ბიბლიის წიგნი 15 — ეზრა
დამწერი: ეზრა
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 460
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 537 — დაახლ. ძვ. წ. 467
1. რომელი წინასწარმეტყველებები აძლევდა ხალხს იერუსალიმის აღდგენის იმედს?
იერუსალიმის გაუკაცრიელების 70-წლიანი პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. მართალია, ბაბილონი არასდროს ათავისუფლებდა თავის ტყვეებს, მაგრამ იეჰოვას სიტყვა ბაბილონელებზე ძლიერი იყო. ღვთის ხალხის გათავისუფლება კარს იყო მომდგარი. იეჰოვას დანგრეული ტაძარი აღდგებოდა და მის სამსხვერპლოზე კვლავაც შესწირავდნენ მსხვერპლს ცოდვების გამოსასყიდად. იერუსალიმში იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სიხარულით იყიჟინებდნენ და განადიდებდნენ ღმერთს. იერემიამ იწინასწარმეტყველა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა გაუკაცრიელება, ხოლო ესაიამ — როგორ გაათავისუფლებდნენ ტყვეებს. ესაიამ სპარსეთის მეფე კიროსი სახელითაც მოიხსენია და მას ‘იეჰოვას მწყემსი’ უწოდა, რომელიც დაამხობდა ქედმაღალ ბაბილონს, ბიბლიურ ისტორიაში მესამე მსოფლიო მპყრობელს (ეს. 44:28; 45:1, 2; იერ. 25:12).
2. როდის და რა ვითარებაში დაეცა ბაბილონი?
2 ბაბილონს უბედურება დაატყდა ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით), როცა ბაბილონის მეფე ბელშაცარი დიდებულებთან ერთად დემონურ ღვთაებებს ადღეგრძელებდა. ისინი წარმართულ ღრეობას არ დასჯერდნენ და იეჰოვას ტაძრის წმინდა ჭურჭლიდან სვამდნენ. სწორედ იმ ღამით კიროსი ბაბილონის გალავანთან იდგა, რომ აღესრულებინა იეჰოვას განაჩენი.
3. კიროსის რომელი ბრძანების შედეგად აღადგინეს იეჰოვას თაყვანისმცემლობა იერუსალიმის განადგურებიდან 70 წლის შემდეგ?
3 ძვ. წ. 539 წელი ათვლის წერტილია, რომელსაც აღიარებს როგორც საერო ისტორია, ისე ბიბლიური. ბაბილონში მეფობის პირველ წელს კიროსმა ‘მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად გამოაცხადა’, რომ იუდეველებს უფლებას აძლევდა, წასულიყვნენ იერუსალიმში და იეჰოვას სახლი აღედგინათ. როგორც ჩანს, ეს ბრძანება მან ძვ. წ. 538 წლის მიწურულს ან ძვ. წ. 537 წლის დასაწყისში გასცაa. ერთგულ იუდეველთა ნაწილი ძვ. წ. 537 წლის „მეშვიდე თვეს“ (თიშრი, შეესაბამება სექტემბერ-ოქტომბრის თვეებს) დაბრუნდა იერუსალიმში. მათ აღადგინეს სამსხვერპლო და პირველი მსხვერპლი შესწირეს. 70 წლის წინ სწორედ თიშრის თვეში გაანადგურა ნაბუქოდონოსორმა იუდა და იერუსალიმი (ეზრ. 1:1—3; 3:1—6).
4. ა) რას ეძღვნება წიგნი „ეზრა“ და ვინ დაწერა ის? ბ) როდის დაიწერა „ეზრა“ და რა პერიოდს მოიცავს?
4 წიგნი „ეზრა“ იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენას ეძღვნება. მე-7 თავის 27-ე მუხლიდან მე-9 თავის ჩათვლით თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, რაც ცხადყოფს, რომ წიგნი ეზრამ დაწერა. ეზრას საუკეთესოდ შეეძლო ამ ისტორიის დაწერა, ისევე როგორც „მატიანის“ წიგნებისა, რადგან „მოსეს კანონის დახელოვნებული გადამწერი“ იყო, რწმენას საქმეებით ამტკიცებდა და ‘გული ჰქონდა განწყობილი იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად და სასწავლებლად’ (ეზრ. 7:6, 10). ეზრას წიგნი „მატიანის“ გაგრძელებაა, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ის იმავე პერიოდში დაიწერა, დაახლოებით ძვ. წ. 460 წელს. ის მოიცავს 70-წლიან პერიოდს იმ დროიდან, როცა იუდეველები დაფანტულები და „სასიკვდილოდ განწირულები“ იყვნენ მეორე ტაძრის დასრულებამდე და იერუსალიმში ეზრას დაბრუნების დროს სამღვდელოების განწმენდამდე (ეზრ. 1:1; 7:7; 10:17; ფსალმ. 102:20).
