თავი მეთორმეტე
ნუგეში ღვთის ხალხისთვის
1. რა უბედურება ელის იერუსალიმსა და მის მცხოვრებლებს, მაგრამ რა იმედი აქვთ მათ?
სამოცდაათი წელი — ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — ის პერიოდია, რომელიც იუდაელმა ერმა ბაბილონის ტყვეობაში უნდა გაატაროს (ფსალმუნი 89:10; იერემია 25:11; 29:10). ტყვედ წაყვანილ ისრაელთა უმეტესობა დაბერდება და ბაბილონში დაიხოცება. დაფიქრდით, რა დამამცირებელი იქნება მათთვის მტრების მხრიდან დაცინვა. აგრეთვე წარმოიდგინეთ, როგორ იქნება შეურაცხყოფილი მათი ღმერთი იეჰოვა, როდესაც ქალაქი, სადაც მან თავისი სახელი დაავანა, დიდი ხნის განმავლობაში გაუკაცრიელებული დარჩება (ნეემია 1:9; ფსალმუნი 131:13; 136:1—3). აღარ იარსებებს საყვარელი ტაძარი, რომელიც ღვთის დიდებით აივსო სოლომონის მიერ ღვთისადმი მისი მიძღვნის დროს (მეორე ნეშტთა 7:1—3). რა დიდი უბედურება ელის ისრაელს! მაგრამ იეჰოვა ესაიას პირით წინასწარმეტყველებს მის განახლებას (ესაია 43:14; 44:26—28). ესაიას წიგნის 51-ე თავში ამ თემასთან დაკავშირებულ მანუგეშებელ წინასწარმეტყველებებს ვკითხულობთ.
2. ა) ვის გადასცემს იეჰოვა მანუგეშებელ ცნობას ესაიას პირით? ბ) რა მხრივ არიან ღვთის ერთგული იუდაელები „სიმართლის მადევარნი“?
2 იეჰოვა შემდეგ სიტყვებს ეუბნება იუდას მცხოვრებლებს, რომლებსაც გულით სურთ მასთან დაახლოება: „მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო!“ (ესაია 51:1ა). ‘სიმართლის მადევრობაში’ მოქმედება იგულისხმება. „სიმართლის მადევარნი“ თავს, უბრალოდ, არ გამოაცხადებენ ღვთის ხალხად. ისინი მთელი გულით ეცდებიან, სამართლიანად იმოქმედონ და ღვთის ნების თანახმად იცხოვრონ (ფსალმუნი 33:16; იგავნი 21:21). იეჰოვა იქნება მათთვის სიმართლის ერთადერთი წყარო და ისინი მისი „მძებნელნი“ იქნებიან (ფსალმუნი 10:7; 144:17). ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჯერ არ ეცოდინებათ, ვინ არის იეჰოვა ან როგორ უნდა მიმართონ მას ლოცვით. ისინი მასთან დაახლოებას ეცდებიან თაყვანისცემით, ლოცვით და ყოველთვის მისი მითითებებისამებრ მოქმედებით.
3, 4. ა) ვინ არის „კლდე“, რომლისგანაც იუდაელები იქნენ გამოკვეთილი, და ვინ არის „ორმოს ღრმული“, საიდანაც ისინი იქნენ ამოთხრილი? ბ) რატომ იქნება იუდაელთათვის მანუგეშებელი თავიანთი წარმომავლობის გახსენება?
3 სიმართლის ჭეშმარიტი მადევარნი შედარებით მცირე არიან იუდაში, რამაც შეიძლება ისინი დააძაბუნოს და დათრგუნოს. ამიტომ იეჰოვა კარიერის მაგალითის მოყვანით ამხნევებს მათ: „შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი! შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე“ (ესაია 51:1ბ, 2). „კლდე“, რომლიდანაც იუდაელები არიან გამოკვეთილი, აბრაამია — ისტორიული პიროვნება, რომლითაც ისრაელი ერი ამაყობს (მათე 3:9; იოანე 8:33, 39). ის ერის მამამთავარია. „ორმოს ღრმული“ სარაა, რომლის მუცლის ნაყოფია ისრაელის წინაპარი ისაკი.
