მიჰბაძეთ მათ რწმენას
მან ღმერთთან პოვა ნუგეში
ცა მოქუფრული იყო და კოკისპირულად წვიმდა; ელია გამალებით გარბოდა. მას გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი იზრეელამდე, მაგრამ მუხლში ძალა ძველებურად აღარ ერჩოდა. და მაინც, იგი თავდაუზოგავად გარბოდა, რადგან „იეჰოვას ხელი იყო“ მასთან. იეჰოვას დახმარებით იგი ისეთ ძალას გრძნობდა, რომელიც მანამდე არასდროს უგრძნია. როგორ ჩაასწრო იზრეელში ელიამ მეფე ახაბის სამეფო ეტლში შებმულ ცხენებს? (1 მეფეები 18:46).
ელიამ მეფე ახაბი უკან მოიტოვა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი. ელია გარბოდა, წვიმა სახეს უსველებდა; ის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე ფიქრობდა. რასაკვირველია, ეს მისი ღმერთის, იეჰოვასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდებული გამარჯვება იყო. მის უკან ძლივს მოჩანდა შავ ღრუბლებში ჩაკარგული ქარმელის მთა. ეს სწორედ ის მთა იყო, სადაც იეჰოვა ელიას მეშვეობით ბაალის თაყვანისმცემლებს დაუპირისპირდა და თავისი ძალა სასწაულებრივად აჩვენა. მან ასობით ბაალის თაყვანისმცემელი ამხილა მზაკვრობაში და სამართლიანად გაანადგურა. ამის შემდეგ ელიამ იეჰოვას მიმართა თხოვნით, რომ ბოლო მოეღო გვალვისთვის, რომელმაც სამწელიწად-ნახევარს გასტანა. ელიამ ლოცვაზე პასუხი მიიღო — ცამ პირი გახსნა და წვიმა წამოვიდა (1 მეფეები 18:18—45).a
ელია, რომელსაც კოკისპირულ წვიმაში იზრეელამდე მისასვლელად 30 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი, ფიქრობდა, რომ მომხდარს ყველაფერი უნდა შეეცვალა. ახაბი უნდა შეცვლილიყო! იმას, რაც ახაბმა საკუთარი თვალით იხილა, უნდა აღეძრა იგი, რომ ბაალის თაყვანისმცემლობა მიეტოვებინა, დედოფალი იზებელი შეეჩერებინა და იეჰოვას მსახურთა დევნა შეეწყვიტა.
როცა მოვლენები, ერთი შეხედვით, ისე ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა, იმედის ნაპერწკალი გვიჩნდება. ზოგჯერ, როდესაც ყველაზე საშინელ სირთულეებს ვუმკლავდებით, გვგონია, რომ ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეიცვლება. გასაკვირი არ არის, რომ ელიასაც ასე ეფიქრა, რადგან იგი „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“ იყო (იაკობი 5:17). მაგრამ ელიას წინ კიდევ არაერთი განსაცდელი ელოდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში იგი ისე შეშინდა და იმდენად დაითრგუნა, რომ სიკვდილი ინატრა. რა იყო ამის მიზეზი? როგორ გააძლიერა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი და როგორ შეჰმატა გაბედულება?
მოულოდნელად ყველაფერი იცვლება
ეტყობოდა იზრეელში, თავის სასახლეში, დაბრუნებულ ახაბს, რომ უკეთესობისკენ იყო შეცვლილი და სულიერზე ფიქრობდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „უამბო ახაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა ყველა წინასწარმეტყველი მახვილით“ (1 მეფეები 19:1). ყურადღება მიაქციეთ, რომ ახაბი ისე მოუყვა იმ დღის მოვლენებს იზებელს, რომ ელიას ღმერთი, იეჰოვა არც კი უხსენებია. მან აღწერა ის, რაც მხოლოდ ადამიანის თვალისთვისაა შესამჩნევი, ანუ ის, რაც „ელიამ გააკეთა“. აშკარად გამოჩნდა, რომ ახაბმა არ გამოავლინა რწმენა იეჰოვა ღმერთის მიმართ. როგორ მოიქცა შურისძიების სურვილით შეპყრობილი იზებელი?