5. რა არის ცნობილი „ეზრას“ წიგნის შესახებ?
5 ებრაული სახელი ეზრა ნიშნავს „დახმარებას“. თავდაპირველად „ეზრა“ და „ნეემია“ ერთი გრაგნილი იყო (ნეემ. 3:32)b. მოგვიანებით იუდეველებმა გრაგნილი ორ ნაწილად გაყვეს და „პირველი და მეორე ეზრა“ უწოდეს. თანამედროვე ებრაულ ბიბლიებში, ისევე როგორც სხვა ბიბლიებში, ამ ორ წიგნს „ეზრა“ და „ნეემია“ ეწოდება. ეზრას წიგნის ნაწილი (4:8—6:18 და 7:12—26) არამეულ ენაზე დაიწერა, დანარჩენი კი ებრაულზე, რადგან ეზრა კარგად ფლობდა ორივე ენას.
6. რა ამტკიცებს „ეზრას“ სიზუსტეს?
6 მეცნიერთა უმრავლესობა აღიარებს წიგნ „ეზრას“ სიზუსტეს. უ. ოლბრაიტი ამ წიგნის კანონიკურობის შესახებ წერს: «არქეოლოგიამ უდავოდ დაამტკიცა „იერემიას“, „ეზეკიელის“, „ეზრასა“ და „ნეემიას“ წიგნების უტყუარობა, ტრადიციული შეხედულება მოვლენათა განვითარებაზე და მათი თანამიმდევრობა» (The Bible After Twenty Years of Archaeology).
7. რა ცხადყოფს, რომ „ეზრა“ ღვთივშთაგონებული წერილების განუყოფელი ნაწილია?
7 მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს ციტატა პირდაპირ ეზრას წიგნიდან არ მოუყვანიათ, მის კანონიკურობაში ეჭვი არავის ეპარება. მასში მოთხრობილია იუდეველებთან იეჰოვას ურთიერთობაზე იმ დრომდე, ვიდრე ებრაული წერილების სრული ნუსხა არ გაკეთდა, რომლის შედგენაშიც, იუდეველთა ტრადიციის მიხედვით, ეზრას დიდი წვლილი მიუძღვის. ამასთანავე, წიგნი „ეზრა“ ადასტურებს ყველა იმ წინასწარმეტყველების სიზუსტეს, რომლებიც წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, და ცხადყოფს, რომ ის ღვთივშთაგონებული წერილების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც სრულად ეთანხმება. ის განადიდებს წმინდა თაყვანისმცემლობას და წმინდაჰყოფს იეჰოვა ღმერთის დიდებულ სახელს.
შინაარსი
8. რა მოხდა 70-წლიანი გაუკაცრიელების პერიოდის მიწურულს?
8 იუდეველების დაბრუნება (1:1—3:6). იეჰოვას სულით აღძრულმა სპარსეთის მეფე კიროსმა უბრძანა იუდეველებს, დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში და აეშენებინათ იეჰოვას სახლი. ბაბილონში დარჩენილ იუდეველებს მან უთხრა, რომ მშენებლობის მხარდასაჭერად გულუხვი შესაწირავები გაეღოთ, და იზრუნა, რომ სამშობლოში მიმავალთ თან წაეღოთ ძველი ტაძრიდან წამოღებული ნივთები. მათ გამგებლად დანიშნეს იუდას ტომის თავკაცი, მეფე დავითის შთამომავალი, ზერუბაბელი (შეშბაცარი), მღვდელმთავრად კი — იეშუა, იგივე იეჰოშუა (ეზრ. 1:8; 5:2; ზაქ. 3:1). იეჰოვას დაახლოებით 200 000 ერთგული მსახური შორეულ გზას დაადგა; მათ შორის იყვნენ კაცები, ქალები და ბავშვები. ძვ. წ. 537 წლის შემოდგომაზე, ებრაული კალენდრის მიხედვით მეშვიდე თვეს, ისინი თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ, შემდეგ იერუსალიმში შეიკრიბნენ, რომ ძველი ტაძრის სამსხვერპლოს ადგილზე მსხვერპლი შეეწირათ და კარვობის დღესასწაული ეზეიმათ. ამგვარად, 70-წლიანი გაუკაცრიელების პერიოდი ზუსტად დადგენილ დროს დასრულდაc.
