იობმა მოითმინა — ჩვენც შეგვიძლია
‘აი, ჩვენ შევნატრით მომთმენთ’ (იაკობი 5:11).
1. რა თქვა ერთ-ერთმა ასაკოვანმა ქრისტიანმა საკუთარი განსაცდელის შესახებ?
„ეშმაკი თან მდევს! იობის მსგავსად ვგრძნობ თავს!“ — ასეთი სიტყვებით გამოხატა ა. ჰ. მაკმილანმა თავისი გრძნობები ახლო მეგობართან იეჰოვას მოწმეთა მთავარ განყოფილებაში. ძმა მაკმილანმა მიწიერი სიცოცხლე დაასრულა 89 წლის ასაკში, 1966 წლის 26 აგვისტოს. მან იცოდა, რომ ერთგული მსახურების გამო დამსახურება, როგორც ცხებულ ქრისტიანს, თან ‘მიჰყვებოდა’ (გამოცხადება 14:13). მართლაც, ცხებული ქრისტიანები ზეციერი უკვდავი სიცოცხლისთვის აღდგომის საშუალებით დაუყოვნებლივ აგრძელებენ იეჰოვასადმი მსახურებას. მეგობარი ხარობდა, რომ ძმა მაკმილანმა მიიღო ეს ჯილდო. დედამიწაზე სიცოცხლის ბოლო წლებში ის მრავალ განსაცდელში იყო ჩაფლული, მათ შორის, ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რითაც განსაკუთრებით გრძნობდა სატანის მცდელობებს, შეელახა ღმერთის წინაშე მისი უმწიკვლოება.
2, 3. ვინ იყო იობი?
2 როდესაც ძმა მაკმილანმა თქვა, რომ თავს იობის მსგავსად გრძნობდა, ამ სიტყვებში გულისხმობდა კაცს, რომელმაც რწმენის დიდი გამოცდა გადაიტანა. იობი ცხოვრობდა „ყუცის ქვეყანაში“, შესაძლოა, ჩრდილოეთ არაბეთში. ის, ნოეს ძის სემის შთამომავალი, იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო. როგორც ჩანს, იობის გამოცდა ხდებოდა იოსების სიკვდილის შემდეგ, იმ დროის მონაკვეთში სანამ მოსე საკუთარ სამართლიანობას დაამტკიცებდა. იმ დროს დედამიწაზე არავინ იყო იობივით ღმერთის ერთგული. იეჰოვამ იობს უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში ადამიანი უწოდა (იობი 1:1, 8).
3 იობს, როგორც ‘აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვან. . . კაცს’, ჰყავდა უამრავი მსახური და 11 500 სული შინაური ცხოველი. მაგრამ სულიერი სიმდიდრე ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის. დღევანდელი ოჯახების ღვთისმოშიში უფროსების მსგავსად, იობი, როგორც ჩანს, იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტებას ასწავლიდა თავის შვიდ ვაჟსა და სამ ქალიშვილს. მას შემდეგაც კი, როდესაც ისინი აღარ ცხოვრობდნენ მასთან, იობი მაინც მოქმედებდა, როგორც ოჯახის მღვდელი და იეჰოვას სწირავდა მსხვერპლს, რადგან ფიქრობდა „ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა“ (იობი 1:2–5).
4. ა) რატომ უნდა ახსოვდეთ დევნილ ქრისტიანებს იობის მაგალითი? ბ) რომელ საკითხებს განვიხილავთ იობთან დაკავშირებით?
4 იობი სამაგალითოა დევნილი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც უნდა იფიქრონ მის შესახებ იმ მიზნით, რომ გაძლიერდნენ და მოთმინებით გაუძლონ განსაცდელს. მოწაფე იაკობი წერდა: „აი, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რამეთუ მწყალობელი და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11). იობის მსგავსად იესოს სულითცხებული მიმდევრები და დღევანდელი „უამრავი ხალხი“ საჭიროებენ გამხნევებას, რომ წარმატებით გადაიტანონ რწმენის გამოცდები (გამოცხადება 7:1–9). რა გამოცდები გადაიტანა იობმა? რატომ დაატყდა მას განსაცდელი? და როგორ შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენთვის მისი ცხოვრების მაგალითი?
მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი
5. რა ხდებოდა ზეცაში, რაც არ იცოდა იობმა?
5 იობმა არ იცოდა, რომ სულ მალე დიდი საკამათო საკითხი წამოიჭრებოდა ზეცაში. ერთ დღეს „მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად“ (იობი 1:6). ღმერთის მხოლოდშობილი ძე, სიტყვაც, მათ შორის იყო (იოანე 1:1–3). ასევე ესწრებოდნენ უმწიკვლო ანგელოზები და ურჩი, ზეციერი „ღვთისშვილები“ (დაბადება 6:1–3). სატანაც იქ იყო, რადგან 1914 წელს სამეფოს დაარსებამდე ის ჯერ კიდევ არ იყო გადმოგდებული ზეციდან (გამოცხადება 12:1–12). როგორც ჩანს, იობის დროს სატანამ წამოჭრა მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი. ეს საკითხი ეჭვის ქვეშ აყენებდა ქმნილებებზე იეჰოვას უზენაესი მმართველობის სამართლიანობას.
6. რას ცდილობდა სატანა და როგორ დასწამა ცილი იეჰოვას?
6 „საიდან მოდიხარ?“ — ჰკითხა იეჰოვამ სატანას. მან უპასუხა: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან“ (იობი 1:7). სატანა ეძებდა ისეთ პიროვნებას, ვისაც შთანთქავდა (1 პეტრე 5:8, 9). თუკი იეჰოვას მსახურს შეალახვინებდა უმწიკვლოებას, სატანა შეეცდებოდა დაემტკიცებინა, რომ არავინ ემსახურებოდა ღმერთს სიყვარულით. ღმერთი შეეხო ამ საკამათო საკითხს, როდესაც სატანას ჰკითხა: „თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული“ (იობი 1:8). იობი დაემორჩილა ღმერთის ნორმებს, რომლებიც მხედველობაში იღებდა მის არასრულყოფილებას (ფსალმუნი 102:10–14). მაგრამ სატანამ განაცხადა: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად“ (იობი 1:9, 10). ამ სიტყვებით ეშმაკმა ცილი დასწამა იეჰოვას, ირწმუნებოდა, რომ არავის უყვარს და არავინ სცემს თაყვანს იეჰოვას მისი ღირსებების გამო, არამედ ღმერთმა მოისყიდა ქმნილებები იმისთვის, რომ ემსახურონ. სატანა ირწმუნებოდა, რომ იობი ღმერთს ემსახურებოდა ეგოისტური მიზნებით და არა სიყვარულით.
სატანა იწყებს თავდასხმას!
7. როგორ გამოიწვია ეშმაკმა იეჰოვა და როგორ უპასუხა იეჰოვამ?
7 „აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ — უთხრა სატანამ. როგორ უპასუხა ღმერთმა ასეთ შეურაცხმყოფელ გამოწვევას? „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები“. ეშმაკის ნათქვამიდან გამომდინარე, იობის მთელი ქონება კურთხეული, გამრავლებული და დაცული იყო. ღმერთმა დაუშვა, რომ იობს ეტანჯა, მაგრამ სატანა იობის სხეულს არ უნდა შეხებოდა. სატანამ განიზრახა ბოროტება და დატოვა ზეციური კრება (იობი 1:11, 12).
8. ა) როგორი მატერიალური ზარალი განიცადა იობმა? ბ) რა იყო ჭეშმარიტება ‘ღვთის ცეცხლთან’ დაკავშირებით?
8 მალე დაიწყო სატანის თავდასხმა. ერთ-ერთმა მსახურმა იობს ცუდი ამბავი მოახსენა: „ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით; დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს“ (იობი 1:13–15). იობის ქონება დაუცველი იყო. თითქმის შეუჩერებლივ მოქმედებდა დემონური ძალა, რადგან მეორე მსახურმა მოახსენა იობს: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი“ (იობი 1:16). რაოდენ დიდი ვერაგობა იყო იმის ჩვენება, თითქოს ღმერთი იყო ამ უბედურებების მიზეზი, თვით იმ უბედურებისაც, მის მსახურებს რომ დაატყდათ თავს! ამ უბედურებაში იეჰოვას დადანაშაულება თავისუფლად შეიძლებოდა, რადგან ცეცხლი ზეციდან იყო, მაგრამ, სინამდვილეში, ცეცხლი დემონებისგან მოდიოდა.
