ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ
ყველა სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა, სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა (კნ. 30:15, 19). ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიკვდილის აღსანიშნავად ებრაულ და ბერძნულ წერილებში ერთი და იგივე სიტყვები გამოიყენება (ეკ. 3:19; 9:5; ინ. 12:24; იუდ. 12; გმც. 16:3). ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისუნარიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლი, ვინაიდან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ხორციელის სული მის სისხლშია“ (ლვ. 17:11, 14; დბ. 4:8—11; 9:3, 4). ადამიანებზეც და ცხოველებზეც ნათქვამია, რომ შეიძლება მოისპონ ანუ სიცოცხლის სუნთქვა (ებრ. ნიშმათ ხაიჲიმ) ამოუშვან (დბ. 7:21, 22; შდრ. დბ. 2:7). წმინდა წერილებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ერთნიც და მეორენიც იხოცებიან, როცა სიცოცხლის სულს (მოქმედ ძალას) კარგავენ (ებრ. რუაჰ ხაიჲიმ) (დბ. 6:17, სქ.; 7:15, 22; ეკ. 3:19; იხ. ᲡᲣᲚᲘ (II)).
ბიბლიური გაგებით რა არის სიკვდილი?
აღსანიშნავია, რომ ბიბლიაც და მეცნიერებაც ერთნაირად ხსნის სიკვდილის პროცესს. მაგალითად, გულისცემის გაჩერების შედეგად წყდება სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმის მილიარდობით უჯრედს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი (სუნთქვის მეშვეობით) აღარ მიეწოდება. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ აღნიშნულია: „როცა გული და ფილტვები წყვეტს მუშაობას, ადამიანი კლინიკურ სიკვდილს განიცდის, რაც ბიოლოგიურ სიკვდილს არ ნიშნავს. ცალკეული უჯრედები რამდენიმე წუთის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს. გულისა და ფილტვების ამუშავებისა და უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდების შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის გამოცოცხლება. დაახლოებით სამ წუთში ტვინის უჯრედები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდის უჟანგბადობას, კვდომას იწყებს. ამ დროს ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია. თანდათანობით ორგანიზმის სხვა უჯრედებიც იწყებს კვდომას. სულ ბოლოს ძვლის, თმისა და კანის უჯრედები კვდება. მათი ზრდა სიკვდილის შემდეგაც რამდენიმე საათი გრძელდება“ (1987, ტ. 5, გვ. 52ბ). მართალია, სუნთქვა და სისხლი სასიცოცხლო ძალას (რუაჰ ხაიჲიმ) უნარჩუნებს უჯრედებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური გაგებით სუნთქვისა და გულისცემის შეწყვეტის გარდა, სიკვდილს უჯრედებიდან სასიცოცხლო ძალის ანუ სულის გაქრობაც იწვევს (ფს. 104:29; 146:4; ეკ. 8:8).
რატომ კვდება ადამიანი? პირველად წმინდა წერილებში სიკვდილი დაბადების 2:16, 17-ში იხსენიება, სადაც ღმერთმა პირველ ადამიანს უთხრა, რომ თუ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფს შეჭამდა, მოკვდებოდა. რაც შეეხება ცხოველებს, როგორც ჩანს, ისინი მოკვდავნი იყვნენ, რადგან ბიბლია არაფერს ამბობს მათი სიკვდილის დასაბამზე, ის მხოლოდ იმას გვამცნობს, როგორ გავრცელდა სიკვდილი კაცთა მოდგმაზე (შდრ. 2პტ. 2:12). ასე რომ, ღვთის მიწიერ ძეს, ადამს კარგად ეცოდინებოდა, რა მძიმე სასჯელი ელოდა, თუ ღვთის გაფრთხილებას არ დაემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა, ადამი არ დაემორჩილა შემოქმედს და სიკვდილი დაიტეხა თავს (დბ. 3:19; იაკ. 1:14, 15). შედეგად ადამის ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი ყველა ადამიანზე გავრცელდა (რმ. 5:12; 6:23).
