იერობოამი
ისრაელის ორი მეფე, რომელთა მმართველობასაც დაახლოებით 130-წლიანი პერიოდი ჰყოფს.
1. ისრაელის ათტომიანი სამეფოს პირველი მეფე; ეფრემელი ნებატის ძე და სოლომონის ზედამხედველთაგან ერთ-ერთი სოფელ ცერედიდან; როგორც ჩანს, იერობოამს მამა ბავშვობაში მოუკვდა და ის დაქვრივებულმა დედამ, ცერუამ გაზარდა (1მფ. 11:26).
სოლომონმა შენიშნა, რომ იერობოამი მამაცი, ძლიერი და გამრჯე იყო, ამიტომ ის ზედამხედველად დაუყენა იოსების სახლის სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს (1მფ. 11:28). გარკვეული ხნის შემდეგ ღვთის წინასწარმეტყველმა ახიამ იერობოამს გამაოგნებელი ცნობა გადასცა. წინასწარმეტყველმა დახია თავისი ახალი მოსასხამი 12 ნაწილად და იერობოამს უთხრა, 10 ნაგლეჯი თავისთვის აეღო, რადგან იეჰოვა ორად გაყოფდა სოლომონის სამეფოს და იერობოამს ათი ტომის მეფედ დააყენებდა. მაგრამ საუბარი იყო მხოლოდ სამეფოს გაყოფაზე და არა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან გადახვევაზე, რომლის ცენტრიც სამხრეთი სამეფოს დედაქალაქის, იერუსალიმის ტაძარი იყო. იეჰოვამ დაარწმუნა იერობოამი, რომ აკურთხებდა და წარმატებულს გახდიდა მის მმართველობას, ამასთან მტკიცე სახლს აუშენებდა, ანუ ტახტზე მის მემკვიდრეებს დასვამდა, თუ ის ღვთის კანონსა და მითითებებს დაიცავდა (1მფ. 11:29—38).
შესაძლოა, სწორედ ამ ამბების გაგების შემდეგ მოინდომა სოლომონმა იერობოამის მოკვლა. მაგრამ იერობოამი ეგვიპტეში გაიქცა და სოლომონის სიკვდილამდე ფარაონ შიშაკის საიმედო მფარველობის ქვეშ დარჩა (1მფ. 11:40).
დაახლოებით ძვ. წ. 998 წელს სოლომონის სიკვდილის შესახებ ცნობის გაგების შემდეგ იერობოამი სასწრაფოდ დაბრუნდა სამშობლოში და შეუერთდა ხალხს, რომლებიც სოლომონის ვაჟ რობოამისგან ითხოვდნენ, შეემსუბუქებინა მათთვის მამამისის დაკისრებული მძიმე უღელი, თუ სურდა, მისი მეფობისთვის მხარი დაეჭირათ. მაგრამ რობოამმა უხუცესების რჩევას თანატოლების რჩევა ამჯობინა, რომლებმაც ურჩიეს, უფრო მეტად დაემძიმებინა ხალხისთვის უღელი. ასეთი უმოწყალო დამოკიდებულების საპასუხოდ ათმა ტომმა თავიანთ მეფედ იერობოამი გამოაცხადა. სინამდვილეში, „ასე წარმართა საქმე ჭეშმარიტმა ღმერთმა, რათა შეესრულებინა იეჰოვას თავისი სიტყვა, რომელიც შილოელი ახიას პირით ჰქონდა ნათქვამი“ (1მფ. 12:1—20; 2მტ. 10:1—19).
