ქონი
ქართულ თარგმანში ქონის, სიმსუქნისა და ხორცის სისავსის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვების გამოსახატავად სხვადასხვა სიტყვაა გამოყენებული. ამ ებრაულ სიტყვებს გადატანითი მნიშვნელობითაც იყენებენ რაღაც ნოყიერისა და ნაყოფიერის, აგრეთვე დახშული და უგრძნობი გონებისა და გულის აღსაწერად.
სიტყვა ხელევ, ჩვეულებრივ, ცხოველის (ლვ. 3:3) ან ადამიანის ქონის აღსანიშნავად გამოიყენება (მსჯ. 3:22). სიტყვა ფედერ ბიბლიაში გამოიყენება ცხოველის თირკმელებსა და ფერდებზე გადაკრული ქონის აღსანიშნავად, რომელიც დასაწვავ შესაწირავში შედიოდა (ლვ. 1:8, 12; 8:20). პირველად ხელევ მოხსენიებულია დაბადების 4:4-ში, სადაც ნათქვამია, რომ აბელმა თავისი ფარის პირველმოგებული ქონთან ერთად შესწირა იეჰოვას. ბიბლიაში სიტყვა ხელევ ამის შემდეგაც, ძირითადად, მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. თუმცა მას გადატანითი მნიშვნელობითაც იყენებენ რაიმე საუკეთესოს ან ნოყიერის აღსაწერად. მაგალითად, დაბადების 45:18-ში ფარაონი იოსებს ეუბნება, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეუძლიათ ჭამონ „მიწის საუკეთესო ნაყოფი“. აგრეთვე რიცხვების 18:12-ში ვკითხულობთ: „საუკეთესო [ხელევ] ზეთი, საუკეთესო [ხელევ] ახალი ღვინო, მარცვლეული ... შენ მოგეცი“ (იხ. ფს. 81:16; 147:14).
კანონი ქონის შესახებ. ლევიანების მე-3 თავში ჩაწერილია ისრაელისთვის მიცემული იეჰოვას მითითებები, რომლებიც მშვიდობის მსხვერპლს ეხებოდა. თუ ისინი მშვიდობის მსხვერპლად საქონელს ან თხას შესწირავდნენ, მათ სამსხვერპლოზე უნდა აებოლებინათ ფერდებზე, ნაწლავებსა და თირკმელებზე გადაკრული ქონი და ღვიძლის ბადექონი; ცხვრის შეწირვის შემთხვევაში კი მთელი დუმაც უნდა მიეტანათ მსხვერპლად (სირიულ, პალესტინურ, არაბულ და ეგვიპტურ ცხვრებს დიდი დუმა აქვთ, რომელიც ხშირად 5 კგ-ზე მეტს იწონის). კანონში გარკვევით ეწერა: „მთელი ქონი იეჰოვასია ... საერთოდ არ ჭამოთ არც ქონი და არც სისხლი“ (ლვ. 3:3—17).
ქონი სწრაფად და შიშხინით თითქმის მთლიანად იწვოდა ცეცხლში. სამსხვერპლოზე შეწირული ქონიდან დილამდე არაფერი უნდა დარჩენილიყო, რადგან ის შეიძლება გაფუჭებულიყო და აყროლებულიყო. ასეთი რამ დაუშვებელი იყო ნებისმიერი წმინდა შესაწირავის შემთხვევაში (გმ. 23:18).
არ ვრცელდება ქრისტიანებზე. წარღვნის შემდეგ ნოესა და მის ოჯახს ღმერთმა ხორცის ჭამის ნება დართო, ქონის ჭამაზე კი არაფერი უთქვამს (დბ. 9:3, 4). მაგრამ რაც შეეხება სისხლს, ღმერთმა აუკრძალა მისი ჭამა. ეს მოხდა 850 წლით ადრე, ვიდრე ღმერთი ისრაელთან დადებდა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, როგორც სისხლის, ისე ქონის ჭამა იკრძალებოდა. ახ. წ. I საუკუნეში ქრისტიანული კრების ხელმძღვანელმა საბჭომ ძალაში დატოვა სისხლთან დაკავშირებული აკრძალვა (სქ. 15:20, 28, 29), მაგრამ ქონის ჭამაზე, როგორც ნოესა და მის ოჯახს, არც ქრისტიანებს მიუღიათ რაიმე მითითება. ასე რომ, კანონი, რომელიც ქონის ჭამას კრძალავდა, მხოლოდ ისრაელ ერს მიეცა.
