ლუკას სახარება
8 ამის შემდეგ ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ.+ მას თან ახლდა თორმეტი მოციქული, 2 აგრეთვე რამდენიმე ქალი, რომლებიც ბოროტი სულებისგან გათავისუფლდნენ და სნეულებებისგან განიკურნენ: მაგდალელად წოდებული მარიამი, რომლისგანაც შვიდი დემონი გამოვიდა, 3 იოანა,+ ჰეროდეს* სახლთუხუცესის, ქუზას, ცოლი, სუსანა და სხვა ქალები, რომლებიც ემსახურებოდნენ მათ და არ იშურებდნენ სახსრებს მათ დასახმარებლად.+
4 როცა მათ, ვინც იესოს ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა, დიდძალი ხალხი შემოუერთდა, იგი ასეთ იგავს მოუყვა მათ:+ 5 „გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.+ 6 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, აღმოცენდა, მაგრამ გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა;+ 7 ზოგი ეკლებში ჩავარდა, მათთან ერთად ეკლებიც გაიზარდა და მოაშთო ისინი;+ 8 ზოგიც კარგ მიწაზე დავარდა, აღმოცენდა და ნაყოფი ასმაგად გამოიღო“.+ შემდეგ ხმამაღლა თქვა: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+
9 მოწაფეებმა მას ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს იგავი.+ 10 მან უთხრა: „თქვენ გაგიმჟღავნდათ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო, სხვებს კი იგავებით ველაპარაკები,+ რათა შეხედონ, მაგრამ ვერ დაინახონ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ.+ 11 აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი ღვთის სიტყვაა.+ 12 გზის პირას დაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ სიტყვას, მაგრამ ეშმაკი მოდის და გულებში ჩათესილ სიტყვას სტაცებს მათ, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.+ 13 კლდოვან ადგილზე დაცვენილები ისინი არიან, ვინც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ; ცოტა ხნით სწამთ, განსაცდელის დროს კი განდგებიან.+ 14 ეკლებში ჩაცვენილნი კი ისინი არიან, ვინც სიტყვას ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრე+ და განცხრომა იპყრობს მათ.+ ისინი სრულად იშთობიან და კარგი ნაყოფი ვეღარ გამოაქვთ;+ 15 ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას,+ იცავენ მას და მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი.+
16 ლამპარს რომ ანთებენ, ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან და საწოლის ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, რომ შემომსვლელებს გაუნათოს.+ 17 არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს და არ გამოაშკარავდეს.+ 18 ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს“.+
19 იმ დროს დედამისი და მისი ძმები+ მივიდნენ მასთან, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ახლოს მისვლა ვერ შეძლეს.+ 20 შეატყობინეს მას, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა უნდათო. 21 მან მიუგო: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ“.+
22 ერთხელ ის მოწაფეებთან ერთად ნავში ჩაჯდა და უთხრა მათ, ტბის გაღმა გავიდეთო; მათაც გაცურეს.+ 23 როცა მიცურავდნენ, იესოს ჩაეძინა. ტბაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ნავმა წყლით ავსება და ჩაძირვა დაიწყო.+ 24 მიცვივდნენ მასთან მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით!“ ისიც წამოდგა და შერისხა ქარი და აბობოქრებული წყალი. ქარი ჩადგა, წყალი დაცხრა და სიჩუმე ჩამოვარდა.+ 25 შემდეგ მათ მიმართა: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი კი, შეშინებულნი და გაოცებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ვინ არის, ქარიცა და წყალიც რომ მის ბრძანებას ემორჩილებაო.+
26 მიადგნენ ნაპირს გერასელთა მხარეში,+ რომელიც გალილეის ზღვის გაღმა მდებარეობს. 27 ნაპირზე რომ გადავიდა, იესოს ახლომდებარე ქალაქის მკვიდრი, დემონებით შეპყრობილი კაცი, შემოხვდა. ის დიდი ხნის მანძილზე შიშველი დადიოდა და სასაფლაოზე ცხოვრობდა.+ 28 იესოს დანახვაზე ყვირილი მორთო, მის წინაშე დაემხო და დაიყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესის ძეო? გევედრები, არ დამტანჯო!“+ 29 (ეს იმიტომ უთხრა, რომ იესომ უწმინდურ სულს მისგან გამოსვლა უბრძანა. სული ხშირად იპყრობდა ხოლმე ამ კაცს*,+ ამიტომ ჯაჭვებითა და ბორკილებით აბამდნენ და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და დემონს მივარდნილ ადგილებში მიჰყავდა). 30 იესომ მას ჰკითხა: „რა გქვია?“ მან უპასუხა: „ლეგიონი“, რადგან მრავალი დემონი ჰყავდა. 31 ისინი ეხვეწებოდნენ მას, უფსკრულში+ წასვლა არ გვიბრძანოო. 32 იქვე, მთაზე, ღორების+ დიდი ჯოგი ჭამდა. დემონები შეეხვეწნენ იესოს, ღორებში შევალთო. მანაც დართო ნება.+ 33 გამოვიდნენ დემონები იმ კაცისგან და ღორებში შევიდნენ. ჯოგი კბოდედან ტბაში გადაეშვა და დაიხრჩო. 34 ეს რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ეს ამბავი ქალაქსა და სოფლებს მოსდეს.
