თავი მეთოთხმეტე
იეჰოვა განადიდებს თავის მესიანურ მსახურს
1, 2. ა) აღწერეთ, რა მდგომარეობაში იყო ბევრი იუდაელი ახ. წ. I საუკუნის პირველ ნახევარში. ბ) რა გააკეთა იეჰოვამ, რათა ერთგულ იუდაელებს მესიის ამოცნობაში დახმარებოდა?
წარმოიდგინეთ, რომ გავლენიან ადამიანს უნდა შეხვდეთ. შეხვედრის დრო და ადგილი უკვე იცით. მაგრამ ერთი რამ პრობლემად რჩება: არ იცით როგორ გამოიყურება ეს ადამიანი; ის კი ფრთხილად და შეუმჩნევლად გაივლის. როგორ იცნობთ მას? მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნამდვილად დაგეხმარებოდათ.
2 ბევრი იუდაელი ამგვარ მდგომარეობაში იყო ახ. წ. I საუკუნის პირველ ნახევარში. ისინი ელოდნენ მესიას — ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე გავლენიან ადამიანს (დანიელი 9:24—27; ლუკა 3:15). მაგრამ როგორ უნდა ეცნოთ ის ღვთის ერთგულ იუდაელებს? იეჰოვას ებრაელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით დაწვრილებით ჰქონდა აღწერილი მესიასთან დაკავშირებული მოვლენები, რაც გამჭრიახ იუდაელებს მესიის შეუცდომლად ამოცნობის შესაძლებლობას მისცემდა.
3. როგორ არის მესია აღწერილი ესაიას 52:13—53:12-ში?
3 მესიასთან დაკავშირებულ ებრაულ წინასწარმეტყველებათა შორის ესაიას 52:13—53:12, ალბათ, ყველაზე ნათელ სურათს იძლევა. ესაიამ 700-ზე მეტი წლით ადრე მესიის ფიზიკური გარეგნობა კი არ აღწერა, არამედ უფრო მეტად მნიშვნელოვანი დეტალები — მისი ტანჯვის მიზანი და ფორმები და მის სიკვდილთან, დაკრძალვასთან და ამაღლებასთან დაკავშირებული წვრილმანები. ამ წინასწარმეტყველებისა და მისი შესრულების განხილვა გვანუგეშებს და რწმენას განგვიმტკიცებს.
„ჩემი მსახური“ — ვინ არის ის?
4. რა აზრები გამოთქვა ზოგმა სწავლულმა „მსახურთან“ დაკავშირებით, მაგრამ რატომ არ არის ეს აზრები შეთანხმებული ესაიას წინასწარმეტყველებასთან?
4 ესაიამ ეს-ეს არის იწინასწარმეტყველა ბაბილონის ტყვეობიდან იუდაელთა გათავისუფლება. ახლა ის უფრო მნიშვნელოვან მოვლენას ეხება და იეჰოვას სიტყვებს წერს: «აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი [„გამჭრიახობით იმოქმედებს ჩემი მსახური“, აქ], გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება» (ესაია 52:13). ვინ არის ეს „მსახური“? საუკუნეთა განმავლობაში სწავლულებმა ამის შესახებ მრავალგვარი აზრი გამოთქვეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ის ბაბილონის ტყვეობაში მყოფ მთელ ისრაელ ერს წარმოადგენდა. მაგრამ ასეთი ახსნა წინასწარმეტყველებასთან არ არის შეთანხმებული. ღვთის მსახური ნებაყოფლობით იტანჯება. ის უდანაშაულოა, მაგრამ მაინც იტანჯება სხვების ცოდვების გამო. ნამდვილად ვერ დავახასიათებდით ასე იუდაელებს, რომლებიც ტყვედ თავიანთი ცოდვების გამო ჩაცვივდნენ (მეოთხე მეფეთა 21:11—15; იერემია 25:8—11). სხვა მკვლევარების აზრით, მსახურით ისრაელთა ვითომცდა ღვთისმოსავი დიდებულები იყვნენ წარმოდგენილი და ისინი დაიტანჯნენ ცოდვილი ისრაელებისთვის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისრაელის უბედურების დროს საზოგადოების არც ერთი ფენა არ დატანჯულა სხვა ფენის გამო.
5. ა) როგორ განმარტა ზოგმა იუდეველმა სწავლულმა ესაიას წინასწარმეტყველება? (იხილეთ სქოლიო). ბ) როგორ ცხადყოფს მსახურის ვინაობას ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმეები“?
5 წინაქრისტიანულ პერიოდსა და ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში ზოგი იუდეველი მკვლევარი ამ წინასწარმეტყველებას მესიას უკავშირებდა. ასეთი ახსნის ჭეშმარიტებას ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ადასტურებს. წიგნ „მოციქულთა საქმეების“ თანახმად, როდესაც ეთიოპელმა საჭურისმა უთხრა ფილიპეს, რომ ვერ გაეგო ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მსახურის ვინაობა, ფილიპემ „ახარა იესოს შესახებ“ (საქმეები 8:26—40; ესაია 53:7, 8). ბიბლიის სხვა წიგნებიდანაც ჩანს, რომ იესო ქრისტეა ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მესიანური მსახურიa. ამ წინასწარმეტყველების განხილვისას უეჭველად დავინახავთ, რომ ის, ვისაც იეჰოვა ‘თავის მსახურს’ უწოდებს, ზუსტად შეესაბამება იესო ნაზარეთელს.