ზოგი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ თითქოს ცხოველების მსგავსად ადამიანებიც იმთავითვე ფიზიკური სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი. ამის დასტურად მათ სხვადასხვა ბიბლიური მონაკვეთი მოჰყავთ. მაგალითად იშველიებენ იმ მუხლს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა სამოცდაათი ან ოთხმოცი წელია (ფს. 90:10); აგრეთვე პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ „ადამიანები კვდებიან ერთხელ, შემდეგ კი სასამართლოა“ (ებ. 9:27). მაგრამ ეს მუხლები მას შემდეგ დაიწერა, რაც კაცობრიობამ სიკვდილი იგემა და არასრულყოფილ და ცოდვილ ადამიანებს ეხება. წარღვნამდე სიცოცხლის უჩვეულო ხანგრძლივობა ადამიანის სხეულის უნიკალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს, რაც აღემატება იდეალურ პირობებში მყოფი ნებისმიერი ცხოველის შესაძლებლობებს (დბ. 5:1—31). ბიბლია სიკვდილის შემოსვლას კაცთა მოდგმაში არაორაზროვნად უკავშირებს ადამის ცოდვას.
ცოდვამ ადამიანები ღმერთთან გააუცხოვა და „ხრწნის მონობას“ დაუქვემდებარა (რმ. 8:21). ადამიანის სხეულში ცოდვა მოქმედებს და ხრწნის მონად აქცევს მას. აქედან გამომდინარე, ვინც ღმერთს არ ემორჩილება, ცოდვის კანონს ემონება სასიკვდილოდ (რმ. 6:12, 16, 19—21). სატანა „სიკვდილს იწვევს“ (ებ. 2:14, 15). მას ეწოდება კაცისმკვლელი (ინ. 8:44) იმიტომ კი არა, რომ ის პირდაპირი გაგებით ვინმეს კლავს, არამედ იმიტომ, რომ ვერაგულად ცოდვისა და არასწორი საქციელისკენ უბიძგებს ადამიანს, რაც ხრწნასა და სიკვდილს იწვევს (2კრ. 11:3). გარდა ამისა, ადამიანთა გულსა და გონებაში ძალადობისა და მკვლელობის სურვილს ნერგავს (ინ. 8:40—44, 59; 13:2; შდრ. იაკ. 3:14—16; 4:1, 2). ამიტომ სიკვდილს ადამიანის მეგობარი კი არა, მტერი ეწოდება (1კრ. 15:26). სიკვდილს ნატრობს მხოლოდ ის, ვინც უკიდურეს ტკივილს განიცდის და იტანჯება (იობ. 3:21, 22; 7:15; გმც. 9:6).
რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები? ბიბლია გვამცნობს, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“. სიკვდილის დროს ადამიანი აბსოლუტურად უმოქმედოა (ეკ. 9:5, 10; ფს. 146:4). მომაკვდავი „სიკვდილის მტვერში“ (ფს. 22:15) და „უსიცოცხლოებთან მიდის“ (იგ. 2:18; ეს. 26:14). მკვდარს არც ღვთის სახელის ხსენება შეუძლია და არც მისთვის ხოტბის შესხმა (ფს. 6:5; ეს. 38:18, 19). ებრაულ და ბერძნულ წერილებში სიკვდილი ძილთან არის შედარებული. ეს კარგი შედარებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიცვალებულები უგონო მდგომარეობაში არიან, არამედ იმიტომაც, რომ მძინარე ადამიანის მსგავსად მიცვალებულის გაღვიძებაც ანუ მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია (ფს. 13:3; ინ. 11:11—14). ბიბლიაში მკვდრეთით აღმდგარ იესოს „სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“ ეწოდება (1კრ. 15:20, 21; იხ. ᲰᲐᲓᲔᲡᲘ; ᲨᲔᲝᲚᲘ.
