„იეჰოვა იძლევა სიბრძნეს“
რა მისწრაფებებს მიაქვს თქვენი დრო და ენერგია? ფიქრობთ სახელის მოპოვებაზე? სიმდიდრის მოხვეჭა ხომ არ არის თქვენი უმთავრესი საზრუნავი? ხომ არ ფიქრობთ რაიმე დარგში დაწინაურებაზე ან ერთსა თუ მეტ სფეროში განათლების მიღებაზე? არის თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვანი სხვებთან კარგი ურთიერთობის განვითარება? ან იქნებ ჯანმრთელობის შენარჩუნება არის თქვენი ძირითადი საფიქრალი?
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი თითქოსდა გარკვეულწილად ფასეულია, მაგრამ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ბიბლია გვპასუხობს: „მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა“ (იგავნი 4:7). როგორ შეგვიძლია სიბრძნის მოპოვება და რაშია მისი უპირატესობა? ამ კითხვაზე ბიბლიის წიგნის, „იგავნის“, მეორე თავი გაგვცემს პასუხს.
‘ყური გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი’
ძველი ისრაელის ბრძენი მეფე, სოლომონი, მოსიყვარულე მამის სიტყვებით ამბობს: «შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ [„გამჭრიახობისკენ“, აქ] გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას» (იგავნი 2:1—5).
მიაქციე ყურადღება, ვისზეა დაკისრებული სიბრძნის მოპოვების პასუხისმგებლობა? ამ მუხლებიდან ჩანს, რომ ჩვენზე — „ასე და ასე რომ მოიქცეოდე“. . . ნათელია, ყოველ ჩვენგანს შესწევს იმის უნარი, რომ ეძებოს სიბრძნე და მისი თანმხლებნი — გამჭრიახობა და გაგება. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა „მივიღოთ“ და გონებაში „დავიცვათ“ საღვთო წერილში ჩაწერილი ბრძნული სიტყვები. ამისათვის უნდა ვსწავლობდეთ ბიბლიას.
სიბრძნე არის ღვთისგან ბოძებული შემეცნების სათანადოდ გამოყენების უნარი. მერედა რა შესანიშნავად გვასწავლის ბიბლია სიბრძნეს! დიახ, მასში ჩაწერილია ბრძნული სიტყვები, მაგალითად, რომელსაც იგავნისა და ეკლესიასტეს წიგნებში ვკითხულობთ. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ეს სიტყვები. ბიბლიის ფურცლებზე ვპოულობთ მრავალ მაგალითს, რომლებიც გვიჩვენებენ ღვთის პრინციპების გამოყენებით მიღებულ სარგებლობასა და მათი უარყოფით გამოწვეულ სირთულეებს (რომაელთა 15:4; 1 კორინთელთა 10:11). მაგალითად, დავფიქრდეთ წინასწარმეტყველ ელისეს მსახურის, ხარბი გეხაზის შემთხვევაზე (მეოთხე მეფეთა 5:20—27). ნუთუ ეს არ გვასწავლის იმას, რომ ბრძნულია მოვერიდოთ სიხარბეს? და რა შეიძლება ითქვას იაკობის ასულის, დინას, მიერ ქანაანელი „ქალიშვილების“ ერთი შეხედვით უწყინარი მონახულების ტრაგიკულ შედეგზე? (დაბადება 34:1—31). ნუთუ ძნელია იმის დანახვა, რომ ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა უგუნურებაა? (იგავნი 13:20; 1 კორინთელთა 15:33).
სიბრძნისადმი ყურადღების მიპყრობას გამჭრიახობისა და გაგების შეძენა მოსდევს. ერთი ლექსიკონის თანახმად, გამჭრიახობა არის „გონებრივი უნარი, რომლის მეშვეობითაც ერთიმეორისგან განვასხვავებთ რაიმეს“ (Webster’s Revised Unabridged Dictionary). ღვთაებრივი გამჭრიახობა არის კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევისა და შესაბამისად სწორი მიმართულების არჩევის უნარი. თუ გული გამჭრიახობისკენ არ ‘გვეწევა’, ან არ გვსურს მისი შეძენა, როგორ შეგვიძლია დავადგეთ ‘სიცოცხლისაკენ მიმავალ გზას’? (მათე 7:14; შეადარეთ მეორე რჯული 30:19, 20). ღვთის სიტყვის შესწავლა და მისი გამოყენება გამჭრიახობას გვმატებს.