4 აბრაამი და სარა უკვე ხნიერები იყვნენ საიმისოდ, რომ შთამომავლობა დაეტოვებინათ, და შვილიც არ ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ აღუთქვა აბრაამს, რომ აკურთხებდა და ‘გაამრავლებდა’ (დაბადება 17:1—6, 15—17). ღმერთმა აღუდგინა მათ გამრავლების უნარი, რის შემდეგაც ხნიერ აბრაამსა და სარას შვილი შეეძინათ, რომელიც ღმერთთან კავშირით შეკრული ერის წინაპრად იქცა. ასე გახადა იეჰოვამ ერთი კაცი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი დიდი ერის მამად (დაბადება 15:5; საქმეები 7:5). თუ იეჰოვამ ის შესძლო, რომ აბრაამი შორეული ქვეყნიდან წამოეყვანა და მისგან ძლიერი ერი ჩამოეყალიბებინა, ის უეჭველად შესძლებს თავისი აღთქმის შესრულებას — ერთგული იუდაელები ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლოს, სამშობლოში დააბრუნოს და კვლავ დიდ ერად აქციოს. ღმერთმა შეასრულა აბრაამთან დადებული აღთქმა; ის ტყვე იუდაელებთან დადებულ აღთქმასაც შეასრულებს.
5. ა) ვის წარმოადგენენ აბრაამი და სარა? ახსენით. ბ) წინასწარმეტყველების უკანასკნელი შესრულებისას ვინ არის „კლდიდან“ გამოკვეთილი?
5 ესაიას 51:1, 2-ში მოხსენიებულ სიმბოლურ გამოკვეთას, როგორც ჩანს, სხვა მნიშვნელობაც აქვს. მეორე რჯულის 32:18-ში იეჰოვას ეწოდება ისრაელის „გამჩენი“, „კლდე“ და „შემქმნელი“. ებრაული ზმნა, რომელიც აქ „შემქმნელად“ არის გადმოთარგმნილი, ესაიას 51:2-შიც არის გამოყენებული, სადაც სარა ისრაელის მშობლად მოიხსენიება. აქედან გამომდინარე, აბრაამით წინასწარმეტყველურად იეჰოვა, დიდი აბრაამია, წარმოდგენილი. აბრაამის მეუღლე, სარა, კი სათანადოდ ასახავს სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას უნივერსალურ ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც საღვთო წერილში ღვთის მეუღლედ ანუ დედაკაცად არის წარმოდგენილი (დაბადება 3:15; გამოცხადება 12:1, 5). „კლდიდან“ გამოკვეთილი ერი, ესაიას წინასწარმეტყველების ამ სიტყვების უკანასკნელი შესრულებისას, „ღვთის ისრაელი“, ქრისტეს სულითცხებულ ქრისტიანთა კრებაა, რომელიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იშვა. როგორც ამ წიგნის წინა თავებში იყო განხილული, ეს ერი 1918 წელს ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდა, მაგრამ 1919 წელს მან სულიერ კეთილდღეობას მიაღწია (გალატელთა 3:26—29; 4:28; 6:16).
6. ა) რა ელის იუდას მიწას და როგორ განახლდება? ბ) უკანასკნელ ჟამს მომხდარ რა განახლებას ეხება ესაიას 51:3?
6 იეჰოვა მხოლოდ იმით როდი ანუგეშებს სიონს, ანუ იერუსალიმს, რომ მრავალრიცხოვანი ერის ჩამოყალიბებას აღუთქვამს. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, სამადლობელი და გალობის ხმები“ (ესაია 51:3). 70-წლიანი გაუკაცრიელების პერიოდში იუდას მიწა უდაბნოდ იქცევა და ეკალ-ბარდებით, მაყვლის ბუჩქებითა და სარეველა მცენარეებით იქნება მოფენილი (ესაია 64:10; იერემია 4:26; 9:9—11). იუდას კვლავ დასახლებისას ქვეყანაც განახლდება, ედემის ბაღად გადაიქცევა და ნაკადულებით მორწყული ნაყოფიერი ველ-მინდვრებითა და წალკოტებით დამშვენდება. მიწას ნამდვილად ექნება სიხარულის მიზეზი. ტყვეობის დროინდელ გაპარტახებასთან შედარებით ქვეყანა სამოთხედ გადაიქცევა. ღვთის ისრაელის ცხებულმა დარჩენილმა ნაწილმა ასეთი სამოთხე, სულიერი გაგებით, 1919 წელს დაიმკვიდრა (ესაია 11:6—9; 35:1—7).