ის გააფთრებული იყო. განრისხებულმა ელიას მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც, თუ ხვალ ამ დროს შენი სული მათ სულებს არ დავამსგავსო!“ (1 მეფეები 19:2). იზებელი ემუქრებოდა ელიას, რომ წამებით ამოხდიდა სულს. მან დაიფიცა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, შურს იძიებდა ბაალის წინასწარმეტყველთა გამო და მოკლავდა ელიას. ეს ამბავი ელიამ იზრეელში შეიტყო; მთელი ღამე კოკისპირულ წვიმაში ნარბენი ელია მაცნემ გამოაღვიძა და დედოფლისგან ასეთი თავზარდამცემი ცნობა გადასცა. როგორ იმოქმედა მასზე ამ სიტყვებმა?
წინასწარმეტყველი შიშით მოცული და გულგატეხილია
თუ ელია ფიქრობდა, რომ ბაალის თაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ომი დასრულდა, ამის გაგონებაზე მაშინვე იმედი გაუცრუვდებოდა. ისე ჩანდა, რომ იზებელს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მისი ბრძანებით, ღვთის მრავალი ერთგული წინასწარმეტყველი უკვე მოკლეს და ახლა, როგორც ჩანს, ელიას ჯერი იდგა. ბიბლიაში ნათქვამია: „შეეშინდა ელიას“. წარმოიდგინა მან, რომ სასტიკად აწამებდა იზებელი? თუ ელია ასე იფიქრებდა, უეჭველად, გული გაუტყდებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ის „სულის გადასარჩენად . . . გაიქცა“ (1 მეფეები 18:4; 19:3).
ღვთის მსახურებიდან ელია ერთადერთი არ ყოფილა, ვინც შიშმა შეიპყრო. კარგა ხნის შემდეგ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა მოციქული პეტრეც. მაგალითად, როცა იესომ პეტრეს უთხრა, წყალზე გაევლო და მასთან მისულიყო, მოციქული „ქარიშხალმა შეაშინა“. მან სითამამე დაკარგა და ჩაძირვა დაიწყო (მათე 14:30). პეტრესა და ელიას მაგალითიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თუ გვინდა, რომ გაბედულება არ დავკარგოთ, ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაშინებს. ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც იმედსა და ძალას გვაძლევს.
„აღარ შემიძლია!“
შეშინებული ელია სამხრეთ-დასავლეთით 150 კილომეტრით მოშორებულ, იუდას საზღვართან მდებარე ქალაქ ბეერ-შებაში გაიქცა. იქ თავისი მსახური დატოვა, თვითონ კი მარტო წავიდა უდაბნოში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის „ერთი დღის სავალზე“ წავიდა. ელია მზის ამოსვლისას გაუდგა გზას და თან არაფერი წაუღია. დაბნეული და შეშინებული პაპანაქება სიცხეში უდაბნოს ოღროჩოღრო გზაზე მიაბიჯებდა. როდესაც გავარვარებულმა მზემ სიკაშკაშე დაკარგა და ჰორიზონტზე გადაიხარა, ელია ფეხზე ძლივსღა იდგა. ძალაგამოცლილი ახლომახლო მდგარი ერთადერთი ბუჩქის ძირას ჩამოჯდა (1 მეფეები 19:4).
სასოწარკვეთილმა ლოცვა დაიწყო. მან სიკვდილი ინატრა და ღმერთს შეჰღაღადა: „არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“. ელიამ იცოდა, რომ მისი მამა-პაპა უკვე მტვრად იყო ქცეული, სამარხში მხოლოდ მათი ძვლებიღა ელაგა, და აღარავისთვის შეეძლოთ სიკეთის გაკეთება (ეკლესიასტე 9:10). ელია ფიქრობდა, რომ მათსავით ვერავის ვერაფერს არგებდა. ამიტომ აღმოხდა: „აღარ შემიძლია!“. რატომ დაკარგა მან სიცოცხლის ხალისი?
