ღვთის კანონებს კეთილდღეობა მოაქვს ჩვენთვის
„რარიგად მიყვარს რჯული შენი“ (ფსალმუნი 118:97).
1. უმთავრესად, რა შეხედულება აქვთ ადამიანებს ღვთის კანონებისადმი მორჩილებაზე?
ღვთის კანონებისადმი მორჩილებით დღეს ბევრი არ იწუხებს თავს; ხოლო უხილავი უზენაესი ხელისუფლებისადმი მორჩილებას უაზრობად თვლიან. ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ზნეობრიობის მცნება შეფარდებითია, ქრება ზღვარი სწორსა და არასწორს შორის, ხალხს ხშირად სიკეთე ბოროტებისგან ვეღარ გაურჩევია (იგავნი 17:15; ესაია 5:20). ამერიკაში ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოააშკარავა, ძირითადად როგორი შეხედულებაა გაბატონებული ისეთ წრეებში, ღმერთთან რომ ბევრი არაფერი აკავშირებთ. მაგალითად, „ამერიკელთა უმრავლესობა ამჯობინებს, თავადვე გადაწყვიტოს, რა არის სწორი და კარგი და რა — უფრო მნიშვნელოვანი“. უნდათ, რომ „ღმერთი უფრო ლმობიერი იყოს, კანონები კი — უფრო შერბილებული. არა აქვთ სურვილი, ზნეობრიობაზე ან სხვა საკითხებზე მტკიცე შეხედულებების მქონე ზემდგომ ადამიანთან იქონიონ საქმე“. ერთმა სოციოლოგმა თქვა: „დღეს ადამიანებს არჩევნის გაკეთება შეუძლიათ — ისინი თავადვე წყვეტენ, რას ნიშნავს პატიოსნად და უბიწოდ ცხოვრება“ და დასძინა, რომ ნებისმიერმა უმაღლესმა ხელისუფლებამ თავისი დადგენილებები უბრალო ადამიანების მოთხოვნილებებს უნდა შეუსაბამოსო.
2. რას ვიგებთ ბიბლიის იმ ადგილიდან, სადაც პირველად არის კანონი მოხსენიებული — რა უნდა გავაკეთოთ, ღვთისგან კურთხევები და მოწონება რომ დავიმსახუროთ?
2 რადგან ასე ბევრ ადამიანს შეაქვს ეჭვი იეჰოვას კანონების ფასეულობაში, საჭიროა, კიდევ უფრო განვიმტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ღვთის მიერ დადგენილ ნორმებს კეთილდღეობა მოაქვს ჩვენთვის. ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ბიბლიის იმ ადგილის განხილვა, სადაც პირველად მოიხსენიება სიტყვა „კანონი“. დაბადების 26:5-ში ღვთის ნათქვამს ვკითხულობთ: „აბრაჰამმა... დაიცვა ჩემი ანდერძი: ჩემი მცნებანი, ჩემი წესდებანი და ჩემი კანონები“ (ბერეშით 26:5, თორა, 1995). ეს სიტყვები მანამდე საუკუნეებით ადრე წარმოითქვა, ვიდრე იეჰოვა აბრაამის შთამომავლებს კანონების კრებულს, ანუ იგივე რჯულს, მისცემდა. რით დააჯილდოვა ღმერთმა აბრაამი მორჩილებისთვის, მათ შორის, მისი კანონებისადმი მორჩილებისთვის? იეჰოვა ღმერთმა აღუთქვა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბადება 22:18). მაშასადამე, ღვთისგან კურთხევები და მოწონება რომ დავიმსახუროთ, მის კანონებს უნდა დავემორჩილოთ.
3. ა) როგორ მოიხსენია ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას რჯული ანუ კანონები? ბ) რაზე გვმართებს დაფიქრება?