ძველ ეგვიპტელებსა და სხვა წარმართ ერებს, განსაკუთრებით კი ბერძენ ფილოსოფოსებს, ღრმად სწამდათ ადამიანის სულის უკვდავება, მაგრამ ებრაული და ბერძნული წერილები სულის (ებრ. ნეფეშ; ბერძ. ფსიქე) მოკვდაობასა (მსჯ. 16:30; ეზკ. 18:4, 20; გმც. 16:3) და სიკვდილისგან მისი დახსნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს (იეს. 2:13; ფს. 33:19; 56:13; 116:8; იაკ. 5:20). უფრო მეტიც, მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ქრისტემ „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ (ეს. 53:12; შდრ. მთ. 26:38). წინასწარმეტყველი ეზეკიელი გმობს მათ, ვინც იზრახავს იმ სულების დახოცვას, რომლებიც არ არიან დასახოცი და იმ სულების ცოცხლად დატოვებას, რომლებმაც არ უნდა იცოცხლონ (ეზკ. 13:19; იხ. ᲡᲣᲚᲘ (I).
1 სამუელის 25:29-ის შესახებ ბიბლიური ენციკლოპედია შემდეგ კომენტარს აკეთებს: „იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანი შედგება სხეულისა და სულისაგან, რომლებიც სიკვდილის დროს ერთმანეთისგან ცალკევდებიან, ბერძნებს ეკუთვნით და არა ებრაელებს“ (The Interpreter’s Bible, 1953, ტ. II, გვ. 1015, ჯ. ბატრიკის რედაქციით). მსგავსი თვალსაზრისი აქვს სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორს, თეოლოგს, ედმონდ ჟაკობს. ის მიიჩნევს, რომ ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ უკავშირდება სულს (ებრ. ნეფეშ), ამიტომ „ბუნებრივია, რომ სიკვდილი ნეფეშის გაქრობაა (დბ. 35:18; 1მფ. 17:21; იერ. 15:9; იონ. 4:3). სხეულიდან ნეფეშის გამოსვლას გადატანითი მნიშვნელობა აქვს. სული სხეულისგან დამოუკიდებლად არ განაგრძობს არსებობას, არამედ მასთან ერთად კვდება (რც. 31:19; მსჯ. 16:30; ეზკ. 13:19). არც ერთი ბიბლიური მუხლი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სული სიკვდილის დროს სხეულს შორდება“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 1, გვ. 802).
სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლება. ფსალმუნის 68:20-ში ნათქვამია: „იეჰოვას, უზენაეს უფალს, ეკუთვნის სიკვდილისგან თავდახსნის გზები“. ქრისტე იესომ თავი მსხვერპლად გაიღო და სიცოცხლისა და ხსნის „მეთაური“ გახდა (სქ. 3:15; ებ. 2:10). მისი მეშვეობით სიკვდილი გაუქმდება (2ტმ. 1:10). ის ეწამა, სიკვდილი იგემა ყველას გულისთვის და „შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“ (ებ. 2:9; 1ტმ. 2:6). იესოს მეშვეობით განხორციელდა „ერთი მოქმედება, რომელიც გამართლებას“ ანუ ცოდვით გამოწვეული სიკვდილის გაუქმებას მოემსახურა, რასაც „ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“ (რმ. 5:15, 16, 18, 19; ებ. 9:27, 28; იხ. ᲛᲐᲠᲗᲚᲐᲓ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲐ; ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ). ასე რომ, იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი „სიკვდილიდან სიცოცხლეში“ გადავიდნენ (ინ. 5:24). მაგრამ ვინც არ ემორჩილება ძეს და არ ავლენს სიყვარულს, „სიკვდილში რჩება“ და ღვთის რისხვა დაატყდება (1ინ. 3:14; ინ. 3:36). ვისაც სურს, თავი დააღწიოს ამ მსჯავრს და გათავისუფლდეს „ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან“, ღვთის სულს უნდა მიჰყვეს და მისი ნაყოფი გამოიღოს, ვინაიდან „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს“ (რმ. 8:1—6; კლ. 1:21—23).
