„შენი გეგმები განმტკიცდება“
ფსალმუნმომღერალი დავითი ლოცულობდა: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი. დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით და გამამაგრე მზადყოფნის სულით“ (ფსალმუნი 51:10, 12). ბათ-შებასთან ცოდვის ჩადენის შემდეგ მომნანიე დავითი იეჰოვა ღმერთს სთხოვდა, განეწმინდა მისი გული და მიეცა მისთვის სული ანუ განწყობა კარგის საკეთებლად.
პირდაპირი გაგებით ქმნის იეჰოვა ჩვენში ახალ გულსა და მზადყოფნის სულს? თუ ჩვენ უნდა ვეცადოთ, სუფთა გული მოვიპოვოთ და დავიცვათ? „იეჰოვა გულების შემმოწმებელია“, მაგრამ რამდენად ზემოქმედებს ის ჩვენს გულებზე? (იგავები 17:3; იერემია 17:10). რამდენად დიდ გავლენას ახდენს ის ჩვენს ცხოვრებაზე, მოტივებსა და საქციელზე?
იგავების 16:1—9-ში ღვთის სახელი რვაჯერ არის მოხსენიებული; ამ მუხლებიდან ვიგებთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება იეჰოვას ნებას დავუმორჩილოთ, რათა ‘ჩვენი გეგმები განმტკიცდეს’ (იგავები 16:3). 10—15 მუხლებში ყურადღება მახვილდება მეფისა და მმართველის პასუხისმგებლობაზე.
ვის ეკუთვნის „გულის ზრახვები“?
„გულის ზრახვები ადამიანს ეკუთვნის“, — ნათქვამია იგავების 16:1ა-ში. აშკარაა, რომ ჩვენი „გულის ზრახვებზე“ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი. იეჰოვა არც სასწაულებრივად ამზადებს ჩვენს გულს და არც მზადყოფნის სულს გვაძლევს. ჩვენ მთელი გულით უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან საფუძვლიანი ცოდნა მივიღოთ, ნასწავლზე ვიფიქროთ და ჩვენი აზრები ღვთის აზრებს შევუსაბამოთ (იგავები 2:10, 11).
დავითის თხოვნა „სუფთა გულისა“ და „ახალი სულის“ მიცემაზე ცხადყოფს, რომ ის აღიარებდა თავის ცოდვილ მიდრეკილებას და გულის განსაწმენდად ღვთის დახმარების საჭიროებას. არასრულყოფილების გამო შეიძლება „ხორცის საქმეებით“ ვცდუნდეთ (გალატელები 5:19—21). იეჰოვას დახმარება გვჭირდება, რომ ‘ჩავკლათ ჩვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე’ (კოლოსელები 3:5). ძალიან მნიშვნელოვანია, ღმერთს დახმარება ვთხოვოთ, რომ ცდუნებას მოვერიდოთ და გულიდან ცოდვილი მიდრეკილებები მოვიშოროთ.
როგორ შეგვიძლია სხვებს დავეხმაროთ, გულის სწორი ზრახვები ჰქონდეთ? ბიბლიაში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18). რა შემთხვევაში კურნავს ჩვენი ენა? მხოლოდ მაშინ, როცა „ენის პასუხი იეჰოვასგან არის“, ანუ როცა ჭეშმარიტებას ვლაპარაკობთ (იგავები 16:1ბ).
ბიბლია ამბობს, რომ „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერემია 17:9). ჩვენი სიმბოლური გული მიდრეკილია თავის მართლებისა და მოტყუებისკენ. ისრაელის მეფე სოლომონი ამ საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს: „კაცის თვალში ყველა გზა სუფთაა, სულებს კი იეჰოვა აფასებს“ (იგავები 16:2).
ეგოიზმმა შეიძლება გვიბიძგოს, რომ ჩვენი შეცდომები გავამართლოთ, ცუდი თვისებები დავმალოთ და ჩვენს არასწორ საქციელზე თვალი დავხუჭოთ. მაგრამ იეჰოვას მოტყუება შეუძლებელია. ის სულებს აფასებს. ადამიანის სული მისი განწყობაა და გულს უკავშირდება. ჩვენი განწყობა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს სიმბოლურ გულში, ანუ როგორი ფიქრები, გრძნობები და მოტივები გვაქვს. „გულების შემმოწმებელი“ სულების შემფასებელია და არ ავლენს მიკერძოებას. ამიტომ გონივრულია, დავიცვათ ჩვენი სული.