რატომ დადგინდა ეს კანონი? კანონის შეთანხმების თანახმად, სისხლიც და ქონიც მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა. სიცოცხლე, რომლის მიცემაც მხოლოდ იეჰოვას შეუძლია, სისხლშია, ამიტომ სისხლი იეჰოვას ეკუთვნის (ლვ. 17:11, 14). ქონს ცხოველის საუკეთესო ნაწილად მიიჩნევდნენ. ცხოველის ქონის შეწირვა იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ საუკეთესო ნაწილები იეჰოვას, ყველაფრის უხვად გამცემს ეკუთვნოდა. ღვთის თაყვანისმცემელი ასე აჩვენებდა, რომ ღვთისთვის საუკეთესოს გაღება სურდა. ვინაიდან ქონის შეწირვას ისრაელისთვის ასეთი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ღვთის სიტყვაში ეწერა, რომ სამსხვერპლოზე აბოლებული ქონი იეჰოვასთვის იყო „როგორც საჭმელი“ და „როგორც დამამშვიდებელი სურნელება“ (ლვ. 3:11, 16). აქედან გამომდინარე, ქონის ჭამა განწმენდილისა და ღვთის კუთვნილის მითვისებას ანუ იეჰოვას უფლებამოსილებაში შეჭრას ნიშნავდა. ქონის მჭამელი სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ სისხლისგან განსხვავებით, ისრაელებს შეეძლოთ სხვა მიზნით გამოეყენებინათ, მაგალითად, მკვდარი ან დაგლეჯილი ცხოველის ქონი (ლვ. 7:23—25).
რას მოიცავდა ეს კანონი? ზემოხსენებული ბიბლიური მუხლების საფუძველზე მრავალი ბიბლეისტი ფიქრობს, რომ ლევიანების 3:17-ში მოცემული აკრძალვა მხოლოდ შესაწირავებისთვის განკუთვნილი ცხოველების (მაგალითად, მოზვრების, ცხვრებისა და თხების) ქონს ეხებოდა. ამ საკითხზე რაბინთა სწავლებებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. აღსანიშნავია, რომ ლევიანების 3:17-ში მოცემულ კანონში არა მხოლოდ ქონის ჭამა, არამედ სისხლის ჭამაც იკრძალებოდა, რაშიც ნებისმიერი ცხოველის სისხლი იგულისხმებოდა (შდრ. ლვ. 17:13; კნ. 12:15, 16). აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ქონის შესახებ კანონიც ნებისმიერი ცხოველის ქონის ჭამას ეხებოდა, მათ შორის იმ ცხოველების, რომლებსაც ისრაელები სხვადასხვა მიზნისთვის კლავდნენ.
ამ აკრძალვას არ ეწინააღმდეგება კანონის 32:14-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელთა თანახმადაც იეჰოვა ისრაელს „ვერძის ქონს“ აძლევდა საჭმელად. ეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვებია და მიუთითებს ფარის საუკეთესო ცხოველის ხორცზე, რაც აგრეთვე კარგად ჩანს „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან“, რომელიც ამ ფრაზას ასე გადმოსცემს: „აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს“. ამ მუხლის ბოლო ნაწილში მოხსენიებული ფრაზებიც, „ხორბლის თირკმლის ქონი“ (იხ. მუხლის სქოლიო) და „ყურძნის სისხლი“, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხატოვანი ენით ნათქვამი სიტყვებია. ბიბლიის ბევრ თარგმანში ნეემიას 8:10-ში ჩაწერილი მოწოდება ასეა გადმოტანილი: „წადით და ცხიმიანი ჭამეთ“ (სსგ, ბსგ). მაგრამ ამ სიტყვებში პირდაპირი გაგებით ქონის ჭამა არ იგულისხმება. სიტყვა „ცხიმიანი“ მიუთითებს მსუყე, მაწიერ, გემრიელ და ზეთით მომზადებულ კერძებზე. ამიტომაც ნოქსის თარგმანში ზემოხსენიებული ფრაზა ასეა ნათარგმნი: „ინადიმეთ მსუქანი ხორცით“; მოფატის თარგმანში კი წერია: „ჭამეთ გემრიელი ლუკმები“ (იხ. აგრეთვე აქ).