იესომ თავისი მიწიერი ცხოვრება, რომელიც სიკვდილითა და აღდგომით უნდა დასრულებულიყო, ნათლობას შეადარა (მრ. 10:38, 39; ლკ. 12:50; შდრ. ეფ. 4:9, 10). როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, იესოს ცხებული მიმდევრებიც იმავე ნათლობით ანუ სიკვდილში მოინათლებოდნენ, რის შემდეგაც ზეციერი დიდების მისაღებად აღდგებოდნენ (რმ. 6:3—5; ფლ. 3:10, 11). პავლე ამბობდა, რომ ისწრაფოდა ზეციური ცხოვრებისკენ, მაგრამ ამით იმას კი არ გულისხმობდა, რომ სულითცხებული ქრისტიანები სიკვდილს ან სიკვდილში „სიშიშვლეს“ ელტვოდნენ, არამედ ზეციური სხეულით შემოსვას უფალთან დასასახლებლად (2კრ. 5:1—8; შდრ. 2პტ. 1:13—15). მაგრამ, სანამ ეს მოხდება, „სიკვდილი მოქმედებს“ მათში; ამავე დროს მათ თავიანთი მსახურებით სიცოცხლის ცნობა მიაქვთ მათთვის, ვისაც ემსახურებიან (2კრ. 4:10—14; იგ. 18:21; იხ. ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ [ნათლობა ქრისტე იესოსა და მის სიკვდილში]).
სულითცხებულთა მსახურებას სარგებლობა მოაქვს უამრავი ხალხისთვის, რომელსაც დიდი გასაჭირის გადატანისა და სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს. ღვთის თვალში ისინიც განწმენდილებად ითვლებიან, ვინაიდან იწამეს, რომ იესოს მსხვერპლს ცოდვების მიტევების ძალა აქვს (1ინ. 2:2; გმც. 7:9, 14).
იესომ თქვა, რომ მას აქვს „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ (გმც. 1:18), რომლებსაც ის სიკვდილის ტყვეობაში მყოფთა გასათავისუფლებლად გამოიყენებს (ინ. 5:28, 29; გმც. 20:13). იეჰოვა ღმერთმა ჰადესიდან გაათავისუფლა იესო, რითაც „დაარწმუნა ყველა“, რომ იქნებოდა ღვთის სასამართლო ანუ განკითხვის დღე და ჰადესში მყოფნი მკვდრეთით აღდგებოდნენ (სქ. 17:31; 1კრ. 15:20, 21). ვინც ღვთის სამეფოს დაიმკვიდრებს და უკვდავებას ეზიარება, სიკვდილზე აღდგომით გაიმარჯვებს და სიკვდილის „ნესტარი“ დაიძლევა (1კრ. 15:50, 54—56; შდრ. ოს. 13:14; გმც. 20:6).
სიკვდილის მოსპობა. ესაიას 25:8-ში ასეთ წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ: „[ღმერთი] სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“. სიკვდილის ნესტარი ცოდვაა (1კრ. 15:56), ამიტომ ყველა ცოდვილი და არასრულყოფილი ადამიანის სხეულში სიკვდილი მოქმედებს (რმ. 7:13, 23, 24). აქედან გამომდინარე, სიკვდილის გასაუქმებლად საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზის, ცოდვის გაუქმება. ცოდვის უკანასკნელი კვალის წაშლასთან ერთად სიკვდილის ბატონობას ბოლო მოეღება და ის მოისპობა, რაც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს მოხდება (1კრ. 15:24—26). ასე რომ, ადამის ცოდვით მოტანილი სიკვდილი „აღარ იქნება“ (რმ. 5:12; გმც. 21:3, 4). გადატანითი მნიშვნელობით მას „ცეცხლის ტბაში“ ჩააგდებენ (გმც. 20:14; იხ. ᲪᲔᲪᲮᲚᲘᲡ ᲢᲑᲐ).