იეჰოვაზე მინდობის მიზეზები
7, 8. ა) რას ნიშნავს იეჰოვას მოწოდება, გაუგონონ მას? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იუდამ ყურად იღოს იეჰოვას სიტყვები?
7 იეჰოვა კვლავ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს თავის ხალხს: „გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს. ახლოვდება ჩემი სიმართლე, მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ“ (ესაია 51:4, 5).
8 იეჰოვას მოწოდება, გაუგონონ მას, მისი ცნობის მოსმენაზე მეტს გულისხმობს. ეს ნიშნავს, ყურად იღონ მოსმენილი და მის თანახმად მოიქცნენ (ფსალმუნი 48:2; 77:1). ერმა უნდა შეიგნოს, რომ იეჰოვაა მათი მოძღვარი, სამართლიანობის სათავე და მხსნელი. მხოლოდ ის არის სულიერი განათლების წყარო (2 კორინთელთა 4:6). ის არის კაცობრიობის საბოლოო მსაჯული. იეჰოვას კანონები და ნებისმიერი განაჩენი სინათლეა ყველასთვის, ვინც მათით ხელმღვანელობს (ფსალმუნი 42:3; 118:105; იგავნი 6:23).
9. ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხის გარდა, ვის მოუტანს სარგებლობას იეჰოვას უნარი, რომელსაც თავისი მსახურების სახსნელად იყენებს?
9 ეს ყოველივე მხოლოდ ღმერთთან კავშირით შეკრულ ერს კი არა, სათანადოდ განწყობილ ყველა ადამიანს, შორეული ზღვისპირეთის მცხოვრებლებსაც კი ეხება. მათ არასდროს გაუცრუვდებათ იმედი, თუ მიენდობიან იეჰოვასა და მის უნარს, რომელსაც ის თავისი ერთგული მსახურების სასიკეთოდ და სახსნელად იყენებს. ღვთის ძალა, ანუ სიძლიერე, რომელიც მისი მკლავით არის წარმოდგენილი, საიმედოა; მას წინ ვერავინ აღუდგება (ესაია 40:10; ლუკა 1:51, 52). დღესაც ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრების გულმოდგინე სამქადაგებლო მსახურებამ მილიონობით ადამიანს, მათ შორის ზღვის შორეული კუნძულების მკვიდრთ, იეჰოვასთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა და მისადმი რწმენა ჩაუნერგა.
10. ა) რა ჭეშმარიტების აღიარება მოუწევს მეფე ნაბუქოდონოსორს? ბ) რა „ცა“ და „მიწა“ განადგურდება?
10 შემდეგ იეჰოვა ყურადღებას ამახვილებს ჭეშმარიტებაზე, რომლის აღიარებაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს მოუწევს. ვერც ზეცაში და ვერც დედამიწაზე ხელს ვერაფერი შეუშლის იეჰოვას თავისი ნების შესრულებაში (დანიელი 4:31, 32). ის ამბობს: „თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა“ (ესაია 51:6). მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონელი მეფეები არასდროს ათავისუფლებენ ტყვეებს, იეჰოვას წინ ვერაფერი აღუდგება თავისი ხალხის ხსნისას (ესაია 14:16, 17). ბაბილონელთა „ცა“, რომლითაც მმართველი ძალებია წარმოდგენილი, განადგურდება. ბაბილონელთა „მიწა“ ანუ ამ მმართველთა ქვეშევრდომები თანდათანობით მოისპობა. დიახ, დღეს არსებული უძლიერესი ძალებიც კი წინ ვერ აღუდგებიან იეჰოვას ძალას ანუ ხელს ვერ შეუშლიან მას თავისი ხალხის ხსნაში.
11. რატომ არის ქრისტიანებისთვის გამამხნევებელი ბაბილონის „ცისა“ და „მიწის“ განადგურების შესახებ წინასწარმეტყველების ზედმიწევნით შესრულება?