გასაკვირია, რომ ღვთისმოშიში კაცი ასე დაითრგუნა? ბიბლიაში მოხსენიებულ არაერთ ღვთის ერთგულ მსახურს უნატრია სიკვდილი — მათ შორის იყვნენ რებეკა, იაკობი, მოსე და იობი (დაბადება 25:22; 37:35; რიცხვები 11:13—15; იობი 14:13).
დღეს ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის ღვთის ერთგული მსახურებიც, თავს დროდადრო განადგურებულად გრძნობს (2 ტიმოთე 3:1). თუ ოდესმე ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მიჰბაძეთ ელიას და გადმოუღვარეთ გული ღმერთს. იეჰოვა ხომ „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3). ელიაც ანუგეშა იეჰოვამ?
იეჰოვამ დაიცვა თავისი წინასწარმეტყველი
თქვენი აზრით, რას გრძნობდა იეჰოვა, როცა ზეციდან გადმოჰყურებდა თავის ერთგულ წინასწარმეტყველს და ხედავდა, როგორ ნატრობდა ბუჩქის ძირას მჯდომი სიკვდილს? ადვილი წარმოსადგენია, რას გრძნობდა ის. როდესაც ელიას ჩაეძინა, იეჰოვამ მასთან ანგელოზი გააგზავნა. ანგელოზმა ფრთხილად გააღვიძა ელია და უთხრა: „ადექი, ჭამე!“. ელია ასეც მოიქცა, რადგან ანგელოზმა ცხელი პური და წყალი მიუტანა. ის მაინც მოახერხა ელიამ, რომ ანგელოზისთვის მადლობა გადაეხადა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველმა შეჭამა, დალია და კვლავ დაიძინა. ნუთუ იმდენად დათრგუნული იყო ელია, რომ ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა? რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ანგელოზმა მეორედ გააღვიძა იგი, როგორც ჩანს, გამთენიისას. მან კიდევ ერთხელ სთხოვა ელიას, რომ ამდგარიყო და ეჭამა და თან მნიშვნელოვანი რამ უთხრა: „შორი გზა გაქვს გასავლელი“ (1 მეფეები 19:5—7).
ღვთის მიერ ბოძებული წვდომის უნარის წყალობით ანგელოზმა იცოდა, სად უნდა წასულიყო ელია. მისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ელიას საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი, რასაც ის საკუთარი ძალით ვერ შეძლებდა. რა მანუგეშებელია, ემსახურო ღმერთს, რომელმაც იცის ჩვენი მიზნები და საუკეთესოდ ესმის, რა შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს (ფსალმუნი 103:13, 14). გაძლიერდა ელია ჭამის შემდეგ?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა, ჭამა და დალია. საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ჭეშმარიტი ღვთის მთამდე, ხორებამდე“ (1 მეფეები 19:8). მოსესა და იესოს მსგავსად, ელიამ 40 დღე და 40 ღამე იმარხულა; მოსე ელიამდე დაახლოებით ექვსი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, ხოლო იესო ელიას დროიდან თითქმის ათი საუკუნის გასვლის შემდეგ მოვიდა დედამიწაზე (გამოსვლა 34:28; ლუკა 4:1, 2). მართალია, უდაბნოში ერთმა წახემსებამ ელიას ყველა პრობლემა არ გადაუჭრა, მაგრამ სასწაულებრივად გააძლიერა. წარმოიდგინეთ, ეს ხანდაზმული მამაკაცი უდაბნოში დღეებისა და კვირების მანძილზე მიიკვლევდა გზას და ეს თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა!