9. როგორი ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკურმა კრახმა იობის ურთიერთობაზე ღმერთთან?
9 რადგან სატანა აგრძელებდა თავდასხმას, კიდევ ერთმა მსახურმა მოახსენა იობს, რომ ქალდეველებმა წაასხეს იობის აქლემები, ხოლო მსახურები ამოხოცეს (იობი 1:17). თუმცა ამით იობმა ეკონომიკური კრახი განიცადა, მაინც არ დაურღვევია ურთიერთობა ღმერთთან. შეძლებდი თუ არა გადაგეტანა უდიდესი მატერიალური ზარალი და ამასთანავე არ შეგელახა შენი უმწიკვლოება იეჰოვას წინაშე?
უდიდესი ტრაგიკული დარტყმა
10, 11. ა) რა დაემართა იობის ათ შვილს? ბ) შვილების დაღუპვის შემდეგ, როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იობს იეჰოვაზე?
10 ეშმაკს ამით არ დაუმთავრებია იობზე თავდასხმა. მსახურმა კვლავ მოახსენა: „შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგერა სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი“ (იობი 1:18, 19). არასწორად ინფორმირებულ ადამიანს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ტრაგედია, რომელიც ქარის შედეგად მოხდა, ‘ღმერთის ნამოქმედარი’ იყო. დემონური ძალა იობის ყველაზე მტკივნეულ ადგილს შეეხო.
11 დარდით გაოგნებულმა იობმა „შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა“. ყურადღება მიაქციე იმას, რაც იობმა თქვა: „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი“. შემდეგ, ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია: „მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია“ (იობი 1:20–22). სატანა კიდევ ერთხელ დამარცხდა. როგორი რეაქცია გვექნებოდა თუ ჩვენ, ღმერთის მსახურები, განვიცდიდით მძიმე დანაკარგს ან მწუხარებას? იეჰოვასადმი უანგარო ერთგულება და მინდობა გაგვაძლიერებს, რომ როგორც უმწიკვლოების დამცველებმა, იობის მსგავსად მოვითმინოთ. ცხებულებსა და მათ თანმხლებთ, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მიიღებენ ნუგეშსა და ძალას ყოველივე იმით, რაც იობმა გადაიტანა.
საკამათო საკითხი უფრო ცხარე გახდა
12, 13. რა მოითხოვა სატანამ შემდეგ კრებაზე ზეცაში და რა უპასუხა ღმერთმა?
12 მალე, იეჰოვამ მეორე კრება მოიწვია ზეციერ ეზოებში. იობს უკვე არცერთი შვილი აღარ ჰყავდა, იყო გაღატაკებული და ისე ჩანდა, რომ ღმერთისგან იყო დაწყევლილი, მაგრამ ის კვლავ უმწიკვლო იყო. რასაკვირველია, სატანა არ დაუშვებდა, რომ ღმერთისა და იობის წინააღმდეგ მისი ბრალდება გამტყუნებულიყო. როდესაც იეჰოვა მოხერხებულად მართავდა ეშმაკს და ამით ხელს უწყობდა საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას, „ღვთისშვილები“ ისმენდნენ არგუმენტებს და ამ არგუმენტების გასაბათილებელ სიტყვებს.
