აროერი
[ღვია].
1. ქალაქი იმ ღრმა ხეობის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც არნონის ხევია. იმ დროს, როცა ეს ქალაქი ისრაელმა დაიპყრო (დაახლ. ძვ. წ. 1474), იგი ამორეველთა სამეფოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა (კნ. 2:36; 4:47, 48; იეს. 12:2). შემდეგ ეს ქალაქი რეუბენის ტომს გადაეცა, თუმცა ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ის გადის ძეებმა ააშენეს (შესაძლოა აღადგინეს) (რც. 32:33, 34; კნ. 3:12; იეს. 13:8, 9, 15, 16; 1 მტ. 5:8). ეს ქალაქი იორდანიდან აღმ. -ით, ისრაელის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობდა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ქალაქი ბეერ-შება, რომელიც ასევე სამხრეთ საზღვარზე, ოღონდ იორდანიდან დას. -ით, მდებარეობდა.
ისრაელების მიერ ამ ტერიტორიის დაპყრობიდან 300 წლის გასვლის შემდეგ ამონელებმა მოითხოვეს, რომ ისრაელებს მათთვის დაებრუნებინათ ეს მხარე, რომელიც არნონსა და იაბოკს შორის იყო მოქცეული. იფთახმა საპასუხოდ შეუთვალა ამონელებს, რომ სანამ ისრაელები დაიკავებდნენ ამ მხარეს აროერის ჩათვლით, მანამდე ეს მიწა ამორეველებს ეკუთვნოდათ (მსჯ. 11:13, 22, 26).
როგორც ჩანს, მეფე დავითმა თავისი ხალხის აღრიცხვა სწორედ ქალაქ აროერიდან დაიწყო, შემდეგ აღწერა მთელი ტერიტორია ჩრდ.-ით დან-იაანამდე, დას.-ით ტვიროსსა და სიდონამდე, ხოლო სამხ.-ით ნეგებში მდებარე ბეერ-შებამდე (2 სმ. 24:4—8). წინამდებარე მუხლებში მოხსენიებული ხევის შუაში მდებარე ქალაქი შეესაბამება კანონის 2:36-სა და იესო ნავეს ძის 13:9, 16-ში მოცემულ აღწერილობას. ზოგის აზრით, ეს უსახელო ქალაქი დღევანდელი ხირბეთ ელ-მედაიინეა, რომელიც აროერიდან სამხრ.-აღმ.-ით დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს.
ისრაელის მეფე იეჰუს მეფობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 904877) სირიის მეფე ხაზაელმა გადისა და რეუბენის კუთვნილი მიწები სამხრ.-ით არნონთან მდებარე აროერამდე დაიპყრო (2 მფ. 10:33). შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში გაამაგრა მოაბის მეფე მეშამ ქალაქი და გზა გაიყვანა არნონის გასწვრივ, როგორც ამას მოაბური ქვის 26-ე ხაზზე ვკითხულობთ. იმ დროისთვის კი, როცა იერემია მოაბის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველებდა, ეს ქალაქი მოაბელებს ეკუთვნოდათ (იერ. 48:19).
მიიჩნევენ, რომ ქალაქი აროერი დღევანდელი ხირბეთ არაირია, რომელიც მკვდარი ზღვის სამხრ.-ით დაახლოებით 23 კილომეტრში მდებარეობს, დიბონიდან სამხრ.-აღმ.-ით კი — დაახლოებით 6 კილომეტრში. ეს ქალაქი სამეფო გზის სიახლოვესაა, რომელიც იორდანის ამ მხარეში ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის მთავარი დამაკავშირებელი გზაა. ქალაქის ნანგრევებში ნაპოვნია იმ უძველესი ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჰქონდა; ეს ციხესიმაგრე გადასცქეროდა არნონის შთამბეჭდავ ხეობას და მეციხოვნეებს საშუალებას აძლევდა, ეკონტროლებინათ არნონზე გადასასვლელი ფონები.
2. პატარა ქალაქი გადის მიწაზე, რომელიც ბიბლიაში აღიწერება, როგორც „რაბასთან (დღევანდელი ამანი) მდებარე“ ამონელთა მთავარი ქალაქი (იეს. 13:24, 25). შესაძლოა მსაჯულების 11:33-ში სწორედ აროერია მოხსენიებული, სადაც ამონელებზე იფთახის გამარჯვებაა აღწერილი. ამ ადგილის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, რადგან „მდებარედ“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე არ აკონკრეტებს, ზუსტად რომელ მხარეზეა საუბარი, თუმცა ეს სიტყვა ხშირად აღმოსავლეთ მხარეზე მიუთითებს.
3. პატარა ქალაქი იუდას ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. მას შემდეგ, რაც დავითმა ამალეკელები დაამარცხა, ნადავლი გაუნაწილა ამ ქალაქის უხუცესებს (1 სმ. 30:26, 28). მიიჩნევენ, რომ ის დღევანდელი ხირბეთ არარაა (ხორვათ-აროერი), რომელიც ბეერ-შებადან სამხრ.-აღმ.-ით დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს; მისი ნანგრევების ნახვა დღემდეა შესაძლებელი. ზოგი მეცნიერის აზრით, ეს შეიძლება იესო ნავეს ძის 15:22-ში მოხსენიებული „ადადა“ იყოს, რადგან ფიქრობენ, რომ ებრაულმა ასომ დალეთ (ד [დ]) ჩაანაცვლა ასო რეშ (ר [რ]).
ესაიას 17:2-ში მოხსენიებულ „აროერის ქალაქებში“ შესაძლოა სწორედ ის პირველი ორი ქალაქი იგულისხმებოდეს, რომლებზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ. ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები უშუალოდ დამასკოს ეხება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სირიელებმა ისრაელის ტერიტორია არნონთან მდებარე აროერამდე დაიპყრეს, ზემოხსენებულ მუხლში მოხსენიებული „აროერის ქალაქები“ მიუთითებს უკიდურეს სამხრეთ წერტილზე მდინარე იორდანიდან აღმ.-ით, სადამდეც სირიელთა ძალაუფლება ვრცელდებოდა (2 მფ. 10:33).