იეჰოვა დღესაც აძლიერებს თავის მსახურებს, მაგრამ ამას საკვების მეშვეობით კი არ აკეთებს, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანი რამით. იგი თავის მსახურებს სულიერი საზრდოს საშუალებით აძლევს ძალას (მათე 4:4). ღვთის სიტყვიდან და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან მის შესახებ უფრო მეტის გაგება სულიერად გვაძლიერებს. ასეთი მსუყე სულიერი საზრდოთი კვება ყველა პრობლემას არ გვაცილებს თავიდან, სამაგიეროდ, სირთულეების ასატანად ძალას გვაძლევს, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. სულიერი საზრდოთი გონების კვება აგრეთვე შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომავალში მარადიულად ვიცოცხლოთ (იოანე 17:3).
ელიამ თითქმის 320 კილომეტრი იარა ფეხით, სანამ ხორების მთამდე მიაღწევდა. ეს სწორედ ის მთა იყო, სადაც ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა ღმერთი დიდი ხნით ადრე მოსეს გამოეცხადა ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში და მოგვიანებით, ამავე მთაზე კანონის საფუძველზე ისრაელთან დადო შეთანხმება. ელიამ იქ გამოქვაბულს შეაფარა თავი.
როგორ ანუგეშა და გააძლიერა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი?
ხორების მთაზე ელიას გამოეცხადა „იეჰოვას სიტყვა“ — როგორც ჩანს, ღვთის ანგელოზი, რომელმაც ასეთი კითხვა დაუსვა: „აქ რა გინდა, ელია?“. მუხლიდან ჩანს, რომ ეს კითხვა რბილად იყო დასმული, რადგან ელია აღიძრა, მისთვის გული გადაეშალა. მან თქვა: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები; მარტო მე დავრჩი და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“ (1 მეფეები 19:9, 10). ელიას სიტყვებში, სულ მცირე, სამი მიზეზი ჩანს, რამაც ის სულით დასცა.
პირველ რიგში, ელია ფიქრობდა, რომ ის ტყუილუბრალოდ გაისარჯა. წლების მანძილზე იგი იეჰოვასადმი მოშურნეობას ავლენდა, მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ღვთის წმინდა სახელის გაწმენდა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განდიდება იყო. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა. ხალხი ღალატობდა იეჰოვას, რადგან ცრუ თაყვანისმცემლობას ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული ისრაელში. გარდა ამისა, ელია სრულიად მარტო გრძნობდა თავს. „მარტო მე დავრჩი“, — ამბობდა ის. თითქოს ისრაელ ერში ელია იყო უკანასკნელი მამაკაცი, რომელიც ჯერ კიდევ ემსახურებოდა იეჰოვას. ამას ისიც ემატებოდა, რომ იგი შიშით იყო შეპყრობილი. ბევრი ერთგული წინასწარმეტყველი მოკლეს და ელია დარწმუნებული იყო, რომ შემდეგი თავად იქნებოდა. შესაძლოა, ელიასთვის არ იყო ადვილი, ასე გულახდილად გამოეთქვა თავისი გრძნობები, მაგრამ მან სძლია სიამაყეს და ყველაფერი გულწრფელად აღიარა. მან გული გადმოუღვარა იეჰოვას ლოცვაში, რითაც ღვთის ყველა ერთგულ მსახურს კარგი მაგალითი მისცა (ფსალმუნი 62:8).