მოსეს კანონში ქონთან დაკავშირებული აკრძალვა არ ნიშნავდა იმას, რომ ისრაელებს არ შეეძლოთ დასაკლავი ცხვრის ან საქონლის გასუქება. მაგალითად, გზასაცდენილი შვილის დაბრუნებით გახარებულმა მამამ „ნასუქი მოზვერი“ დაკლა (ლკ. 15:23). სოლომონის დღიურ სარჩოში შედიოდა „ნასუქი გუგულები“ და საქონელი (1მფ. 4:23). 1 სამუელის 28:24-ში „ნასუქ ხბოდ“ არის ნათარგმნი ებრაული სიტყვა ‛ეგელ-მარბეკ, ხოლო სიტყვები მეახ და მერიʼ ითარგმნა როგორც „ნასუქი პირუტყვი“ (ეს. 5:17; ეზკ. 39:18). ცხოველს იმიტომ ასუქებდნენ, რომ ხორცსავსე ყოფილიყო და არა იმიტომ, რომ ქონის სქელი ფენა დაედო (შდრ. დბ. 41:18, 19).
ქონის აღმნიშვნელი სხვა ებრაული სიტყვები. არსებობს სიმსუქნის აღმნიშვნელი სხვა ებრაული სიტყვებიც, რომლებიც მომდინარეობს ფუძიდან შამენ. ეს სიტყვა გასუქებას ნიშნავს (კნ. 32:15; იერ. 5:28), თუმცა იგი შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „ზორბა“. სიტყვა შამენ ესაიას 6:10-შიც გვხვდება, რომელსაც „ბიბლიის საზოგადოების გამოცემა“ ასე თარგმნის: „გაასუქე ამ ხალხის გული“, რაც მიუთითებს უგრძნობ და ჯიუტ გულზე, თითქოს ის ქონით იყოს დაფარული. მსაჯულების 3:29-ში ნათქვამია, რომ ზოგი მოაბელი „ძლიერი [შამენ, სიტყვასიტყვით „მსუქანი“] და მამაცი“ იყო. შამენის მონათესავე სიტყვა შემენ, ძირითადად, ითარგმნება როგორც „ზეთი“.
ებრაულ ზმნაში დაშენ, რომელიც სიტყვასიტყვით გასუქებას ნიშნავს, შესაძლოა, წარმატების მიღწევაც მოიაზრება. აქედან გამომდინარე, დაშენ (და მისი მონათესავე სიტყვა დეშენ) შეიძლება ნიშნავდეს კეთილდღეობას, ნაყოფიერებასა და სიუხვეს. იეჰოვამ მოსეს ისრაელზე უთხრა: „მივიყვან მათ იმ მიწაზე ... სადაც რძე და თაფლი მოედინება. შეჭამენ, გაძღებიან, დასუქდებიან [ვედაშენ]“ (კნ. 31:20). ბიბლია გვპირდება, რომ ხელგაშლილი, მუყაითი და იეჰოვაზე მინდობილი კაცის სული დამსუყდება ანუ უხვ კურთხევებს მიიღებს (იგ. 11:25; 13:4; 28:25). იგავების 15:30-ის თანახმად კარგი ამბავი „ძვლებს ამსუყებს“ ანუ ძვლებს ძვლის ტვინით ავსებს, რაც მთელ ორგანიზმს ძალას მატებს. ფსალმუნის 36:8-ში გამოყენებული არსებითი სახელი დეშენ სიუხვის აზრს ატარებს. მაგალითად, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ეს მუხლი ასე იწყება: „დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით [მიდდეშენ]“; „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და ზოგ სხვა თარგმანში წერია: „შენი სახლის სიუხვიდან შესვამენ“ (შდრ. იერ. 31:14).
კარვის სამსხვერპლოზე დარჩენილი ნამწვის აღსაწერად ბევრ მთარგმნელს არსებითი სახელი დეშენ გადმოაქვს როგორც „ნაცარი“ (ლვ. 1:16; 4:12; 6:10, 11, ბსგ, სსგ, KJ, JB, RS). მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სიტყვა „ნაცარი“ ბოლომდე ვერ გადმოსცემს დედნისეული სიტყვის მნიშვნელობას. ამიტომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ სიტყვებს „ქონნარევი ნაცარი“ (აქ, Ro). მათი არგუმენტით ეს ებრაული სიტყვა მიუთითებს იმაზე, რომ სამსხვერპლოზე დაწყობილი შეშა შეწირული ცხოველისგან ჩამოღვენთილი ქონით იჟღინთებოდა.
სიტყვა ბარი’ კარგად ნაკვებისა და ჯანმრთელის აზრს გადმოსცემს. ის ითარგმნება როგორც „ნასუქი“ (ეზკ. 34:3, 20), „საღი“ (აბკ. 1:16), „ხორცსავსე“, „მსხვილი“ და „მსუქანი“ (დბ. 41:2, 7; მსჯ. 3:17).