6. როგორ არის ესაიას წინასწარმეტყველებაში აღნიშნული, რომ მესია წარმატებით შეასრულებს ღვთის ნებას?
6 წინასწარმეტყველება ღვთის ნების შესრულებისას მესიის საბოლოო წარმატების აღწერით იწყება. სიტყვა „მსახური“ აღნიშნავს, რომ ის ღვთის ნებას დაემორჩილება, ისე როგორც მსახური ემორჩილება თავისი ბატონის ნება-სურვილს. ამ დროს ის „გამჭრიახობით იმოქმედებს“. გამჭრიახობა მდგომარეობაში წვდომის უნარია. გამჭრიახობით მოქმედება გონივრულად მოქმედებას ნიშნავს. აქ გამოყენებულ ებრაულ ზმნასთან დაკავშირებით ერთი ცნობარი აღნიშნავს: „მასში გონივრული და ბრძნული ქცევა იგულისხმება. ის, ვინც ბრძნულად იქცევა, წარმატებას მიაღწევს“. მესიის წარმატებას ადასტურებს წინასწარმეტყველების სიტყვები, რომ ის „აღზევდება და დიდად ამაღლდება“.
7. როგორ ‘იმოქმედა გამჭრიახობით’ იესომ და როგორ ‘აღზევდა და ამაღლდა’?
7 იესო ნამდვილად ‘გამჭრიახობით მოქმედებდა’ — ცხადყოფდა, რომ ესმოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც მას ეხებოდა და მათით ხელმძღვანელობდა თავისი მამის ნების შესასრულებლად (იოანე 17:4; 19:30). რა იყო ამის შედეგი? იესოს აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ „ღმერთმაც აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი“ (ფილიპელთა 2:9; საქმეები 2:34—36). განდიდებული იესო მოგვიანებით, 1914 წელს, უფრო მეტად ამაღლდა. იეჰოვამ ის მესიანური სამეფოს ტახტზე დასვა (გამოცხადება 12:1—5). დიახ, ის ‘აღზევდა და დიდად ამაღლდა’.
‘მისი ხილვით შეძრწუნებულნი’
8, 9. როდის მოვა განდიდებული იესო განაჩენის აღსასრულებლად, რა რეაგირებას მოახდენენ მიწიერი მმართველები და რატომ?
8 რა რეაგირებას მოახდენენ ერები და მათი მმართველები მესიის ამაღლებაზე? თუ მე-14 მუხლის მეორე ნახევარში ჩართულ ნაწილს გამოვტოვებთ, წინასწარმეტყველებაში შემდეგ სიტყვებს წავიკითხავთ: „რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა... იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ“ (ესაია 52:14ა, 15). ამ სიტყვებით ესაია მესიის პირველ გამოჩენას კი არა, მიწიერ მთავრებთან მის საბოლოო დაპირისპირებას აღწერს.
9 როდესაც ამაღლებული იესო ამ უღვთო სისტემაზე განაჩენის აღსასრულებლად მოვა, მიწიერი მმართველები ‘შეძრწუნდებიან მისი ხილვით’. მართალია, ადამიანთა მმართველები პირდაპირი გაგებით არ იხილავენ განდიდებულ იესოს, მაგრამ ისინი აშკარად დაინახავენ მისი, როგორც იეჰოვას ზეციერი მებრძოლის, სიძლიერეს (მათე 24:30). ისინი იძულებული იქნებიან, ყურადღება მიაქციონ იმას, რაც არასდროს სმენიათ რელიგიურ წინამძღოლთაგან — სახელდობრ იმ ფაქტს, რომ იესო ღვთის განაჩენის აღმსრულებელია! ამაღლებული მსახური, რომელსაც დაუპირისპირდებიან, მათთვის სრულიად მოულოდნელად იმოქმედებს.
10, 11. რა გაგებით იყო იესო ‘დამახინჯებული’ პირველ საუკუნეში და როგორ ‘ამახინჯებენ’ მას დღეს?
10 მეთოთხმეტე მუხლში ჩართული წინადადების თანახმად, ესაია ამბობს: „არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!“ (ესაია 52:14ბ). იყო თუ არა იესო ფიზიკურად მახინჯი? არა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში აღწერილი არ არის იესოს გარეგნობა, ღვთის სრულყოფილ ძეს, უეჭველად, სასიამოვნო იერსახე და გამომეტყველება ექნებოდა. როგორც ჩანს, ესაიას სიტყვები იესოს დამცირებას ეხება. ის გაბედულად ამხელდა თავისი დროის რელიგიურ წინამძღოლთა თვალთმაქცობას, სიცრუესა და მკვლელობას; ისინი კი ლანძღავდნენ იესოს (1 პეტრე 2:22, 23). მათ ის რჯულის დარღვევაში, ღვთის გმობაში, სიცრუესა და რომის წინააღმდეგ აჯანყებაში დაადანაშაულეს. ამგვარად, ამ ცილისმწამებლებმა იესოს სრულიად დამახინჯებული სურათი შექმნეს.
11 იესოს დამახინჯებულად წარმოდგენა დღესაც გრძელდება. ხალხის უმრავლესობა მას ბაგაში ჩაწვენილ ყრმად ასახავს ან ჯვარზე გაკრულ ადამიანად, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი ადგას და სახეზე ტანჯვა აქვს აღბეჭდილი. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მხარს უჭერს ასეთ შეხედულებას. მათ არ წარმოადგინეს იესო ძალმოსილ ზეციერ მეფედ, რომლის წინაშეც პასუხს აგებენ ერები. უახლოეს მომავალში, როდესაც ადამიანთა მმართველები განდიდებულ იესოს დაუპირისპირდებიან, მათ მოუწევთ მესიასთან შერკინება, რომელსაც ‘მთელი ხელმწიფება აქვს როგორც ცაში, ისე დედამიწაზე’! (მათე 28:18).