იერობოამმა გამეფებისთანავე დაიწყო შექემის გამაგრება, რომელიც თავის სატახტო ქალაქად აქცია. შექემის აღმოსავლეთით, იორდანეს მეორე მხარეს, მან გაამაგრა ფენუელი (ფენიელი), სადაც იაკობი ანგელოზს ერკინებოდა (1მფ. 12:25; დბ. 32:30, 31). როცა იერობოამმა დაინახა, რომ მისი ქვეშევრდომები იერუსალიმის ტაძარში მიდიოდნენ ღვთის თაყვანსაცემად, იფიქრა, რომ შეიძლებოდა დროთა განმავლობაში ისინი რობოამის მხარეს გადასულიყვნენ, თავად იერობოამი კი მოეკლათ. ამიტომ მან გადაწყვიტა, შეექმნა ორი ოქროს ხბოს თაყვანისმცემლობაზე დაფუძნებული რელიგია. ხბოებიდან ერთი მან სამხრეთით, ბეთელში დადგა, მეორე კი — ჩრდილოეთით, დანში. მან აგრეთვე ქურუმებად დააყენა ხალხი, რომლებიც აარონის საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდნენ. ქურუმი შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი, ვინც მოზვერსა და შვიდ ვერძს მიიყვანდა შესაწირავად. შემდეგ ისინი მსახურობდნენ „მაღლობებზე, თხისმაგვარი დემონებისა და თავისი გაკეთებული ხბოების თაყვანსაცემად“. იერობოამმა აგრეთვე მოიფიქრა ახალი დღესასწაულები და თავად უბიძგა ხალხს, მსხვერპლი შეეწირათ ამ ახლად შექმნილი ღვთაებებისთვის (1მფ. 12:26—33; 2მფ. 23:15; 2მტ. 11:13—17; 13:9).
ერთხელ, როცა იერობოამი ბეთელში თავის სამსხვერპლოსთან იდგა შესაწირავის ასაბოლებლად, იეჰოვას სულმა აღძრა ერთი ღვთის კაცი, ემხილებინა მეფე საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში. როცა მეფემ მისი შეპყრობა ბრძანა, დაიშალა სამსხვერპლო, ნაცარი გადაიყარა და მეფეს ხელი გაუხმა. მხოლოდ მას შემდეგ მოურჩა მეფეს ხელი, რაც ღვთის კაცმა „გული მოულბო“ იეჰოვას. მაგრამ იერობოამს ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია იეჰოვას შეურაცხმყოფელი საქმეების კეთება და არად აგდებდა მას (1მფ. 13:1—6, 33, 34). მის მიერ დაფუძნებულ ხბოების თაყვანისცემას „იერობოამის ცოდვები“ ეწოდა. ამ ცოდვებში დამნაშავენი გახდნენ ისრაელის მომდევნო მეფეებიც, რომლებმაც უკვდავყვეს ეს განდგომილი თაყვანისმცემლობა (1მფ. 14:16; 15:30, 34; 16:2, 19, 26, 31; 22:52; 2მფ. 3:3; 10:29, 31; 13:2, 6, 11; 14:24; 15:9, 18, 24, 28; 17:21—23).
იერობოამის მეფობის მე-18 წელს მოკვდა რობოამი, მაგრამ ამ ორ სამეფოს შორის ბრძოლა არ შეწყვეტილა რობოამის ძის, აბიამის (აბია) სამწლიანი მეფობის განმავლობაშიც (1მფ. 15:1, 2, 6; 2მტ. 12:15). ერთხელ აბიამ 400 000 კაცი შეკრიბა იერობოამის ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ იერობოამის ჯარი ორჯერ აღემატებოდა აბიას ჯარს, თანაც საბრძოლო ხრიკს მიმართეს (ზურგში ჩაუსაფრდნენ), ისინი მაინც დამარცხდნენ. იერობოამმა ამ ბრძოლაში დაკარგა 500 000 მეომარი და მრავალი ქალაქი ეფრემის ტერიტორიაზე. ის ძალიან დამცირდა. იუდამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ აბია და მისი ხალხი იეჰოვაზე იყვნენ მინდობილნი და მას სთხოვდნენ შველას (2მტ. 13:3—20).
იერობოამს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა — მისი ვაჟი აბია სასიკვდილოდ დაავადდა. მეფემ სთხოვა თავის ცოლს, გადაეცვა, რომ ვერ ეცნოთ, და შემდეგ ძღვნით გაგზავნა ღრმად მოხუცებულ, უკვე ბრმა წინასწარმეტყველ ახიასთან იმის გასაგებად, გამოჯანმრთელდებოდა თუ არა ბავშვი. პასუხი უარყოფითი იყო. ახიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იერობოამს მამრობითი სქესის ყველა მემკვიდრე ამოუწყდებოდა და მისი ვაჟის, აბიას გარდა, რომელშიც იეჰოვამ რაღაც კარგი ნახა, არც ერთი არ დაიმარხებოდა ღირსეულად. მათ გვამებს ან ძაღლები შეჭამდნენ, ან ფრინველები (1მფ. 14:1—18).