„მეორე სიკვდილი“. „ცეცხლის ტბა“ „მეორე სიკვდილია“, რომელშიც სიკვდილი, ჰადესი, სიმბოლური მხეცი, ცრუწინასწარმეტყველი, სატანა, მისი დემონები და მოუნანიებელი ბოროტმოქმედები ჩაიყრებიან (გმც. 20:10, 14, 15; 21:8; მთ. 25:41). სიკვდილის მიზეზი ადამის ცოდვა გახდა. ასე რომ, „მეორე სიკვდილი“ მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილისგან განსხვავდება. ციტირებული მუხლებიდან აშკარად ჩანს, რომ „მეორე სიკვდილიდან“ თავის დახსნა შეუძლებელია. „მეორე სიკვდილისთვის“ განწირულთა მდგომარეობა ძალიან ჰგავს მათ მდგომარეობას, ვისზეც ებრაელების 6:4—8-ში, 10:26, 27-სა და მათეს 12:32-შია საუბარი. მაგრამ მათ, ვინც მიიღებს „სიცოცხლის გვირგვინს“ და წილი ექნება „პირველ აღდგომაში“, „მეორე სიკვდილი“ არ შეეხება (გმც. 2:10, 11). ესენი არიან ქრისტეს თანამმართველები, რომლებიც მიიღებენ უკვდავებასა და უხრწნელობას და, შესაბამისად, მათზე „მეორე სიკვდილს“ ძალაუფლება არ ექნება (1კრ. 15:50—54; გმც. 20:6; შდრ. ინ. 8:51).
გადატანითი მნიშვნელობით. სიკვდილი გაპიროვნებულია და მას „მეფე“ ეწოდება, რომელიც ადამის დროიდან მოყოლებული მართავს კაცობრიობას (რმ. 5:14). მასთან ერთად მეფობს ცოდვაც (რმ. 6:12). ეს ორი მეფე თავიანთ „კანონს“ უმორჩილებს ქვეშევრდომებს (რმ. 8:2). ქრისტეს მოსვლისა და მსხვერპლის გაღების შედეგად ისინი, ვინც ღვთის ძღვენი მიიღო „მარადიული სიცოცხლისთვის“, აღმატებულ მეფეს ანუ „წყალობას“ დაექვემდებარნენ (რმ. 5:15—17, 21).
ღვთის განზრახვის უგულებელმყოფელნი შეიძლება გამეფებულ სიკვდილთან შეთანხმების დადებას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ (ეს. 28:15, 18). სიკვდილი, რომელიც წარმოდგენილია როგორც ომისა და შიმშილის უკან მომავალი მხედარი, დედამიწის მკვიდრთა მასობრივ სიკვდილს იწვევს (გმც. 6:8; შდრ. იერ. 9:21, 22).
სულიერად დასუსტებულებზე ნათქვამია, რომ ისინი „სიკვდილის კარიბჭეებს“ უახლოვდებიან (ფს. 107:17—20; შდრ. იობ. 38:17; ფს. 9:13). ვინც ამ კარიბჭეებს გაივლის, ასე ვთქვათ, „ყველა ცოცხლის შესაკრებელ სახლში“ (იობ. 30:23; შდრ. 2სმ. 12:21—23) და მის „ბნელ ოთახებში“ შევა (იგ. 7:27), სადაც იმდენი ადგილია, რომ ბოლომდე არასდროს ივსება (აბკ. 2:5). სამარეში მიმავალნი შედარებული არიან ცხვარს, რომელსაც სიკვდილი მწყემსავს (ფს. 49:14).