ვინ დაიჯერებს ამ კეთილ ცნობას?
12. რა საინტერესო კითხვებს წამოჭრის ესაიას 53:1?
12 იმის შემდეგ, რაც ესაია აღწერს, რა საოცრად გარდაისახება მესია, ‘დამახინჯებული’ ‘დიდად ამაღლებულად’, ის ამბობს: „ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“ (ესაია 53:1). ესაიას ეს სიტყვები საინტერესო კითხვებს წამოჭრის: შესრულდება ეს წინასწარმეტყველება? ნამდვილად ამოქმედდება და შეასრულებს თუ არა ამ სიტყვებს „უფლის მკლავი“, რითაც ღვთის მიერ თავისი სიძლიერის გამოყენების უნარია წარმოდგენილი?
13. როგორ დაანახვა პავლემ ხალხს, რომ იესოზე შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება, და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას?
13 პასუხი უეჭველად დადებითია! რომაელთა მიმართ წერილში პავლე ესაიას სიტყვებს ციტირებს იმის საჩვენებლად, რომ ესაიას მიერ მოსმენილი და ჩაწერილი წინასწარმეტყველება იესოზე შესრულდა. დედამიწაზე ტანჯვის შემდეგ იესოს განდიდება კეთილი ცნობა იყო. «მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, — ამბობს პავლე ურწმუნო იუდეველების შესახებ. — რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა — მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა — ქრისტეს [„შესახებ“, აქ] სიტყვისაგან» (რომაელთა 10:16, 17). სამწუხაროდ, პავლეს დღეებში მცირედმა დაიჯერა ღვთის მსახურის შესახებ კეთილი ცნობა. რატომ?
14, 15. რა მდგომარეობაში უნდა მოვიდეს მესია დედამიწაზე?
14 წინასწარმეტყველება ისრაელებს პირველ მუხლში წამოჭრილი კითხვების მიზეზებს უხსნის და ამით ნათელს ხდის, თუ რატომ არ აღიარებს ბევრი მესიას: „ამოიზარდა როგორც მორჩი მის [მეთვალყურის] წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ“ (ესაია 53:2). აქედან ვხედავთ, რა მდგომარეობაში მოვა მესია დედამიწაზე. მას უმნიშვნელო საწყისი ექნება და მეთვალყურენი არაფრად ჩააგდებენ. ის მორჩს ანუ ყლორტს ემსგავსება, რომელიც ხის ტანზე ან ტოტზე ამოდის. ის აგრეთვე მშრალ და მწირ მიწაში გადგმული ფესვივით იქნება, რომელიც წყალზეა დამოკიდებული. ის არ მოვა მეფური დიდებითა და ბრწყინვალებით — მას არც სამეფო სამოსელი ეცმება და არც მბრწყინავი გვირგვინი ედგმება თავზე. ის თავმდაბლად და უპრეტენზიოდ მოვა.
15 რა ზუსტად აღწერს ეს დედამიწაზე იესოს მოსვლას! ებრაელმა ქალწულმა მარიამმა ის თავლაში შვა ბეთლემად წოდებულ ერთ პატარა ქალაქშიb (ლუკა 2:7; იოანე 7:42). მარიამი და მისი მეუღლე, იოსები, ღარიბები იყვნენ. იესოს დაბადებიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ მათ ცოდვის მსხვერპლად შესწირეს ის, რის შეწირვაც ხელმოკლეებს შეეძლოთ — „ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“ (ლუკა 2:24; ლევიანნი 12:6—8). მოგვიანებით მარიამი და იოსები ნაზარეთში დასახლდნენ, სადაც იესო დიდ და, როგორც ჩანს, უბრალო ოჯახში იზრდებოდა (მათე 13:55, 56).
16. რა გაგებით არ ჰქონდა იესოს „ღირსება“ და „მშვენება“?
16 როგორც ჩანს, დედამიწაზე მოსულ იესოს ფესვები კარგ მიწაში არ ჰქონია გადგმული (იოანე 1:46; 7:41, 52). მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ადამიანი და მეფე დავითის შთამომავალი იყო, ოჯახური პირობების გამო მას არავითარი „ღირსება“ და „მშვენება“ არ ჰქონდა — იმ ადამიანთა თვალში მაინც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მესია უფრო შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო თავისი წარმოშობით. იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების მიერ წაქეზებული ხალხი ზემოდან დაჰყურებდა და ამცირებდა კიდეც მას. საბოლოოდ, მათთვის არაფრით იყო მიმზიდველი ღვთის სრულყოფილი ძე (მათე 27:11—26).
‘საძულველი და კაცთაგან ათვალწუნებული’
17. ა) რას აღწერს ესაია და რატომ წერს წარსულ დროში? ბ) ვინ ‘მოიძულა’ და ‘აითვალწუნა’ იესო და როგორ გააკეთეს მათ ეს?