ამის შემდეგ მალევე, დაახლოებით ძვ. წ. 977 წელს, „დაჰკრა მას [იერობოამს] იეჰოვამ და მოკვდა იგი“, რითაც დასრულდა მისი 22-წლიანი მმართველობა (2მტ. 13:20; 1მფ. 14:20). მის ნაცვლად მისი ვაჟი ნადაბი გამეფდა და ორ წელს მეფობდა, ვიდრე ბააშას ხელით არ მოკვდა, რომელმაც იერობოამის სახლში არავინ დატოვა ცოცხალი. ასე უეცრად მოისპო იერობოამის დინასტია „იეჰოვას სიტყვისამებრ“, „რადგან სცოდავდა იერობოამი“ (1მფ. 15:25—30).
2. ისრაელის მეფე; იეჰოაშის ვაჟი და მემკვიდრე და იეჰუს შვილთაშვილი; იერობოამ II ჩრდილოეთ სამეფოს მე-14 მეფე იყო და დაახლოებით ძვ. წ. 844 წელს გამეფდა. მან 41 წელი იმეფა (2მფ. 14:16, 23). თავისი მრავალი წინამორბედის მსგავსად ისიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში და იერობოამ I-ის შემოღებულ ხბოების თაყვანისმცემლობას უჭერდა მხარს (2მფ. 14:24).
ბიბლიაში მოიხსენიება საგვარეულო ნუსხების შედგენა, რაც სავარაუდოდ იერობოამ II-ის მმართველობის დროს მოხდა (1მტ. 5:17). მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა იმ მიწების დაბრუნება იყო, რომლებიც მანამდე დაკარგეს. იონას წინასწარმეტყველების თანახმად, იერობოამმა „აღადგინა ისრაელის საზღვარი ხამათის შესასვლელიდან არაბას ზღვამდე [მკვდარ ზღვამდე]“. მან აგრეთვე „დაუბრუნა დამასკო და ხამათი იუდასა და ისრაელს“ (2მფ. 14:25—28). შესაძლოა, ეს ნიშნავდა, რომ დამასკოსა და ხამათის სამეფოები იერობოამს ხარკს უხდიდნენ ისევე, როგორც ადრე უხდიდნენ სოლომონს (შდრ. 1მფ. 4:21; 2მტ. 8:4).
ჩრდილოეთი სამეფოს ამ წარმატებებს, უეჭველია, მატერიალური კეთილდღეობაც ახლდა. თუმცა ხალხის სულიერი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. წინასწარმეტყველებმა, ოსიამ და ამოსმა, მკაცრად ამხილეს ურჩი იერობოამი და მისი მხარდამჭერები განდგომილებასა და უზნეობაში, რაშიც თაღლითობა, ქურდობა, სიძვა, მკვლელობა, ჩაგვრა, კერპთაყვანისმცემლობა და ღვთის შეურაცხმყოფელი სხვა საქმეები იგულისხმებოდა (ოს. 1:2, 4; 4:1, 2, 12—17; 5:1—7; 6:10; ამ. 2:6—8; 3:9, 12—15; 4:1). იეჰოვამ არაორაზროვნად გააფრთხილა იერობოამი წინასწარმეტყველი ამოსის პირით: „მახვილით აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ!“ (ამ. 7:9).
იერობოამის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ზაქარია გამეფდა (2მფ. 14:29). მაგრამ იერობოამის სიკვდილსა და იეჰუს დინასტიის უკანასკნელი მეფის, ზაქარიას ექვსთვიან მმართველობას შორის 11-წლიანი შუალედი იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ ზაქარია ძალიან პატარა იყო ან სხვა მიზეზის გამო ვერ განმტკიცდა მისი მეფობა დაახლოებით ძვ. წ. 792 წლამდე.