„შენი საქმეები იეჰოვას მიანდე“
გეგმის შედგენა ფიქრს მოითხოვს, რაც ჩვენს სიმბოლურ გულში ხდება. ჩვეულებრივ, გეგმას საქმე მოჰყვება. რა შემთხვევაში ვიქნებით წარმატებულნი? სოლომონი გვპასუხობს: „შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება“ (იგავები 16:3). ჩვენი საქმეები იეჰოვას რომ მივანდოთ, მისი იმედი უნდა გვქონდეს, მას უნდა დავემორჩილოთ და ჩვენი ტვირთი მას ჩავაბაროთ. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“ (ფსალმუნი 37:5).
ჩვენი გეგმები რომ განმტკიცდეს, ისინი ღვთის სიტყვასთან უნდა იყოს შეთანხმებული და სწორი აღძვრებიდან უნდა მომდინარეობდეს. გარდა ამისა, იეჰოვას დახმარება და მხარდაჭერა უნდა ვთხოვოთ და შევეცადოთ კეთილსინდისიერად გავითვალისწინოთ ბიბლიის რჩევა-დარიგება. სირთულეებისა და განსაცდელების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ‘იეჰოვას მივანდოთ ჩვენი ტვირთი’, რადგან ‘ის ამოგვიდგება მხარში’. ნამდვილად, „ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22).
„იეჰოვამ ყველაფერი საკუთარი მიზნისთვის შექმნა“
კიდევ რას უნდა მოველოდეთ, თუ ჩვენს საქმეებს იეჰოვას მივანდობთ? ბრძენი მეფე ამბობს: „იეჰოვამ ყველაფერი საკუთარი მიზნისთვის შექმნა“ (იგავები 16:4ა). სამყაროს შემოქმედი განზრახვების შემსრულებელი ღმერთია. თუ ჩვენს საქმეებს მას მივანდობთ, ჩვენი ცხოვრება მიზანმიმართული, აზრით აღსავსე იქნება და არა ამაო და ცარიელი. იეჰოვას მარადიული განზრახვა აქვს დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით (ეფესოელები 3:11). მან დედამიწა „დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). გარდა ამისა, ის, რაც ღმერთმა თავდაპირველად კაცობრიობისთვის განიზრახა, მომავალში აუცილებლად რეალობად იქცევა (დაბადება 1:28). თუ ჭეშმარიტ ღმერთს მივუძღვნით თავს, ჩვენი ცხოვრება უსასრულო და აზრით აღსავსე იქნება.
იეჰოვამ „თვით ბოროტიც — ბოროტების დღისთვის“ შექმნა (იგავები 16:4ბ). ღმერთს ბოროტები არ შეუქმნია, რადგან „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ (კანონი 32:4). მაგრამ მან ნება დართო ბოროტებს, ეარსებათ მანამ, სანამ ის საჭიროდ არ ჩათვლის მათზე თავისი განაჩენის აღსრულებას. მაგალითად, იეჰოვამ ეგვიპტის ფარაონს უთხრა: „იმისთვის დაგტოვე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (გამოსვლა 9:16). ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა ეგვიპტეს და წითელ ზღვასთან გაანადგურა ფარაონი და მისი ჯარი, რითაც თავისი უბადლო ძალა გამოავლინა.
იეჰოვას შეუძლია ისე წარმართოს სიტუაცია, რომ ბოროტებმა უნებურად მისი განზრახვის შესრულებას შეუწყონ ხელი. ფსალმუნმომღერალმა იეჰოვაზე თქვა: „ადამიანის რისხვა ხოტბას შეგასხამს; დარჩენილ რისხვას შემოისარტყლავ“ (ფსალმუნი 76:10). იეჰოვამ შეიძლება დაუშვას თავის მსახურებზე ბოროტი ადამიანების რისხვა, რომ თავის ხალხს ასწავლოს ან გამოასწოროს ისინი, მაგრამ ის არასოდეს აძლევს მათ სრულ თავისუფლებას.
იეჰოვა მხარს უჭერს თავის თავმდაბალ მსახურებს, მაგრამ რის თქმა შეიძლება ამაყ და ქედმაღალ ადამიანებზე? ისრაელის მეფე ამბობს: „ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის. ხელი ხელსაც რომ დაჰკრან, სასჯელს ვერ გაექცევიან“ (იგავები 16:5). „გულით ამაყებმა“ ერთმანეთს შეიძლება მხარდაჭერა გამოუცხადონ, მაგრამ ისინი სასჯელისგან თავს ვერ დააღწევენ. ბრძნულად ვიქცევით, თუ ჩვენი ცოდნის, უნარისა და მსახურების ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობის მიუხედავად, თავმდაბლობის სულს ვივითარებთ.