„სიკვდილის ტკივილები“. საქმეების 2:24-ში პეტრე მოციქული იესოზე ამბობს, რომ „ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან გაათავისუფლა და აღადგინა, რადგან შეუძლებელი იყო, ის სიკვდილის ძალაუფლებაში დარჩენილიყო“. ამ მუხლში ტკივილად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა (ოდინ) სხვა მუხლებში გამოიყენება მშობიარობის ტკივილის (1თს. 5:3), აგრეთვე ტანჯვისა და გაჭირვების აღსანიშნავად (მთ. 24:8). გარდა ამისა, ბერძნული სეპტუაგინტის მთარგმნელებმა ოდინად გადმოთარგმნეს ებრაული სიტყვა ხეველ იმ მუხლებში, სადაც აშკარად საბელზე მიდის საუბარი (2სმ. 22:6; ფს. 18:4, 5). ხეველის მონათესავე ებრაული სიტყვა ნიშნავს მშობიარობის ტკივილებს, რასაც ზოგიერთი ბიბლეისტი და ლექსიკოგრაფი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ საქმეების 2:24-ში ლუკას მიერ გამოყენებულ ბერძნულ სიტყვასაც (ოდინ) მოციქულების დროინდელ ელინისტურ ბერძნულ ენაში ორი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს ფრაზა საქმეების 2:24-ში ნათარგმნია, როგორც „სიკვდილის ხუნდები [ბორკილები]“ (კს, აფ). არაერთ მუხლში სიკვდილზე ნათქვამია, რომ ის იჭერს თავის მსხვერპლს (იგ. 13:14; 14:27), საბლით კოჭავს და სამარის სივიწროვეში ჩაჰყავს (ფს. 116:3). ბიბლიის თანახმად მკვდრებს არ გააჩნიათ ცნობიერება, ამიტომ შეუძლებელი იყო მკვდარ იესოს პირდაპირი გაგებით რამენაირი ტკივილი განეცადა. თუმცა სიკვდილი, როგორც მოვლენა მწარე და მტკივნეულია (1სმ. 15:32; ფს. 55:4; ეკ. 7:26) არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხშირად ტკივილი უძღვის წინ (ფს. 73:4, 5), არამედ იმიტომ, რომ ის ბოჭავს და სრულ უმოქმედობაში ამყოფებს ადამიანს. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ იესო ამ გაგებით გათავისუფლდა აღდგომის შემდეგ „სასიკვდილო ტკივილებისგან“ და თავი დააღწია მის კლანჭებს.
სულიერი მდგომარეობის ცვლილება. ამ ქვეყნიერების სულიერი მდგომარეობა ზოგჯერ სიკვდილთან არის შედარებული. ამიტომ თქვა იესომ: „მკვდრებმა თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები“; პავლე მოციქულმა კი განცხრომას მიცემულ ქალზე თქვა, რომ „თუმცა ცოცხლობს, მკვდარია“ (ლკ. 9:60; 1ტმ. 5:6; ეფ. 2:1). როგორც პირდაპირი გაგებით სიკვდილი ათავისუფლებს ადამიანს ვალებისა და მოვალეობებისგან (რმ. 6:7), ისე გადატანითი მნიშვნელობით სიკვდილი ათავისუფლებს ქრისტიანს ცოდვისა (რმ. 6:2, 11) და მოსეს კანონის წყევლისგან (რმ. 7:2—6), ანუ ადამიანი კვდება წარსულისთვის და თავისუფლდება ძველი მოვალეობებისგან. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ის ცოცხალია, მაგრამ ახლა უკვე როგორც სიმართლის მონა, თავისუფლად მიჰყვება იესოს (რმ. 6:18—20; გლ. 5:1).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიკვდილი გადატანითი მნიშვნელობით მდგომარეობის შეცვლას ნიშნავს, ნათელი ეფინება ეზეკიელის წიგნში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ ხილვას, რომელშიც ბაბილონში გადასახლებული ხალხი შედარებულია დახოცილებთან, დამარხულებთან და გამომშრალ ძვლებთან (ეზკ. 37:1—12). ისინი უნდა „გაცოცხლებულიყვნენ“ ანუ კვლავ თავიანთ მიწა-წყალს დაბრუნებოდნენ (ეზკ. 37:13, 14). მსგავსი შედარებაა გამოყენებული გამოცხადების 11:3, 7—12-სა და ლუკას 16:19—31-ში.