ქერუბიმები
განსაკუთრებული ვალდებულებების შემსრულებელი უმაღლესი რანგის ანგელოზები, რომლებიც სერაფიმთა რანგს არ მიეკუთვნებიან. ქართულ „ახალ ქვეყნიერების თარგმანში“ სიტყვა ქერუბიმი 85-ჯერ გვხვდება, პირველად დაბადების 3:24-ში, სადაც ნათქვამია, რომ ადამისა და ევას ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ „სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზის“ დასაცავად ღმერთმა ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები (ებრ. ქერუვიმ) დააყენა ცეცხლოვანი მახვილით. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რამდენი ქერუბიმი იცავდა ედემის ბაღს.
ქერუბიმების გამოსახულებები უდაბნოში აგებული კარვის ინტერიერს ამშვენებდა. კიდობნის სახურავის ორივე ბოლოზე ოქროსგან გამოჭედილი ორი ქერუბიმი იყო დამაგრებული. სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული და თითქოს თაყვანსაცემად დამხობილნი სახურავს დაჰყურებდნენ. თითოეულს ზემოთ აწვდილი ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომლებითაც სახურავს ფარავდნენ და თითქოს იცავდნენ მას (გმ. 25:10—21; 37:7—9). წმინდის წმინდათაწმინდისგან გამყოფი ფარდა და კარვის ქსოვილები შიგნიდან ქერუბიმებით იყო მოქარგული (გმ. 26:1, 31; 36:8, 35).
ისინი არ ჰგავდნენ შემზარავ ფრთოსან გამოსახულებებს, რომლებსაც ისრაელის გარშემო მცხოვრები წარმართი ერები ეთაყვანებოდნენ, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს. იუდაური ტრადიცია ბოლომდე უჭერს მხარს იმ აზრს, რომ ამ ქერუბიმებს ადამიანის ფორმა ჰქონდათ, თუმცა ბიბლია ამ საკითხზე არაფერს ამბობს. ისინი ხელოვნების ნატიფ ნიმუშებს წარმოადგენდნენ, ზედმიწევნით „იმ ნიმუშის მიხედვით“ იყვნენ გაკეთებული, რომელიც მოსემ თვით იეჰოვასგან მიიღო და ზეციური ქმნილებების არაჩვეულებრივ სილამაზეს ასახავდნენ (გმ. 25:9). მოციქული პავლე მათ „დიდებულ ქერუბიმებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი „შერიგების საფარს ჩრდილით ფარავდნენ“ (ებ. 9:5). კარავში იეჰოვა სწორედ ამ ორ ქერუბიმს შორის ცხადდებოდა: „იქ გამოგეცხადები და დაგელაპარაკები სახურავის ზემოდან, ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან“ (გმ. 25:22; რც. 7:89). ამიტომაც ეწოდება იეჰოვას „ქერუბიმებზე [ან მათ შორის] მჯდომი“ (1სმ. 4:4; 2სმ. 6:2; 2მფ. 19:15; 1მტ. 13:6; ფს. 80:1; 99:1; ეს. 37:16). სიმბოლურად ქერუბიმები იმ „ეტლის ნიმუშს“ წარმოადგენდნენ, რომელზეც იეჰოვა იყო ამხედრებული (1მტ. 28:18). ისინი თავიანთი ფრთებით ეტლის დაუბრკოლებლივ სვლასა და სისწრაფეს უზრუნველყოფდნენ. დავითმა პოეტურად აღწერა, თუ რა სისწრაფით მივიდა იეჰოვა მის დასახმარებლად: „ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა, სულის ფრთებით მოქროდა“ (2სმ. 22:11; ფს. 18:10).
სოლომონის დიდებული ტაძრის არქიტექტურული გეგმის მიხედვით, წმინდათაწმინდაში ორი ქერუბიმის დიდი ქანდაკება უნდა დაედგათ. ისინი ზეთისხილის ხისგან იყო დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული. თითოეული ქანდაკების სიმაღლე 10 წყრთა (4,5 მ.) იყო. წმინდათაწმინდის შუაში მდგარ ქერუბიმებს სახეები აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ მიქცეული და ფრთები ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ ჰქონდათ გაშლილი. ისინი ერთმანეთისგან 10 წყრთის დაშორებით იდგნენ, მაგრამ ოთახის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთების წვერები ერთმანეთს ეხებოდა და ფარავდა ქვეშ მოქცეულ შეთანხმების კიდობანსა და მის კეტებს. მეორე ფრთებით ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებს ეხებოდნენ. ამგვარად, ქერუბიმებს ფრთები 20 წყრთაზე ანუ ოთახის მთელ სიგანეზე ჰქონდათ გაშლილი (იხ. ტაძარი). ტაძრის კედლებსა და კარებზე ქერუბიმები იყო ამოკვეთილი და ოქროთი მოვარაყებული. სპილენძის წყლის საზიდრებზეც ქერუბიმები იყო გამოსახული (1მფ. 6:23—35; 7:29—36; 8:6, 7; 1მტ. 28:18; 2მტ. 3:7, 10—14; 5:7, 8). ქერუბიმების გამოსახულებები ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძრის კედლებსაც და კარებსაც ამშვენებდა (ეზკ. 41:17—20, 23—25).
ეზეკიელმა სხვა ხილვებიც ნახა, სადაც ქერუბიმები უჩვეულო სახით იყვნენ წარმოდგენილნი. თავიდან ის მათ „ცოცხალ ქმნილებებს“ უწოდებს (ეზკ. 1:5—28), მოგვიანებით კი აკონკრეტებს, რომ სინამდვილეში ისინი ქერუბიმები იყვნენ (ეზკ. 9:3; 10:1—22; 11:22). ამ სიმბოლურ ხილვებში ქერუბიმები დიდებული ღვთის, იეჰოვას, ამალაში იყვნენ და მუდამ მას ემსახურებოდნენ.
ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ, რომ იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა, „სამგლოვიარო სიმღერა“ ემღერა ტვიროსის მეფეზე. ამ სიმღერაში ტვიროსის მეფეს ის დიდებულ მფარველ ქერუბიმს უწოდებს, რომელიც ერთ დროს „ედემში, ღვთის ბაღში“ იყო, მაგრამ სილამაზე წაერთვა და ფერფლად იქცა მიწაზე. „აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ... მფარველი ცხებული ქერუბიმი ხარ, მე დაგაყენე შენ. ღვთის წმინდა მთაზე იყავი. ცეცხლოვან ქვებს შორის მიმოდიოდი. უბიწო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა არ იქნა ნაპოვნი შენში ... ღვთის მთიდან გაგაძევებ შებღალულს, მფარველო ქერუბიმო, და მოგსპობ“ (ეზკ. 28:11—19).