ემსახურე იეჰოვას გულის სიხარულით
„გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა. . . იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით [გახარებითა და გულის სიხარულით, აქ] “ (მეორე რჯული 28:45–47).
1. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მსახურები სიხარულით აღვსილი არიან მიუხედავად იმისა, თუ სად ემსახურებიან მას?
იეჰოვას მსახურები სიხარულით აღვსილი არიან მიუხედავად იმისა, ზეცაში ასრულებენ მის ნებას, თუ დედამიწაზე. ანგელოზური „დილის ვარსკვლავები“ ყიჟინებდნენ სიხარულისგან, როცა დედამიწას საძირკველი ეყრებოდა და აურაცხელი ზეციერი ანგელოზი, ეჭვგარეშეა, სიხარულით ‘ასრულებს მის სიტყვას’ (იობი 38:4–7; ფსალმუნი 102:20). იეჰოვას მხოლოდშობილი ძე იყო სიხარულით აღსავსე „ოსტატი“ ზეცაში და როგორც ადამიანი, იესო ქრისტე, ღვთიური ნების სიამოვნებით შემსრულებელი დედამიწაზე. გარდა ამისა, „მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [გამო, აქ] მოითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (იგავნი 8:30, 31; ებრაელთა 10:5–10; 12:2).
2. რა წყვეტდა, იყვნენ ისრაელები კურთხეული თუ წყეული?
2 ისრაელები სიხარულს განიცდიდნენ, როცა ასიამოვნებდნენ ღმერთს. მაგრამ, თუ ისინი არ ემორჩილებოდნენ მას? ისინი გაფრთხილებული იყვნენ: „ [წყევლა] იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშად და სასწაულად უკუნისამდე. იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით [გახარებითა და გულის სიხარულით, აქ], როცა დოვლათში იყავი. დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს“ (მეორე რჯული 28:45–48). კურთხევები და წყევლა ნათელს ხდიდა, თუ ვინ იყო იეჰოვას მსახური და ვინ — არა. აგრეთვე, ასეთი წყევლა ადასტურებდა, რომ ისრაელებს ღმერთის პრინციპებისა და განზრახვების არც უმნიშვნელოდ ჩათვლა შეეძლოთ, არც უგულებელყოფა. რადგან ისრაელებმა უარყვეს იეჰოვას გაფრთხილება განადგურებისა და განდევნის შესახებ, იერუსალიმი ‘ყველა ხალხის შესაჩვენებელი’ გახდა (იერემია 26:6). ამიტომ, მოდი, დავემორჩილოთ ღმერთს და ვისარგებლოთ მისი კეთილგანწყობილებით. სიხარული არის ერთ-ერთი იმ მრავალი ღვთიური კურთხევიდან, რომლებიც აქვთ ღმერთზე დაიმედებულ ადამიანებს.
როგორ ვემსახუროთ „გულის სიხარულით“
3. რა არის სიმბოლური გული?
3 ისრაელებს უნდა ემსახურათ იეჰოვასთვის „სიხარულითა და კეთილი გულით [გახარებითა და გულის სიხარულით, აქ] “. ასევე უნდა იქცეოდნენ ღმერთის დღევანდელი მსახურებიც. გიხაროდეს ნიშნავს „იყო გახარებული; იყო სიხარულით აღსავსე“. თუმცა ფიზიკური გული მოხსენიებულია საღვთო წერილში, ის სინამდვილეში არც აზროვნებს, არც მსჯელობს (გამოსვლა 28:30). მისი ძირითადი ფუნქცია არის სისხლის გადატუმბვა, რომელიც კვებავს სხეულის უჯრედებს. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ბიბლია მიუთითებს სიმბოლურ გულზე, რომელიც სიყვარულის, გულის წადილისა და გონების კონცენტრირების ადგილზე უფრო მეტს ნიშნავს. გამოთქმული აზრის თანახმად, ის ნიშნავს „მთავარ ნაწილს საერთოდ, შინაგან არსს და ამიტომ, ნიშნავს შინაგან ადამიანს, იმას, თუ როგორ ამჟღავნებს ის საკუთარ თავს ყველა სხვადასხვა საქმიანობაში, თავის სურვილებში, სიყვარულში, ემოციებში, ძლიერ გრძნობებში, მიზნებში, თავის აზრებში, აღქმაში, წარმოსახვაში, თავის სიბრძნეში, შემეცნებაში, გაწაფულობაში, თავის რწმენასა და მსჯელობაში, თავის მეხსიერებასა და შეგნებაში“ („ბიბლიური ლიტერატურისა და განმარტებების საზოგადოების ჟურნალი“ [Journal of the Society of Biblical Literature and Exegesis], 1882 წელი, გვერდი 67). ჩვენი სიმბოლური გული შეიცავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, რომელთა შორის არის სიხარული (იოანე 16:22).