11 რა გამამხნევებელია დღევანდელი ქრისტიანებისთვის იმის ცოდნა, რომ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ზედმიწევნით შესრულდა! რატომ? მიზეზი ის არის, რომ მოციქულმა პეტრემ ამგვარი სიტყვები გამოიყენა მომავალში მოსახდენ მოვლენასთან დაკავშირებით. მან მოიხსენია იეჰოვას მოახლოებული დღე, „როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან“. შემდეგ თქვა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:12, 13; ესაია 34:4; გამოცხადება 6:12—14). მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ერები და მათი ვარსკვლავებამდე აღზევებული მმართველები ეწინააღმდეგებიან იეჰოვას, მის მიერ დადგენილ დროს ისინი განადგურდებიან — ქინქლებივით დაიხოცებიან (ფსალმუნი 2:1—9). მხოლოდ ღვთის სამართლიან მთავრობას ექნება მარადიული ძალაუფლება ადამიანთა მთელ სამართლიან საზოგადოებაზე (დანიელი 2:44; გამოცხადება 21:1—4).
12. რატომ არ უნდა ეშინოდეთ ღვთის მსახურებს, როდესაც მოწინააღმდეგენი ლანძღავენ?
12 ახლა იეჰოვა „სიმართლის მადევართ“ ეუბნება: „მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ; რადგან სამოსელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მათ ჭია; ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი ხსნა თაობიდან თაობაში გადავა“ (ესაია 51:7, 8). იეჰოვაზე მინდობილებს სიმტკიცისთვის გალანძღავს და შეურაცხყოფას მიაყენებს ხალხი, მაგრამ ამის გამო არ უნდა შეშინდნენ ისინი. მათი შეურაცხმყოფელნი მოკვდავი ადამიანები არიან, რომლებიც ‘შეიჭმებიან’, როგორც შალის სამოსელს ჭამს ჩრჩილიa. ძველ დროს მცხოვრები ღვთის ერთგული იუდაელების მსგავსად, დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც არა აქვთ ნებისმიერი მოწინააღმდეგისადმი შიშის მიზეზი. იეჰოვა, მარადიული ღმერთი, მათი მხსნელია (ფსალმუნი 36:1, 2). ღვთის მტრების მხრიდან შეურაცხყოფა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას ხალხს ღვთის სული აქვს (მათე 5:11, 12; 10:24—31).
13, 14. რა არის წარმოდგენილი „რაჰაბითა“ და „ურჩხულით“, და როგორ ‘გაიკვეთა’ და ‘გაიგმირა’ ის?
13 ესაია თითქოს იეჰოვას ეძახის ტყვეობაში მყოფი თავისი ხალხის დასახსნელად: „აღდექ, აღდექ, ძალი შეიმოსე, უფლის მკლავო! აღდექ, როგორც ძველ დროში, ძველ თაობებში. განა შენ არა ხარ რაჰაბის გამკვეთელი, ურჩხულის გამგმირავი? განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიდი უფსკრულის წყლები? და ზღვის სიღრმეები გზად გადააქციე თავდახსნილთა გადასავლელად?“ (ესაია 51:9, 10).
14 ესაიას საუკეთესოდ შერჩეული ისტორიული მაგალითები მოჰყავს. თითოეულმა ისრაელმა იცის ეგვიპტიდან ერის გამოსვლისა და მეწამულ ზღვაზე გასვლის შესახებ (გამოსვლა 12:24—27; 14:26—31). „რაჰაბსა“ და „ურჩხულში“ ეგვიპტე იგულისხმება, რომელსაც ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის მოწინააღმდეგე ფარაონი მართავდა (ფსალმუნი 73:13; 86:4; ესაია 30:7, აქ). ნილოსის დელტაზე დადებული თავითა და ნილოსის ხეობაზე ასობით კილომეტრზე გადაჭიმული წაგრძელებული სხეულით ძველი ეგვიპტე გველეშაპს მოგვაგონებს (ეზეკიელი 29:3). ეს დიდი ურჩხული გაიკვეთა, როდესაც იეჰოვამ ათი სასჯელი მოუვლინა. ის გაიგმირა, მძიმედ დაიჭრა და დასუსტდა, როდესაც მისი ლაშქარი მეწამულ ზღვაში განადგურდა. დიახ, იეჰოვამ თავისი მკლავის ძალა გამოაჩინა ეგვიპტის მიმართ ასეთი მოქმედებით. განა ის მზად არ იქნება ბაბილონში დატყვევებული თავისი ხალხისთვის საბრძოლველადაც?