3 ერთ-ერთმა ფსალმუნმომღერალმა — როგორც ჩანს, იუდას სამეფო ტახტის მემკვიდრემ და მომავალმა მეფემ — ისეთი სათუთი სიტყვებით მოიხსენია ღვთის კანონი, რასაც, ჩვეულებრივ, ძნელად თუ ვინმესგან მოვისმენთ. მან შეჰღაღადა ღმერთს: „რარიგად მიყვარს რჯული შენი“ (ფსალმუნი 118:97). ეს არ იყო წამიერი აღმაფრენით პირზე მომდგარი სიტყვები. არა, ფსალმუნმომღერალი სიყვარულს გამოხატავდა ღვთის ნება-სურვილისადმი, რომელიც მისსავე რჯულში იყო გამჟღავნებული. იესო ქრისტეს, ღვთის სრულყოფილ ძესაც, ასეთივე გრძნობები ჰქონდა. აი, რას ამბობდა იესო წინასწარმეტყველების თანახმად: „შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია“ (ფსალმუნი 39:9; ებრაელთა 10:9). ჩვენ როგორღა ვართ განწყობილი? გვანიჭებს თუ არა სიხარულს ღვთის ნების შესრულება? დარწმუნებული ვართ თუ არა, რომ იეჰოვას კანონები სასარგებლოა და კეთილდღეობა მოაქვს ჩვენთვის? ვემორჩილებით თუ არა ღვთის კანონებს მისადმი თაყვანისცემისას, ყოველდღიურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილებების მიღებისას და სხვებთან ურთიერთობისას? ღვთის კანონები რომ გვიყვარდეს, საჭიროა კარგად გავერკვეთ, თუ რატომაა ღმერთი უფლებამოსილი, შექმნას და დააწესოს ესა თუ ის კანონი.
იეჰოვა უფლებამოსილი კანონმდებელია
4. რატომ არის იეჰოვა უზენაესი და უფლებამოსილი კანონმდებელი?
4 როგორც შემოქმედი, იეჰოვა უზენაესი და უფლებამოსილი კანონმდებელია სამყაროში (გამოცხადება 4:11). აი, რა თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: «უფალია [„იეჰოვაა“, აქ] ჩვენი რჯულმდებელი» (ესაია 33:22). მან მოქმედებაში მოიყვანა ფიზიკური კანონები, რომლებიც ცოცხალ და არაცოცხალ ქმნილებებს მართავენ (იობი 38:4—38; 39:1—12; ფსალმუნი 103:5—19). როგორც ღვთის ქმნილება, ადამიანიც იეჰოვას ფიზიკურ კანონებს ექვემდებარება. თუმცა ნების თავისუფლებით იბადება და საღად აზროვნებაც შეუძლია, ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როცა ღვთის ზნეობრივ და თაყვანისცემასთან დაკავშირებულ კანონებს ემორჩილება (რომაელთა 12:1; 1 კორინთელთა 2:14—16).
5. როგორ მიესადაგება გალატელთა 6:7-ში ჩაწერილი პრინციპი ღვთის კანონებს?
5 ყველას კარგად გვესმის, იეჰოვას ფიზიკურ კანონებს რომ ვერავინ აარიდებს თავს (იერემია 33:20, 21). თუკი ადამიანი რომელიმე ფიზიკურ კანონს — მაგალითად, მიზიდულობის ძალას — უგულებელყოფს, შედეგსაც მოიმკის. ასევე, ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი კანონებიც უცვლელია და თუ ვინმე მოინდომებს მათთვის გვერდის ავლას ან დარღვევას, დაუსჯელი ვერ გადარჩება. ეს კანონები ძალაშია და ფიზიკური კანონებივით მათი მოქმედებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება; ერთი კია რომ, მათი დარღვევის შემთხვევაში შედეგმა შეიძლება მაშინვე არ იჩინოს თავი. «ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს [„ღვთის დაცინვა არ გამოგივათ“, აქ], ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის» (გალატელთა 6:7; 1 ტიმოთე 5:24).
იეჰოვას კანონები ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს
6. რამდენად ყოვლისმომცველია ღვთის კანონები?