17 ახლა ესაია დაწვრილებით აღწერს, რა თვალსაზრისი ექნება ხალხს მესიის მიმართ და როგორ მოეპყრობიან მას: «საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ [„ვისი სახეც თითქოს დაფარული იყო ჩვენთვის“, აქ]. საძულველი იყო და არად ვაგდებდით» (ესაია 53:3). ესაია იმდენად დარწმუნებულია თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ წინასწარმეტყველებას წარსულ დროში წერს, თითქოს ის უკვე შესრულებული იყოს. იყო თუ არა იესო ქრისტე ნამდვილად მოძულებული და კაცთაგან ათვალწუნებული? დიახ! საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რელიგიური წინამძღოლები და მათი მიმდევრები მას უკანასკნელ ადამიანად მიიჩნევდნენ. ისინი იესოს მებაჟეთა და მეძავთა მეგობარს უწოდებდნენ (ლუკა 7:34, 37—39). მას სახეში აფურთხებდნენ, სცემდნენ, ლანძღავდნენ, ამცირებდნენ და აბუჩად იგდებდნენ (მათე 26:67). ჭეშმარიტების მტრების ზეგავლენის გამო „თავისიანებმა არ მიიღეს“ იესო (იოანე 1:10, 11).
18. რა გაგებით იყო იესო „გატანჯული და სნებამორეული“, მაშინ როდესაც არასდროს გამხდარა ავად?
18 იესო სრულყოფილი იყო და ამიტომაც ავად არ გამხდარა. მაგრამ ის „გატანჯული და სნებამორეული“ იყო. ტანჯვისა და სნეულების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. იესო ზეციდან „სნეულ“ წუთისოფელში მოვიდა. ის ხედავდა, თუ რა იყო ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ არასდროს ერიდებოდა ფიზიკურად თუ სულიერად დასნეულებულთ. მზრუნველი ექიმის მსგავსად, იესო ინტერესდებოდა, რით იტანჯებოდა თითოეული ადამიანი. გარდა ამისა, მას ნებისმიერ ექიმზე, ნებისმიერ მოკვდავ ადამიანზე მეტის გაკეთება შეეძლო (ლუკა 5:27—32).
19. ვისი სახე იყო „დაფარული“ და როგორ ცხადყოფდნენ იესოს მტრები, რომ ‘არად აგდებდნენ’ მას?
19 მიუხედავად ამისა, იესოს მტრები მას მიიჩნევდნენ ავადმყოფად და არ იყვნენ მის მიმართ კეთილგანწყობილი. მისი სახე „დაფარული“ იყო სხვებისგან, მაგრამ ის თავად როდი ფარავდა სახეს. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“ ესაიას 53:3-ში შემდეგ ფრაზას იყენებს: „ვისაც პირს არიდებდნენ“. მოწინააღმდეგეებს იმდენად სძულდათ იესო, რომ მას პირს არიდებდნენ, თითქოს მისი დანახვა ამაზრზენი ყოფილიყო. მათ ის მხოლოდ მონის ფასად შეაფასეს (გამოსვლა 21:32; მათე 26:14—16). მოწინააღმდეგეებმა იესოს ბარაბა, მკვლელი, ამჯობინეს (ლუკა 23:18—25). განა შეეძლოთ ამაზე მეტის გაკეთება იესოსადმი სიძულვილის გამოსახატავად?
20. როგორ ანუგეშებს ესაიას სიტყვები იეჰოვას ხალხს დღეს?
20 იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ, დღეს დიდი ნუგეში ჰპოვონ ესაიას სიტყვებიდან. ზოგჯერ მოწინააღმდეგეები დიდ სიძულვილს ამჟღავნებენ იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლებისადმი და არად აგდებენ მათ. მაგრამ, როგორც იესოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ის არის, თუ რამდენად გვაფასებს იეჰოვა ღმერთი. იესოს ‘არად აგდებდნენ’, მაგრამ ის კვლავაც ძვირფასი იყო ღვთის თვალში!
‘ჩვენი ცოდვებისთვის დაჭრილი’
21, 22. ა) რა იკისრა და რა იტვირთა მესიამ სხვების საკეთილდღეოდ? ბ) რას ფიქრობდა ბევრი მესიაზე და რა კულმინაციას მიაღწია მისმა ტანჯვამ?
21 რატომ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო მესია? ესაია გვიხსნის: „ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება“ (ესაია 53:4—6).
22 მესიამ იკისრა ხალხის სნებები და იტვირთა მათი სატანჯველი. მან, ასე ვთქვათ, საკუთარი მხრებით ატარა მათი ტვირთი. რადგანაც ავადმყოფობა და ტკივილი ცოდვის შედეგია, მესიამ კაცობრიობის ცოდვები იკისრა. ბევრს არ ესმოდა მისი ტანჯვის მიზეზი და ეგონა, რომ ღმერთი სჯიდა და საშინელი სენით გვემდა მასc. მესიის ტანჯვამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია, როდესაც ის დაჭრილ, დალეწილ და დაწყლულებულ იქნა. ამ სიტყვებით შესანიშნავად ჩანს, თუ რა საშინელი წამებით იქნა ის მოკლული. მაგრამ მის სიკვდილს გამომსყიდველი ძალა აქვს. ის იმ ხალხის განკურნების საფუძველს იძლევა, ვინც უკეთურებითა და ცოდვით დაეხეტება, და ეხმარება მათ, რომ მშვიდობა ჰქონდეთ ღმერთთან.
23. როგორ იტვირთა იესომ ხალხის სატანჯველი?