როგორ შეგვიძლია ‘მოვუწოდოთ ჭკუას’ — უნარს, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია იმის დანახვა, თუ როგორ უკავშირდება საკითხის სხვადასხვა მხარე ერთმანეთს და მთლიანობაში მოცემულ საკითხს? ასაკი და გამოცდილება, რასაკვირველია, უფრო მეტი გაგების შეძენაში დაგვეხმარება, მაგრამ მხოლოდ ამით არ ამოიწურება ყველაფერი (იობი 12:12; 32:6—12). „მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, — თქვა ფსალმუნმომღერალმა, — რადგან შენს [იეჰოვას] ბრძანებებს ვიცავ“. ის აგრეთვე მღეროდა: „საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს“ (ფსალმუნი 118:100, 130). იეჰოვა არის „ძველი დღეთა“ და მისი გონება უსაზღვროდ აღემატება მთელი კაცობრიობისას (დანიელი 7:13). ღმერთს შეუძლია, მისცეს „გულუბრყვილოებს“ გაგება, რომლის საშუალებითაც ისინი ასაკით მათზე უფროსებსაც კი დაჯაბნიან. ამიტომ, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესწავლასა და გამოყენებაში გულმოდგინეები უნდა ვიყოთ.
„იგავნის“ მეორე თავის დასაწყისში მსგავს გამოთქმებს ვხვდებით: „რომ მიიღებდე“, „რომ დაიცავდე“, „რომ მოუწოდებდე“, „წადილი რომ გქონდეს“, „ძებნას რომ დაუწყებდე“. რატომ იყენებს მწერალი ამ მზარდი ინტენსიურობის მქონე გამოთქმებს? ერთი ცნობარი ამბობს: „ბრძენი [აქ] ხაზს უსვამს სიბრძნისაკენ სწრაფვისას გულმოდგინების აუცილებლობას“. დიახ, ჩვენ თავგამოდებით უნდა ვისწრაფოდეთ სიბრძნისაკენ და მასთან დაკავშირებული თვისებებისკენ — გამჭრიახობისა და გაგებისკენ.
მოახმართ ძალისხმევას?
სიბრძნის ძიებაში უდიდეს როლს ასრულებს ბიბლიის გულმოდგინე შესწავლა. მაგრამ ეს შესწავლა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ინფორმაციის მიღებით. წაკითხულზე მიზანმიმართული ფიქრი საღვთო წერილის შესწავლაში მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენს. სიბრძნისა და გამჭრიახობის შეძენაში შედის დაფიქრება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ნასწავლის გამოყენება პრობლემების მოგვარებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამასთანავე, გაგების შეძენა გულისხმობს იმაზე დაკვირვებასაც, როგორ ერწყმის ახალი მასალა ჩვენს ცოდნას. ვერავინ უარყოფს, რომ ბიბლიის ასეთი ღრმა შესწავლა დიდძალ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საამისოდ დროისა და ენერგიის გამოყენება იმ ძალისხმევის მსგავსია, რომელიც ‘ვერცხლის შოვნისა და განძის ძებნის’ დროს არის აუცილებელი. მოახმართ საჭირო ძალისხმევას? ‘მოივაჭრებთ ჟამს’ ამისათვის? (ეფესელთა 5:15, 16).
დავფიქრდეთ, რა დიდი განძი გველოდება, თუ ბიბლიას სუფთა გულით ჩავუღრმავდებით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ „ღვთის შემეცნება“ — საღი და შეურყეველი, სიცოცხლის მომცემი შემეცნება ჩვენი შემოქმედის შესახებ! (იოანე 17:3). ამასთანავე, „ღვთის [იეჰოვას, აქ] შიში“ არის განძი, რომელსაც მოვიპოვებთ. რამდენად ძვირფასია მისადმი ეს მოკრძალებული შიში! ჯანსაღმა შიშმა, ვაითუ ვერ ვასიამოვნოთ მას, უნდა მართოს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე და ყოველივეს, რასაც ვაკეთებთ, სულიერი მნიშვნელოვნება შესძინოს (ეკლესიასტე 12:13).
