აზარია
[იეჰოვა დაეხმარა].
1. იუდასა და თამარის შთამომავალი ეთანის საგვარეულოდან (1მტ. 2:4, 6, 8).
2. კეჰათის შთამომავალი ლევიანი; ცეფანიას ვაჟი და წინასწარმეტყველი სამუელის წინაპარი (1მტ. 6:33, 36).
3. აარონის შთამომავალი ელეაზარის ხაზით; ახიმააცის ვაჟი (1მტ. 6:9).
4. სოლომონის ერთ-ერთი მთავარი (1მფ. 4:2); ის მოიხსენიება მღვდელი ცადოკის ვაჟად. შესაძლოა ის იყო ახიმააცის ძმა (1მტ. 6:8).
5. ნათანის ვაჟი; მთავარი, რომელიც სოლომონმა თავისი სახლეულობის სარჩოთი მომმარაგებელი 12 კაცის ზედამხედველად დააყენა (1მფ. 4:5, 7, 19).
6. წინასწარმეტყველი, ოდედის ვაჟი, რომელმაც ძვ. წ. 963 წელს აღძრა მეფე ასა, ეძებნა იეჰოვა. შედეგად, მეფემ მთელ ქვეყანაში „მოსპო სისაძაგლეები“ და ხალხს შეთანხმება და ფიცი დაადებინა, რომ „ყველა, ვინც არ მოძებნიდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო“ (2მტ. 15:1—15).
7, 8. იეჰოშაფატის შვიდი ვაჟის ჩამონათვალში მეორე და მეხუთე; მათ მამამ საჩუქრად ბევრი რამ მისცა გამაგრებულ ქალაქებთან ერთად. მათი უფროსი ძმის, იეჰორამის გამეფების შემდეგ ისინი დახოცეს (2მტ. 21:1—4). ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „არალოგიკურია, სახელის ორჯერ მოხსენიება ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვები ნახევარძმები იყვნენ ან ერთ-ერთი ჩვილობაში დაიღუპა [როგორც ზოგი ასკვნის]“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 1, გვ. 325). ჩვეულებრივ, ისრაელში ორ ძმას ერთი და იმავე სახელს არ არქმევდნენ. ებრაულში მათი სახელების დაწერილობასა და წარმოთქმას შორის მცირე განსხვავებაა: ʽაზარჲაჰ („იაჰი დაეხმარა“) და ʽაზარჲაჰუ („იეჰოვა დაეხმარა“).
9. იეჰუს ვაჟი და ხელეცის მამა; იუდასტომელი; ეგვიპტელი წინაპრის, იარხას შემდეგ მეშვიდე თაობა (1მტ. 2:3, 34—39).
10. იუდას მეფე; იეჰორამისა და ათალიას უმცროსი ვაჟი; ეწოდებოდა აგრეთვე იეჰოახაზი და ახაზია (2მფ. 8:25—29; 2მტ. 21:17; 22:1, 6; იხ. ახაზია №2).
11. იეჰორამის ვაჟი; ერთ-ერთი იმ ხუთი ასისთავიდან, რომლებმაც ძვ. წ. 898 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს უკანონოდ გამეფებული ათალია და იუდაში იეჰოაში გაამეფეს (2მტ. 23:1—15).
12. ობედის ვაჟი; ერთ-ერთი იმ ხუთი ასისთავიდან, რომლებმაც ძვ. წ. 898 წელს უკანონოდ გამეფებული ათალიას ნაცვლად იეჰოაში გაამეფეს (2მტ. 23:1—15).
13. იუდას მეფე 52 წლის მანძილზე (ძვ. წ 829—778); ამაციასა და იექოლიას ვაჟი (2მფ. 14:21; 15:1, 2); 2 მეფეების 15:13-ში მას უზია ეწოდება (იხ. უზია №4).
14. მღვდელმთავარი; აარონის შთამომავალ იოხანანის ვაჟი (1მტ. 6:1—10); როცა გაკადნიერებული მეფე უზია ტაძარში საკმევლის კმევას ცდილობდა, შესაძლოა სწორედ ამ აზარიამ ბრძანა, გაეძევებინათ მეფე. მეფემ უარი თქვა გასვლაზე, ამიტომ იეჰოვამ კეთრი შეჰყარა მეფეს (2მტ. 26:16—21). უზიას სიკვდილიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ხიზკიას მეფობის პირველ წელს (ძვ. წ. 745), ისევ აზარია (ან ამავე სახელის მქონე) მსახურობდა მღვდელმთავრად, რომელმაც აღნიშნა, რომ იეჰოვამ აკურთხა მეფის მიერ გატარებული რეფორმები (2მტ. 31:9, 10, 13).