23 როგორ იტვირთა იესომ ხალხის სატანჯველი? მათეს სახარებაში, სადაც ესაიას 53:4-ის სიტყვებია ციტირებული, ნათქვამია: «მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი“» (მათე 8:16, 17). მასთან მისული სხვადასხვაგვარი ავადმყოფების განკურნებით იესომ თავის თავზე აიღო მათი სატანჯველი. ავადმყოფთა განკურნება მის ენერგიას მოითხოვდა (ლუკა 8:43—48). როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სნეულებათაგან განკურნების უნარი იმის დამადასტურებელი იყო, რომ ის ცოდვისგან ხალხის განწმენდის ძალით იყო აღჭურვილი (მათე 9:2—8).
24. ა) რატომ ფიქრობდა ბევრი, რომ იესო ღვთისგან იყო ‘ნაგვემი’? ბ) რატომ იტანჯა და მოკვდა იესო?
24 მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობდა, რომ იესო ღვთისგან იყო „ნაგვემი“. ის ხომ პატივცემულ რელიგიურ წინამძღოლთა წაქეზებით იტანჯებოდა. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის არ დატანჯულა თავისი ცოდვების გამო. „ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის, — ამბობს პეტრე, — და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს; რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვათაგან განშორებულებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ. მისი ჭრილობით თქვენ განიკურნეთ“ (1 პეტრე 2:21, 22, 24). ერთ დროს ყველა ცოდვაში დაკარგული და „ცხვრებივით გზააბნეული“ ვიყავით (1 პეტრე 2:25). იესოს მეშვეობით კი იეჰოვამ ცოდვებისგან გაგვანთავისუფლა. მან იესოს „შეჰყარა“ ანუ მის ტვირთად აქცია ჩვენი უკეთურება. უცოდველი იესო თავისი ნებით დაიტანჯა და დაისაჯა ჩვენი ცოდვებისთვის. უდანაშაულოდ ტანჯვით და ძელზე სამარცხვინო სიკვდილით იესომ ღმერთთან შერიგების შესაძლებლობა მოგვცა.
„ევნო და ეწამა“
25. საიდან ვიცით, რომ მესია საკუთარი ნებით დაიტანჯა და მოკვდა?
25 იყო თუ არა მესია თანახმა, დატანჯულიყო და მომკვდარიყო? ესაია ამბობს: „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ (ესაია 53:7). თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესოს შეეძლო, „ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი“ მოეხმო დასახმარებლად. მაგრამ მან თქვა: „აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ (მათე 26:53, 54). „ღვთის კრავს“ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია (იოანე 1:29). როდესაც იესოს მღვდელმთავარნი და უხუცესნი პილატეს წინაშე ბრალს სდებდნენ, მას „არაფერი უპასუხნია“ (მათე 27:11—14). მას არ სურდა ისეთი რამის თქმა, რაც ხელს შეუშლიდა მის მიმართ ღვთის ნების შესრულებას. იესო მზად იყო, მომკვდარიყო როგორც შესაწირავი კრავი; მან კარგად იცოდა, რომ მისი სიკვდილი მორჩილ კაცობრიობას ცოდვის, ავადმყოფობისა და სიკვდილისაგან იხსნიდა.
26. რას ‘ზღუდავდნენ’ იესოს მოწინააღმდეგენი?
26 ესაია ახლა უფრო დაწვრილებით აღწერს მესიის ტანჯვასა და დამცირებას: წინასწარმეტყველი წერს: «საპყრობილედან და სამსჯავროდან [„შეზღუდვისა და განსჯის გამო“, აქ] იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა» (ესაია 53:8). ბოლოს, როდესაც იესო მტრებმა შეიპყრეს, რელიგიურ მოწინააღმდეგეთა მოქმედება მის მიმართ ნამდვილად ‘შეზღუდული’ იყო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სიძულვილის გამოვლენისგან იკავებდნენ თავს; მოწინააღმდეგენი სამართალს ზღუდავდნენ. ბერძნული სეპტუაგინტა ესაიას 53:8-ში სიტყვა „შეზღუდვის“ ნაცვლად „დამცირებას“ იყენებს. მტრებმა დაამცირეს ის იმით, რომ უსამართლოდ მოეპყრნენ, როდესაც ისეც კი არ მოექცნენ, როგორც ნებისმიერ დამნაშავეს ექცეოდნენ. იესო ქრისტეს განსჯა სამართლის დამახინჯება იყო. რატომ?
27. რა კანონები უგულებელყვეს იესოს დაკითხვისას იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა და როგორ გატეხეს მათ ღვთის რჯული?
27 იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს თავიდან მოსაშორებლად თავიანთი კანონებიც კი დაარღვიეს. ტრადიციის თანახმად, სინედრიონს სიკვდილის განაჩენის გამოტანა მღვდელმთავრის სახლში კი არა, მხოლოდ ტაძრის ტერიტორიაზე, თლილი ქვით ნაშენ დარბაზში, შეეძლო. ასეთ შემთხვევაში განსასჯელად დღისით უნდა შეკრებილიყვნენ, მზის ჩასვლამდე. საბრალდებო დასკვნა კი დაკითხვისა და განაჩენის გამოტანის მომდევნო დღეს უნდა გაცხადებულიყო. ამიტომ არანაირი საქმე არ უნდა განეხილათ შაბათის ან დღესასწაულის წინადღეს. იესოს დაკითხვისას კი ყველა ეს კანონი უგულებელყოფილ იქნა (მათე 26:57—68). უფრო მეტიც, რელიგიურმა წინამძღოლებმა ღვთის კანონიც კი უხეშად დაარღვიეს. მაგალითად, მათ კაცი მოისყიდეს იესოს შესაპყრობად (მეორე რჯული 16:19; ლუკა 22:2—6). ისინი ცრუმოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნენ (გამოსვლა 20:16; მარკოზი 14:55, 56). მათ მკვლელის გათავისუფლება განიზრახეს, რითაც არა მხოლოდ თავიანთი თავი, არამედ მთელი ქვეყანა გახადეს სისხლის ღვრაში დამნაშავე (რიცხვნი 35:31—34; მეორე რჯული 19:11—13; ლუკა 23:16—25). აქედან გამომდინარე, იმ დროს საქმის არავითარი „განსჯა“ არ მომხდარა — მათ არ განუხილავთ საქმე სამართლიანად და არ გამოუტანიათ მიუკერძოებელი განაჩენი.