სულიერი საგანძურის მოძებნისა და მასში ჩაღრმავების ძლიერი წადილი ჩვენს გულებში უნდა ენთოს. ძიების გასაადვილებლად იეჰოვა შესანიშნავ დამხმარე საშუალებებს გვაწვდის — ჭეშმარიტების შესახებ დროულ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, ისევე როგორც ბიბლიაზე დაფუძნებულ სხვა პუბლიკაციებს (მათე 24:45—47). მისი სიტყვისა და გზების გასაცნობად იეჰოვა ქრისტიანული შეხვედრებითაც უზრუნველგვყოფს. ჩვენ რეგულარულად უნდა დავესწროთ მათ, ყურადღებით მოვისმინოთ, მთელი გულმოდგინებით უნდა შევეცადოთ ძირითად აზრებზე ყურადღების გამახვილებას, მათ დამახსოვრებას და, განსაკუთრებით, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას (ებრაელთა 10:24, 25).
თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის
ხშირად, მიწაში ჩაფლული ძვირფასი ქვების, ოქროს ან ვერცხლის ძიება უნაყოფო აღმოჩნდება ხოლმე. მაგრამ სულიერი საგანძურის ძიების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. რატომ? «უფალი [„იეჰოვა“, აქ] იძლევა სიბრძნეს, — გვარწმუნებს სოლომონი, — და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება» (იგავნი 2:6).
სოლომონ მეფე განთქმული იყო თავისი სიბრძნით (მესამე მეფეთა 4:30—32). საღვთო წერილიდან ჩანს, რომ მას მრავალმხრივი შემეცნება ჰქონდა მცენარეების, ცხოველების, ადამიანის ბუნებისა და ღვთის სიტყვის შესახებ. ორ ქალს შორის — რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ერთი და იმავე ბავშვის დედები იყვნენ — წამოჭრილი სადავო საკითხის მოგვარებისას გამოვლენილმა გამჭრიახობამ ახალგაზრდა მეფეს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი (მესამე მეფეთა 3:16—28). რა იყო მისი დიდი განსწავლულობის წყარო? ლოცვაში იეჰოვას სოლომონმა „სიბრძნე . . . ცოდნა“ და ‘ბოროტებისგან სიკეთის გარჩევის’ უნარი სთხოვა. იეჰოვამ კი დააკმაყოფილა მისი თხოვნა (მეორე ნეშტთა 1:10—12; მესამე მეფეთა 3:9).
ჩვენც ლოცვაში უნდა ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება, როცა გულმოდგინედ ვსწავლობთ მის სიტყვას. ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: «დამაყენე, უფალო [„იეჰოვა“, აქ], შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით» (ფსალმუნი 85:11). იეჰოვამ მოიწონა ეს ლოცვა, რადგანაც ის ბიბლიის ერთ-ერთ ნაწილად აქცია. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი გულწრფელი და ხშირი ლოცვები მისგან დახმარების მისაღებად, რათა ბიბლიაში სულიერი საგანძური ვიპოვოთ, უპასუხოდ არ დარჩება (ლუკა 18:1—8).
სოლომონი მიგვითითებს: „მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის, იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს. მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა — ყოველი კეთილი საქმე“ (იგავნი 2:7—9). რაოდენ მანუგეშებელია ამის ცოდნა! იეჰოვა არა მარტო აძლევს ჭეშმარიტ სიბრძნეს მათ, ვინც გულწრფელად ეძებს მას, არამედ მართალთათვის დამცავი ფარია, რადგან ისინი ჭეშმარიტ სიბრძნეს ავლენენ და მის სამართლიან ნორმებს ერთგულად იცავენ. მოდი ვიყოთ მათ შორის, ვისაც იეჰოვა „ყოველი კეთილი საქმის“ გაგებაში ეხმარება.
თუ „ცოდნა ეტკბო შენს სულს“
ბიბლიის პირადი შესწავლა, რაც სიბრძნის ძიებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, მრავალი ადამიანისთვის არცთუ სასიამოვნო კვლევას წარმოადგენს. მაგალითად, 58 წლის ლორენსი ამბობს: „მე ყოველთვის ფიზიკურად ვმუშაობდი. შესწავლა რთულია ჩემთვის“. ხოლო 24 წლის მაიკლი, რომელსაც არ უყვარდა სკოლაში სწავლა, ამბობს: „თავს ძალას ვატან, რომ დავჯდე და შევისწავლო“. მაგრამ სწავლის სურვილის გამომუშავება შეგვიძლია.