9. როგორ ჩაუყარეს ტაძარს საძირკველი და რა მოხდა მომდევნო წლებში?
9 ტაძრის აღდგენა (3:7—6:22). იერუსალიმში დაბრუნებულმა იუდეველებმა მოიმარაგეს სამშენებლო მასალა და მეორე წელს იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჩაყარეს. ხალხი ყიჟინებდა, მოხუცებულები კი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ უწინდელი სახლი, ხმამაღლა ტიროდნენ. იუდეველების მიმართ მტრულად განწყობილმა მეზობელმა ხალხებმა მშენებლობაში მონაწილეობა მოინდომეს, ვითომდა იეჰოვასთვის უნდოდათ თაყვანისცემა, მაგრამ იუდეველებმა მათთან თანამშრომლობაზე სასტიკი უარი განაცხადეს. კიროსის მეფობის დროიდან მოყოლებული დარიოსის გამეფებამდე მტრები გამუდმებით ცდილობდნენ, დაესუსტებინათ იუდეველები და გული გაეტეხათ მათთვის, რომ მუშაობა შეეწყვიტათ. ბოლოს, „არტაქსერქსეს“ (ბარდია ან მოგვი გაუმატა, ძვ. წ. 522) დროს მეფის ბრძანებით მათ მუშაობა შეაწყვეტინეს. აკრძალვა გრძელდებოდა „სპარსეთის მეფე დარიოსის მეფობის მეორე წლამდე“ (ძვ. წ. 520). საძირკვლის ჩაყრიდან უკვე 15 წელი იყო გასული (4:4—7, 24).
10. ა) რა შედეგები გამოიღო ღვთის წინასწარმეტყველების მიერ მშენებლების გამხნევებამ და მეფის ბრძანებამ? ბ) როგორ აღნიშნეს მეორე ტაძრის მიძღვნა?
10 იეჰოვამ წინასწარმეტყველი ანგია და ზაქარია გაგზავნა ზერუბაბელისა და იეშუას გასამხნევებლად. მშენებლობას ხალხი ახალი ძალით შეუდგა. მტრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს მეფეს, მაგრამ მშენებლობა დაუბრკოლებლად მიიწევდა წინ. როცა დარიოს დიდმა კიროსის ბრძანებულების დედანი ნახა, ბრძანა, რომ შეუფერხებლად განეგრძოთ მუშაობა; მოწინააღმდეგეებს კი უბრძანა, რომ სამშენებლო მასალებით მოემარაგებინათ იუდეველები. იეჰოვას წინასწარმეტყველების მხარდაჭერით იუდეველებმა დაახლოებით ხუთ წელიწადში დაამთავრეს ტაძრის მშენებლობა. ეს მოხდა დარიოსის მეფობის მე-6 წელს ადარის თვეში, ანუ ძვ. წ. 515 წლის ადრეულ გაზაფხულზე. მთლიანობაში მშენებლობას დაახლოებით 20 წელი დასჭირდა (6:14, 15). იუდეველებმა დიდი სიხარულითა და შესაფერისი შესაწირავით აღნიშნეს ღვთის სახლის მიძღვნა. შემდეგ მათ იზეიმეს პასექი და ‘სიხარულით აღნიშნეს უფუარობის დღესასწაული შვიდ დღეს’ (6:22). იეჰოვას განსადიდებლად აგებული მეორე ტაძრის მიძღვნა დიდი სიხარულით იზეიმეს.
11. როგორ შეუსრულა მეფემ ეზრას „ყველა სათხოვარი“ და როგორ მოიქცა ეზრა?