6 მოსეს რჯული ღვთის კანონების განსაკუთრებული კრებული იყო (რომაელთა 7:12). მოგვიანებით იეჰოვა ღმერთმა მოსეს რჯული ‘ქრისტეს რჯულით’ შეცვალაa (გალატელთა 6:2; 1 კორინთელთა 9:21). ჩვენ, ქრისტიანებმა — რომლებიც ‘თავისუფლების სრულყოფილი რჯულის’ ქვეშ ვიმყოფებით — ვიცით, რომ ღვთის მითითებები ცხოვრების მხოლოდ ზოგიერთი სფეროთი, მაგალითად, მოძღვრების საკითხებითა და წეს-ჩვეულებებით, არ შემოიფარგლება. მისი პრინციპები ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის: ოჯახურ ცხოვრებას, საქმიან ურთიერთობებს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულებას, თანამორწმუნეებისადმი მოპყრობას და ჭეშმარიტ თაყვანისცემაში მონაწილეობას (იაკობი 1:25, 27).
7. ღვთის რომელი ზოგიერთი ძირითადი კანონი იცით?
7 მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). დიახ, მეძაობა და მრუშობა სულაც არ არის უწყინარი „რომანი“, არც ჰომოსექსუალიზმია „ცხოვრების ალტერნატიული წესი“ — ეს იეჰოვას კანონების დარღვევაა, ისევე როგორც ქურდობა, მოტყუება და ცილისწამება (ფსალმუნი 100:5; კოლასელთა 3:9; 1 პეტრე 4:15). იაკობი მკვეხარობას განსჯიდა, პავლე კი გვირჩევდა, არ გველაქლაქა და უხამს ხუმრობებს (აქ) მოვრიდებოდით (ეფესელთა 5:4; იაკობი 4:16). ქრისტიანები აცნობიერებენ, რომ ქცევის ყველა ეს წესი ღვთის სრულყოფილი რჯულის განუყოფელი ნაწილია (ფსალმუნი 18:8).
8. ა) როგორია ღვთის რჯული? ბ) რა არის იმ ებრაული სიტყვის ძირითადი მნიშვნელობები, რომელიც „რჯულად“ (კანონად) ითარგმნება?
8 იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი ეს ძირითადი წესები ნათლად გვანახვებს, რომ მისი რჯული მშრალი და დაწვრილმანებული წესდებების კრებულზე გაცილებით მეტია. ღვთის რჯულით ხელმძღვანელობა გაწონასწორებული, სასიამოვნო ცხოვრების საწინდარია და ყოველმხრივ სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს საქციელზე. ღვთის კანონები გამამხნევებელია, გვეხმარება ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებაში და ჭკუასაც გვასწავლის (ფსალმუნი 118:72). ფსალმუნმომღერლის მიერ გამოყენებული სიტყვა „რჯული“ ანუ კანონი ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან — „თორა“. ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ეს სიტყვა ნაწარმოებია ზმნიდან, რომელიც გაძღოლას, ხელმძღვანელობას, აგრეთვე დამიზნებასა და მიზანში მოხვედრას ნიშნავს. მაშასადამე, იგი... ქცევის წესს უნდა ნიშნავდეს“. ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ რჯული ღვთის მიერ ბოძებული ძღვენი იყო. მოდი ჩვენც დიდად დავაფასოთ ღვთის კანონები და ცხოვრებაში ყოველთვის მათით ვიხელმძღვანელოთ.
9, 10. ა) რატომ გვჭირდება სანდო ხელმძღვანელობა? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ და ცხოვრება სასიამოვნოდ გავატაროთ?
9 სანდო მითითებებსა და ხელმძღვანელობას იეჰოვას ყველა ქმნილება საჭიროებს. ამ მხრივ, არც ადამიანებზე გაცილებით მაღლა მდგომი იესო და სხვა ანგელოზები არიან გამონაკლისი (ფსალმუნი 8:6; იოანე 5:30; 6:38; ებრაელთა 2:7; გამოცხადება 22:8, 9). თუკი ღვთის ხელმძღვანელობა თვით ამ სრულყოფილი ქმნილებების კეთილდღეობას ემსახურება, მაშ, მით უმეტეს ჩვენ, ამ არასრულყოფილ ადამიანებს, გვჭირდება ამ მხრივ დახმარება! როგორც კაცობრიობის ისტორია, ისე საკუთარი გამოცდილებაც გვარწმუნებს იერემია წინასწარმეტყველის სიტყვების სისწორეში: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
10 თუ გვინდა ბედნიერები ვიყოთ და ცხოვრება სასიამოვნოდ გავატაროთ, ღმერთს უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის. სოლომონ მეფემ იცოდა, რომ საკუთარი პრინციპებით, ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე, ცხოვრება ძალიან სახიფათო იყო. მან თქვა: „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“ (იგავნი 14:12).
რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვას კანონები
11. რატომ უნდა გვსურდეს ღვთის კანონებში ჩაწვდომა?
11 მოდი გულით მოვიწადინოთ და ჩავწვდეთ იეჰოვას კანონებს. სწორედ ამ სურვილს გამოხატავდა ფსალმუნმომღერალი, როდესაც ამბობდა: „აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას“ (ფსალმუნი 118:18). რაც უფრო ბევრს გავიგებთ ღვთისა და მისი გზების შესახებ, მით უფრო მეტად ჩავწვდებით ესაიას პირით ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტებას: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები“ (ესაია 48:17, 18). იეჰოვას გულწრფელად სურს, რომ მისმა ხალხმა დაიცვას მისი მცნებები, ამგვარად თავიდან აირიდოს უბედურება და ბედნიერად იცხოვროს. ახლა მოდი ყურადღება შევაჩეროთ იმ ზოგიერთ ძირითად მიზეზზე, რისთვისაც უნდა გვიყვარდეს ღვთის კანონები.
12. რატომ ვამბობთ, რომ თუკი იეჰოვა სრულყოფილად გვიცნობს, ის საუკეთესო კანონმდებელიც იქნება?
12 კანონები მოგვცა მან, ვინც საუკეთესოდ გვიცნობს. რადგან ჩვენი შემოქმედია, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იეჰოვას თავიდან ბოლომდე ვყავართ შესწავლილი (ფსალმუნი 138:1, 2; საქმეები 17:24—28). ახლო მეგობრები, ნათესავები და თვით მშობლებიც კი ვერ გვიცნობენ იეჰოვაზე უკეთ. დიახ, იგი გაცილებით უკეთ ერკვევა ჩვენს პიროვნებაში, ვიდრე ჩვენ — თავად! ყველაზე კარგად ჩვენმა შემოქმედმა იცის, როგორი სულიერი, ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებები გვაქვს. ჩვენზე ზრუნვისას იეჰოვა ყოველთვის გვაგრძნობინებს, რომ სრულყოფილად იცის ჩვენი აგებულება, ჩვენი სურვილები და მისწრაფებები. იეჰოვას ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები, თუმცა იმასაც ბრწყინვალედ გრძნობს, კარგი საქმეების კეთების რა უნარი აქვს თითოეულს. ფსალმუნმომღერალი ამბობს: „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14). ასე რომ, თუ ღვთის კანონების თანახმად ვივლით და სიხარულით დავემორჩილებით მის ხელმძღვანელობას, სულიერ უსაფრთხოებას ვიგრძნობთ (იგავნი 3:19—26).
13. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას საუკეთესო უნდა ჩვენთვის?
13 კანონები მოგვცა მან, ვისაც ვუყვარვართ. ღმერთს ძალიან უნდა, რომ ჩვენმა კეთილდღეობამ მარადიულად გასტანოს. მას ხომ ასე ძვირად — თავისი ძის სიცოცხლის ფასად — დაუჯდა ‘მრავალთა გამოსყიდვა’ (მათე 20:28). იეჰოვამ პირობა მოგვცა, რომ ‘არ დაუშვებს, ჩვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადოთ’ (1 კორინთელთა 10:13). ბიბლია გვარწმუნებს, რომ ‘ის ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტრე 5:7). იეჰოვასავით სათუთად არავინ ზრუნავს ადამიანთა ხელმძღვანელობით უზრუნველყოფაზე მათდა საკეთილდღეოდ. მან იცის, რა არის სასიკეთო ჩვენთვის, და რა — არა; რას მოაქვს ბედნიერება და რას — მწუხარება. თუმცა არასრულყოფილები ვართ და შეცდომებსაც ვუშვებთ, თუ სიმართლის გზას დავადგებით, ყველგან ღვთის სიყვარული გვიმეგზურებს, რაც ბედნიერ ცხოვრებასა და კურთხევებს მოგვიტანს (ეზეკიელი 33:11).