15. ა) როდის და როგორ გაქრება ვაება და კვნესა სიონში? ბ) როდის და როგორ მოეღო ბოლო ვაებასა და კვნესას ღვთის ისრაელისთვის თანამედროვე დროს?
15 წინასწარმეტყველებაში ახლა ბაბილონიდან ისრაელის დახსნაზეა ყურადღება გამახვილებული: „უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა“ (ესაია 51:11). როგორ სავალალო მდგომარეობაშიც უნდა იყვნენ ბაბილონში, თითოეულს, ვინც იეჰოვას სიმართლისკენ ისწრაფვის, დიდებული იმედი აქვს. მოვა დრო, როცა აღარ იქნება ვაება და კვნესა. მხოლოდ სიხარულის შეძახილები და ყიჟინა გაისმება გამოსყიდულთა ბაგეებიდან. ამ წინასწარმეტყველური სიტყვების განმეორებითი შესრულებისას ღვთის ისრაელი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდა 1919 წელს. ისინი დიდი სიხარულით დაბრუნდნენ თავიანთ სულიერ ადგილ-მამულში და აღსანიშნავია, რომ მათი სიხარული დღემდე გრძელდება.
16. რა არის გაღებული იუდაელთა გამოსასყიდად?
16 რა იქნება იუდაელთა გამოსასყიდი? ესაიას წინასწარმეტყველებაში უკვე მოხსენიებული იყო, რომ იეჰოვა ‘ეგვიპტეს, ქუშსა და საბას გაიღებდა მის გამოსასყიდად და სანაცვლოდ’ (ესაია 43:1—4). ეს მოგვიანებით მოხდება. ბაბილონის დაპყრობისა და იუდაელი ტყვეების გათავისუფლების შემდეგ სპარსეთის იმპერია ეგვიპტეს, ქუშსა და საბას დაიპყრობს. ისინი მას ისრაელთა სანაცვლოდ მეცემა. ეს შეთანხმებულია იგავნის 21:18-ში მოცემულ პრინციპთან: „მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი — მზაკვარი“.
შემდგომი ნუგეში
17. რატომ არ უნდა ეშინოდეთ იუდაელებს ბაბილონის რისხვის?
17 იეჰოვა კვლავ ანუგეშებს თავის ხალხს: «მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება? დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის [„შემომზღუდველის“, აქ] რისხვა?» (ესაია 51:12, 13). ტყვეობის წლები ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ ხალხს არ უნდა ეშინოდეს ბაბილონის რისხვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა — ბიბლიური ისტორიის მიხედვით, მესამე მსოფლიო მპყრობელი — დაიპყრობს ღვთის ხალხს და შეეცდება, ‘შემოზღუდოს’ ისინი ანუ გასაქცევი გზა გადაუკეტოს, ღვთის ერთგულმა იუდაელებმა იციან, რომ იეჰოვას ბაბილონის დაცემა აქვს ნაწინასწარმეტყველები კიროსის ხელით (ესაია 44:8, 24—28). შემოქმედისგან — მარადიულ ღმერთ იეჰოვასგან — განსხვავებით, ბაბილონის მცხოვრებლები მშრალ სეზონზე მზის მცხუნვარე სხივებისგან გადამხმარი ბალახივით დაიღუპებიან. მაშინ სადღა იქნება მათი რისხვა? რა დიდი უგუნურებაა ადამიანისადმი შიში და ცისა და დედამიწის შემოქმედ იეჰოვას დავიწყება!
18. რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მათ ტყვეობაში ყოფნა მოუწევთ?