4. რა გვეხმარება, ვემსახუროთ იეჰოვას გულის სიხარულით?
4 რა დაგვეხმარება, რომ გულის სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას? დახმარებას წარმოადგენს ჩვენი დადებითი და მადლიერებით აღსავსე თვალსაზრისი კურთხევებისა და ღმერთის მიერ მოცემული უპირატესობების შესახებ. მაგალითად, ჩვენ სიხარულით შეგვიძლია ვიფიქროთ ჭეშმარიტი ღმერთისადმი ‘წმინდა მსახურების’ გაწევის უპირატესობაზე (ლუკა 1:75). აგრეთვე, ამასთან დაკავშირებულია უპირატესობა, ვატაროთ იეჰოვას სახელი, როგორც მისმა მოწმეებმა (ესაია 43:10–12). ყოველივე ამასთან ერთად ჩვენ გვახარებს იმის ცოდნა, რომ გულს ვუხარებთ ღმერთს, თუ მის სიტყვას მივყვებით. და რამდენად სასიხარულოა, რომ ვირეკლავთ სულიერ სინათლეს და ამით ვეხმარებით მრავალ ადამიანს, გამოვიდეს სიბნელიდან! (მათე 5:14–16; შეადარე 1 პეტრე 2:9).
5. რა არის ღვთისმოსაწონი სიხარულის წყარო?
5 მაგრამ იეჰოვასადმი გულის სიხარულით მსახურება არ არის მხოლოდ დადებითი აზროვნების შედეგი. გქონდეს დადებითი თვალსაზრისი სასარგებლოა. მაგრამ ღვთისმოსაწონი სიხარული არ არის რაღაც, რისი განვითარებაც ხასიათის გაუმჯობესებით შეგვიძლია. ეს არის იეჰოვას სულის ნაყოფი (გალატელთა 5:22, 23). თუ არ გვაქვს ასეთი სიხარული, საჭიროა მოვახდინოთ ცვლილებები, რათა მოვერიდოთ არაბიბლიურ აზროვნებასა და მოქმედებებს, რომლებიც ღმერთის სულს დაანაღვლიანებდა (ეფესელთა 4:30). მაგრამ, როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილებს, ნუ შეგვეშინდება, რომ გულწრფელი სიხარულის ნაკლებობა ზოგჯერ ცხადყოფს ღმერთის უკმაყოფილებას. ჩვენ არასრულყოფილები ვართ და ამიტომ ჩვენზე გავლენას ახდენს ტკივილი, მწუხარება და ზოგჯერ გულგატეხილობაც კი, მაგრამ იეჰოვას ესმის ჩვენი (ფსალმუნი 102:10–14). ამრიგად, მოდი, ვთხოვოთ ლოცვით მას სულიწმიდა და გვახსოვდეს, რომ სულიწმიდის ნაყოფს, სიხარულს, გვაძლევს ღმერთი. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა უპასუხებს ასეთ ლოცვებს და შეგვაძლებინებს, ვემსახუროთ მას გულის სიხარულით (ლუკა 11:13).
როცა სიხარული იკარგება
6. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ღმერთისადმი მსახურებაში ვკარგავთ სიხარულს?