„იეჰოვას შიშით“
ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, რადგან ცოდვაში დავიბადეთ (რომაელები 3:23; 5:12). რა დაგვეხმარება, მოვერიდოთ ისეთი გეგმების შედგენას, რომლებიც ცოდვამდე მიგვიყვანდა? იგავების 16:6-ში ნათქვამია: „სიკეთითა და ჭეშმარიტებით მიტევებული იქნება დანაშაული; იეჰოვას შიშით ადამიანი ზურგს შეაქცევს ბოროტებას“. თუმცა იეჰოვა სიკეთითა და ჭეშმარიტებით გვპატიობს ცოდვებს, მისდამი შიში ცოდვის ჩადენისგან გვიცავს. გარდა იმისა, რომ გვიყვარს ღმერთი და ვაფასებთ მის სიკეთეს, ძალიან მნიშვნელოვანია, გვეშინოდეს, არ ვაწყენინოთ მას.
ღვთის შიში ჩვენს გულში აღწევს, თუ მოწიწებასა და მოკრძალებას ვავლენთ ღვთის დიდებული ძალის მიმართ. მხოლოდ დაფიქრდით, რამხელა ძალა ჩანს მის შემოქმედებაში! ღმერთმა პატრიარქ იობს გაახსენა, თუ რა დიდი ძალით შექმნა ყველაფერი, რითაც მას აზროვნების გამოსწორებაში დაეხმარა (იობი 42:1—6). მსგავსად, ჩვენი აზროვნებაც იცვლება, როცა ბიბლიაში ვკითხულობთ, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ხალხს და ვფიქრობთ წაკითხულზე. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მოდით და იხილეთ ღვთის ნამოქმედარი. შიშის მომგვრელია ადამიანის ძეების მიმართ მისი მოპყრობა“ (ფსალმუნი 66:5). ჩვენ ჩვეულებრივ რამედ არ უნდა მივიჩნიოთ იეჰოვას სიკეთე. როცა ისრაელები ‘ეურჩნენ და გაანაწყენეს ღვთის წმინდა სული, იეჰოვა მტრად ექცა მათ და მათ წინააღმდეგ იბრძოდა’ (ესაია 63:10). მაგრამ „თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს, მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი“ (იგავები 16:7). მართლაც, იეჰოვას შიში გვიცავს!
„ჯობია ცოტა გქონდეს, მაგრამ სიმართლით, ვიდრე დიდი დოვლათი უსამართლობით“, — ამბობს ბრძენი მეფე (იგავები 16:8). იგავების 15:16-ში ნათქვამია: „ჯობია იეჰოვასი გეშინოდეს და ცოტა გქონდეს, ვიდრე სიუხვესა და შფოთში ცხოვრობდე“. სიმართლის გზაზე რომ დავრჩეთ, აუცილებელია ღვთისადმი მოწიწებული შიში გვქონდეს.
„ადამიანის გული თავის გზებს გეგმავს“
ადამიანი შექმნილია ნების თავისუფლებით; მას შეუძლია განასხვაოს სწორი არასწორისგან (კანონი 30:19, 20). ჩვენს სიმბოლურ გულს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა საკითხი და ერთზე ან რამდენიმეზე შეაჩეროს ყურადღება. სოლომონის სიტყვებიდან ჩანს, რომ ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მან თქვა: „ადამიანის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი იეჰოვა წარმართავს“ (იგავები 16:9). იეჰოვას ჩვენი ნაბიჯების წარმართვა შეუძლია, ამიტომ ბრძნულად ვიქცევით, თუ ვეძებთ მის დახმარებას, რათა ‘ჩვენი გეგმები განმტკიცდეს’.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გული ვერაგია და შეუძლია მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება შესცოდოს და თავის მართლება დაიწყოს. ნაცვლად იმისა, რომ ცოდვას ზურგი აქციოს, მან შეიძლება იფიქროს, რომ ღმერთი მოსიყვარულე, კეთილი, მოწყალე და მიმტევებელია. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანი თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალაო, ვერასოდეს იხილავსო ამას“ (ფსალმუნი 10:11). მაგრამ არასწორია და საშიშიც კი, თუ ადამიანი ბოროტად იყენებს ღვთის მოწყალებას.