15. ეფრემელი მთავარი; იეჰოხანანის ვაჟი; როცა ძვ. წ. მერვე საუკუნის შუა ხანებში ისრაელმა დაამარცხა იუდა და 200 000 ტყვე წაიყვანა, აზარიამ და სხვა ეფრემელმა მთავრებმა იზრუნეს ტყვეების გათავისუფლებასა და მათ შინ დაბრუნებაზე (2მტ. 28:5—15).
16. ლევის შთამომავალი კეჰათის ხაზით; მისი ვაჟი იოელი ძვ. წ. 745 წელს მონაწილეობდა ტაძრის გაწმენდაში, რაც ხიზკიას ბრძანებით მოხდა (2მტ. 29:1—12, 15).
17. ლევის შთამომავალი მერარის ხაზით; იეჰალელელის ვაჟი; ისიც მონაწილეობდა ტაძრის გაწმენდაში, რაც ხიზკიამ ბრძანა (2მტ. 29:1—12, 15).
18. მერაიოთის ვაჟი; ეზრას წინაპარი (ეზრ. 7:3).
19. იოშიას მეფობის დროს მომსახურე მღვდელმთავრის, ხილკიას ვაჟი და სერაიას მამა (2მფ. 22:3, 4; 1მტ. 6:13, 14); გადამწერი ეზრას წინაპარი (ეზრ. 7:1).
20. ჰოშაიას ვაჟი (იერ. 43:2); მას აგრეთვე ეწოდება იეზანია (იერ. 40:8; 42:1) და იააზანია (2მფ. 25:23). აზარია ერთ-ერთი იყო გედალიას მხარდამჭერი ჯარის მეთაურებიდან (იერ. 40:7—10), მათგან, რომლებმაც სთხოვეს იერემიას, ელოცა მათთვის, რომ ხელმძღვანელობა მიეღოთ (იერ. 42:1—3) და იმ „კადნიერ კაცებს“ შორის, ვინც უგულებელყვეს იეჰოვას პასუხი, რომელიც იერემიას მეშვეობით უთხრა (იერ. 43:1—3).
21. ებრაელი ახალგაზრდა, რომელიც ძვ. წ. 617 წელს სხვებთან ერთად წაიყვანეს ტყვედ ბაბილონში და სახელი შეუცვალეს აბედნეგოდ, რაც სავარაუდოდ ბაბილონელთა ღვთაება „ნებოს მსახურს“ ნიშნავს (დნ. 1:3—7). დაახლოებით სამწლიანი სწავლების შემდეგ ბაბილონის მეფემ აღმოაჩინა, რომ აზარია და მისი მეგობრები (დანიელი, ხანანია და მიშაელი) „ათჯერ სჯობდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა და შემლოცველებს“ (დნ. 1:5, 14—20). აზარიას ჯერ მოკვლით დაემუქრნენ (დნ. 2:13—18), შემდეგ კი გამგებლად დააყენეს (დნ. 2:49). მაგრამ ყველაზე მეტად იეჰოვასადმი მისი ერთგულება მაშინ გამოიცადა, როცა ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ კერპს თაყვანი არ სცა და ამის გამო გავარვარებულ ღუმელში ჩააგდეს (დნ. 3:12—30). აზარიას, რომელიც რწმენით გამოირჩეოდა, გადაკვრით მოიხსენიებს პავლე მოციქული მათზე საუბრისას, ვინც „ცეცხლის ძალას უძლებდნენ“ (ებ. 11:34).
22. ერთ-ერთი მათგან, ვინც ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა ბაბილონის გადასახლებიდან იერუსალიმში (ნემ. 7:6, 7). ეზრას 2:2-ში მას სერაია ეწოდება.
23. ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც გადასახლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა (1მტ. 9:11). პარალელურ მუხლში (ნემ. 11:11) მას სერაია ეწოდება. შესაძლოა არის იგივე აზარია №22.
24. ანანიას ვაჟ მაასეიას ვაჟი; ძვ. წ. 455 წელს აზარიამ ნეემიას ხელმძღვანელობით შეაკეთა იერუსალიმის გალავნის ნაწილი თავის სახლთან ახლოს (ნემ. 3:23, 24).
25. ნეემიას მითითებით ეს აზარია ეზრასა და სხვებთან ერთად მონაწილეობდა პროცესიაში, რომელიც იერუსალიმის აღდგენილ გალავანზე გაიმართა მისი მიძღვნის დროს. შესაძლოა არის იგივე აზარია №27 (ნემ. 12:31—36).
26. იმ 13 ლევიანიდან ერთ-ერთი, რომლებიც ეზრას ეხმარებოდნენ ხალხისთვის წაკითხული კანონის ახსნაში (ნემ. 8:7, 8).
27. მღვდელი ან იმის წინაპარი, ვინც გამგებელი ნეემიას დროს ბეჭდის დასმით დაადასტურა „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:1, 2, 8).