28. რა არ მიუღიათ მხედველობაში იესოს მტრებს?
28 ცდილობდნენ თუ არა იესოს დაკითხვისას მტრები მისი ნამდვილი ვინაობის გაგებას? ესაია ამის მსგავს შეკითხვას სვამს: „ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე?“. სიტყვა „მოდგმა“ შეიძლება წარმომავლობას ანუ წარმოშობას გულისხმობდეს. იესოს გასამართლებისას სინედრიონის წევრებს მხედველობაში არ მიუღიათ იესოს წარმოშობა, რითაც ის აღთქმული მესიის პირობებს აკმაყოფილებდა. მათ ღვთისგმობაში დასდეს ბრალი და სიკვდილის ღირსად სცნეს (მარკოზი 14:64). მოგვიანებით რომაელი მმართველი პილატე იძულებული გახდა, იესოსთვის ძელზე გაკვრის განაჩენი გამოეტანა (ლუკა 23:13—25). ამგვარად, ოცდაცამეტ-ნახევარი წლის ასაკში იესო „მოიკვეთა“.
29. რა გაგებით იყო იესოს სამარხი „ბოროტეულთა გვერდით“ და „მდიდართან ერთად“?
29 მესიის სიკვდილისა და დაკრძალვის შესახებ ესაია წერს: „მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა“ (ესაია 53:9). რა გაგებით იყო იესო სიკვდილისა და დაკრძალვისას როგორც ბოროტეულთა, ისე მდიდრის გვერდით? ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს ის წამების ძელზე მოკვდა იერუსალიმის კედლებს გარეთ. რადგანაც იესო ორ ავაზაკს შორის იქნა ძელზე გაკრული, შეიძლება ითქვას, რომ მისი სამარხი ბოროტეულთა გვერდით იყო (ლუკა 23:33). მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ იოსებმა, არიმათიელმა მდიდარმა კაცმა, გაბედა და პილატეს იესოს გვამი და მისი დამარხვის ნებართვა სთხოვა. იოსებმა ნიკოდემოსთან ერთად მოამზადა გვამი დასამარხად და შემდეგ თავის ახალგამოკვეთილ სამარხში დაასვენა (მათე 27:57—60; იოანე 19:38—42). ამგვარად, იესოს სამარხი მდიდართა გვერდითაც იყო.
„უფალმა ინება მისი ტანჯვა“
30. რა გაგებით სიამოვნებდა იეჰოვას იესოს ტანჯვა?
30 შემდეგ ესაია გამაოგნებელ სიტყვებს წარმოთქვამს: «უფალმა ინება [„თავად იეჰოვას სიამოვნებდა“, აქ] მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს [„შთამომავლობას“, აქ], გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს» (ესაია 53:10, 11). როგორ უნდა ყოფილიყო იეჰოვასთვის სასიამოვნო ერთგული მსახურის ტანჯვა? ნათელია, იეჰოვას არ დაუტანჯავს თავისი საყვარელი ძე. ამაზე პასუხისმგებლები მხოლოდ იესოს მტრები იყვნენ. მაგრამ იეჰოვამ დაუშვა, რომ მას სასტიკად მოპყრობოდნენ (იოანე 19:11). რა მიზეზით? ცხადია, თანამგრძნობ და შემბრალებელ ღმერთს გულს სტკენდა თავისი უდანაშაულო ძის ტანჯვა (ესაია 63:9; ლუკა 1:77, 78). იეჰოვა, მართლაც რომ, არაფრით ყოფილა იესოს უკმაყოფილო. მაგრამ იეჰოვას ნამდვილად სიამოვნებდა, რომ მისი ძე მზად იყო დატანჯულიყო ყველა იმ კურთხევისთვის, რომლებიც მის ტანჯვას მოჰყვებოდა.
31. ა) რა გაგებით გაიღო იეჰოვამ იესოს სიცოცხლე „ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად“? ბ) რა მიანიჭებდა იესოს განსაკუთრებულ კმაყოფილებას დედამიწაზე გადატანილი ყველა განსაცდელის შემდეგ?
31 დავიწყოთ იქიდან, რომ იეჰოვამ იესოს სიცოცხლე „ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად“ გაიღო. აქედან გამომდინარე, ზეცად ამაღლების შემდეგ იესომ იეჰოვას თავისი შეწირული ადამიანური სიცოცხლის ფასი წარუდგინა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რომლის მიღებაც სასიამოვნო იყო იეჰოვასთვის მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ (ებრაელთა 9:24; 10:5—14). ამ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის საშუალებით იესომ „შთამომავლობა“ შეიძინა. მას, როგორც „მარადიულ მამას“ შეუძლია სიცოცხლე — მარადიული სიცოცხლე — მისცეს მათ, ვინც მისი დაღვრილი სისხლისადმი რწმენას ამჟღავნებს (ესაია 9:6, აქ [ესაია 9:5]). ყველა იმ ტანჯვის შემდეგ, რაც იესომ დედამიწაზე გადაიტანა, რა დიდი სიამოვნების მომგვრელი უნდა ყოფილიყო მისთვის ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის ხსნის იმედი! ცხადია, უფრო მეტი სიამოვნების მომგვრელი უნდა იყოს მისთვის იმის ცოდნა, რომ მისმა უმწიკვლობამ ზეციერ მამას თავისი მოწინააღმდეგისთვის, სატანა ეშმაკისთვის, პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცა (იგავნი 27:11).