13 იეჰოვამ პასუხი მოსთხოვა სატანას: „საიდან მოდიხარ?“ რა იყო პასუხი? „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან“. იეჰოვამ ისევ გაამახვილა ყურადღება თავის მსახურ იობზე, რომელიც კვლავ ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში იყო და კვლავაც ინარჩუნებდა უმწიკვლოებას. ეშმაკმა პრეტენზიულად განაცხადა: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას — მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“. ღმერთმა უთხრა: „აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი“! (იობი 2:2–6). გადაკვრით ნათქვამი სიტყვებით იმის შესახებ, რომ იეჰოვა კვლავ იცავდა იობს, სატანამ მოინდომა იობის ძვალსა და ხორცს შეხებოდა. ეშმაკს არ ჰქონდა უფლება, რომ მოეკლა იობი; მაგრამ იცოდა, რომ ფიზიკური ავადმყოფობა ტკივილს მიაყენებდა იობს და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ რაღაც ფარული ცოდვების გამო ღმერთმა დასაჯა.
14. რით დააავადა სატანამ იობი და რატომ არ შეეძლო არცერთ ადამიანს მისი განკურნება?
14 დატოვა თუ არა კრება, სატანამ გააგრძელა ვერაგობით ტკბობა. მან „შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე“. იმდენად დიდ მწუხარებას განიცდიდა იობი, რომ ჩაჯდა ნაცარში და თიხის ჭურჭლის ნატეხით იქავებდა ტანს! (იობი 2:7, 8). არცერთ ექიმს არ შეეძლო განეკურნა იობი ამ საშინლად მტკივნეული, საზიზღარი, შეურაცხმყოფელი და გულსატკენი ავადმყოფობისგან, რადგან ის სატანური ძალით იყო დაავადებული. მხოლოდ იეჰოვას შეეძლო იობის განკურნება. თუ შენ ღმერთის მსახური ხარ და ავადმყოფობ, არასოდეს დაივიწყო: ღმერთს შეუძლია დაგეხმაროს, რომ მოითმინო და მიიღო სიცოცხლე ახალ ქვეყნიერებაში, სადაც არ იქნება ავადმყოფობა (ფსალმუნი 40:2–4; ესაია 33:24).
15. რისკენ მოუწოდებდა ცოლი იობს და როგორი რეაგირება ჰქონდა იობს?
15 ბოლოს ცოლმა უთხრა იობს: „ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ „სიალალე“ ნიშნავს უმწიკვლო ერთგულებას, და შესაძლოა, ცოლი სარკასტულად ელაპარაკებოდა იობს, რომ აეძულებინა, დაეგმო ღმერთი. მაგრამ იობმა მიუგო: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!“ სატანის ეს ხრიკიც უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ (იობი 2:9, 10). დავუშვათ, ოჯახის წევრი გვეწინააღმდეგება და გვეუბნება: უგუნურებაა რომ მიჰყვები ქრისტიანობას, შესაძლოა, დაჟინებით მოითხოვს უარვყოთ იეჰოვა ღმერთი. იობის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია გავუძლოთ მსგავს გამოცდას იეჰოვასადმი სიყვარულითა და მისი სახელის განდიდების სურვილით (ფსალმუნი 144:1, 2; ებრაელთა 13:15).
სამი ამპარტავანი თვალთმაქცი
16. ვინ მოვიდა იობის, ვითომ, ნუგეშსაცემად და როგორ იყენებდა მათ სატანა?
16 კიდევ გაგრძელდა სატანური ხრიკები, მოვიდა სამი „მეგობარი“, იობის ვითომ ნუგეშსაცემად. პირველი იყო ელიფაზი, როგორც ჩანს, ის იყო აბრაამის შთამომავალი ესავის მხრიდან. რადგან საუბარში ელიფაზს ენიჭებოდა უპირატესობა, უეჭველია, რომ ის ყველაზე უფროსი იყო. მასთან ერთად ასევე იყო ბილდადი, აბრაამისა და კეტურას ძის, შუახის შთამომავალი. მესამე — ცოფარი, რომელსაც უწოდებდნენ ნაყამათელს, რითაც მიანიშნებდნენ მისი ოჯახის ან მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შესაძლოა, არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს (იობი 2:11; დაბადება 25:1, 2; 36:4, 11). ეს სამეული სატანის მიერ მოხერხებულად იყო აღძრული იმ მიზნით, რომ აეძულებინა იობი, ეღიარებინა დანაშაული, რის ჩადენაშიც ცილს სწამებდნენ და შეელახა თავისი უმწიკვლოება; დღეს ამ სამეულის მსგავსად მრავალი ცდილობს, რომ იეჰოვას მოწმეებმა უარყონ ღმერთი.
