დაბადება
22 ამის შემდეგ აბრაამი ღმერთმა გამოსცადა.+ მან დაუძახა: „აბრაამ!“ აბრაამმა მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 2 მან სთხოვა: „წაიყვანე შენი ერთადერთი საყვარელი ვაჟი,+ ისაკი.+ წადი მორიას+ მიწაზე და შესწირე იგი დასაწვავ მსხვერპლად იმ მთაზე, რომელზეც გეტყვი“.
3 დილაადრიან ადგა აბრაამი, შეკაზმა ვირი, დაუძახა თავის ორ მსახურს და ისაკს, თავის ვაჟს. დაჩეხა შეშა დასაწვავი მსხვერპლისთვის, ადგა და გაუდგა გზას, რომ იმ ადგილზე მისულიყო, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. 4 მესამე დღეს აბრაამმა შორიდან დაინახა ის ადგილი. 5 მან თავის მსახურებს უთხრა: „თქვენ აქ დარჩით, ვირსაც აქ დავტოვებ. მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად და დავბრუნდებით“.
6 აიღო შეშა დასაწვავი მსხვერპლისთვის და თავის ვაჟს, ისაკს, აჰკიდა, თვითონ კი აიღო ცეცხლი, დასაკლავი დანა და ორივენი ერთად წავიდნენ. 7 ისაკმა მამამისს, აბრაამს, უთხრა: „მამა!“ მან მიუგო: „ჰო, შვილო!“ ისაკმა უთხრა: „ცეცხლი და შეშა კი გვაქვს, მაგრამ დასაწვავ მსხვერპლად შესაწირი ცხვარი სადღაა?“ 8 აბრაამმა მიუგო: „შვილო, ღმერთი გამოაჩენს დასაწვავ მსხვერპლს“,+ და გზა განაგრძეს.
9 ბოლოს მიადგნენ იმ ადგილს, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. ააგო აბრაამმა სამსხვერპლო, ზედ შეშა დაალაგა, ხელ-ფეხი შეუკრა ისაკს, თავის ვაჟს, და სამსხვერპლოზე დალაგებულ შეშაზე დააწვინა.+ 10 გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის მოსაკლავად,+ 11 მაგრამ ზეციდან იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა: „აბრაამ! აბრაამ!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 12 ანგელოზმა მას უთხრა: „არაფერი ავნო ყმაწვილს, არაფერი დაუშავო. ახლა ვხედავ, რომ ღვთისმოშიში კაცი ყოფილხარ, ჩემთვის ერთადერთი ვაჟიც კი არ დაგენანა“.+ 13 აბრაამმა გაიხედა და იქვე ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. მივიდა, წამოიყვანა და თავისი ვაჟის ნაცვლად შესწირა დასაწვავ მსხვერპლად. 14 იმ ადგილს აბრაამმა იეჰოვა-ირე* უწოდა. ამიტომაც ამბობენ დღემდე, იეჰოვას მთაზე გამოჩნდებაო.+
15 იეჰოვას ანგელოზმა მეორედაც დაუძახა აბრაამს ზეციდან: 16 „ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა,+ — ასე რომ მოიქეცი და ჩემთვის ერთადერთი ვაჟიც+ კი არ დაგენანა, 17 გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს+ და თავისი მტრების კარიბჭეს დაეუფლება იგი.+ 18 შენი შთამომავლის+ მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან დამემორჩილე“.+
19 დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან და ერთად დაადგნენ ბეერ-შებისკენ+ მიმავალ გზას. აბრაამი კვლავაც ბეერ-შებაში ცხოვრობდა.
20 ამის შემდეგ აბრაამს შეატყობინეს: „ნახორს, შენს ძმას, მილქამ ვაჟები გაუჩინა:+ 21 უცი — პირმშო, ბუზი — მისი ძმა, კემუელი — არამის მამა, 22 ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი“.+ 23 ბეთუელს შეეძინა რებეკა.+ მილქამ ეს რვა ვაჟი გაუჩინა ნახორს, აბრაამის ძმას. 24 ნახორს ხარჭამაც გაუჩინა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მააქა.