32. რა ‘სიბრძნით ამართლებს ბევრს’ იესო და ვინ მართლდება მის მიერ?
32 კიდევ ერთი კურთხევა, რომელიც იესოს სიკვდილს მოჰყვა, არის ის, რომ უკვე დღეს ‘ამართლებს ბევრს’. ესაიას სიტყვების თანახმად, ამას იესო თავისი „სიბრძნით“ აკეთებს. როგორც ჩანს, ეს ის სიბრძნეა, რომელიც იესომ დედამიწაზე მოსვლით და ღვთისადმი ერთგულების გამო უსამართლოდ ტანჯვით შეიძინა (ებრაელთა 4:15). სიკვდილამდე ტანჯვით იესომ სხვების გამართლებისთვის საჭირო შესაწირავის გაღება შესძლო. ვინ მართლდება ამის საფუძველზე? პირველ რიგში, მისი ცხებული მიმდევრები. ისინი რწმენას ამჟღავნებენ იესოს მსხვერპლის მიმართ, ამიტომაც იეჰოვა ამართლებს მათ და თავის ძეებად აღიარებისა და იესო ქრისტეს თანამემკვიდრეებად გახდომის იმედს აძლევს (რომაელთა 5:19; 8:16, 17). აგრეთვე, „უამრავი ხალხი“, ანუ „სხვა ცხვრები“, რომლებიც რწმენას ამჟღავნებენ იესოს დაღვრილი სისხლისადმი, გამართლებული არიან ღვთის თვალში და ღვთის მეგობრებად გახდომისა და არმაგედონში გადარჩენის იმედით ხარობენ (გამოცხადება 7:9; 16:14, 16; იოანე 10:16; იაკობი 2:23, 25).
33, 34. ა) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ, რაც ნამდვილად მანუგეშებელია? ბ) ვინ იგულისხმებიან „მრავალში“, რომელთა შორისაც მესიანური მსახური „წილს“ იღებს?
33 ბოლოს ესაია მესიის წარმატებებს აღწერს: „ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა“ (ესაია 53:12).
34 ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის დასკვნითი სიტყვები იეჰოვას შესახებ მეტად მანუგეშებელ ცნობას გადმოგვცემს: იეჰოვა აფასებს თავის ერთგულ მსახურებს. ეს კარგად ჩანს დანაპირებიდან, რომ ის მესიანურ მსახურს ‘მრავალში მისცემს წილს’. ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ომის შემდეგ ნადავლის განაწილების ჩვეულებასთან არის დაკავშირებული. იეჰოვა აფასებს ძველი დროის „მრავალ“ მსახურთა — მათ შორის ნოეს, აბრაამისა და იობის — ერთგულებას და „წილს“ უნახავს მათ მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში (ებრაელთა 11:13—16). ის თავის მესიანურ მსახურსაც მისცემს წილს. დიახ, იეჰოვა დაუჯილდოებლად არ დატოვებს მას უმწიკვლობის გამო. ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ‘არ დაივიწყებს ჩვენს საქმეს და მისი სახელისთვის სიყვარულის შრომას’ (ებრაელთა 6:10).
35. ვინ არიან „ძლიერები“, რომლებთან ერთადაც იესო ნადავლს იყოფს, და რა არის ეს ნადავლი?
35 ღვთის მსახური აგრეთვე ომში მტრებზე გამარჯვების შემდეგაც ჩაიგდებს ხელში ნადავლს. ამ ნადავლს ის „ძლიერებს“ გაუნაწილებს. ვინ არიან „ძლიერები“ წინასწარმეტყველების შესრულებისას? ისინი იესოს პირველი მოწაფეები არიან, რომლებმაც მასავით სძლიეს წუთისოფელს — „ღვთის ისრაელის“ მოქალაქეები, რომელთა რიცხვიც 144000-ს შეადგენს (გალატელთა 6:16; იოანე 16:33; გამოცხადება 3:21; 14:1, სსგ). რა არის მათი ნადავლი? როგორც ჩანს, ეს არის „ძღვენი ადამიანთა სახით“ — ის ადამიანები, რომლებსაც იესო სატანის მმართველობიდან ათავისუფლებს და ქრისტიანულ კრებას აძლევს (ეფესელთა 4:8—12, აქ). 144000 „ძლიერი“ სხვა ნადავლიდანაც იღებს წილს. წუთისოფლის ძლევით ისინი სატანას ღვთის დაცინვის ყოველგვარ საფუძველს ართმევენ. მათი ერთგულება განადიდებს და გულს უხარებს იეჰოვას.
36. იცოდა თუ არა იესომ, რომ მასზე სრულდებოდა ღვთის მსახურის შესახებ წინასწარმეტყველება? ახსენით.