17. როგორ მოიქცა სტუმრად მისული სამეული და რა არ დასცდენიათ შვიდი დღე-ღამის განმავლობაში?
17 სამეულმა მოაწყო თანაგრძნობის დიდებული სპექტაკლი: ტიროდნენ, შემოიხიეს ტანისამოსი და თავზე მტვერი დაიყარეს. მაგრამ, როდესაც იობთან ერთად შვიდი დღე-ღამის განმავლობაში ისხდნენ, ერთი მანუგეშებელი სიტყვაც არ დასცდენიათ! (იობი 2:12, 13; ლუკა 18:10–14). ეს სამი ამპარტავანი თვალთმაქცი სულიერად იმდენად სუსტი იყო, რომ არაფერი ჰქონდათ სათქმელი იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ, რომ ენუგეშებინათ იობი. მას შემდეგ, რაც ფორმალურად გამოხატეს თანაგრძნობა გამოჰქონდათ მცდარი დასკვნები და მზად იყვნენ, რომ ეს დასკვნები დაუყოვნებლივ იობის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ. საინტერესოა, რომ ვიდრე შვიდდღიანი მდუმარება დასრულდებოდა, ახალგაზრდა მამაკაცი ელიჰუ მიუახლოვდა მათ და შორიახლოს ჩამოჯდა.
18. რატომ ეძებდა იობი შვებას სიკვდილში?
18 ბოლოს იობმა დაარღვია მდუმარება. ის არავითარ ნუგეშს არ გრძნობდა სამეულის სტუმრობით, მან დასწყევლა თავისი გაჩენის დღე და უკვირდა, თუ რატომ გრძელდებოდა მისი საზიზღარი სიცოცხლე. ის შვებას სიკვდილში ეძებდა, რადგან ვერც კი წარმოედგინა, თუ ოდესმე, სიკვდილამდე, ნამდვილ სიხარულს იგრძნობდა, იმჟამად კი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გლოვობდა და საშინლად იყო დაავადებული. მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა, რომ იობი მომკვდარიყო (იობი 3:1–26).
იობის ბრალმდებლები იწყებენ თავდასხმას
19. როგორი უსამართლო ბრალდებები წაუყენა იობს ელიფაზმა?
19 ელიფაზი ლაპარაკობდა პირველი, საუბრის დროს მან სამჯერ წარმოთქვა სიტყვა, რომლის დროსაც გამოიცადა იობის უმწიკვლოება. პირველი საუბრის დროს ელიფაზმა ჰკითხა იობს: „მართალნი თუ ამომწყდარან?“ მან დაასკვნა, რომ იობს ჩადენილი ექნებოდა რაღაც ბოროტება და ამიტომაც ისჯებოდა ღვთისგან (იობი მე-4 და მე-5 თავები). მეორედ, როდესაც დაიწყო საუბარი, ელიფაზმა მასხარად აიგდო იობის სიბრძნე და ჰკითხა: „რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით?“ ელიფაზი გულისხმობდა, რომ იობი ცდილობდა უზენაესზე უფრო ბრძნად წარმოეჩინა თავი. მეორე სიტყვიერი იერიშის დასასრულს, მან იობი დაადანაშაულა, როგორც განდგომილი, მექრთამე და მატყუარა (იობი მე-15 თავი). ხოლო ბოლო საუბრისას, ელიფაზმა ცილი დასწამა იობს მრავალ დანაშაულში — ძარცვა-გლეჯაში, მშიერთაგან საჭმელ-სასმელის დამალვასა და ქვრივ-ობლების შევიწროებაში (იობი 22-ე თავი).
20. როგორი იყო ბილდადის თავდასხმები იობზე?