6 თუ მსახურებაში ვკარგავთ სიხარულს, საბოლოოდ ჩვენი გულმოდგინება იეჰოვასადმი სამსახურში შემცირდება ან, შესაძლოა, ორგულებიც კი აღმოვჩნდეთ. ამიტომ, ბრძნული იქნებოდა, რომ თავმდაბლურად და ლოცვის მეშვეობით განგვეხილა ჩვენი მოტივები და მოგვეხდინა აუცილებელი ცვლილებები. ღმერთისგან გამომდინარე სიხარული რომ გვქონდეს, უნდა ვემსახუროთ იეჰოვას სიყვარულით და მთელი გულით, სულითა და გონებით (მათე 22:37). ჩვენ არ უნდა ვმსახურებდეთ მეტოქეობის სულით, რადგან პავლემ დაწერა: „თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი“ (გალატელთა 5:25, 26). ჩვენ არ გვექნება ნამდვილი სიხარული, თუ ვმსახურებთ იმის გამო, რომ გვსურს ვაჯობოთ სხვებს ან მოვიპოვოთ დიდება.
7. როგორ შეგვიძლია ხელახლა შევიძინოთ გულის სიხარული?
7 სიხარულის მომცემია იცხოვრო იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად. როცა ღმერთისადმი ახალი მიძღვნილები ვიყავით, გულმოდგინედ შევუდექით ქრისტიანული ცხოვრების გზას. ჩვენ ვსწავლობდით საღვთო წერილს და რეგულარულად ვმონაწილეობდით შეხვედრებზე (ებრაელთა 10:24, 25). მსახურება სიხარულს გვანიჭებდა. მაგრამ, თუ ჩვენი სიხარული შემცირდა? ბიბლიის შესწავლამ, შეხვედრებზე დასწრებამ, მსახურებაში მონაწილეობის მიღებამ — ნამდვილად, ქრისტიანობის ყველა სფეროში სრულმა დაკავებულობამ — უნდა მისცეს ჩვენს ცხოვრებას სულიერი წონასწორობა და ხელახლა აღძრას პირველი სიყვარული და გულის სიხარული (გამოცხადება 2:4). მაშინ ჩვენ არ დავემსგავსებით მათ, ვინც არ არის სიხარულით აღსავსე და ხშირად საჭიროებს სულიერ დახმარებას. უხუცესები მოხარულები არიან დაგვეხმარონ, მაგრამ პირადად ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღმერთისადმი ჩვენი მიძღვნის თანახმად. არავის შეუძლია ამის გაკეთება ჩვენს მაგივრად. ამიტომ, მოდი, მიზნად დავისახოთ, მივყვეთ ნორმალურ ქრისტიანულ ცხოვრებას, რათა ვიცხოვროთ იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნის თანახმად და გვქონდეს ნამდვილი სიხარული.
8. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს სუფთა სინდისი, თუ გვსურს ვიყოთ სიხარულით აღვსილი?
8 რათა გვქონდეს სიხარული, რომელიც ღმერთის სულიწმიდის ნაყოფია, ჩვენ გვჭირდება სუფთა სინდისი. იმ დროს, როცა ისრაელის მეფე დავითი ცდილობდა თავისი ცოდვის დაფარვას, ის უბედური იყო. სინამდვილეში, მისი სიცოცხლის სინედლე, თითქოს, გაქრა და შეიძლება ფიზიკურად ავად გახდა. რამდენად დიდი შვება იგრძნო მან, როცა მოინანია და აღიარა! (ფსალმუნი 31:1–5). ჩვენ ვერ ვიქნებით სიხარულით აღვსილი, თუ ვფარავთ რომელიმე სერიოზულ ცოდვას. ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემებით აღსავსე ცხოვრება. ეჭვგარეშეა, ასეთი მოქმედებით ჩვენ არ გვექნება სიხარული. მაგრამ აღიარებასა და მონანიებას მოაქვს შვება და სიხარულით აღსავსე სულის აღდგენა (იგავნი 28:13).
სიხარულით მოლოდინი
9, 10. ა) რომელი აღთქმა მიიღო აბრაამმა, მაგრამ როგორ შეიძლება მისი რწმენა და სიხარული გამოცდილიყო? ბ) როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ აბრაამის, ისააკისა და იაკობის მაგალითებით?