რა გააკეთა იეჰოვამ შეშინებული და დათრგუნული ელიას გასაძლიერებლად? ანგელოზმა უთხრა ელიას, რომ გამოქვაბულის შესასვლელში დამდგარიყო. ისიც დაჰყვა მის ნებას, თუმცა არ იცოდა, რა მოხდებოდა. ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდა. ალბათ, ქარიშხალს გამაყრუებელი ხმა ექნებოდა, რადგან მთები თავისი ადგილიდან მოგლიჯა და კლდეები დაანგრია. წარმოიდგინეთ, ელია მთელი ძალით ებღაუჭებოდა თავის მძიმე, უბრალო ბეწვის მოსასხამს და მის სახეზე აფარებას ცდილობდა, რადგან ქარი პირდაპირ სახეში სცემდა. შემდეგ ქარს მიწისძვრა მოჰყვა; ელიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. იგი მთელი ძალით ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას, რამეთუ ძლიერ ირყეოდა მიწა. თითქოს ეს არ კმაროდა, მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, რამაც ძლივს გადარჩენილი წინასწარმეტყველი აიძულა, შესულიყო გამოქვაბულში და აბრიალებული ცეცხლის ძლიერი სიმხურვალისგან დაეცვა თავი (1 მეფეები 19:11—13).
ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ვხედავთ, რომ ამ შიშის მომგვრელ ბუნებრივ მოვლენებში „არ იყო იეჰოვა“. ელიამ იცოდა, რომ იეჰოვა არ იყო რაღაც მითიური ბუნების ღვთაება, როგორიცაა ბაალი, რომელიც მის თაყვანისმცემლებს „ღრუბლებზე ამხედრებულ“ ან „წვიმის მომყვან“ ღმერთად წარმოედგინათ. იეჰოვა თავად არის ყველა ამ მოწიწების მომგვრელი ბუნების ძალების სულის ჩამდგმელი, მაგრამ ის გაცილებით დიდ ძალას ფლობს, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც მან შექმნა. ზეცაც კი ვერ იტევს იეჰოვა ღმერთს! (1 მეფეები 8:27). როგორ დაეხმარა ელიას ის, რაც იეჰოვამ უჩვენა? ის შეშინებული იყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ იეჰოვა ღმერთი, უსაზღვრო ძალის პატრონი, მის გვერდით იყო, ყველანაირი შიში გაუქრა. მას უწინდებურად აღარ ეშინოდა ახაბისა და იზებელის (ფსალმუნი 118:6).
ცეცხლს „მშვიდი და ჩუმი ხმა“ მოჰყვა. ამ ხმის გაგონებაზე ელიამ კვლავ გამოხატა თავისი გრძნობები — მან მეორედ გამოთქვა თავისი საწუხარი.b როგორც ჩანს, ამან კიდევ ერთხელ ანუგეშა ელია. უეჭველია, იგი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა მას შემდეგ, რაც ყურს დაუგდებდა ამ „მშვიდ და ჩუმ“ ხმას. იეჰოვამ დაარწმუნა ელია, რომ იგი არ იყო გამოუსადეგარი. ღმერთმა მას გაუმჟღავნა თავისი განზრახვა, რომ მომავალში გაილაშქრებდა ბაალის თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. ასე რომ, ელიას შრომა ამაო არ იყო, რადგან სადაცაა ღვთის განზრახვა შესრულდებოდა. უფრო მეტიც, ელია თავად მიიღებდა მონაწილეობას ამ განზრახვის შესრულებაში, ვინაიდან იეჰოვამ მას განსაკუთრებული მითითებები მისცა (1 მეფეები 19:12—17).
როგორ დაძლია ელიამ მარტოობის გრძნობა? იეჰოვამ მისთვის ორი რამ გააკეთა. თავდაპირველად მან უთხრა ელიას, რომ წინასწარმეტყველად ეცხო ელისე, რომელიც საბოლოოდ მას შეცვლიდა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ელიას თანამსახური უნდა გამხდარიყო და წლების მანძილზე უნდა დახმარებოდა მას. როგორ ანუგეშებდა ელიას ამის გაგება! გარდა ამისა, იეჰოვამ ელიას მეტად სასიხარულო ამბავი აცნობა: „მე კიდევ შვიდი ათასი კაცი მყავს ისრაელში, ვისაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის“ (1 მეფეები 19:18). ასე რომ, ელია არ იყო მარტო! მას უსაზღვროდ გაუხარდებოდა იმის გაგება, რომ ისრაელში ათასობით ერთგულმა კაცმა თქვა უარი ბაალის თაყვანისცემაზე. ელიას სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა, რათა კვლავაც ერთგულად გაეგრძელებინა თავისი მსახურება და იმ ბნელით მოცულ პერიოდში იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება შეენარჩუნებინა. ელია, უდავოდ, ვერ დამალავდა თავის სიხარულსა და აღფრთოვანებას იმ სიტყვების მოსმენაზე, რომელიც იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით „მშვიდი და ჩუმი ხმით“ გაანდო.