20 ბილდადი მეორე მოსაუბრე იყო და სამჯერ წარმართულ საუბარში ის ყოველთვის ელიფაზის თემას მიჰყვებოდა. ბილდადის საუბარი უფრო მოკლე იყო, მაგრამ ენამწარე. მან იობის შვილებს დასწამა ცილი, რომ ბოროტების ჩადენის მიზეზით დაიღუპნენ. ბილდადმა არასწორი მსჯელობის საფუძველზე მოიყვანა მაგალითი: როგორც ლერწამი და შამბნარი ჭკნება უწყლოდ, ასევეა ‘ღვთის დამვიწყებელი’. ეს სიტყვები ჭეშმარიტია, მაგრამ არავითარი კავშირი არ ჰქონდა იობთან (იობი მე-8 თავი). ბილდადმა იობის უბედურება დაახასიათა, როგორც ბოროტეულთა თავზე დატეხილი სასჯელი (იობი მე-18 თავი). მესამედ, თავისი მოკლე საუბრისას ბილდადი ირწმუნებოდა, რომ ადამიანი არის ‘ჭია’ და ‘მატლი’ და უწმინდურია ღმერთის წინაშე (იობი 25-ე თავი).
21. რაში დაადანაშაულა ცოფარმა იობი?
21 ცოფარი იყო მესამე მოსაუბრე ამ საუბრებში. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები მიჰყვებოდა საერთო ხაზს, რომელიც ელიფაზმა და ბილდადმა აირჩიეს. ცოფარმა ბოროტების ჩადენაში დაადანაშაულა იობი და მოუწოდა, რომ თავი დაენებებინა ცოდვილი ჩვევებისთვის (იობი მე-11 და მე-20 თავები). ორჯერ ისაუბრა ცოფარმა, მაგრამ შემდეგ გაჩუმდა. მესამედ აღარაფერი ჰქონდა სათქმელი. იობი კი მთელი საუბრის განმავლობაში, მხნედ პასუხობდა თავის ბრალმდებლებს. მაგალითად, ერთი შემთხვევის დროს მან თქვა: „ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი. თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს?“ (იობი 16:2, 3).
ჩვენც შეგვიძლია გავუძლოთ
22, 23. ა) როგორც იობის შემთხვევაში, როგორ შეეცდება ეშმაკი შეგვალახვინოს იეჰოვა ღმერთისადმი ჩვენი უმწიკვლოება? ბ) როგორი კითხვები წამოიჭრება იობის პოზიციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ იობმა მრავალ განსაცდელს გაუძლო?
22 იობის მსგავსად, შესაძლოა, ჩვენც არაერთხელ ჩავვარდეთ განსაცდელში და სატანას შეუძლია დაგვაკარგვინოს სიმხნევე ან სხვადასხვა ფაქტორებით შეეცადოს ჩვენი უმწიკვლოების შელახვას. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკურად გვიჭირს, შეეცდება იეჰოვას წინააღმდეგ განგვაწყოს. თუ ჩვენ საყვარელი ადამიანი დაგვეღუპება ან ჯანმრთელობის მხრივ ვიტანჯებით, სატანა შეეცდება აღგვძრას, რომ დავადანაშაულოთ ღმერთი. იობის მეგობრების მსგავსად, შეიძლება ვიღაცამ ცილი დაგვწამოს. როგორც ძმა მაკმილანმა თქვა, შესაძლოა, სატანა ‘თან გვდევდეს’, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია გავუძლოთ.
23 როგორც უკვე განვიხილეთ, იობმა გადაიტანა სხვადასხვა გამოცდა. მაგრამ გაუძნელდა თუ არა მას ამ გამოცდების გადატანა? დაეცა თუ არა ის სულით? განვიხილოთ, დაკარგა თუ არა იობმა ნამდვილი იმედი.
როგორ უპასუხებდი?
◻ რა საკამათო საკითხი წამოჭრა სატანამ იობის დროს?
◻ რისი მეშვეობით გამოიცადა ბოლომდე იობი?
◻ რაში სდებდა ბრალს სამი „მეგობარი“ იობს?
◻ როგორც იობის შემთხვევაში, როგორ შეეცდება ეშმაკი შეგვალახვინოს უმწიკვლოება იეჰოვას წინაშე?
[სურათი მე-17 გვერდზე]
ა. ჰ. მაკმილანი.