14. რა დიდი სხვაობაა ღვთის კანონებსა და ადამიანთა იდეებს შორის?
14 ღვთის კანონები მარადუცვლელია. ჩვენს მშფოთვარე ეპოქაში იეჰოვა მტკიცე და ურყევი სიმაგრე — მარადარსებული ღმერთია (ფსალმუნი 89:2). აი, რა თქვა საკუთარ თავზე იეჰოვამ: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის პრინციპები სრულიად სანდოა — არ ჰგავს ადამიანების ქამელეონივით მუდამ ცვალებად იდეებს (იაკობი 1:17). მაგალითად, წლების განმავლობაში ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევდნენ, რომ ბავშვები ცოტათი ნებაზე მიეშვათ, მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთმა მათგანმა აზრი შეიცვალა და აღიარა, რომ მათ მიერ მიცემული რჩევები შეცდომა იყო. აღზრდასთან დაკავშირებული წუთისოფლისეული ნორმები და სახელმძღვანელო პრინციპები, თითქოსდა ქარი იტაცებსო აქეთ-იქით, წამდაუწუმ იცვლება. იეჰოვას სიტყვა კი უცვლელია. უკვე საუკუნეებია, რაც ბიბლია ურჩევს მშობლებს, თუ როგორ აღზარდონ შვილები სიყვარულით. პავლე მოციქულმა დაწერა: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). რა მანუგეშებელია — შეგვიძლია თავისუფლად დავენდოთ იეჰოვას პრინციპებს, ისინი ხომ არასოდეს იცვლება!
ღვთის კანონების მორჩილნი კურთხევებს იღებენ
15, 16. ა) რას ვაღწევთ, როდესაც იეჰოვას პრინციპებს მივყვებით? ბ) რატომ არის ღვთის კანონები კარგი სახელმძღვანელო ქორწინებაში?
15 ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთმა განაცხადა: ‘ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან... აღწევს იმას, რისთვისაც მივავლინე’ (ესაია 55:11). ჩვენც ასევე, როდესაც გულწრფელად ვცდილობთ, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ პრინციპებს მივყვეთ, ყოველთვის წარმატებას ვაღწევთ, კარგ საქმეებსაც ვაკეთებთ და სიხარულსაც ვპოულობთ.
16 ღვთის კანონები კარგი სახელმძღვანელოა ბედნიერი ქორწინებისთვის საძირკვლის ჩასაყრელად. მოდი ვნახოთ, როგორ. „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“, — დაწერა პავლემ (ებრაელთა 13:4). მეუღლეები პატივს უნდა სცემდნენ და უნდა უყვარდეთ ერთმანეთი: «ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა [„ცოლიც დიდ პატივს სცემდეს ქმარს“, აქ]» (ეფესელთა 5:33). რა სახის სიყვარულზეა აქ ლაპარაკი? ისეთზე, 1 კორინთელთა 13:4—8-ში რომ არის აღწერილი: „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“. ასეთ სიყვარულზე დაფუძნებულ ქორწინებას არასოდეს გაუჩნდება ბზარი.
17. როგორ გვიცავს იეჰოვას პრინციპები ალკოჰოლის მოხმარების მავნე ჩვევისგან?