11 ეზრა იერუსალიმში დაბრუნდა (7:1—8:36). თითქმის 50-მა წელმა განვლო. იდგა ძვ. წ. 468 წელი, სპარსეთის მეფის, არტაქსერქსეს (იგივე მხარგრძელი, რომელსაც მარჯვენა ხელი მარცხენაზე გრძელი ჰქონდა) მეფობის მეშვიდე წელი. მეფემ გამოცდილ გადამწერ ეზრას „ყველა სათხოვარი შეუსრულა“, რაც იუდეველთა დასახმარებლად იერუსალიმში მგზავრობას ეხებოდა (7:6). მეფემ ის უფლებამოსილებით აღჭურვა და წაახალისა იუდეველები, მასთან ერთად წასულიყვნენ. მან ეზრას ტაძრის მსახურებისთვის ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი უბოძა, ასევე ხორბალი, ღვინო, ზეთი და მარილი. მეფემ გადასახადებისგან გაათავისუფლა მღვდლები და ტაძრის მსახურები. ასევე დაავალა ეზრას, რომ ხალხისთვის იეჰოვას კანონი ესწავლებინა, და ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც არ დაიცავდა ღვთისა და მეფის კანონებს. ეზრა მადლიერი იყო იეჰოვასი იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა მეფის მეშვეობით და დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.
12. რამ ცხადყო, რომ იეჰოვა ეზრასთან იყო მგზავრობის დროს?
12 ამის შემდეგ ეზრა თხრობას პირველ პირში განაგრძობს. საბოლოო მითითებების მისაცემად მან მდინარე აჰავასთან შეკრიბა ის იუდეველები, რომლებიც მასთან ერთად გაემგზავრებოდნენ. უკვე შეკრებილ 1 500-მდე მამაკაცს მან ლევიანთა ჯგუფიც დაამატა. ეზრას ესმოდა, რომ მგზავრობა უსაფრთხო არ იქნებოდა, მაგრამ მეფეს დაცვა არ სთხოვა, რადგან შეიძლებოდა ეს იეჰოვასადმი რწმენის ნაკლებობაში ჩაეთვალათ. მან მარხვა გამოაცხადა და ხალხთან ერთად მფარველობას სთხოვდა ღმერთს. იეჰოვამ შეისმინა მათი თხოვნა და მთელი გზა უსაფრთხოდ ატარა. ამგვარად მათ იეჰოვას სახლისთვის ხელუხლებლად ჩაიტანეს იერუსალიმში მთელი საგანძური (43 000 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების) (8:26, 27, იხილეთ ბიბლიის დანართი 6ა).
13. როგორ აღმოფხვრა ეზრამ უწმინდურება იუდეველებისგან?
13 სამღვდელოების განწმენდა (9:1—10:44). იმ 69 წლის მანძილზე, რაც იუდეველები თავის მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ, მრავალი სირთულე შეიქმნა. ეზრამ შეიტყო, რომ ხალხი, მღვდლები და ლევიანები წარმართ ქანაანელებს დაუმოყვრდნენ. ამან თავზარი დასცა ერთგულ ეზრას. მან ლოცვით მიმართა იეჰოვას. ხალხმა აღიარა დანაშაული და სთხოვეს ეზრას, რომ ‘გამაგრებულიყო და ემოქმედა’ (10:4). მისი მითითებით იუდეველებმა გაუშვეს უცხოელი ცოლები, რომელთა მოყვანაც ღვთის კანონის დარღვევა იყო. იუდეველების განწმენდა დაახლოებით სამი თვის მანძილზე ხდებოდა (10:10—12, 16, 17).
რატომ არის სასარგებლო
14. რას ვიგებთ „ეზრადან“ იეჰოვას წინასწარმეტყველებებზე?
14 უპირველესად, „ეზრას“ წიგნი სასარგებლოა იმით, რომ გვანახვებს, რა სიზუსტით სრულდება იეჰოვას წინასწარმეტყველებები. იერემიამ, რომელმაც ზუსტად იწინასწარმეტყველა იერუსალიმის განადგურება, ისიც თქვა, რომ ქალაქი 70 წლის შემდეგ აღდგებოდა (იერ. 29:10). დანიშნულ დროს იეჰოვამ სიკეთე გამოავლინა და თავისი ხალხი, ერთგული იუდეველები აღთქმულ მიწაზე დააბრუნა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად.
15. ა) როგორ ემსახურებოდა აღდგენილი ტაძარი იეჰოვას ნების შესრულებას? ბ) რით ჩამოუვარდებოდა ის პირველ ტაძარს?