„სწორი სასწორი და პინები იეჰოვას ეკუთვნის“
სოლომონი ადამიანის გულისა და მოქმედებების შესახებ საუბარს ამთავრებს და მეფის გულსა და მოქმედებებზე საუბარს იწყებს. ის ამბობს: „მეფის ბაგეზე ღვთის მიერ შთაგონებული გადაწყვეტილება უნდა იყოს; განაჩენის გამოტანისას მისი პირი ორგულობით არ უნდა ლაპარაკობდეს“ (იგავები 16:10). გამეფებულ იესო ქრისტეზე ზუსტად ამის თქმა შეიძლება. ის ღვთის ნების შესაბამისად იმმართველებს დედამიწაზე.
სამართლიანობისა და სიმართლის წყაროზე ბრძენი მეფე ამბობს: „სწორი სასწორი და პინები იეჰოვას ეკუთვნის, აბგაში ჩასაწყობი ქვის საწონებიც მისი შექმნილია“ (იგავები 16:11). ზუსტ სასწორსა და პინებს იეჰოვა ადგენს. საზომ ერთეულებს მეფე თავისი სურვილის მიხედვით არ უნდა ადგენდეს. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია, რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“. ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილ სამართალს იესოსგან ველოდოთ, რომელსაც მამამ „მთელი სასამართლო . . . გადასცა“ (იოანე 5:22, 30).
კიდევ რას უნდა ველოდოთ მეფისგან, რომელიც იეჰოვას წარმომადგენელია? ისრაელის მეფე ამბობს: „ბოროტების ქმნა სისაძაგლეა მეფეებისთვის, რადგან ტახტი სიმართლით განმტკიცდება“ (იგავები 16:12). მესიის სამეფო ღვთის სამართლიანი პრინციპებით ხელმძღვანელობს. მას არანაირი კავშირი არა აქვს „ტახტთან, რომელიც უბედურებას იწვევს“ (ფსალმუნი 94:20; იოანე 18:36; 1 იოანე 5:19).
მოვიპოვოთ მეფის კეთილგანწყობა
როგორ უნდა მოიქცნენ დიდებული მეფის ქვეშევრდომები? სოლომონი გვპასუხობს: „სიმართლის მეტყველი ბაგეები მოსაწონია დიდებული მეფისთვის, პატიოსნად მოლაპარაკე კაცი უყვარს მას. მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ბრძენი კაცი კი აცხრობს მას“ (იგავები 16:13, 14). დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლები ყურად იღებენ ამ სიტყვებს, გულმოდგინედ ქადაგებენ სამეფოს შესახებ და ამზადებენ მოწაფეებს (მათე 24:14; 28:19, 20). მათ იციან, რომ ქადაგება დიდ სიხარულს ჰგვრის იესო ქრისტეს, რომელიც მესია და მეფეა. ძლევამოსილი მეფის რისხვის თავიდან არიდება და მისი კეთილგანწყობის მოპოვება თავისთავად ბრძნულია, მით უმეტეს ბრძნულია მესიის, ჩვენი მეფის მოწონების დამსახურება!
სოლომონი განაგრძობს: „მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა, მისი კეთილგანწყობა გაზაფხულის საწვიმარი ღრუბელივითაა“ (იგავები 16:15). „მეფის ნათელი სახე“ ცხადყოფს, რომ ის კეთილად არის განწყობილი ქვეშევრდომების მიმართ; მსგავსად, ‘იეჰოვას სახის ნათელი’ ადამიანების მიმართ ღვთის კეთილგანწყობაზე მეტყველებს (ფსალმუნი 44:3; 89:15). როგორც საწვიმარი ღრუბლები მოასწავებს წვიმას, რომელიც კარგ მოსავალს უწყობს ხელს, ისე მეფის კეთილი ნება მოასწავებს კურთხევებს. მესიის მეფობის დროს იქნება ხალხთა კეთილდღეობა და უხვი კურთხევები, ისევე როგორც მეფე სოლომონის დროს იყო მცირე მასშტაბით (ფსალმუნი 72:1—17).
სანამ ველით ღვთის სამეფოს მთელ დედამიწაზე გამეფებას, მოდი ღვთის დახმარებით გულები განვიწმინდოთ. ასევე მივენდოთ იეჰოვას და ღვთისმოშიშება განვივითაროთ. მაშინ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენი „გეგმები განმტკიცდება“ (იგავები 16:3).
[სურათი 18 გვერდზე]
რა გაგებით შექმნა იეჰოვამ „ბოროტი ბოროტების დღისთვის“?