17 იეჰოვას პრინციპები რომ სასარგებლოა, ამაზე ისიც მოწმობს, რომ იგი განსჯის სიმთვრალეს. არ იწონებს ‘ღვინოზე მიძალებას’ (1 ტიმოთე 3:3, 8; რომაელთა 13:13). ბევრი, ვინც ღვთის პრინციპებს უგულებელყოფს, გადამეტებული სმისგან გამოწვეული ან გამწვავებული ავადმყოფობებით იტანჯება. ზომიერებაზე ბიბლიის რჩევის უგულებელმყოფელ ზოგ ადამიანს ჩვევად ექცა „გულის გადასაყოლებლად“ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება. გადამეტებულ სმას ბევრი პრობლემა ახლავს თან: მათ შორის, ავტორიტეტის დაკარგვა, ურთიერთობების დაძაბვა სახლში ანდა, საერთოდ, ოჯახის დანგრევა, შემოსავლის განიავება და სამსახურიდან დათხოვნა (იგავნი 23:19—21, 29—35). იეჰოვას პრინციპები ალკოჰოლიანი სასმელების მოხმარებასთან დაკავშირებით მართლაც რომ დამცველია.
18. გვიმართავს თუ არა ხელს ღვთის კანონების გამოყენება? განმარტეთ.
18 ღვთის პრინციპების გამოყენება პრაქტიკულია საქმიანი ურთიერთობების დროს და ფულთან დაკავშირებითაც. ბიბლია ქრისტიანებს პატიოსნებისა და გარჯისკენ მოუწოდებს (ლუკა 16:10; ეფესელთა 4:28; კოლასელთა 3:23). ბევრი ქრისტიანი — რადგან ამ ბიბლიურ რჩევას იცავდა — დააწინაურეს ან დატოვეს სამსახურში, მაშინ როცა სხვები საერთოდ დაითხოვეს. როცა ადამიანი თავს შორს იჭერს ისეთი არაბიბლიური ჩვევებისგან, როგორებიცაა აზარტული თამაშები, სიგარეტის მოწევა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, ეს მის მატერიალურ მდგომარეობაზეც კარგად აისახება. უეჭველია, სხვა მაგალითებიც გახსენდებათ, როცა ღვთის პრინციპების გამოყენება ქონებასა და სახსრებს გვიზოგავს.
19, 20. რატომ არის ბრძნული ღვთის კანონების ზედმიწევნით დაცვა?
19 არასრულყოფილმა ადამიანებმა შეიძლება უცბად გადაუხვიონ ღვთის კანონებსა და პრინციპებს. ამის მაგალითი სინაის მთასთან დაბანაკებული ისრაელები არიან. ღმერთმა უთხრა მათ: „თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან“. ხალხმა მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“. მაგრამ მათ ნათქვამს ჩალის ფასიც არ აღმოაჩნდა — სრულიად საპირისპიროდ იქცეოდნენ! (გამოსვლა 19:5, 8; ფსალმუნი 105:12—43). ჩვენ კი, მოდი დავემორჩილოთ და მყარად ჩავეჭიდოთ ღვთის პრინციპებს.
20 იმ უბადლო კანონების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც იეჰოვამ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ მოგვცა, ჩვენი მხრიდან სიბრძნის გამოვლენა იქნება და ბედნიერებასაც მოგვიტანს (ფსალმუნი 18:8—12). მაგრამ, ღვთის კანონებით დაუბრკოლებლად რომ ვხელმძღვანელობდეთ, საჭიროა, ღვთის პრინციპების მნიშვნელობაც გვესმოდეს და ვაფასებდეთ მათ. შემდეგ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
[სქოლიოები]
a დაწვრილებითი ინფორმაცია ‘ქრისტეს რჯულის’ შესახებ იხილეთ 1996 წლის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 23—32.
გახსოვთ თუ არა?
• რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ღვთის კანონებს კეთილდღეობა მოაქვთ ჩვენთვის?
• რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვას კანონები — რა არის ამის ძირითადი მიზეზები?
• რა მხრივ არის სასარგებლო ჩვენთვის ღვთის კანონები?
[სურათი 13 გვერდზე]
აბრაამმა უხვი კურთხევები მიიღო იეჰოვას კანონებისადმი მორჩილებით.
[სურათები 15 გვერდზე]
მრავალი საზრუნავით აღსავსე დღევანდელი ცხოვრება ბევრს უშლის ხელს ღვთის კანონებისადმი მორჩილებაში.
[სურათი 17 გვერდზე]
ღვთის კანონები ისეთივე მყარი და უცვლელია, როგორც კლდეზე აღმართული შუქურა.