18 მართალია, იეჰოვას ხალხი გარკვეული დროის განმავლობაში ტყვეობაში, „ბორკილებისგან წელში მოხრილი“ იქნება, მაგრამ ისინი უეცრად გათავისულდებიან. ისინი არ განადგურდებიან ბაბილონში და პატიმრებივით შიმშილით არ დაიხოცებიან — სიცოცხლეს არ დაასრულებენ შეოლში, დილეგში (ფსალმუნი 29:4; 87:4—6). იეჰოვა არწმუნებს მათ: «მალე გათავისუფლდება დამონებული [„ბორკილებისგან წელში მოხრილი“, აქ], არ მოკვდება დილეგში და არ მოაკლდება პური» (ესაია 51:14).
19. რატომ შეუძლიათ ღვთის ერთგულ იუდაელებს, იეჰოვას სიტყვებისადმი სრული ნდობა ჰქონდეთ?
19 იეჰოვა განაგრძობს სიონისთვის ნუგეშის ცემას: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც აღელვებს ზღვას და ბობოქრობენ მისი ზვირთები. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ჩავდევი ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა დავნერგო ახალი ცა და დავაფუძნო ახალი მიწა, რომ ვუთხრა სიონს: ჩემი ერი ხარ!“ (ესაია 51:15, 16). ბიბლიაში ბევრჯერ არის აღნიშნული, რომ ღმერთს ზღვაზე ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვს (იობი 26:12; ფსალმუნი 88:10; იერემია 31:34). ის სრულად განაგებს ბუნების ძალებს, რაც შესანიშნავად გამოჩნდა, როდესაც მან თავისი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა. ვინ გაბედავს და შეედრება იეჰოვას — ‘ძალთა უფალს’? (ფსალმუნი 23:10).
20. რა „ცა“ და „მიწა“ დაფუძნდება, როდესაც იეჰოვა სიონს აღადგენს, და რა მანუგეშებელ სიტყვებს წარმოთქვამს ის?
20 იუდაელები კვლავ ღმერთთან კავშირით შეკრული არიან და იეჰოვა არწმუნებს მათ, რომ დაბრუნდებიან სამშობლოში და კვლავ მისი რჯულით იცხოვრებენ. ისინი აღადგენენ იერუსალიმსა და მის ტაძარს და კვლავ შეუდგებიან თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულებას, რომლებიც მოსეს შუამავლობით ღმერთთან დადებული კავშირის მიხედვით აქვთ დაკისრებული. როდესაც ქვეყანა თანდათანობით სამშობლოში დაბრუნებული ისრაელებითა და მათი პირუტყვით გაივსება, „ახალი მიწა“ დაფუძნდება. მის თავზე „ახალი ცა“ გამოჩნდება, ანუ ახალი მმართველობა ეყოლება ქვეყანას (ესაია 65:17—19; ანგია 1:1, 14). იეჰოვა კვლავ ეტყვის სიონს: „ჩემი ერი ხარ!“.
მოწოდება
21. რისკენ მოუწოდებს იეჰოვა სიონს?
21 ნუგეშის შემდეგ იეჰოვა მოქმედებისკენ მოუწოდებს სიონს. თითქოს უკვე ბოლო ჰქონდეს მოღებული სიონის ტანჯვას, იეჰოვა ეუბნება მას: „გაიღვიძე, გაიღვიძე, ადექი, იერუსალიმო, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი, ძირისძირამდე შესვი ფიალა, სიბრუვის თასი“ (ესაია 51:17). დიახ, იერუსალიმი უნდა წამოდგეს თავისი სავალალო მდგომარეობიდან და ძველი მდგომარეობა და დიდება დაიბრუნოს. მოვა დრო, როდესაც ის ძირისძირამდე შესვამს ღვთის სასჯელის სიმბოლურ თასს. ამის შემდეგ ღმერთი აღარ იქნება მის მიმართ განრისხებული.
22, 23. რა დაემართება იერუსალიმს, როდესაც ღვთის რისხვის თასს შესვამს?
