ. ახ. წ. 36 წელს წინადაუცვეთელ კორნელიუსსა და მისი სახლეულობას იეჰოვამ სულის ძღვენი უბოძა და თავის თაყვანისმცემლებად მიიღო (სქ. 10). მას შემდეგ წინადაუცვეთელ უცხოტომელებს, რომლებიც ქრისტეს ირწმუნებდნენ, შეეძლოთ ქრისტიანული კრების წევრები გამხდარიყვნენ, „რომელშიც არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში“ (კლ. 3:11; გლ. 3:28). გამოცხადების 7:2—8-ში აღწერილი სულიერი ისრაელის 12 ტომიდან თითოეული 12 000 ბეჭედდასმულისგან შედგებოდა. ამავე თავის 9—17 მუხლებში საუბარია უთვალავ ხალხზე ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, რომლებიც ესალმებიან ტახტზე მჯდომ მეფესა და მის კრავს. მათ ღვთის კეთილგანწყობა და მფარველობა აქვთ.
მდგმური. მდგმურად ითვლებოდა უცხო მიწაზე ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები. მდგმურად ნათარგმნი ებრაული სიტყვა თოშავ მომდინარეობს ზმნის ფუძიდან ჲაშავ, რაც ცხოვრებას ნიშნავს (დბ. 20:15). როგორც ჩანს, ისრაელში მცხოვრები მდგმურებიდან ზოგი პროზელიტი გახდა, სხვები უბრალოდ ისრაელებს შორის ცხოვრობდნენ და ძირითად კანონებს იცავდნენ, მაგრამ არ ხდებოდნენ იეჰოვას თაყვანისმცემელი წინადაცვეთილი პროზელიტები. მდგმურად არ მიიჩნეოდა უცხოელი, რომელიც მცირე ხნით ჩერდებოდა ისრაელში და მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით სარგებლობდა.
ისრაელში მცხოვრები წინადაუცვეთელი მდგმური არ ჭამდა პასექს და არც იმას, რაც წმინდა იყო (გმ. 12:45; ლვ. 22:10). მათ ხიზნებსა და ღარიბებთან ერთად შეეძლოთ ესარგებლათ შაბათის ან იუბილეს წელს მოსული მოსავლით (ლვ. 25:6, 12). ის ან მისი შთამომავალი ისრაელებს მონებად შეეძლოთ ეყიდათ და სამარადისო საკუთრებად ექციათ. მათ არ ჰქონდათ გამოსყიდვის ან იუბილეს წელს გათავისუფლების უფლება (ლვ. 25:45, 46). მაგრამ, თუ ისრაელი მიეყიდებოდა მონად მდგმურს ან მისი ოჯახის წევრს, მას შეეძლო ნებისმიერ დროს გამოესყიდა თავი ან გათავისუფლებულიყო თავისი მსახურების მეშვიდე წელს ან იუბილეს წელს (ლვ. 25:47—54; გმ. 21:2; კნ. 15:12).
მიუხედავად იმისა, რომ სამკვიდროდ მიწა მხოლოდ ისრაელებს ეძლეოდა, მიწის მესაკუთრე იეჰოვა იყო და თავისი ნებისამებრ შეეძლო დაესახლებინა ისინი იქ ან გაეძევებინა. მიწის გაყიდვის შესახებ იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია. თქვენ ჩემი ხიზნები და მდგმურები ხართ“ (ლვ. 25:23).
უცხო. უცხოდ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ზარ, როგორც ჩანს, მომდინარეობს ფუძიდან ზურ, რაც ნიშნავს ზურგის შექცევას, გაუცხოებას (იობ. 19:13; ფს. 69:8). ამგვარად სიტყვა ზარ ძირითადად ნიშნავს დაცილებულს, დაშორებულს (Theological Dictionary of the Old Testament, გ. ბოტერვეკისა და ჰ. რინგრენის რედაქციით, 1980, ტ. 4, გვ. 53).
აარონის ოჯახსა და ლევის ტომთან დაკავშირებულ საკითხებში უცხოდ მიიჩნეოდა ყველა — ისრაელიც, ხიზანიცა და სხვებიც. კანონის თანახმად, მღვდელმსახურება აარონის ოჯახს ეკუთვნოდა (გმ. 28:1—3), ტაძარში შესასრულებელი სხვა საქმეები კი ძირითადად ლევის ტომს ევალებოდა (რც. 1:49, 50, 53). ყველა დანარჩენი, მათ შორის ისრაელის 12 ტომის (არალევიანი) წარმომადგენლები, გარკვეულ საკითხებში უცხოებად მიიჩნეოდნენ (გმ. 29:33, Rbi 8, სქ.; რც. 3:38; იხ. აგრეთვე ლვ. 22:10; რც. 3:10). ხუთწიგნეულში სიტყვა „უცხო“ ძირითადად მიუთითებს მათზე, ვინც აარონის საგვარეულოდან ან ლევის ტომიდან არ იყო, რადგან მათ არ ევალებოდათ მღვდლის მოვალეობის შესრულება ან კარვის მომსახურება.