9 ერთია, გვქონდეს სიხარული, როცა პირველად ვიგებთ ღვთიური განზრახვის შესახებ, მაგრამ სულ სხვაა, შევინარჩუნოთ სიხარული წლების განმავლობაში. ეს კარგად ჩანს ერთგული აბრაამის შემთხვევიდან. მას შემდეგ, რაც ღმერთის ბრძანების თანახმად მზად იყო შეეწირა თავისი ძე ისააკი, ანგელოზმა შეატყობინა: „თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას [თესლს, აქ] ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა [თესლი, აქ] შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის [თესლის, აქ] წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბადება 22:15–18). უეჭველია, აბრაამი ძალიან გახარებული იყო ამ დაპირების გამო.
10 აბრაამი, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ისააკი იქნებოდა „თესლი“, რომლის მეშვეობითაც მოვიდოდა აღთქმული კურთხევები. მაგრამ იმ ფაქტს, რომ წლებმა ჩაიარა, ხოლო ისააკის მეშვეობით შესასრულებელი შესანიშნავი არაფერი მომხდარა, შეეძლო გამოეცადა აბრაამისა და მისი ოჯახის რწმენა და სიხარული. ისააკისა და მოგვიანებით მისი ძის, იაკობის მიმართ ღმერთის მიერ აღთქმულის დადასტურებამ დაარწმუნა ისინი, რომ „თესლის“ მოსვლა ჯერ კიდევ მომავალში იქნებოდა და დაეხმარა მათ რწმენისა და სიხარულის შენარჩუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამი, ისააკი და იაკობი ისე მოკვდნენ, რომ ვერ ნახეს ღმერთის აღთქმის შესრულება, ისინი არ იყვნენ იეჰოვას უსიხარულო მსახურები (ებრაელთა 11:13). მისი აღთქმების შესრულების მოლოდინში ჩვენც შეგვიძლია გავაგრძელოთ იეჰოვასადმი მსახურება რწმენითა და სიხარულით.
სიხარული დევნის მიუხედავად
11. დევნის მიუხედავად რატომ შეგვიძლია ვიყოთ სიხარულით აღვსილი?
11 დევნასაც რომ განვიცდიდეთ, როგორც იეჰოვას მსახურებს, ჩვენ შეგვიძლია ვემსახუროთ მას გულის სიხარულით. იესომ აღნიშნა, რომ ბედნიერნი არიან ადამიანები, რომლებსაც განდევნიან მისი გულისთვის, ხოლო მოციქულმა პეტრემ თქვა: „გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას. თუ გაგლანძღავენ თქვენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარ ხართ თქვენ, რადგან სული დიდებისა, სული ღმერთისა თქვენზე განისვენებს“ (1 პეტრე 4:13, 14; მათე 5:11, 12). თუ ითმენ დევნას და იტანჯები სიმართლის გამო, შენ გაქვს იეჰოვას სული და მოწონება და ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს სიხარულს.
12. ა) რატომ შეგვიძლია შევხვდეთ რწმენის გამოცდებს სიხარულით? ბ) რომელი ძირითადი გაკვეთილის მიღება შეგვიძლია გადასახლებაში მყოფი ერთ-ერთი ლევიანის შემთხვევიდან?
12 ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ რწმენის გამოცდებს სიხარულით იმიტომ, რომ ღმერთია ჩვენი მფარველი. ეს ნათლად ჩანს 41-ე და 42-ე ფსალმუნებიდან. გარკვეული მიზეზების გამო, ერთი ლევიანი გადასახლებაში იყო. მას ისე ძალიან ენატრებოდა ღმერთის ტაძარში მსახურება, რომ თავს გრძნობდა მოწყურებული ფურირემის მსგავსად, რომელიც ეძებს წყალს მშრალ და უნაყოფო მხარეში. მას „სწყუროდა“, ანუ ძალიან ენატრებოდა იეჰოვა და ტაძარში მისადმი თაყვანისცემის უპირატესობა (ფსალმუნი 41:2, 3). ამ გადასახლებულის შემთხვევამ უნდა აღგვძრას, გამოვავლინოთ მადლიერება ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს იეჰოვას ხალხთან. თუ ისეთი მდგომარეობა, როგორც დაპატიმრება დევნის პერიოდში, დროებით დაგვაშორებს მათთან, მოდი, გავიხსენოთ წინანდელი სიხარული, რომელსაც ერთად განვიცდიდით წმინდა მსახურებაში და ვთხოვოთ ლოცვაში მოთმინება, სანამ ‘ველოდებით, რომ ღმერთი’ დაგვაბრუნებს მუდმივი მოღვაწეობისთვის თავის თაყვანისმცემლებთან ერთად (ფსალმუნი 41:5, 6, 12; 42:3–5).