22 მიუხედავად ამისა, როდესაც იერუსალიმი დაისჯება, ვერც ერთი მისი მკვიდრი — ვერც ერთი მისი „ვაჟი“ — ვერ გაექცევა სასჯელს (ესაია 43:5—7; იერემია 3:14). წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „არავინ არის მისი წინამძღოლი მის ნაშობ ვაჟებს შორის და ხელის ჩამჭიდებელი მის გაზრდილ ვაჟებს შორის“ (ესაია 51:18). რა ძლიერ დაიტანჯება ის ბაბილონელთა ხელში! „ეს ორი რამ შეგემთხვა შენ; ვინ შეგიცოდებს? დაღუპვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი! ვითი განუგეშო? შენს შვილებს ქანცი გაუწყდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან, ბადეში გახვეულ ირმებივით, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღვთის მძვინვარებით“ (ესაია 51:19, 20).
23 საბრალო იერუსალიმი! მას „დაღუპვა და დაქცევა“, „შიმშილი და მახვილი“ ელის. მისი უმწეო და ქანცგაწყვეტილი „შვილები“ ვერ შეძლებენ მის მართვას და მხარდაჭერას, გვერდზე გადგებიან და ძალა არ ექნებათ დამპყრობ ბაბილონელთა მოსაგერიებლად. ისინი ყველას დასანახავად ყოველი ქუჩის თავში ან კუთხეში ეყრებიან დასუსტებულნი და ღონემიხდილნი (გოდება იერემიასი 2:19; 4:1, 2). ღვთის რისხვის თასის შესმის შემდეგ ისინი ბადეში გაბმული ცხოველებივით უმწეო იქნებიან.
24, 25. ა) რა აღარ დაემართება იერუსალიმს? ბ) იერუსალიმის შემდეგ ვინ შესვამს იეჰოვას რისხვის თასს?
24 მაგრამ ამ სავალალო მდგომარეობას ბოლო მოეღება. ესაია მანუგეშებელ სიტყვებს წარმოთქვამს: „ამიტომ გაიგონე ეს, ბედშავო, მთვრალო, მაგრამ უღვინოდ! ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი. და ხელში მივცემ მას შენს მტანჯველებს, რომლებიც გეუბნებოდნენ: დაწექი, რომ გადაგიაროთ, და შენც მიწასავით გახადე შენი ზურგი და ქუჩასავით — გამვლელთათვის“ (ესაია 51:21—23). იერუსალიმის დასჯის შემდეგ იეჰოვა მზად არის მის შესაბრალებლად და შესაწყნარებლად.
25 ახლა იეჰოვას თავის რისხვა იერუსალიმიდან ბაბილონზე გადააქვს. ბაბილონს მიწასთან გასწორებული და დამცირებული ეყოლება იერუსალიმი (ფსალმუნი 136:7—9). მაგრამ იერუსალიმს აღარ მოუწევს ასეთი თასის შესმა ბაბილონის ან მის მოკავშირეთა ხელში. იეჰოვა გამოართმევს იერუსალიმს ამ თასს და მისცემს მათ, რომლებიც ხარობდნენ მისი შეურაცხყოფით (გოდება იერემიასი 4:21, 22). ბაბილონი გალეშილი დაეცემა (იერემია 51:6—8). სიონი კი ფეხზე წამოდგება! რა სასწაულებრივი ცვლილებაა! სიონი ნამდვილად ნუგეშცემული უნდა იყოს ამ იმედით. იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთის სახელი განიწმინდება მათი ხსნით.
[სქოლიო]
a აქ მოხსენიებულ ჩრჩილში, როგორც ჩანს, ქსოვილების მავნებელი, სახელდობრ მისი მატლი იგულისხმება.
[სურათი 167 გვერდზე]
იეჰოვა, დიდი აბრაამი, „კლდეა“, რომლიდანაც მისი ხალხია ‘გამოკვეთილი’.
[სურათი 170 გვერდზე]
ღვთის ხალხის მოწინააღმდეგეები ჩრჩილისგან შეჭმული სამოსელივით განადგურდებიან.
[სურათი 176, 177 გვერდებზე]
იეჰოვამ ცხადყო, რომ ზეგავლენას ახდენს ბუნების ძალებზე.
[სურათი 178 გვერდზე]
თასი, რომლის შესმაც იერუსალიმს მოუწევს, ბაბილონსა და მის მოკავშირეებს გადაეცემა.