15 აღდგენილმა ტაძარმა ისევ აღაზევა იეჰოვას თაყვანისმცემლობა მის ხალხში. მისი აღდგენა იმის დადასტურებაც იყო, რომ ღმერთი კურთხევასა და სიკეთეს არ აკლებს მათ, ვინც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით არის დაინტერესებული. მართალია ის სოლომონის ტაძარივით დიდებული არ იყო, მაგრამ თავის დანიშნულებას ასრულებდა ღვთის ნების შესაბამისად. ის ძველებურად მდიდრული არ იყო და მასში არც შეთანხმების კიდობანი იდგაd. ზერუბაბელის ტაძრის მიძღვნა ვერ შეედრებოდა სოლომონის ტაძრის მიძღვნას. მიძღვნის დროს შეწირული ცხვარ-ძროხის რაოდენობა სოლომონის ტაძრის მიძღვნის დროს შეწირული მსხვერპლის ერთ პროცენტსაც არ შეადგენდა. არც იეჰოვას დიდების ღრუბლით ავსებულა ეს სახლი და არც ზეციდან ჩამოსულ ცეცხლს შთაუნთქავს დასაწვავი შესაწირავი. მიუხედავად ამისა, ორივე ტაძარი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობის განდიდებას ემსახურებოდა.
16. რომელია ყველაზე დიდებული ტაძარი?
16 მოსეს აგებულ კარავს, სოლომონის, ზერუბაბელისა და ჰეროდეს აშენებულ ტაძრებს, მათ მოწყობილობასა და მათში მიმდინარე მსახურებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი განასახიერებდა ‘ჭეშმარიტ კარავს, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა’ (ებრ. 8:2). სულიერი ტაძარი იესო ქრისტეს შესარიგებელი მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვას თაყვანისცემისა და მასთან დაახლოების საშუალებაა (ებრ. 9:2—10, 23). იეჰოვას დიდი სულიერი ტაძარი შეუდარებლად დიდებული, ლამაზი და მიმზიდველია. ის არ კარგავს თავის ბრწყინვალებას; მას ვერც ერთი ხელთქმნილი შენობა ვერ შეედრება.
17. რას ვსწავლობთ წიგნ „ეზრადან“?
17 „ეზრადან“ ქრისტიანებსაც ბევრის სწავლა შეუძლიათ. წიგნიდან ვიგებთ, როგორ გაიღო ხალხმა ნებაყოფლობითი შესაწირავები იეჰოვას საქმისთვის (ეზრ. 2:68; 2 კორ. 9:7). გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა და აკურთხებდა მის განსადიდებლად შეკრებილ ხალხს (ეზრ. 6:16, 22). კარგ მაგალითს გვაძლევენ ნეთინიმები და სხვა მორწმუნე უცხოელები, რომლებიც გაჰყვნენ იუდეველებს, რათა მთელი გულით დაეჭირათ მხარი იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის (2:43, 55). ჩვენს ყურაღდებას იქცევს ისიც, რომ წარმართებთან დამოყვრებულმა იუდეველებმა თავმდაბლად მოინანიეს დანაშაული (10:2—4). ცუდმა საზოგადოებამ მათ ღმერთთან ურთიერთობა გაუფუჭა (9:14, 15). იეჰოვას საქმის სიხარულითა და გულმოდგინედ შესრულებით მათ ღვთის წყალობა და კურთხევები მიიღეს (6:14, 21, 22).
18. რატომ უკავია იუდეველთა აღორძინებას მნიშვნელოვანი ადგილი იმ ისტორიაში, რომელსაც მესიისა და მეფის გამოჩენამდე მივყავართ?
18 მართალია იერუსალიმში იეჰოვას ტახტზე მეფე აღარ იჯდა, ქალაქის აღდგენამ ხალხს იმის მოლოდინი გაუძლიერა, რომ იეჰოვა თავის დროზე მოავლენდა აღთქმულ მეფეს დავითის საგვარეულოდან. აღორძინებულ ერს უკვე შეეძლო გაფრთხილებოდა ღვთის წმინდა სიტყვებსა და თაყვანისმცემლობას მესიის მოსვლამდე. ვისთან მოვიდოდა მესია, თუ ერთგული იუდეველები თავიანთ მიწა-წყალზე არ დაბრუნებოდნენ?! „ეზრაში“ აღწერილ მოვლენებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმ ისტორიაში, რომელსაც მესიისა და მეფის გამოჩენამდე მივყავართ. ამ წიგნის გამოკვლევა ნამდვილად სასარგებლოა!
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 452—454, 458 (ინგლ.).
b ამ მუხლთან მანუსკრიპტის არშიაზე ებრაულად წერია „წიგნის ნახევარი“, რაც მიუთითებს, რომ ეს იყო 685 მუხლისგან შემდგარი ეზრასა და ნეემიას გაერთიანებული წიგნების შუა ნაწილი.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 332 (ინგლ.).
d „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 1079 (ინგლ.).