„ემსახურეთ უფალს სიხარულით“
13. როგორ გვიჩვენებს ფსალმუნის 99:1, 2, რომ სიხარული უნდა იყოს ღმერთისადმი ჩვენი მსახურების დამახასიათებელი თვისება?
13 სიხარული უნდა იყოს ღმერთისადმი ჩვენი მსახურების დამახასიათებელი ნიშანი. ეს ნაჩვენები იყო სამადლობელ ფსალმუნში, რომლის ავტორიც გალობდა: „შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით [სიხარულით აღსავსე ყიჟინით, აქ]“ (ფსალმუნი 99:1, 2, აფ). იეჰოვა ‘ბედნიერი ღმერთია’ და სურს, რომ მისმა მსახურებმა სიხარული ჰპოვონ მასზე მიძღვნასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში (1 ტიმოთე 1:11, აქ). ადამიანები ყველა ერიდან უნდა განადიდებდნენ იეჰოვას, ხოლო ქების გამომხატველი სიტყვები უნდა იყოს მტკიცე, როგორც გამარჯვებული ჯარის საზეიმო ‘ყიჟინა’. რადგან იეჰოვასადმი მსახურება ძალას გვმატებს, მას თან უნდა სდევდეს სიხარული. ამიტომ, ფსალმუნმომღერალი მოუწოდებდა ადამიანებს, მისულიყვნენ ღმერთის წინაშე „სიხარულით აღსავსე ყიჟინით“.
14, 15. როგორ გამოიყენება ფსალმუნის 99:3–5 იეჰოვას სიხარულით აღსავსე ხალხისადმი დღეს?
14 ფსალმუნმომღერალმა დაამატა: „უწყოდეთ [შეიგნეთ, შეიცანით], რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი“ (ფსალმუნი 99:3, აფ). რადგან იეჰოვა არის ჩვენი შემოქმედი, ჩვენ ვეკუთვნით მას ისევე, როგორც ცხვრები ეკუთვნიან მწყემსს. ღმერთი ისე კარგად ზრუნავს ჩვენზე, რომ ჩვენ მადლიერებით ვაქებთ მას (ფსალმუნი 22). იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალმა ასევე თქვა: „შედით მის ჭიშკრებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში — ქება-დიდებით. მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი. რამეთუ კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი, და თაობიდან თაობამდე — ჭეშმარიტება მისი“ (ფსალმუნი 99:4, 5, აფ).
15 დღეს, სიხარულით აღსავსე ადამიანები ყველა ერიდან შედიან იეჰოვას ტაძრის ეზოებში, რათა შესწირონ მადლიერება და ქება. ჩვენ სიხარულით ვადიდებთ ღმერთის სახელს იმით, რომ ყოველთვის კარგს ვამბობთ იეჰოვას შესახებ და მისი დიდებული თვისებები აღგვძრავს ვაქოთ ის. ღმერთი კარგია ყოველმხრივ და მის მსახურებს ყოველთვის შეუძლიათ მიენდონ მათდამი გამოვლენილ წყალობას ან თანაგრძნობას, რადგან ის გაგრძელდება უკუნისამდე. „თაობიდან თაობამდე“ იეჰოვა ერთგულად ავლენს სიყვარულს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ასრულებენ მის ნებას (რომაელთა 8:38, 39). ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, ‘ვემსახუროთ უფალს სიხარულით’.
იხარეთ თქვენს იმედში
16. რომელი იმედებისა და პერსპექტივების გამო შეუძლიათ გახარება ქრისტიანებს?