35 ხალხი მომხდარის სანახავად წავიდა; მივიდნენ იესოსთან და ნახეს, რომ იმ კაცისგან დემონები გამოსულიყვნენ. ის ჩაცმული იყო, საღი აზროვნება დაჰბრუნებოდა და იესოს ფერხთით იჯდა. ხალხი შიშმა შეიპყრო. 36 თვითმხილველებმა უამბეს მათ, როგორ გამოჯანმრთელდა დემონებით შეპყრობილი კაცი. 37 გერასელთა მხარეში მცხოვრები დიდძალი ხალხი სთხოვდა იესოს, რომ იქაურობას გასცლოდა, რადგან შიშმა შეიპყრო ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და წავიდა. 38 დემონებისგან გათავისუფლებული კაცი კი ეხვეწებოდა იესოს, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ უთხრა:+ 39 „შინ დაბრუნდი და ყველას მოუყევი, რაც ღმერთმა გაგიკეთა“. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ყველას უყვებოდა იმის შესახებ, რაც იესომ გაუკეთა.
40 იესო რომ დაბრუნდა, ყველამ გულთბილად მიიღო, რადგან ელოდებოდნენ.+ 41 ამ დროს მოვიდა სინაგოგის წინამძღვარი იაიროსი, ფეხებში ჩაუვარდა იესოს და ხვეწნა დაუწყო, სახლში გამომყევიო.+ 42 მას ერთადერთი ასული ჰყავდა, 12 წლის, და უკვდებოდა.
იესოც გაჰყვა მას. ხალხი იესოს ზედ აწყდებოდა. 43 მათ შორის ერთი ქალი იყო, რომელიც 12 წელი სისხლდენით+ იტანჯებოდა; მისი განკურნება ვერავინ შეძლო.+ 44 ქალი იესოს ზურგიდან მიუახლოვდა, მოსასხამის ფოჩზე+ შეეხო და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა. 45 იესომ იკითხა: „ვინ შემეხო?“ ყველამ იუარა. მაშინ პეტრემ უთხრა: „მოძღვარო, ირგვლივ ამდენი ხალხია და ზედ გაწყდება“.+ 46 იესომ მიუგო: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა+ გავიდა ჩემგან“. 47 როცა ქალი მიხვდა, რომ ვეღარ დაიმალებოდა, აკანკალებული მივიდა იესოსთან, მის წინაშე დაემხო და ყველას წინაშე თქვა, თუ რატომ შეეხო მას და როგორ განიკურნა მყისვე. 48 იესომ მას უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ განგკურნა! წადი მშვიდობით!“+
49 ჯერ ისევ ლაპარაკობდა, როცა სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან ერთი კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული გარდაიცვალა! ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.+ 50 ამაზე იესომ უთხრა მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს, და იცოცხლებს“.+ 51 როცა მასთან სახლში მივიდა, პეტრეს, იოანეს, იაკობისა და მშობლების გარდა არავისთვის მიუცია უფლება, რომ მასთან ერთად შიგნით შესულიყვნენ. 52 ხალხი კი ტიროდა და მწუხარებისგან მკერდში მჯიღს იცემდა. მან უთხრა მათ: „ნუღარ ტირით,+ არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს!“+ 53 მათ იესო მასხრად აიგდეს, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. 54 იესომ ხელი მოჰკიდა ბავშვს და ხმამაღლა უთხრა: „გოგონა, ადექი!“+ 55 მას სიცოცხლე*+ დაუბრუნდა და მაშინვე წამოდგა.+ იესომ ბრძანა, რომ მისთვის საჭმელი მიეცათ. 56 მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მან უბრძანა მათ, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვათ.+