უცხოს (ვინც არ იყო აარონის შთამომავალი) არ უნდა ეჭამა მღვდლად დანიშვნის მსხვერპლიდან (გმ. 29:33) და იქიდან, რაც წმინდა იყო (ლვ. 22:10); ის არ უნდა ეცხოთ წმინდა საცხები ზეთით (გმ. 30:33). უცხოს არ უნდა შეესრულებინა მღვდლის მოვალეობები (რც. 3:10; 16:40; 18:7). შესაწირავის მიტანის ან შეხვედრის კარვის შესასვლელთან მდგარ მღვდელთან მისვლის გარდა, არალევიანი, მათ შორის ისრაელის 12 ტომის წარმომადგენელი, არ უნდა მისულიყო კარავთან მის დასადგმელად ან სხვა მიზნით (ლვ. 4:24, 27—29). მღვდლის ასულს, რომელიც აარონის საგვარეულოში არ გათხოვდებოდა, არ შეეძლო ეჭამა იქიდან, რაც წმინდა იყო. ამის გაკეთება არც მის ქმარს შეეძლო (ლვ. 22:12, 13).
უცხო ეწოდებოდა მასაც, ვინც განუდგებოდა იეჰოვას კანონს და ჩამოსცილდებოდა იეჰოვას. ამიტომ ეწოდება ბიბლიაში მეძავს უცხო (იგ. 5:17). ცრუ ღმერთებსა და მათ თაყვანისმცემლებს უცხოები ეწოდებოდათ (იერ. 2:25; 3:13).
ებრაულ წერილებში უცხოში აგრეთვე იგულისხმება უცნობი ადამიანი ან უცხოელი (1მფ. 3:18; იობ. 19:15).
ქრისტიანული პრინციპების დაცვა უცხოებთან ურთიერთობისას. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ხაზი ესმება უცხოების (ბერძ. ქსენოს) სიყვარულს, რაც თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოავლინოს. მოციქული პავლე წერს: „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას [ბერძ. ფილოქსენიას, რაც ნიშნავს უცხოთა სიყვარულს], რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ“ (ებ. 13:2). იესომ ცხადყო, რომ მისი ძმების მიმართ გამოვლენილ სტუმართმოყვარეობას, რაც არ უნდა უცხოები და უცნობები ყოფილიყვნენ ისინი, ის მის მიმართ გამოვლენილ სტუმართმოყვარეობად მიიჩნევდა (მთ. 25:34—46). მოციქული იოანე აქებდა გაიუსს მის კრებაში გაგზავნილი ქრისტიანი კაცების მიმართ გამოვლენილი სიკეთისთვის, რომლებიც მისთვის უცხოები იყვნენ, და განსჯიდა დიოტრეფეს, რომელმაც პატივისცემით არ მიიღო ისინი (3ინ. 5—10; 1ტმ. 5:10).
ქრისტიანებს ხიზნები და დროებით მცხოვრებლები ეწოდებათ, რადგან ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არიან (ინ. 15:19; 1პტ. 1:1). ისინი უცხოები არიან, რადგან არ მონაწილეობენ ღვთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნიერების საქმეებში (1პტ. 2:11). უცხოტომელები, რომლებიც ერთ დროს „დანაპირების შეთანხმებისთვის უცხოები, უიმედოები და უღმერთოები“ იყვნენ ქვეყნიერებაში, ქრისტეს მეშვეობით „უცხოები და ხიზნები“ აღარ არიან, „არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის ოჯახის წევრები“ ხდებიან (ეფ. 2:11, 12, 19). „სხვა ცხვარიც“, რომლებზეც იესომ თქვა, რომ „ერთი სამწყსოს“ ნაწილი გახდებიან, გამოცალკევებულია ქვეყნიერებისგან. მათ ღვთის კეთილგანწყობა და სიცოცხლის იმედი აქვთ (ინ. 10:16; მთ. 25:33, 34, 46; შდრ. გმც. 7:9—17).
ქრისტემ ქურდი და უცხო უწოდა მათ, ვინც თავისთვის ცდილობს მიმდევრების გაჩენას. ისინი საფრთხეს უქმნიან ქრისტეს ცხვარს და ცრუ მწყემსები არიან. ერთგული ისრაელების მსგავსად, რომლებიც არ უსმენდნენ უცხო ღმერთების განმადიდებელ უცხოელებს, ქრისტეს ნამდვილი ცხვარიც არ მიჰყვება ცრუ მწყემსის ხმას (ინ. 10:1, 5; იხ. უცხოელი).