16 პავლემ დაწერა: „იხარეთ იმედში“ (რომაელთა 12:12). იესო ქრისტეს ცხებული მიმდევრები ხარობენ უკვდავი ზეციერი სიცოცხლის დიდებული იმედით, რომელიც ღმერთმა შესაძლებელი გახადა თავისი ძის მეშვეობით (რომაელთა 8:16, 17; ფილიპელთა 3:20, 21). აგრეთვე, სიხარულის საფუძველი აქვთ ქრისტიანებს, რომლებიც იმედოვნებენ, იცხოვრონ მარადიულად დედამიწაზე სამოთხეში (ლუკა 23:43). იეჰოვას ყველა ერთგულ მსახურს აქვს მიზეზი გაიხაროს სამეფოს იმედით, რადგან ისინი იქნებიან ან ზეციერი მთავრობის ნაწილი, ან იცხოვრებენ მის მიწიერ სამფლობელოში. რამდენად სასიხარულო კურთხევაა! (მათე 6:9, 10; რომაელთა 8:18–21).
17, 18. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები ესაიას 25:6–8-ში? ბ) როგორ სრულდება ესაიას ეს წინასწარმეტყველება დღეს და რისი თქმა შეიძლება მომავალში მისი შესრულების შესახებ?
17 აგრეთვე სასიხარულო მომავალი მორჩილი კაცობრიობისთვის იწინასწარმეტყველა ესაიამ. მან დაწერა: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით. გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 25:6–8).
18 სულიერი ნადიმი, რომელშიც დღეს ვმონაწილეობთ, როგორც იეჰოვას მსახურები, ნამდვილად სასიხარულოა. სინამდვილეში, ჩვენ სიხარულით ვივსებით იმ დროს, როცა გულმოდგინედ ვემსახურებით იეჰოვას ახალი ქვეყნიერებისთვის აღთქმული პირდაპირი კურთხევების ნადიმის მოლოდინით (2 პეტრე 3:13). იესოს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვა მოაშორებს „საბურველს“, რომელიც ფარავს კაცობრიობას ადამის ცოდვის გამო. რა სიხარული იქნება, როცა ვნახავთ, რომ ცოდვა და სიკვდილი ჩამოშორებულია! რამდენად სასიამოვნო იქნება, მივესალმოთ აღდგენილ საყვარელ ადამიანებს, შევნიშნოთ, რომ ცრემლები გაქრა და ვიცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე, სადაც იეჰოვას ხალხი აღარ იქნება გამტყუნებული, არამედ მისცემს ღმერთს საშუალებას, გასცეს პასუხი დიდ მაგინებელს, სატანა ეშმაკს! (იგავნი 27:11).
19. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ პერსპექტივებზე, რომლებიც მოგვცა იეჰოვამ, როგორც თავის მოწმეებს?
19 ნუთუ არ გავსებს სიხარულითა და მადლიერებით იმის ცოდნა, რასაც გააკეთებს იეჰოვა თავისი მსახურებისთვის? ნამდვილად, ასეთი დიდებული პერსპექტივები ხელს უწყობს ჩვენს სიხარულს! გარდა ამისა, კურთხეული იმედის წყალობით, ჩვენ შევყურებთ ჩვენს ბედნიერ, მოსიყვარულე, სულგრძელ ღმერთს და განვიცდით ასეთ გრძნობებს: „აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!“ (ესაია 25:9). შესანიშნავ იმედთთან ერთად, რომელიც ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში, მოდი, მოვახმაროთ ყველა ძალისხმევა იმას, რომ ვემსახუროთ იეჰოვას გულის სიხარულით.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ იეჰოვას „გულის სიხარულით“?
◻ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, თუ ვკარგავთ სიხარულს იეჰოვასადმი მსახურებაში?
◻ დევნის მიუხედავად რატომ აქვს იეჰოვას ხალხს სიხარული?
◻ რომელი მიზეზები გვაქვს, რომ გავიხაროთ ჩვენს იმედში?
[სურათები 25-ე გვერდზე]
ქრისტიანული ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის მიღება გაზრდის ჩვენს სიხარულს.