36 იესომ იცოდა, რომ მასზე სრულდებოდა ღვთის მსახურის შესახებ წინასწარმეტყველება. იმ ღამეს, როდესაც იესო შეიპყრეს, მან ესაიას 53:12-ის სიტყვები თავის თავს დაუკავშირა: „გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემში უნდა აღსრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.’ რადგან მას, რაც ჩემზეა, დასასრული აქვს“ (ლუკა 22:36, 37). სამწუხაროდ, იესოს ნამდვილად ბოროტმოქმედივით მოექცნენ. ის დამნაშავესავით გააკრეს ძელზე ორ ავაზაკს შორის (მარკოზი 15:27). მაგრამ მან საკუთარი ნება-სურვილით აიტანა ეს დამცირება, რადგან კარგად იცოდა, რომ ამით ჩვენი შუამავალი ხდებოდა. ის, ფაქტობრივად, ცოდვილებსა და სიკვდილის სასჯელს შორის ჩადგა და თვითონ მიიღო დარტყმა.
37. ა) რა დასკვნის გამოტანაში გვეხმარება იესოს ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ ისტორიული ჩანაწერი? ბ) რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვა ღმერთისა და მისი განდიდებული მსახურის, იესო ქრისტეს, მადლიერი?
37 იესოს ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ ისტორიული ჩანაწერი შესაძლებლობას გვაძლევს, ზუსტად ამოვიცნოთ, რომ იესო ქრისტეა ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მესიანური მსახური. რამდენად მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა მზად იყო, თავის საყვარელ ძეს ამ მსახურის წინასწარმეტყველური როლი შეესრულებინა — დატანჯულიყო და მომკვდარიყო, რათა ჩვენ ცოდვისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ! ამით იეჰოვამ ჩვენდამი უდიდესი სიყვარული გამოავლინა. რომაელთა 5:8-ში ნათქვამია: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“. აგრეთვე რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ იესო ქრისტესი, განდიდებული მსახურისა, რომელმაც სასიკვდილოდ გასწირა თავი!
[სქოლიოები]
a იონათან ბენ ყუზიელის თარგუმში, რომელიც ჯ. სტენინგმა თარგმნა, ესაიას 52:13-ში ვკითხულობთ: „ნახეთ, ჩემი მსახური, ცხებული (ანუ მესია) გაიხარებს“ ბაბილონელთა თალმუდშიც (დაახლოებით ახ. წ. III საუკუნე) ამის მსგავსად არის ნათქვამი: „მესია — რა ჰქვია მას?.. [ის] რაბინები [ამბობენ, რომ „სნეული“], როგორც ნათქვამია, „მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი“ (სანჰედრინ 98ბ; ესაია 53:4).
b წინასწარმეტყველმა მიქამ ბეთლემი ‘იუდას ათასეულთა შორის უმცირესად’ მოიხსენია (მიქა 5:1). მიუხედავად ამისა, უმცირეს ბეთლემს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, როდესაც იქ მესია იშვა.
c ებრაული სიტყვა, რომელიც აქ „გვემად“ არის ნათარგმნი, კეთრთან დაკავშირებითაც გამოიყენება (მეოთხე მეფეთა 15:5). ზოგი სწავლულის აზრით, ზოგ იუდაელს ესაიას 53:4-დან ის აზრი გამოჰქონდა, რომ მესია კეთროვანი უნდა ყოფილიყო. „ბაბილონის თალმუდი“ ამ მუხლს მესიას უკავშირებს და მას „კეთროვან სწავლულს“ უწოდებს. ლათინურ „ვულგატაზე“ დაფუძნებულ ერთ კათოლიკურ თარგმანში ამ მუხლში ნათქვამია: „ჩვენ კი მას კეთროვნად ვთვლიდით“ (Douay Version).
[ცხრილი 212 გვერდზე]
იეჰოვას მსახური
როგორ შეასრულა იესომ ეს როლი
წინასწარმეტყველება
მოვლენა
შესრულება
აღზევება და დაცემა
საქ. 2:34—36; ფილ. 2:8—11; 1 პეტ. 3:22
ცილისწამება და მისი პიროვნების დამახინჯებულად წარმოდგენა
მათ. 11:19; 27:39—44, 63, 64; იოან. 8:48; 10:20
მრავალი ერის შეძრწუნება
მათ. 24:30; 2 თეს. 1:6—10; გამოცხ. 1:7
მისადმი ურწმუნოება
იოან. 12:37, 38; რომ. 10:11, 16, 17
დედამიწაზე თავმდაბლად და უპრეტენზიოდ მოსვლა
მოძულება და უარყოფა
მათ. 26:67; ლუკ. 23:18—25; იოან. 1:10, 11
სნებების ტვირთად აღება
განგმირვა
სხვების ცოდვებისთვის ტანჯვა
ბრალმდებელთა წინაშე დუმილი
მათ. 27:11—14; მარკ. 14:60, 61; საქ. 8:32, 35
უსამართლო გასამართლება და ბრალდება
მათ. 26:57—68; 27:1, 2, 11—26; იოან. 18:12—14, 19—24, 28—40
მდიდართან ერთად დამარხვა
ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად სიცოცხლის შეწირვა
ღვთის თვალში ბევრის გამართლება
რომ. 5:18, 19; 1 პეტ. 2:24; გამოცხ. 7:14
ცოდვილად შერაცხვა
მათ. 26:55, 56; 27:38; ლუკ. 22:36, 37
[სურათი 203 გვერდზე]
‘მოძულებული იყო კაცთაგან’.
[სურათი 206 გვერდზე]
„არ დაუძრავს ბაგე“.
[საავტორო უფლებები]
„აჰა, კაცი“, ანტონიო ჩიზერი, ფრაგმენტი.
[სურათი 211 გვერდზე]
„სასიკვდილოდ გაწირა თავი“.