ვნახოთ, რა გააკეთა მაიკლმა. ის ყვება: „საკუთარი თავი ყოველდღიურ ნახევარსაათიან შესწავლას მივაჩვიე. მალევე ჩემს განწყობილებაში, ქრისტიანულ შეხვედრებზე მიცემულ კომენტარებსა და სხვებთან ჩემს საუბრებში შედეგი დავინახე. ახლა უკვე სიხარულით ველოდები შესწავლას და მძულს ყოველივე, რაც ამაში ხელს შემიშლიდა“. დიახ, პირადი შესწავლა სასიამოვნო ხდება, როდესაც მიღწეულ წარმატებებს ვხედავთ. ლორენსიც მიეჩვია ბიბლიის პირად შესწავლას და თავის დროზე იეჰოვას მოწმეთა კრებაში უხუცესად მსახურება დაიწყო.
პირადი შესწავლა სასიამოვნო რომ გახდეს, საჭიროა სისტემატიური ძალისხმევა. კურთხევები კი, რომლებიც მას მოაქვს, ძალიან დიდია. „თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს — ამბობს სოლომონი, — გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს“ (იგავნი 2:10, 11).
„რომ გიხსნას ბოროტების გზიდან“
როგორ დაგიცავს სიბრძნე, ცოდნა, გონიერება და შეგნება? ‘[ისინი] გიხსნიან ბოროტების გზიდან’, — ამბობს სოლომონი, — „თვალთმაქცი კაცისაგან, სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან, ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ, რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია“ (იგავნი 2:12—15).
დიახ, ისინი, რომლებიც გულში ჭეშმარიტ სიბრძნეს ატარებენ, ერიდებიან „თვალთმაქცებთან“, ანუ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ჭეშმარიტებისა და სიმართლის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. გონიერება და შეგნება დაგიცავს მათგან, ვინც უარყოფს ჭეშმარიტებას და მხოლოდ სიბნელის გზით დადის, და მზაკვრებისგანაც, რომლებიც ბოროტი საქმეების კეთებით სიამოვნებას განიცდიან (იგავნი 3:32).
რამდენად მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე და მისი თანმხლები თვისებებიც უკუღმართი გზებისგან და უზნეო ადამიანებისგან გვიცავენ! სოლომონი დასძენს, რომ ამ თვისებებს შეუძლია „გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან, რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა, რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება“ (იგავნი 2:16—19).
„უცხო ქალი“, მეძავი, აღწერილია „სიყრმის მეგობრის“, ანუ, როგორც ჩანს, ქმრის მიმტოვებლადa (შეადარეთ მალაქია 2:14). მან დაივიწყა მრუშობის აკრძალვა, რომელიც რჯულის კავშირის ნაწილს წარმოადგენდა (გამოსვლა 20:14). მისი ნაბიჯები სიკვდილისკენ მიდის. ისინი, ვინც მასთან მეგობრობენ, შეიძლება ვერასდროს ’დაადგნენ კვლავ სიცოცხლის გზებს’, რადგან ადრე თუ გვიან ისინი მივლენ იმ ადგილამდე, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებიან, ანუ სიკვდილამდე. ადამიანი, რომელსაც აქვს შეგნება და გამჭრიახობა, გრძნობს უზნეობის ხაფანგის საშიშროებას და მასში გაბმას ბრძნულად არიდებს თავს.
„ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად“
სიბრძნესთან დაკავშირებით რჩევების მოცემის მიზანი, სოლომონმა ასე შეაჯამა: „რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო“ (იგავნი 2:20). რა შესანიშნავ მიზანს ემსახურება სიბრძნე! ის გვეხმარება, ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელიც ღვთის მოწონებას იმსახურებს.
დავფიქრდეთ იმ უდიდეს კურთხევებზეც, რომლებიც ელით მათ, ვინც ‘კეთილი გზით დადის’. სოლომონი განაგრძობს: „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავნი 2:21, 22). დაე ჩვენც აღმოვჩნდეთ იმ უმწიკვლოთა შორის, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13).
[სქოლიო]
a სიტყვა „უცხო“ გამოიყენებოდა მათ მიმართ, ვინც ზურგს აქცევდა რჯულს და ამგვარად კავშირს წყვეტდა იეჰოვასთან. აქედან გამომდინარე, მეძავი — არა აუცილებლად უცხოელი — „უცხო ქალად“ მოიხსენიება.
[სურათი 26 გვერდზე]
სოლომონი ლოცულობდა სიბრძნისთვის. ჩვენც მას უნდა მივბაძოთ.