ელიას მსგავსად, ჩვენც შეიძლება ბუნებრივმა მოვლენებმა იეჰოვასადმი შიში და მოკრძალება შთაგვინერგოს. შემოქმედება აშკარად მოწმობს შემოქმედის ძლევამოსილებაზე (რომაელები 1:20). იეჰოვა დღესაც სიამოვნებით იყენებს შეუზღუდავ ძალას თავის ერთგულ მსახურთა დასახმარებლად (2 მატიანე 16:9). მაგრამ ღმერთი გაცილებით მეტ ნათელს ჰფენს ყველაფერს თავისი სიტყვის, ბიბლიის ფურცლებზე (ესაია 30:21). ბიბლია ჰგავს „მშვიდ და ჩუმ ხმას“, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა მიგვიძღვება, უკეთეს პიროვნებებად გვაყალიბებს, გვამხნევებს და თავის სიყვარულში გვარწმუნებს.
მიიღო ელიამ იეჰოვასგან ნუგეში ხორების მთაზე? რასაკვირველია. მალე ის კვლავ ამოქმედდა. ეს ერთგული წინასწარმეტყველი კიდევ უფრო მეტი შემართებით აღდგა ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. თუ ღვთის შთაგონებულ სიტყვებს გულთან ახლოს მივიტანთ და „წმინდა წერილებიდან“ მივიღებთ ნუგეშს, ჩვენც შევძლებთ ისეთივე რწმენის გამოვლენას, როგორიც ელიას ჰქონდა (რომაელები 15:4).
[სქოლიოები]
a იხილეთ სტატიები „ის წმინდა თაყვანისმცემლობას იცავდა“ და „ის ფხიზლობდა და ელოდა“ 2008 წლის 1 იანვრის და 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკიდან „მიჰბაძეთ მათ რწმენას“.
b „მშვიდი და ჩუმი ხმა“ შეიძლება მიუთითებდეს ღვთის იმავე ანგელოზზე, რომელიც 1 მეფეების 19:9-ში „იეჰოვას სიტყვად“ არის მოხსენიებული. მე-15 მუხლში ღვთის ეს სულიერი ქმნილება თავად „იეჰოვაზე“ მიანიშნებს. ამ მუხლების წაკითხვისას შეიძლება გაგვახსენდეს ანგელოზი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა ისრაელს მიუძღოდა უდაბნოში და რომლის შესახებაც ღმერთმა თქვა: „მასშია ჩემი სახელი“ (გამოსვლა 23:21). რასაკვირველია, ჩვენ ვერ ვიქნებით ამ მხრივ დოგმატურები, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, აღგვენიშნა, რომ განკაცებამდე იესო იყო „სიტყვა“, ანუ ღვთის განსაკუთრებული წარმომადგენელი, რომელიც იეჰოვას სიტყვას გადასცემდა მის მსახურებს (იოანე 1:1).
[სურათი 19 გვერდზე]
იეჰოვა ელიას კურთხევებს არ აკლებდა როგორც კარგ, ისე ცუდ დროში
[სურათი 20 გვერდზე]
სასოწარკვეთილმა ელიამ გული გადმოუღვარა იეჰოვას
[სურათი 21 გვერდზე]
იეჰოვამ თავისი შიშის მომგვრელი ძალით ანუგეშა ელია და გაბედულება შეჰმატა