28 ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს,
მართალი კი ლომივით გულადია.+
2 როცა ქვეყანა ცოდვაშია ჩაფლული, მთავარს მთავარი ცვლის,+
გამჭრიახი და მცოდნე კაცის წყალობით კი მთავარი დიდხანს დარჩება.+
3 რაღა ღარიბი, საწყალს რაიმეს რომ გამოსტყუებს,+
და რაღა თავსხმა, მოსავალს რომ აღარ დატოვებს.
4 კანონის უგულებელმყოფელნი ბოროტებს განადიდებენ,
კანონის დამცველებს კი აღაშფოთებენ.+
5 ბოროტმოქმედს არ ესმის, რა არის სამართალი,
იეჰოვას მაძიებელს კი ყველაფერი ესმის.+
6 უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს
მრუდე გზით მავალ მდიდარს.+
7 გონიერი შვილი კანონს იცავს,
გაუმაძღართა მეგობარი კი მამამისს არცხვენს.+
8 ვინც სარგებლითა და ვახშით იხვეჭს ქონებას,+
ღარიბთა მწყალობელს უგროვებს მას.+
9 ვინც კანონს არად აგდებს,
მისი ლოცვაც კი საძულველია.+
10 ვინც მართალს უკეთურ გზაზე დააყენებს,
თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება,+
უდანაშაულოთ კი სიკეთე არ მოაკლდებათ.+
11 მდიდარს თავი ბრძენი ჰგონია,+
მაგრამ ღარიბი გამჭრიახობით მის ნამდვილ სახეს დაინახავს.+
12 რა კარგია, როცა მართლები იმარჯვებენ,
მაგრამ, როცა ბოროტები იგდებენ ხელთ ძალაუფლებას, ხალხი იმალება.+
13 ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება,+
ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება.+
14 ბედნიერია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს,
ხოლო ვინც გულს იქვავებს, უბედურება დაატყდება თავს.+
15 რაღა მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვი
და რაღა უმწეო ხალხის ბოროტი მმართველი.+
16 გამჭრიახობას მოკლებული წინამძღოლი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს,+
უკანონო შემოსავლის მოძულე კი დღეგრძელი იქნება.+
17 ვისაც სხვის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მანამდე იქნება დევნილი, სანამ სამარეში არ აღმოჩნდება;+
ნურავინ დაეხმარება მას.
18 უბიწოდ მავალი გადარჩება,+
მრუდე გზით მავალი კი უეცრად დაეცემა.+
19 ვინც მიწას ამუშავებს, პური უხვად ექნება,
ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, სიღარიბეს ვერ დააღწევს თავს.+
20 ერთგულს კურთხევა არ მოაკლდება,+
ხოლო ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება.+
21 მიკერძოება ცუდია,+
თუმცა კაცი ლუკმაპურისთვისაც კი შეიძლება არასწორად მოიქცეს.
22 შურიანი კაცი გამდიდრებისკენ ისწრაფვის,
ის კი არ იცის, რომ სიღარიბე ეწევა.
23 გავა დრო და კაცი შემგონებლის+ მადლიერი უფრო იქნება,+
ვიდრე პირფერისა.
24 ვინც დედ-მამას ძარცვავს და ამბობს, ეს ცოდვა არ არისო,+
დამაქცევლის თანამზრახველია.+
25 ხარბი შუღლს აღვივებს,
იეჰოვაზე მინდობილი კი აშენდება.+
26 საკუთარ თავზე დაიმედებული უგუნურია,+
სიბრძნით მავალი კი გადარჩება.+
27 ვინც ღარიბს ეხმარება, არაფერი მოაკლდება,+
ხოლო ვინც მას თვალს არიდებს, დაწყევლილი იქნება.
28 როცა ძალაუფლება ბოროტთა ხელშია, ხალხი იმალება,
ხოლო ბოროტთა დაღუპვისას მართლები მრავლდებიან.+